"ჩემს ცხოვრებაში არის მძაფრი შეგრძნებები, მაგრამ დრამატიზმი - არა" - გზაპრესი

"ჩემს ცხოვრებაში არის მძაფრი შეგრძნებები, მაგრამ დრამატიზმი - არა"

"მას ეზიზღება შეზღუდვები, ჩარჩოები, აკრძალვები. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. მოუსვენარია. კარგი იქნება, თუ კომპრომისის ხელოვნებას ისწავლის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი "კომედი ჯგუფის" წევრის, თაკა კაკულიას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც მაინტერესებს. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს, რიგ საკითხებს ვითვალისწინებ, თუმცა მასზე დამოკიდებული არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიან. ეთანხმები?

- დიახ. თავმოყვარეობა ყველას დოზირებულად უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ურთიერთობაში პატივისცემა უმთავრესია. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, თავისუფლების მოყვარე ვარ. აი, ეს სიყვარული მართლა უსაზღვროა. როცა ცდილობენ, ჩემი თავისუფლება შეზღუდონ, ამ დროს მართლა ვეფხვივით ვარ, დაუმორჩილებელი ვხდები.

- "ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად ზემდგომებთან კონფლიქტშია".

- ნაწილობრივ დავეთანხმები, ზოგჯერ საჭიროა, დაქვემდებარებულის როლშიც იყო, რათა განვითარდე, ისწავლო. თუ ვინმე ჩემს კლანჭებში მოქცევას ეცდება, მერე კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

- "რისკზე ხშირად მიდის, ზოგჯერ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებსაც იღებს".

- რისკზე წასვლას არასდროს ვუფრთხი, მაგრამ დაუფიქრებელი ქმედებები არ მიყვარს. გაუაზრებლად რისკზე არასდროს მივდივარ, ცივი გონებით ვაზროვნებ. რაც გავიზარდე, გავაცნობიერე, ეს რამდენად მნიშვნელოვანია.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს. ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- მართალია, ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ლიდერობის სურვილი მაქვს. ასეთი ვიყავი ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში... ამ პოზიციაზე ხშირად გაუცნობიერებლადაც აღმოვჩენილვარ.

- "მას შესწევს ძალა, საყვარელ საქმეს ბოლომდე მიუძღვნას თავი და მაქსიმალურად დაიხარჯოს".

- იმ საქმის კეთებისას, რომელიც მიყვარს, აუცილებლად ბოლომდე ვიხარჯები. საქმეს, რომელიც არ მიყვარს და რაღაც მიზეზის გამო ვაკეთებ, ზერელედ ვუდგები. ეს დამოკიდებულება შედეგზე აუცილებლად ისახება. უნივერსიტეტში სამართალს ვსწავლობ, პირველ და მეორე კურსზე, ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა, მას შემდეგ, რაც გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი, ამან ყველანაირი ინტერესი გადაწონა. ახლა კამერები ჩემი სიყვარულია. ბაკალავრიატს უკვე ვასრულებ, შემდეგ მაგისტრატურაში ჩაბარებას ვგეგმავ. ამ ცოდნას პირად საქმეში გამოვიყენებ, სამართლის მიმართულებით მუშაობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.

GzaPress

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ვერ ვიტყვი, რომ სიჯიუტე ჩემი ხასიათის დომინანტი თვისებაა. კონკრეტულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული აზრი თუ მაქვს, ამ დროს სიჯიუტეს ბოლომდე ვავლენ და ჩემი გამაქვს. როდესაც ვიცი, მართალი არ ვარ, ამ დროს არ ვჯიუტდები, მეტიც - ამის აღიარება არ მიჭირს. რაც შეეხება მეწვრილმანეობას, ზოგჯერ წვრილმან საკითხებს ბუმბერაზ თემად ვაქცევ, დიდ ყურადღებას ვუთმობ, რაც საჭირო არ არის.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები".

- ეს თავისუფლების სიყვარულია. ზუსტად ვიცი, ჩემს ცხოვრებაში ჩარჩოებს, შეზღუდვებს და აკრძალვებს ვერასდროს შევეგუები.

- "კარგი იქნება თუ კომპრომისის ხელოვნებას ისწავლის".

- მართალია, ამას ვსწავლობ, უნარი თანდათან გამოვიმუშავე, ცხოვრებამ მასწავლა, რომ საჭიროა.

- "ფულსა და აღიარებას შორის, არჩევანი რომ გააკეთებინოთ, უყოყმანოდ აირჩევს მეორეს, რადგან მისთვის მატერიალურ კომფორტზე მაღლა საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას".

- რა თქმა უნდა, აღიარებას ავირჩევ. ბევრი ფული გქონდეს, არავის უყვარდე და მეგობარი არ გყავდეს, - ეს ძალიან ცუდი იქნება, ცხოვრება გაგიჭირდება. როცა გვერდით ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც შეგიძლია ენდო, დაეყრდნო, ფულის შოვნის შანსიც ყოველთვის გექნება. ასე რომ, მთავარი ადამიანების სიყვარულია.

- "ექსტრიმით სავსე, დრამატული ცხოვრება აქვს".

- ჩემს ცხოვრებაში არის მძაფრი შეგრძნებები, მაგრამ დრამატიზმი - არა. ვფიქრობ, ცხოვრება დრამატული არც არის. დრამატიზებას ადამიანები გონებით ვახდენთ, იმის მიუხედავად, რომ შეგვიძლია, ბევრი რამ ძალიან მარტივად გადავლახოთ. მთავარია საკითხებს ჩავუღრმავდეთ. ექსტრიმი კი საჭიროა, ასე ცხოვრება უფრო საინტერესოა.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ძალიან. თავგადასავლად შეგიძლია აქციო ერთი რიგითი მოგზაურობა ან მეგობრული შეკრება.

- "მისი ნიჭი - იბრწყინოს საზოგადოებაში, ვეფხვის გარშემო ყოველთვის კრებს თანამოაზრეთა დიდ ჯგუფს, რაც ეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს".

- ჩემში ეს თვისება მაშინ შევამჩნიე, როცა უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე. ახალი მეგობრები თანამოაზრეებად ვიქეცით. თანადგომით ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ვეხმარებით, ვაძლიერებთ.

- უმეტეს შემთხვევაში როგორ ხდება, წინააღმდეგობები გთრგუნავს თუ გაძლიერებს?

- სირთულეები მაძლიერებს! რაც უფრო რთული პრობლემის წინაშე ვდგები, მეტად ვიკრებ ძალას იმისთვის, რომ გადავლახო.

- კარგი ინტუიციის წყალობით, სახიფათო სიტუაციისთვის თავი აგირიდებია?

- ასეთი ფაქტი არაერთხელ მომხდარა, ძლიერი ინტუიცია მეექვსე გრძნობასავით მაქვს განვითარებული. არა მხოლოდ სახიფათო სიტუაციებს ვარიდებ თავს, ინტუიციით კარგ რაღაცებსაც ვგრძნობ.

- მოუსვენარი ხარ?

- უჰ, ძალიან. ერთ ადგილზე გაჩერება ჩემთვის ტანჯვაა, მირჩევნია, მთელი დღე ვმოძრაობდე, რაღაცას ვაკეთებდე. ერთ ადგილზე დიდი ხნით ყოფნა, ყველაზე დიდი დისკომფორტია.

- პირდაპირობა გჩვევია?

- ყოველთვის, ამის გამო მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ. ეს არცთუ ისე კარგი თვისებაა.

- რამდენად რომანტიკული ხარ?

- მგონი, ვარ, თავად ასეთ სიტუაციებს არასდროს ვაწყობ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს.

- ამ მხრივ მეუღლე განებივრებს?

- ცდილობს გამანებივროს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რომანტიკოსი თავადაც არ არის.

- როდესაც ქორწინდებოდი, დაინტერესდი, თქვენი ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდა?

- როცა გავიცანი, მისი ნიშნის დახასიათებაც მაშინ წავიკითხე. ის სასწორია და ჩვენ ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ჩემი მეუღლე შოუბიზნესში არ არის, სხვა სფეროში საქმიანობს. პოპულარობა არ უყვარს, ფოტოების გამოქვეყნებასა და ინტერვიუებზეც არ თანხმდება. მის სურვილს პატივს ვცემ.

- "გულღიაობის მიუხედავად, ხშირად მარტოსულია".

- ჩემთვის მარტოსულობა საკუთარ თავში ჩაღრმავებაა, როცა მარტო ვარ, ჩემს თავს ყველაზე კარგად მაშინ ვსწავლობ. ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს.

- ამ მდგომარეობას დეპრესიული ფონი არასდროს აქვს?

- შეიძლება ჰქონდეს, ასეთი პერიოდიც ყოფილა, თუმცა იშვიათად.

GzaPress

- მეგობრებისგან იმედგაცრუება განგიცდია?

- სამწუხაროდ, განმიცდია, თან - არაერთხელ.

- ამ დროს შენი რეაქცია როგორია?

- ვშორდები, მეტს არაფერს ვაკეთებ. მერე კი ვუყურებ, როგორ უხდის მას ცხოვრება სამაგიეროს. შურისძიებაზე არასდროს მივდივარ, ჩემ მაგივრად ამას ცხოვრება აკეთებს. კარმული რაღაცების მჯერა. წინასწარ ვიცი, რომ ასე იქნება. ვუყურებ, როგორ ისჯებიან, მაგრამ ეს პროცესი სიამოვნებას არ მანიჭებს.

- "ის ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა, ვერ ახერხებს გაექცეს მიმბაძველობას".

- ნიჭიერი ადამიანები შთაბეჭდილებას ყოველთვის ახდენენ. შეიძლება გარკვეული დეტალები აიღო ნიჭიერებისგან, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, საკუთარი თავის დაკარგვის ფასად არ უნდა მოხდეს. შეიძლება ვიღაცას მიჰბაძო, მაგრამ შენი სახე არ უნდა დაკარგო.

- დაწყებული საქმეების შუა გზაში მიტოვება გჩვევია?

- თუ საქმე არ მომწონს, შემიძლია შუა გზაზე მივატოვო და ახალი საქმე დავიწყო.

- "მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს".

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს. ქვეყნის მასშტაბით გასვლას ხშირად ვახერხებ. საზღვარგარეთ კი პანდემიამდე პერიოდშიც ვერ დავდიოდი ხშირად, ამის საშუალება არ მქონდა.

- შესაძლებლობა რომ გქონდეს, სად წახვიდოდი?

- ისლანდიაში წავიდოდი და პოლარულ ციალს, იმავე ავრორას ვნახავდი. ძალიან მინდა, ეს სილამაზე ჩემი თვალებით ვიხილო.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა".

- ახლა მეუღლე მყავს და... ადამიანი თუ არ მაინტერესებდა, მისთვის ჩემთან ურთიერთობის დაწყება ძალიან რთული იყო.

- "მაშინვე გარბის, როგორც უარის ან იმედგაცრუების სიმწარეს იგემებს".

- არ გავრბივარ, მივდივარ, რადგან ის სიტუაცია ჩემთვის საინტერესო და კომფორტული აღარ არის.

თამუნა კვინიკაძე