"მშვიდობა მინდა" - გზაპრესი

"მშვიდობა მინდა"

პროდიუსერი ნატო დუმბაძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კომენდანტის საათის გამო უკმაყოფილებას არ მალავს. იმასაც აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლების ამომრჩეველია, თუმცა - არა მონა... სოციალურ ქსელში, ამა თუ იმ საკითხთან, პრობლემასთან დაკავშირებით ხშირად აფიქსირებს აზრს. მისი მოსაზრება ნეგატიური კომენტარების მიზეზიც გამხდარა...

- პირველ რიგში, ჩაკეტილობა, ყოველმხრივი უარყოფითი ინფორმაცია და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაღიზიანებს. პროტესტის გამოხატვის საშუალება დღესდღეობით, სოციალური ქსელია, სადაც არც საყვედურის დაწერას ვერიდები. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ხალხზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს.

- კომენდანტის საათის არსებობა უსამართლობის განცდას გიჩენთ?

- არა. უბრალოდ, შეეძლოთ, რომ მაგალითად, ღამის 12 საათამდე გადაეწიათ. მესმის, რომ კორონავირუსი არსებობს, მაგრამ კომენდანტის საათი ამდენ ხანს არსად ყოფილა. გასაგებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და შეიძლება, ვირუსი სწრაფად გავრცელდეს; ისიც გავიგეთ, რომ სახელმწიფო ეპიდსიტუაციის სამართავად მზად არ ყოფილა და ერიდებიან, ისეთივე პანიკა არ ატყდეს, როგორიც პანდემიის პირველი ტალღისას იყო, მაგრამ ასე ჩაკეტილები წლობით ხომ არ უნდა ვიყოთ?!. სიტუაციის სამართავად კადრები გადაემზადებინათ ან რამე რეაგირება მოეხდინათ... ღამის გათენება (დილის 5 საათამდე) არავის უჭირს - ახალგაზრდობაში, სამეგობრო დილის 8-9 საათამდე ვისხედით ხოლმე. ვისაც უნდა, შეკრების ადგილას ახლა გვიან მიდის და დილამდე რჩება. ვერ ვიტყვით, რომ ყველა "ჩაკეტილია". თან, სეზონი უკვე გაიხსნა: ზოგი თელავშია, ზოგი სხვაგან იკრიბება და ერთობა...

- კომენდანტის საათის არსებობაში აზრს ხედავთ? იმ მიზანს ემსახურება, რისთვისაც დაწესებულია?

- კი, ემსახურება, ოღონდ - ამდენი ხანი?! 5 თვის განმავლობაში კომენდანტის საათი წარმოუდგენელია, ამდენ ხანს იტალიაშიც კი არ ყოფილა, სადაც პანდემიის პირველი ტალღისას, მოსახლეობა მართლა ამოწყდა, მაგრამ შემდეგ ხალხი ცოტათი ამოასუნთქეს... მაგალითად, პირადად მე, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, მაგრამ ხალხი ცოდოა. კომენდანტის საათის გამო საცობი იქმნება, ზოგი შინ მისვლას ვერ ასწრებს, ნერვიულობს... უბრალოდ, ეს ყველაფერი მასობრივ ფსიქოზში გადაიზარდა. სიტუაციის მართვა მერე უფრო რთული იქნება, რადგან სოციალურ ქსელში ადამიანების ფსიქიკური მდგომარეობა კარგად ჩანს. ბოლო 1 თვეა, რაც ყველა საკმაოდ აღშფოთებულია. წერენ, რომ ნევროზი აქვთ, აღარ შეუძლიათ ასე გაჩერება და გარეთ გავლენ... ხელისუფლებას მოსახლეობის დაუმორჩილებლობა უნდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და რასაც საქართველოში შეგნებულად არ აშუქებენ?!. უბრალოდ, ხალხი დაასვენონ, ამოასუნთქონ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ვირუსი არ არსებობს. კორონავირუსთან დაკავშირებითაც ჩემი აზრი გამაჩნია, თუმცა, ნამდვილად ვერაგი ვირუსია.

- რას გულისხმობთ?

- საქსტატის მონაცემები ავიღოთ და ვნახოთ: წინა წლებში და ახლა რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. პასუხი მარტივია: ახლა ბევრად ნაკლებია გარდაცვლილი, ვიდრე წინათ, თუნდაც - ღორის გრიპის შედეგად. ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ ხალხმა ჩვეულებრივი სიკვდილი დაივიწყა. თუ ყველა სიკვდილი კორონას ბრალია, ვაქცინით სიკვდილის რისკის შესახებ რატომ არ საუბრობენ? კი ბატონო, გართულება ყველა ვაქცინას შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გამოცდილიყო - ხალხს მის მიმართ შიში რომ არ გაგვჩენოდა. ეს ჩემი აზრია, თორემ ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს.

- ვაქცინაციის წინააღმდეგი ხართ?

- არაფრის წინააღმდეგი არ ვარ. ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ. უბრალოდ, ჩემი მოსაზრება მაქვს. რაც მთავარია, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვაქცინაცია სავალდებულო არ არის: ვისაც უნდა, გაიკეთებს, ვისაც არ უნდა - არა. უბრალოდ, იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ.

- თქვენ ვაქცინას გაიკეთებდით?

- არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მივიღო.

- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ თავიდანვე ასე იყავით განწყობილი?

- რა თქმა უნდა, რადგან ნახევარი საქართველოს მსგავსად, მეც ბევრს ვკითხულობ: ვაქცინას გამოსაცდელად 20 წელი სჭირდება. მერე რა, რომ 21-ე საუკუნეა? თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის შედეგზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, ჩემთვის უკვე მიუღებელია, თორემ ანტივაქსერი კი არ ვარ... ანტივაქსერი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი აცრა არა აქვს გაკეთებული, ანუ მისი მშობლები ანტივაქსერები არიან, რადგან ბავშვს სავალდებულო აცრებს მშობლები უკეთებენ. პირადად მე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, შეკითხვები მაქვს, არ მომწონს მისი შემადგენლობა... ყველაფერი ნორმალურად აგვიხსნან, გადაცემებში მეცნიერები მოიწვიონ, საკითხი ფართოდ განიხილონ... დღეს მხოლოდ ეპიდემიოლოგები გამოდიან და ხალხს ტოტალურად აშინებენ.

GzaPress

- თქვენი რომელი განსხვავებული აზრის გამო გამოგიწვევიათ აგრესია?

- საერთოდ, როცა სოციალურ ქსელში ასეთი დიდი დოზით არის აგრესია, ერში საქმე კარგად არ არის. რაც უფრო აგრესიულად გიპასუხებენ, თავი მით უკეთესი ჰგონიათ. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მიმართავენ... ოქროს შუალედი დაიკარგა... იცით, კაცთმოძულეობაზე დიდი უბედურება არ არსებობს. წარმოიდგინეთ, შეიძლება, სხვისმა აზრმა ისე გაგაღიზიანოს, რომ ქალმა ქალს, ქალმა ბავშვს ან ბავშვმა ქალს დედა აგინო. მამრობითი სქესის ზრდასრულ წარმომადგენლებზე აღარ ვსაუბრობ... აგრესიას იწვევს ნებისმიერი განსხვავებული აზრი, თუნდაც - ვაქცინასთან დაკავშირებული. თუნდაც, ვინმეს შესახებ რომ დავწერო, კარგი ადამიანია-მეთქი, სოციალურ ქსელში აუცილებლად ვიღაც შემომივარდება და ლანძღვას დამიწყებს. მაგალითად, კვერცხის სროლით პროტესტის გამოხატვის ფორმა არ მომწონს, თუმცა ვინც საქართველოს ტერიტორიას არ აღიარებს, ის ადამიანი მიუღებელია ჩემთვის. ასეთი აზრის მოსმენისთანავე იწყებენ თქმას, - რუსეთუმეაო. რატომ? ასეთი რომ ვყოფილიყავი, ფუფუნებში ვიცხოვრებდი; რუსეთში გადავსახლდებოდი და ჩემს კარიერას იქ გავაგრძელებდი, მაგრამ არ მინდა - ფულზე არ ვიყიდები. იქ ვერ ვიცხოვრებ... საერთოდ, როცა ხალხი აგრესიულია, სულ რომ კარგი დაწერო, გეტყვიან - ცუდიაო.

- კვერცხის სროლით პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული პროტესტი გამოხატეთ?

- ზოგადად მიმოვიხილე, რომ ნებისმიერმა განსხვავებულმა აზრმა შეიძლება, ხალხის აგრესია გამოიწვიოს. კონკრეტულად ამ ფაქტს რაც შეეხება, კარგად ვიცით, რომ მდიდარი ქვეყანა არ გვაქვს, მოსახლეობის ნახევარი ემიგრაციაშია. კარგად გვახსოვს, წინათ პუტინმა რა გააკეთა: ხალხი რუსეთიდან სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვა. ხომ შეიძლება, ახლაც ეს მოხდეს - ჩვენი ემიგრანტები ჩაყარონ სატვირთო თვითმფრინავში და გამოუშვან? ამაზე რატომ არ ფიქრობენ, პატრიოტობა ეს არის?! იქნებ, "გირჩი" მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში წასვლის ეშინოდათ და სამშობლოს დაცვა არ სურდათ, "მამაოებად" აკურთხებდა, ეს ჰგონიათ პატრიოტობა?!.

პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული პროტესტის პათოსს ვიზიარებ, მაგრამ პოლიციელებისთვის კვერცხების სროლას და არაამქვეყნიური ხმების გამოშვებას - არა. ცივილიზებული პროტესტი აბსოლუტურად მისაღები და აუცილებელია, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიას არ აღიარებენ. აგრესიული პროტესტის მონაწილეებს ის ტერიტორია - აფხაზეთი თვალით არ უნახავთ, მე კი ყოველ ზაფხულს ბიჭვინთაში ვისვენებდი. ის ფაქტი, რასაც ახლახან აპროტესტებდნენ, ჩემთვის უფრო მეტად მტკივნეულია, მაგრამ რაც უფრო უხამს სიტყვას იტყვი, უფრო მეტი პატრიოტი ხარ?!. 1989 წლის 9 აპრილს შიშველი ხელებით ვიყავი აქციაზე. მცემეს კიდეც, სახლში ფეხშიშველი წავედი, მომწამლავი "გაზიც" შევისუნთქე, მაგრამ მაშინ ახალგაზრდები არავის მიერ დაფინანსებული არ ვიყავით, როგორც ახლა ხდება. მართლა გულდამწვარი, გულდაწყვეტილი ვიდექით, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას გვართმევდნენ... დღეს ვიღაც კუ ფეხს გამოყოფს და პატრიოტობას მასწავლის, რადგან პროტესტის გამოხატვის მათი ფორმა არ მომეწონა? ჰო, კვერცხის სროლა და ფურთხება ჩემთვის მიუღებელია. კიდევ დავაზუსტებ: პათოსს აბსოლუტურად ვიზიარებ: ვინც იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, მის მიმართ პროტესტი ცივილიზებული ფორმით უნდა გამოვხატოთ და არა - ჯუნგლების კანონით.

- შექმნილ ქაოსურ სიტუაციაში გამოსავლად რა გესახებათ?

- კომენდანტის საათმა ხალხი გააზარმაცა. ჰგონიათ, რომ თუ აღშფოთდებიან და საკუთარ აზრს "ფეისბუკზე" დაწერენ, ამას ვინმე ყურადღებას მიაქცევს. ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს და ხელისუფლებას, რომლის მხარდამჭერიც ვარ და არა - მონა, უთხრას, - მოგვხედეთ, დავიღალეთო. 5 თვის განმავლობაში რა გვესმის? პარლამენტში ოპოზიცია შევიდა-არშევიდა... ჩვენზე ვინმე ფიქრობს?! ხალხს ბანკის სესხი რომ აქვს დასაფარი, საკვები პროდუქტი რომ გაძვირდა, ეს ვინმეს აღელვებს?!. მაგალითად, იტალიაში სპეციალური სამსახური არსებობს, რომელიც კვირაში ერთხელ ამოწმებს, პროდუქტზე ფასმა ხომ არ მოიმატა, რომ ხალხი არ დაზარალდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა 1 თვით იტალია კიდევ რომ ჩაკეტეს, სახელმწიფო მოსახლეობას 800 ევროს უხდის. ჩვენს ქვეყანას ამხელა ბიუჯეტი არა აქვს და ამხელა თანხის გადახდას არც არავინ ითხოვს. უბრალოდ, სახელმწიფომ იმაზე მაინც იზრუნოს, რომ მაგალითად, პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს, ლარი გამყარდეს, საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით მოსახლეობას შეღავათი გაუწიონ... ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა, კიდევ ჩავიკეტებით... ბოლოს მოსახლეობა დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. ამას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება და საერთოდ აღარ ვიარსებებთ... მშვიდობა მინდა!..

ეთო ყორღანაშვილი