"პირადი ბედნიერება მხოლოდ კაცის და ქალის სიყვარულია!" - გზაპრესი

"პირადი ბედნიერება მხოლოდ კაცის და ქალის სიყვარულია!"

გია ნიკოლაძეს, როგორც არაორდინარულ ადამიანს, ბევრი იცნობს. ჩვენ მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ და მისი პასუხები პრემოდერნისტული და პოსტმოდერნისტული აზროვნების ადამიანებისთვის დამახასიათებელი აზროვნების დეკლარაციაა. მკითხველი, ვფიქრობთ, დიდი ინტერესით გაეცნობა ინტერვიუს.

- როგორ იმოქმედა გავრცელებულმა პანდემიამ თქვენს შემოქმედებასა და მიმდინარე გეგმებზე?

- მივხვდი, რომ რაღაც გვიახლოვდება და ის ძალიან ახლოს არის. ადამიანის ფსიქოლოგია შეცვალა პანდემიამ და სულ სხვანაირად დაგვანახვა ყველაფერი. ღირებულებები გადაფასდა. დროის რაღაც მონაკვეთში ამოისუნთქა დედამიწამ და ადამიანის ფსიქიკამაც, მაგრამ მერე კვლავ გამოსვლები და შეჯახებები დაიწყო. სიმართლე გითხრათ, პანდემიამდეც იშვიათად გავდიოდი სახლიდან. ამ ბოლო დროს სულ შინ ვზივარ და ლექსებს მაწერინებს ის ძალა, რომელიც ბუნების ძალა მგონია, ხოლო ბუნება სულიწმინდაა, რადგან ის დედამიწაა, ის სამი სტიქიაა, რომელიც მეოთხეს წარმოქმნის. ცეცხლი, მიწა და წყალი ქმნის ჰაერს. ჰაერი ისეთი წმინდაა, რომ არც ჩანს. ის აორთქლებული წყალია. ჰაერს თუ გასცდი, სულს ვეღარ ჩაიბრუნებ. ასე რომ, დედამიწა სულიწმინდა გამოდის. ადამიანში 70% წყალია და დედამიწაშიც 70%. აი, თურმე რა სახით არის ღმერთი ჩვენში და ჩვენ ღმერთში. ახალდაბადებულ ბავშვს 80% წყალი აქვს და ეს კანზეც ემჩნევა. მერე კანიც ბერდება და წყალი როცა სხეულს დატოვებს, ის სხეული შრება და გარდაიცვლება. მიწა იყავ, მიწად იქცევი... მაგრამ მასთან ერთად, წყალიც გტოვებს და ის დიდ წყალს უერთდება, რომელიც ღმერთის ნაწილია და სულიც ჰაერს უერთდება. წყალი სასწაული სხეულია, ის რამდენიც დასაბამიდან იყო, იმდენია დედამიწაზე. არსად ქრება და არც იმატებს, ზუსტად იგივე წონაა, რაც თავიდან იყო... მის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ეს ფიქრები პანდემიის დროს მომივიდა. აქამდე არც ვიყავი დაკვირვებული. ძალიან მალე მიხვდება კაცობრიობა, რა კავშირშია დედაღმერთი დედამიწასთან და ამ სიტყვას საქართველო წარმოთქვამს ქართულ ენაზე!

GzaPress- თქვენი იდეა "დავატკბოთ დედამიწა" უნიკალური აქტივობაა. გააგრძელებთ თუ არა მას და რა სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებთ?

- სიმბოლურს კი არა, მათემატიკურ, ქიმიურ, ფიზიკურ, ანატომიურ, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას ვანიჭებ... ვანგა ქარბორბალამ აიტაცა, დააბრმავა და დასვა. ქარბორბალა დედამიწის ხელია. ინდოელებს ჰყავთ ქალღმერთი შივა, მას ბევრი ხელი აქვს. ვერ ხვდებიან, რომ ის დედამიწაა... ამიტომ ვანგა ღმერთის ხელდასმული მგონია. იგი ღმერთის ხელმა აიყვანა და დასვა. დიახ, ღმერთის ხელდასმულია და ის ამბობს, დედამიწას შაქარი სჭირდებაო. დაყარეთ და ცუდი აღარაფერი მოხდებაო. წავიკითხე და ვნახე მეცნიერული ნაშრომები, ვიდეოები, სადაც ლაპარაკია სოკოზე. სოკო ყველგან არის, სხეულზეც, ფლორაშიც, ფაუნაშიც და ახალი აღმოჩენა ის არის, რომ თურმე დედამიწაში უზარმაზარი სოკოა, რომელიც არის ყველა სახის სოკოს მშობელი და ამ სოკოს უყვარს შაქარი ანუ ტკბილი. აქედან ვასკვნი, რომ მართლა ესაჭიროება დედამიწას შაქარი.

- თქვენი პოეზიის შესახებ ბევრმა იცის. რით არის ის გამორჩეული?

- ადრეც ვწერდი, მაგრამ მაიმუნობებს. რაც მერცხალი ნამგალა მოფრინდა, იმის მერე სულ დედამიწის დედაღმერთობას მახსნევინებს ჩემი ლექსებით. მაქვს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის პოეზია, მაგრამ ძირითადად, დედამიწის დედაღმერთობას და შესაძლებლობებს მახსნევინებს ბუნების ძალა მისი ნაკარნახევი ლექსებით. ეს მართლა ასე ხდება. უკვე ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მერცხალი მაწერინებს ამ ყველაფერს. ამ ბოლო დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ ყურანი ჰყვება ქრისტეს შესახებ, რომელიც მერცხლებს ძერწავდა მიწიდან და მერე აცოცხლებდა. ჰოდა, მეც ქრისტეს დავუკავშირე ეს მერცხლები. მერე ქრისტეს სიტყვები მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ქრისტე დედამიწის დედაღმერთობას გვიხსნიდა, შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ ამაში, თუ გუგლით მოიძიებთ.

- რა გაწერინებთ, ვინ გაწვდით აზრებს, რა არის კოდირებული იმ აზრებში, ლექსის შინაარსს ასე შთამბეჭდავს რომ ხდის?

- თანამიმდევრულად მოგიყვებით: ამ ჩიტს ნამგალა ჰქვია! დედას გაფიცებთ, მერწმუნეთ, სანამ არ არის გვიან... პირველად მოფრინდა 2004 წელს. მაჯებზე გამომაყარა, რომ ავიყვანე ხელში. ახალი დაწყებულია ჩიტების გრიპის ხანა. შევშინდი! ჯერ არ მენახა გავლენა ამისთანა. დედამ თქვა, ჯერ მე ასეთი არსად არ მინახავსო, კარგად მაჩვენე მაჯებზე, რა ტექსტი გაწერიაო. მარცხნივ ტიტრები მეწერა. იეროგლიფთან, თავში, მარჯვნივ კი სახე მეხატა მასწავლებლის მსგავსი. ბუნების ძალამ იმავ დღეს დამაწყებინა წერა. სწორედ იმ დღიდან დამეწყო პოემის მოსვლის ერა. ხუთი დღე-ღამე ვიწერდი ჩიტის მოტანილ ამბებს. როცა მეორედ მოფრინდა, მეხის გავარდნას ჰგავდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თხუთმეტი წლის წინ მყავდა... პირველი ჩიტის სურათი დავბეჭდე პოემაში. მეორე შარშან ჩავწერე... მესამედ გუშინ მოფრინდა. კვლავ მომანდომა წერა. ისიც მობილურით ჩავწერე. ამ სტრიქონებით, ძვირფასებო, მხოლოდ იმის თქმა მინდა, ჩიტს რომ ვაბრალებ, არ ვტყუი! სიმართლე არის წმინდა! ეს ჩიტი არის დასტური, ამას ყოველი ხვდება, რომ მისი ნაამბობია, რაც ჩემს პოემაში ხდება!

- თქვენი აზრით, რას მალავს ეს სამყარო?

- ჩემი აზრით, არსებობენ ძალები, რომლებმაც იციან დედამიწის დედაღმერთობა და ჩვენ ამას გვიმალავენ! უფრო მეტიც, მას ურჩხულად შთაგვაგონებენ. ამ დროს თვითონ არიან ციდან მოფრენილი ეშმაკები და ურჩხულები. ქართული ენა ყველაფერს შიფრავს. ცისფერი სისხლი ვის აქვს? მეფეებს! ღმერთი ვის ელაპარაკება? მეფეებს და მერე მეფეები ასრულებენ ცის ღმერთ-ურჩხულების დავალებებს. ეს დავალებებია ომები, ხალხის ექსპლუატაცია, დამონება და დაშინება! "შიში შეიქმს სიყვარულს" - ცის ღმერთების ლოზუნგია! ვიკინგებს ღმერთი სახელად "ოდინი" ჰყავდათ, რომელიც აქეზებდა ვიკინგების მეფეებს, ხმლით სიკვდილი სამოთხეში მოხვედრას ნიშნავსო... დააჩეხინა და დააპყრობინა მთელი დედამიწის მოსახლეობა, ინდიელებს ან ნეგროიდებს რა დამართეს ევროპელებმა? ეს ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და კაცობრიობა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. როცა ყველა საიდუმლო გაირკვევა, მაშინ დამყარდება მშვიდობა! ღმერთს საიდუმლოები არ აქვს! ეს ფარისევლები გვიმალავენ დედამიწის დედაღმერთობას და იმასაც, რომ ეშმაკები ჩვენ თავად ვართ სხვა ყველაფრისთვის და ერთმანეთისთვისაც! ნაცარქექიაა ეშმაკი და დევი კი ედემის დროინდელი გიგანტი, რომელსაც ეშმაკობა საერთოდ არ აქვს და ჰალალია! ზღაპრებში სრული სიმართლე და რეალობა წერია!

- როგორ ფიქრობთ, რას განსაზღვრავს ბედისწერა და საერთოდ, არსებობს თუ არა ის?

- ბედისწერა როგორ არ არსებობს! ადამიანს დედასისტემაც ატარებს, მაგრამ ის თავადაც ქმნის თავის ბედს. მოდი, ამ საკითხს ასე ავხსნი: წარმოიდგინეთ ტრამვაი, რომელსაც ყველას ერთი საერთო ვატმანი ანუ ღმერთი მართავს. ლიანდაგებიც ისე დაუგო, დენით და ბიგელებითაც ისე ატარებს, რომ ერთმანეთზე არ აჯახებს და არც არსად ჩეხავს. მაგრამ ადამიანები, ანუ ტრამვაი ერთ მშვენიერ დღეს "ავტობუსებად" გადაიქცა და აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს ეჯახებიან და ხრამებშიც იჩეხებიან. აი, ასეთ შედარებას გავაკეთებდი ღმერთსა და დედასისტემას მომწყდარი ადამიანის შესახებ. ყველა თავად წერს თავის ბედს, ხოლო ბუნებაში შესულ და შერწყმულ ადამიანს დედაღმერთი უკვალავს გზას. ეს ყველას შეუძლია! თუ ბუნებას შენში, ანუ შენ ფსიქოში შემოუშვებ და მას დედაღმერთად აღიარებ, მერე სასწაულები ხდება შენს თავს და დედასისტემა გიცავს ცუდისგან!

GzaPress- და მაინც, ვინ არის გია ნიკოლაძე?

- ეს საზოგადოებას უნდა ჰკითხოთ. მე თუ მკითხავთ, დედამიწის მტვერი ვარ, ისევე, როგორც ყველა... ასე მგონია, კიდევ ბევრს აკითხავს ფრინველი ან ფაუნის სხვა წარმომადგენელი და გადასცემს იმავე აზრებს, რასაც მე... ეს ბუნებიდან წამოსული ინფორმაციებია, რომელსაც მარტო მე არ ვიღებ... დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრია ჩემსავით გამტარი და ეს გამტარობა ყველას შეუძლია, თუ დედამიწას დედაღმერთად აღიარებს. დედაღმერთი მერე გპასუხობს, პირველი ნაბიჯი შენ უნდა გადადგა და ის შენში შემოუშვა!

- რა არის პირადი ბედნიერება?

- პირადი ბედნიერება მხოლოდ კაცის და ქალის სიყვარულია! დანარჩენი ბედნიერებები სხვა რამეა! თუ გარშემო უბედურები არიან და მხოლოდ შენი ოჯახი გყავს ბედნიერად, ეგ არ არის სრული ბედნიერება, რადგან სხვებს შურთ შენი... პირველი მკვლელობა სწორედ შურის გამო მოხდა. კაენმა საკუთარი ძმა მოკლა მაგის გამო!

- ბოლო კითხვა, ღმერთს ჰყავს რჩეულები?

- ღმერთს შვილებში არა ჰყავს ვინმე გამორჩეული. წყალზეც ყველა გაივლის, შეძლებს ფერისცვალებას...

როლანდ ხოჯანაშვილი