ია ვახანია: "დაღლილი რეალისტი ვარ" - გზაპრესი

ია ვახანია: "დაღლილი რეალისტი ვარ"

მსახიობი ია ვახანია ამბობს, რომ ყველაზე დადებითი განცდები და შთაბეჭდილებები სტუდენტობას, თეატრსა და კინოს უკავშირდება.

იმავე დროიდან მოლდოვაში გასტროლს გამოარჩევს, სადაც სტუდენტური თეატრალური ფესტივალი იმართებოდა. "ოცნების 7 დღე" - ასე ასათაურებს იმ ვიზიტს საზღვარგარეთ. ახლა არ წერს, მაგრამ ბავშვობაში და სტუდენტობის დროს სისტემატურად აწარმოებდა დღიურს, სადაც ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს იწერდა. ახლა მას, ისევე, როგორც ალბათ მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უჭირს არსებულ რეალობასთან ადაპტაცია, თუმცა ცდილობს, წონასწორობა შეინარჩუნოს.

- როგორია თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო...

- პროფესიული თვალსაზრისით დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან თეატრში არ ვმუშაობ, უბრალოდ თეატრი "დავკარგე", როგორც მაყურებელმა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რადგან თეატრებში ხშირად დავდიოდი. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, შინ ჯდომამ და იზოლაციამ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ არც მთავრდება. პანდემიას ბოლო არ უჩანს. რაც შემეხება მე, რაღაც პროექტების დაწყებას ველოდები, როგორც კი საზღვრები ჩაიკეტა, რა თქმა უნდა, ისინიც გაურკვეველი დროით შეჩერდა, "გაფრინდა".

- ისე, როგორი ხასიათი გაქვთ, პესიმისტი ხართ თუ ოპტიმისტი?

- მე ვიტყოდი, "დაღლილი რეალისტი" ვარ (იღიმის). როგორც ბარონი მიუნჰაუზენი ექაჩებოდა თავს და ცხენიანად ამოდიოდა ჭაობიდან, მეც სულ ვცდილობ თავის გამოყვანას, დეპრესიისა და აპათიის დაძლევას.

- რა გეხმარებათ ამ დროს? ვიცი, შინაური ცხოველები გყავთ და ალბათ, მათაც მოაქვთ გარკვეული სიხალისე...

- დიახ. მიუსაფარი, ქუჩიდან აყვანილი ძაღლი და კატა მყავს. ისინი განსაკუთრებულად მიყვარს. ამასაც დიდი ტკივილი მოაქვს, ქალაქში ჭირია გავრცელებული და ვებრძვით ამ დაავადებას. პანდემია რომ დაიწყო, ძაღლი მაშინ ავიყვანე. ლუსი დავარქვი, კატას კი ბუსი ჰქვია. უდიდესი პასუხისმგებლობაა შინ ცხოველების ყოლა.

- ია, ახლა წარსულში დაგაბრუნებთ და მითხარით, ყველაზე ნათელი მოგონება იმ პერიოდიდან დღემდე, რა მოგყვებათ?

- უამრავი ასეთი მოგონებაა, მაგრამ ყველაზე ნათლად რაც ჩაიბეჭდა, ეს ჩემი უფროსი დების გაცნობაა. მამის მხრიდან ორი და მყავს. 6 წლის ვიყავი, ისინი 8 და 11 წლის, როცა გავიცანი.

- ყველაზე მძიმე მოგონება...

- ომის წლები მახსენდება, განსაკუთრებით ბოლო დროს. 1989 წლის პერიოდი, ტანკები და მძიმე ტექნიკა, უშუქობა, დღემდე ვერ ვიტან ნავთის სუნს. მიუხედავად მცირე ასაკისა, მაინც ნათლად მახსოვს ეს ყველაფერი.

- ვისზე შეგიძლიათ თქმა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება?"

- ბებია. სამი წლის წინ გარდაიცვალა. ის არასდროს დამავიწყდება. გალინა ზაპრუდნაია საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო, სახელმწიფო კაპელის სოლისტი. 16 წლის ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და კონსერვატორიაში ჩააბარა. მშობლებთან და დებთან არ დაბრუნებულა, თუმცა ნათესავების მოსანახულებლად ჩადიოდა. საქართველოში დარჩა, სიგიჟემდე უყვარდა აქაურობა. შემდეგ დაოჯახდა, დაიბადა დედაჩემი, შემდეგ მე... ომთან დაკავშირებით, ერთი ასეთი ეპიზოდი გამახსენდა, მეორე თუ მესამე კლასში ვსწავლობდი, როცა მათემატიკის წიგნი ვერ შევიძინეთ, საშუალება არ გვქონდა, ვიღაცისგან ვითხოვეთ და ბებიამ რვეულში მთლიანად ხელით გადამიწერა.

- ბებია თუ ცდილობდა თქვენც გემღერათ?

- ჩემთვის კი ვღიღინებდი, ბებიას უნდოდა კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ მე არ გამოვთქვი სურვილი. საბედნიეროდ მოესწრო ჩემს ფილმებსა და თეატრში ნახვას, ეს ძალიან ახარებდა. სხვათა შორის, სკოლის შემდეგ მაშინვე მინდოდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ ჩემი მშობლების მეგობრებმა გადამაფიქრებინებს. ყველამ ვიცით, მსახიობობა რთული პროფესიაა, ყველაფრით სხვაზე ხარ დამოკიდებული, ამიტომ ჯერ უცხო ენებზე ჩავაბარე, რუსული ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული. თან, რუსულენოვანი ვარ, რუსულ სკოლაში დავდიოდი და იმ პერიოდში თეატრალურში ასეთი ჯგუფი არ არსებობდა. შემდეგ გრიბოედოვის სტუდია რომ გაიხსნა, იქ მივედი, ჩემი პირველი პედაგოგი გრიბოედოვის თეატრის მსახიობი ირინა კვიჟინაძე გახლდათ. როცა გავიგე, რომ ანდრო ენუქიძე ჯგუფის აყვანას აპირებდა, ძალიან გამიხარდა და 2010 წელს თეატრალურში ჩავაბარე. მაშინ უკვე 24 წლის ვიყავი. ამას სტუდენტობის ბედნიერი 4 წელი მოჰყვა.

- კარგი მახსოვრობა გაქვთ? რის მიხედვით იმახსოვრებთ მოვლენებს?

- ბოლო დროს მახსოვრობას ვუჩივი. ალბათ, პანდემიის ბრალია, სახლში ჯდომამ ტვინი გათიშა. პროფესიულად, ტექსტებთან დამოკიდებულებაში ასე არ ვარ, საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ.

GzaPress

- ბოლო ხანს მეტი დროა კითხვისა და ფილმების საყურებლად...

- სიმართლე გითხრათ, პანდემიის პერიოდში კითხვა ნაკლებად, უფრო კინოსა და სერიალების ყურებაზე გადავერთე. ძალიან მომეწონა ესპანური ფილმები "პლატფორმა" და "უხილავი სტუმარი".

- როგორც თქვით, თეატრების აქტიური სტუმარი იყავით. დაასახელეთ თქვენთვის შთამბეჭდავი სპექტაკლები...

- სანამ ყველაფერი დაიხურებოდა, მარჯანიშვილის თეატრში ვნახე კოკო როინიშვილის "შინელი". ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, მეამაყება ეს ბიჭი. 2012 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პოლონეთის თეატრმა მაია კლეჩევსკას სპექტაკლი "ღმერთების დაცემა" წარმოადგინა, ლუკინო ვისკონტის ლეგენდარული ფილმის მიხედვით. რამდენი წელი გავიდა და დღესაც მახსოვს ის შოკის მომგვრელი სცენები. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ სპექტაკლმა.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...

- ასეთი ჩემი ნათლულის 5 წლის ლაზარეს საჩუქრებია, რომელიც თავის ნახატებს მჩუქნის. კედელზე მაქვს გაკრული და ყოველდღე ვუყურებ. ბავშვის ხელით დახატული ეს ნახატები ჩემთვის ძვირფასია.

- წიგნად აკინძულ ვის შთაბეჭდილებებს წაიკითხავდით?

- ალფრედ ჰიჩკოკის. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება. განსაკუთრებით გამოვარჩევ ერთ ფილმს, რომელიც სერიალის ციკლია და ამ კონკრეტულს ასე ჰქვა: ალფრედ ჰიჩკოკის საათი - "უკანასკნელი გაქცევა".

- ია, თქვენი შთაბეჭდილება, რომელზეც ფილმს გადაიღებდით ან სპექტაკლს დადგამდით...

- ბოლო დროს რატომღაც, სულ ომის თემის გარშემო ვტრიალებ, ამიტომ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებდი. ალბათ იმიტომ, რომ ახლა მესამე მსოფლიო ომია, მხოლოდ უხილავი...

ანა კალანდაძე