ნინო ლეჟავას ადრენალინი, ახდენილი და აუხდენელი ოცნებები - გზაპრესი

ნინო ლეჟავას ადრენალინი, ახდენილი და აუხდენელი ოცნებები

"იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვერ უბედავენ. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება. ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს. ხშირად მეწვრილმანეობა და სიჯიუტე უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ნინო ლეჟავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია და ნუმეროლოგია მაინტერესებს, მაგრამ იმის ფუფუნება არასდროს მქონია, რომ ვინმე დამექირავებინა და პირადი რუკის შედგენაში ფული გადამეხადა. ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა და პერიოდულად ვეცნობი. ნუმეროლოგიით ჩემი ციფრია 5. ოჯახში 3 თხის რქა ვართ და სულ ვკინკლაობთ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები პრინციპული ხასიათით, საოცარი ამტანობითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულები არიან. ეთანხმებით?

- ვეთანხმები, მაგრამ იმას არ ამბობენ, ცხოვრებაში ყველა სიკეთე ურთულესად და უდიდესი შრომის ფასად რატომ მოგვდის. ადამიანი ამ ბრძოლაში იმდენად იხარჯები, იმდენად იღლები, მერე ვეღარც კი იგებ, გაგიხარდეს თუ არა. 47 წელია ველოდები, ჩემი ფორტუნის ბორბალი პრიზზე როდის გაჩერდება. ასეთი "გაჩერება" ცხოვრებაში სულ ოთხჯერ მოხდა, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ. სამყარომ დიდი საჩუქარი გამიკეთა. რაც შეეხება შემოქმედებას, ვერ ვიტყვი, რომ იმ დოზით ვარ დახარჯული, რის პოტენციალსაც საკუთარ თავში ვხედავ. სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. საუბედუროდ, ჩვენს ქვეყანაში ასე ხდება - ადამიანი რომ მოკვდება, მერე ტირიან, გასაკეთებელი რამდენი რამ დარჩაო!.. ეს რა სენია? ამ ქვეყანაში მხოლოდ მიცვალებულები და მხოლოდ მათი ქება-დიდება უყვართ, ცოცხალზე კი სულ იმას ფიქრობენ, ფეხი როგორ დაუდონ, დასცინონ, ცილი დასწამონ.

- ასეთი "ფეხის დადება" თქვენს ცხოვრებაშიც ხშირად ხდება?

- ბედნიერი ვარ, რომ ასეთი და ამ რაოდენობის მტერი არ მყავს. ჩემი ცხოვრების ბორბალი ხან როგორ ტრიალებს და ხან - როგორ.

- ნუმეროლოგიის მიხედვით, თქვენს მფარველად იუპიტერი ითვლება, მას "სიხარულის პლანეტას" უწოდებენ. იმედი ვიქონიოთ, რომ დიდი სიხარულები წინ გელოდებათ.

- როგორც ჩანს, ჯერ იუპიტერამდე ვერ მივედი. შინაგანად ყოველთვის კარგის მოლოდინი მაქვს, პოზიტიური ხასიათი ბევრ რამეში მშველის.

- "სხვების აზრს იშვიათად ითვალისწინებს, საკუთარ შეგრძნებებს, აზრს და გემოვნებას მეტად ენდობა. ურჩევნია, საკუთარი შეხედულების მიხედვით იმოქმედოს და შეცდეს, ვიდრე სხვის ჭკუაზე გაიაროს".

- თხის რქებს შორის სხვაობაც არის, ამ ნაწილში ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. გონიერი ადამიანების მოსმენა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს მაშინ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანს ჩემთვის კარგი უნდა. ნათქვამს ყოველთვის ვაანალიზებ, მერე ჩემს აზრს ვუმატებ და ხშირად გადაწყვეტილებას ასე ვიღებ. ლავირების უნარი მაქვს.

- "მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ".

- როგორ არ არსებობენ, მით უმეტეს - ჩემს პროფესიაში. ავტორიტეტები იყვნენ ჩემი პედაგოგები, რომლებიც მხოლოდ პროფესიას კი არა, იმასაც გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გვეცხოვრა. მათი რჩევები ძალიან ბევრ რამეში გამომდგომია.

- "პირად ცხოვრებაში შეუძლია, ყველაფერი ერთ წუთში შეცვალოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასერიოზული ადამიანია".

- როცა ადამიანი მიყვარს, შემიძლია, მას ძალიან ბევრი ვუთმინო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჩემი ფიალაც ივსება და აი, მაშინ უკვე წერტილის დასმა მართლა ერთ წუთში შემიძლია. მერე ჩემი უკან რელსებზე გადმოყვანა, ძალიან რთულია.

- ბევრი ადამიანი დაგიკარგავთ?

- საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ბევრი არ მქონია. რამდენიმე მეგობარი დამიკარგავს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ მართალი ვიყავი. ადამიანებს ტყუილს ვერ ვაპატიებ. როცა ვეუბნები, ასე არ მოიქცე, ხან მინიშნებით, ხან პირდაპირ თქმით ვახვედრებ, რომ მის ჩანაფიქრს ვხვდები, ის კი თავისას აგრძელებს, ასეთ ადამიანთან წერტილი არ უნდა დასვა? ამ დროს ძალიან მტკივა. კონფლიქტური არა ვარ, მაგრამ ხშირად სხვა არჩევანს არ მიტოვებენ.

- ურთიერთობაში თქვენთვის ლიდერის პოზიცია უფრო კომფორტულია?

- როცა ყველა სიმძიმე მხრებზე შენ გაწევს, სხვას ლიდერობას ვეღარ დაუთმობ.

- "დაბრკოლებები, რომლებიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, მხოლოდ აძლიერებს, ჯიუტია, ხშირად პრინციპულიც და ცხოვრების წესად აქვს ქცეული, იაროს წინ და არც ერთი ნაბიჯით უკან".

- დაბრკოლებებზე ყოველთვის ვფიქრობ, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, ეს ჩემ მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი ხომ არ არის თუ ვიღაცას სურს და ცდილობს უკან დამხიოს? როგორც კი მტერს აღმოვაჩენ, მერე ასმაგად ვძლიერდები.

- "მას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს".

- ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგჯერ ამ "წესს" ვარღვევ და გრძნობა რომ მომეძალება, მეგობარს შეიძლება ვუთხრა: "უჰ, როგორ მიყვარხარ!" ამ სიტყვებს შვილებს სულ ვეუბნები.

- "ის პირადი ცხოვრების მოწყობას მაშინ იწყებს, როცა ფეხქვეშ, მატერიალური თვალსაზრისით, მყარ ნიადაგს იგრძნობს".

- ეს ჩემზე ნამდვილად არ არის ნათქვამი. გასულ წლებში მაგისთვის რომ მეყურებინა, დღეს ასეთი ცხოვრება არ მექნებოდა. ჩემთვის მთავარი სიყვარული, ადამიანობაა. მატერიალურად უზრუნველყოფილი დღესაც არა ვარ, მაგრამ ღვთის წყალობით, აქამდე მოვედი.

GzaPress

- "თუ ნაადრევი ქორწინების ხაფანგში გაებმება, კარიერაზე ზრუნვას არც ამ შემთხვევაში შეეშვება".

- კარიერისტი რამდენად ვარ?.. საკმარისია შევხედო, რომ ჩემს საქმეს მეუღლე მიკრძალავს, ოჯახს იმ წუთშივე დავანგრევ. ხომ არიან, ხუშტური აქვთ, არტისტი ცოლი, რძალი არ უნდათ. აი, ამ დროს ადამიანს უნდა უთხრა; "კარგად იყავი", მასთან ურთიერთობაში ამ ორი სიტყვის გარდა, არაფერს არანაირი აზრი აღარ აქვს. სიყვარული ხომ პირველ რიგში, პატივისცემაა. ადამიანთან, რომელიც შენ და შენს პროფესიას, საყვარელ საქმეს პატივს არ სცემს, თანაცხოვრება წარმოუდგენელია.

- "მისი მთავარი "მტერი" პერიოდულად გამოწვეული დეპრესიული მდგომარეობაა".

- პერიოდულად ასეთ მდგომარეობაში მართლაც ვარ, მაგრამ ამას ყველა ვერ ამჩნევს. ადამიანი კარგად უნდა მიცნობდეს, რომ ჩემს თვალებში ეს ამოიკითხოს. დეპრესიას გადაღლას უფრო დავარქმევდი. ხშირად ეჭიდავები ცხოვრებას, ეჭიდავები და იღლები. ამ მდგომარეობას არასდროს ახლავს შინ ჩაჯდომა, საბნის გადაფარება და ტირილი. საუკეთესო "წამალი" საქმით დატვირთვაა, მაქსიმალურად დატვირთვა, მეგობრებთან და ხალხთან ურთიერთობა.

- "ხშირად მეწვრილმანეობა და სიჯიუტე უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ვერ დავეთანხმები. ჩემს შემთხვევაში ასე არ ხდება.

- რამდენად გაქვთ უნარი, გარშემო მყოფები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ? ასტროლოგების თქმით, თქვენი ნიშნით დაბადებული ადამიანები საუკეთესო დიპლომატები არიან.

- ეს უნარი მაქვს, ამ დროს მაგალითები მომყავს, სავარაუდო შედეგებზე ვმსჯელობ.

- "იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად სიმართლის თქმას ვერ უბედავენ".

- ვერ ვიტყვი, რომ დიდად იმპულსური და ფეთქებადი ვარ. ასეთი მხოლოდ შინ შეიძლება ვიყო, უეცრად ავფეთქდე და ემოცია ვერ მოვთოკო. "ვერთქმასთან" დაკავშირებით ერთადერთი რამ მახსენდება: ბავშვობის დროინდელ უბნის მეგობარ ბიჭებს წლების შემდეგ უთქვათ, - როგორ მიყვარდი და თქმა ვერ გაგიბედეო. - რატომ ვერ მითხარი, გაგებედა, რა იცი, რა ხდებოდა-მეთქი (იცინის)... ყოველთვის ბიჭებთან მეტად ვმეგობრობდი, ქალს ბოლომდე უმეტესწილად ვერ ვენდობოდი, დღემდე ასე ვარ. ძმაკაცი ყოველთვის მეტი მყავდა. ისინიც სულ "ძმაკაცს" მეძახდნენ და არა - "დაქალს", სწორედ ამიტომ ვერ გამიბედეს.

- გარშემო მყოფები რჩევებს ხშირად გეკითხებიან?

- დიახ, განსაკუთრებით მიხარია, როცა ახლო მეგობრების ცხოვრებაში რაღაც ახალი, მნიშვნელოვანი ხდება და მეკითხებიან, ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდიო? ამ დროს ძალიან ვიძაბები, შეუცდომელი ხომ არავინაა და ძალიან ვცდილობ, გონივრული რჩევა მივცე, თან ვაყოლებ, შენ მაინც დაფიქრდი და ისე იმოქმედე-მეთქი. რჩევის მიცემა შვილისთვისაც კი ძალიან რთულია.

- "ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".

- ექსტრიმზე ვგიჟდები. მართალია, ჯერ პარაშუტით ვერ გადმოვხტი, მაგრამ ამ ასაკში ზიპლაინით ფრენის გემო მაინც გავიგე, ოცნება ავიხდინე. ადრენალინი მაცოცხლებს, მახალისებს, ამავდროულად, ფრთხილიც ვარ.

- ზიპლაინით ფრენა მოგეწონათ?

- მთელი ცხოვრება ფრინველების მშურდა, ფრენა რომ შეეძლოთ. ფრენის სურვილი დავიკმაყოფილე, კარგი საშუალებაა. შესაძლებლობა თუ მომეცემა, ინსტრუქტორთან ერთად პარაშუტითაც გადმოვხტები.

- კიდევ რა ოცნება გაქვთ?

- ოკეანის ფსკერზე ჩასვლა მინდა. იქაურობა ხომ უამრავ საიდუმლოს ინახავს. ამას ალბათ ვერასდროს შევძლებ, ფიზიკური მომზადება უნდა, ისევე როგორც კოსმოსში გაფრენას. რა დასამალია და, კოსმოსში გაფრენაც ძალიან მინდა.

თამუნა კვინიკაძე