როგორია დედის თვალით დანახული პლანეტის უძლიერესი მამაკაცი - გზაპრესი

როგორია დედის თვალით დანახული პლანეტის უძლიერესი მამაკაცი

ძალოსანთა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში ქართული ჰიმნით დაიხურა. ჩვენმა სასახელო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ასპარეზობა სამი ოქროს მედლითა და მსოფლიოს ორი რეკორდით დაასრულა. ის ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. ლაშა ტალახაძე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა. მორიგი გამარჯვების მისალოცად და ინტერვიუს ჩასაწერად ლაშას დედას, ქალბატონ ჟანა თოდაძეს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ჟანა, შვილის წარმატებას გილოცავთ! ლაშამ ყველანი ძალიან გაგვახარა.

- უღრმესი მადლობა, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.

- ასპარეზობას პირდაპირ ეთერში უყურებთ? შეგიძლიათ?

- ლაშას არც ერთი ასპარეზობა პირდაპირ ეთერში ნანახი არ მაქვს. გამონაკლისი არც ეს ასპარეზობა იყო. როცა იცი, შენს შვილზე რამდენად დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა მოდის, ძალიან ძნელია, ამ კადრებს უყურო. მეტიც, დრო რომ გადის, ნახვა მერეც კი მიჭირს. ერთადერთი, რაც იმ დროს შეიძლება დედამ შვილისთვის გააკეთოს, არის ლოცვა. როცა ლაშა გამოდის, იმ დროს ყოველთვის მისთვის ვლოცულობ.

GzaPress

- ოჯახში რა ხდება?

- საჩხერეში ტრადიციად დამკვიდრდა, ლაშას მეგობრები, ოჯახის ახლობლები, გულშემატკივრები ყველანი ერთად იკრიბებიან და კინოს შენობაში, დიდ ეკრანზე უყურებენ. იმ დროს მე მათთან ერთად ვერ ვარ, შესაბამისად, ვერც იმ მუხტს და სიხარულს ვიზიარებ, რომელიც იმ წუთებში დარბაზშია.

- ლაშა ყოველ წელს საკუთარ რეკორდს ხსნის, მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცის დედობა რა განცდაა?

- რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამაღელვებელია.

- ერთი შეხედვით, ადამიანს შეიძლება ლაშას შესაძლებლობები უსაზღვროც კი მოეჩვენოს. ეს ბიჭი უფრო და უფრო დიდ წონას წარმატებით სძლევს.

- რა თქმა უნდა, ასე არ არის და მის შესაძლებლობებს საზღვარი აქვს. ლაშას არაჩვეულებრივი მწვრთნელები ჰყავს, შემთხვევით ვისარგებლებ და უღრმეს მადლობას გადავუხდი, დიდ პატივისცემას გამოვხატავ მისი მწვრთნელების: გიორგი ასანიძისა და ავთო გახოკიძის მიმართ. მათ იციან ლაშას შესაძლებლობა რა არის და დასაძლევ წონას ამის გათვალისწინებით უკვეთენ.

- ლაშა ბავშვობაში როგორი იყო, მაშინ რა ინტერესი ჰქონდა?

- როგორც ბიჭების უმრავლესობა, ლაშაც ძალიან მოძრავი და ცელქი იყო, მაგრამ უზრდელი არასდროს ყოფილა. ჩემს ვაჟებს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელია, სულ მეზობლის ბავშვებთან ერთად თამაშობდნენ, მეგობრობდნენ. ლაშა ყოველთვის შრომისმოყვარე იყო. ადრეული ასაკიდანვე სიკეთის კეთების უნარით გამოირჩეოდა. მის გვერდით, ერთი ადამიანი მეორეს ვერასდროს დაჩაგრავდა. ფიზიკურად ყოველთვის აქტიური და ჯანმრთელი იყო. 3 წლიდან მამამისმა ვარჯიში პატარა ჰანტელებით დააწყებინა. კობა (ლაშას მამა კობა ტალახაძე) თავადაც ძალოსანი იყო, ის ლაშას პირველი მწვრთნელია. როცა კობა ვარჯიშობდა, ლაშასაც ავარჯიშებდა. რა თქმა უნდა, დატვირთვა ასაკის შესაბამისი იყო. სპორტის მიმართ სიყვარული პატარაობიდანვე გაუჩნდა.

- ოჯახური გარემოს შემდეგ, პროფესიულ დონეზე ვარჯიში რა ასაკიდან დაიწყო?

- სამი წლის ასაკში ვარჯიში, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებელი იყო. 13-14 წლიდან უკვე ძალოსნობაში ვარჯიშობდა, ამ დროიდან აქტიურ სპორტში ჩაება და მას შემდეგ ასეთი წარმატებებით მოვდივართ.

- ყოველთვის მიზანდასახული იყო?

- დიახ, ეს თვისება სულ გამოკვეთილი იყო მის ხასიათში. იტყოდა, ეს უნდა გავაკეთო და მერე ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სიტყვა შეესრულებინა, ზოგჯერ რაღაც არ გამოდიოდა, მაგრამ ის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა. ახლაც ასეა, სულ ცდილობს, დასახულ მიზნამდე მივიდეს.

- ლაშას რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებთ, რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა?

- შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა არა მხოლოდ სპორტში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც სჩვევია. სიკეთის კეთება უყვარს. თავდაპირველად სწავლის მიმართაც დიდი ინტერესი ჰქონდა, მაგრამ სპორტი იმდენად ბევრ დროს მოითხოვდა და მისი მონაცემები იმდენად კარგი იყო, სპორტმა სწავლა გადასძალა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, წიგნებს კითხულობდა. საკუთარ შვილზე ლაპარაკი რთულია, შესაძლოა ვინმემ ქებად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, უზომოდ მოსიყვარულე, თბილი და კეთილია. ვეუბნები, დედიკო, იმდენად გულუბრყვილო ხარ, ხანდახან მგონია, დიდი ბავშვი ხარ-მეთქი. მართლა ბავშვური, წმინდა სული აქვს. ღვთის მოშიში ყოველთვის იყო, ამ ბოლო დროს რწმენაში უფრო მეტად გაძლიერდა.

GzaPress

- როგორც ვიცი, სანამ საზღვარგარეთ შეჯიბრებაზე გაემგზავრება, ყოველთვის მიდის პატრიარქთან და უწმინდესი ლოცავს. ამჯერადაც ასე იყო?

- სულ ასე იყო, ამჯერად პანდემიის გამო, პატრიარქთან შეხვედრა არც კი უცდია, უწმინდესს გაუფრთხილდა, მას საფრთხის წინაშე ვერ დააყენებდა.

- ასპარეზობა მოსკოვში იყო. ცნობილი მიზეზების გამო, ეს ფაქტი ალბათ გამარჯვების ჟინს უორმაგებდა. მარჯვენა ხელზე, რომელსაც მსოფლიო ინტერესით უყურებს, ერთიანი საქართველოს რუკა აქვს ამოტვიფრული. დარბაზში აწეული ქართული დროშა და გაჟღერებული ჰიმნი - ეს ალბათ, მისთვის გამარჯვებაზე მეტი იყო.

- რა თქმა უნდა, როდესაც ლაშას თვისებებზე მკითხეთ, ყურადღება თავისი ქვეყნისადმი უსაზღვრო და უდიდეს სიყვარულზე არ გამიმახვილებია. სწორედ ქვეყნის სიყვარულით, ის დღემდე საქართველოს სახელით განაგრძობს ასპარეზობას, მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა და ძალიან კარგი წინადადებისა, მას დღემდე, თუნდაც შინაურულად, ოჯახურ გარემოში ლაპარაკისას, სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა თავში აზრადაც არ გაუვლია.

- ერთხელ მითხრა, ვერ წარმომიდგენია, მხრებზე სხვა ქვეყნის დროშა როგორ შეიძლება მოვიხვიოო.

- დღემდე ასე მოვდივართ, ის რომ შეჯიბრება მოსკოვში ტარდებოდა, თავის ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის განცდას უორმაგებდა. სანამ წავიდოდა, სულ ამბობდა, - დიახ, რუსეთში უნდა გავიმარჯვო; დიახ, იქ უნდა ავწიო საქართველოს დროშაო. დიდება მაღალ ღმერთს, რომ ეს შეაძლებინა. ძალიან მინდოდა, ყველა ქართველ სპორტსმენს დიდი გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. სპორტი ისეთი რამ არის, ხან გამოდის, ხან - არა. ჩვენ ბევრი კარგი ძალოსანი გვყავს და მჯერა, მათი გამარჯვებით კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ.

- საჩხერეში ჩამოსვლას ახერხებს? ვიცი, რომ ძალიან უყვარს იქაურობა და ყოველ ახალ წელს ყოველთვის მშობლიურ საჩხერეში ხვდება.

- არა მხოლოდ ახალ წელს, 2 ან 3 თავისუფალი დღე თუ გამოუჩნდება, ყოველთვის ჩამოდის, საჩხერე ძალიან უყვარს. ახლა ამბობს, ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდები, ერთი კვირა საჩხერეში უნდა დავისვენოო. აქ ყოფნა მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ხომ გაგიგიათ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, პანდემიის პერიოდი ოჯახთან ერთად აქ გაატარა. ის უსიამოვნება, რაც პანდემიას და ჩაკეტილობას თან ახლავს, შვილების სახლში ყოფნამ გადამატანინა. ახლა მეუღლესთან ერთად თბილისში მივდივარ, ლაშა ღამის 12 საათზე ჩამოფრინდება და უნდა დავხვდეთ.

- როგორი მამაა?

- არაჩვეულებრივი! შეიძლება ბევრმა ვერ წარმოიდგინოს, ლაშა ბავშვს პამპერსს როგორ უცვლის. როცა შინ არის, შვილების საწოვარას არავის ანებებს, მე უნდა ვაჭამოო, ბავშვები სულ ხელში ჰყავს. ძალიან მზრუნველია, კარგი მამა და მეუღლეა.

- ერთ კურიოზულ ამბავს გავიხსენებ. მორიგი ინტერვიუს დროს, ლაშას შინ ფოტოგრაფთან ერთად ვესტუმრე, ის ბავშვთან ერთად უნდა გადაგვეღო. ჩვენ მიერ ახალგაღვიძებული, საგულდაგულოდ გამოპრანჭული მარიამის და ლაშას ფოტოსესიამ წარმატებით ჩაიარა. ფოტოების გადაღების შემდეგ, ლაშამ მეუღლეს უხმო, ბავშვი გამომართვი, ხელი დამეღალაო.

- ვაიმე, რას ამბობთ (იცინის).

GzaPress

- გავიკვირვე, ლამის 300 კილოგრამს ეწევი და ბავშვმა როგორ დაგღალა-მეთქი? ეტყობა, ასე პატარა რომ ეჭირა, დაძაბული იყო... ლაშას გარდა, ორი შვილი გყავთ, მათზე რას გვეტყვით?

- გიორგი პროფესიით სამართალმცოდნეა, მაგრამ საჯარო სამსახურში მუშაობა არ ისურვა, ბიზნესი აქვს. თამარი მეცხრე კლასშია.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- 22 წელია, საჩხერის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში დეტექტივის პოზიციაზე ვმუშაობ.

- 22 წელი დიდი დროა, ასეთი რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის პარალელურად, 3 შვილის გაზრდა რთული არ იყო?

- მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მეუღლის, ჩემი მშობლების ხელშეწყობით და დახმარებით მოვახერხე. თამარი პატარა რომ იყო, მეუბნებოდა, აღარ არის დრო, დაისვენოო? ან სხვა სამსახურში გადადიო. უნდოდა, სულ მასთან ვყოფილიყავი. ამ წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობდი, შვილების აღზრდაში ვყოფილიყავი ჩართული, ყოველ თავისუფალ წუთს მათ ვუთმობდი.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, ლაშა დიდი სიყვარულით მოგვიკითხეთ და ჩვენი ჟურნალის სახელით მიულოცეთ.

- დიდი მადლობა თქვენ, ლაშას წარმატებით რომ ინტერესდებით.

თამუნა კვინიკაძე