რატომ უხდის ბოდიშს შვილს ანი ბებია? - გზაპრესი

რატომ უხდის ბოდიშს შვილს ანი ბებია?

სახელი, გვარი: ანი ბებია.

ასაკი: 29 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ჰობი: ფოტოგრაფია.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ამ ეტაპზე, ძილი.

- როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ძალიან ძლიერ და ლამაზ დედას (იღიმის).

- სოციალურ ქსელში ძუძუთი კვების ამსახველი ფოტოების განთავსებისას ყოყმანობდი, გამოგექვეყნებინა თუ არა?

- კი, ვყოყმანობდი. გამოქვეყნება მინდოდა. კარგა ხანია, მსგავსი ფოტოსესია დაგეგმილი მქონდა. როგორც იქნა, ამ საქმეს მე და ფოტოგრაფმა საშველი დავაყენეთ და გადავიღეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ფოტოების ასატვირთად ხელი რომ უნდა დამეჭირა, ვყოყმანობდი. მინდოდა, ამისთვის მეტად მზად ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, საზოგადოებისგან ბევრი ნეგატიური რეაქციაც "წამოვიდოდა". უბრალოდ, მართლა არ მეგონა, თუ ამდენ პოზიტიურ კომენტარს მივიღებდი. ნეგატიურიც იყო, მაგრამ ჩემს გვერდზე - ნაკლებად: უარყოფითი რეაქცია უფრო სხვა, საიტების მიერ გაზიარებულ ფოტოებს მოჰყვა. უმეტესობა დადებითი კომენტარი იყო - ხალხს სწორი ხედვა, სწორი დამოკიდებულება აქვს.

- შენს ახლობლებს შორის, უარყოფითი რეაქცია ვინმეს ჰქონდა?

- საერთოდ არავის, პირიქით...

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- "ხელოვნური სუნთქვის" ეთერში გასვლისას.

- მთელი თვის განმავლობაში ერთი ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

- რატომღაც, ბოლო დროს თეთრი მაქვს ამოჩემებული.

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?

- ხშირად - არა, მაგრამ მიგრძნია, მაინც ვფიქრობ, რომ - უმიზეზოდ. მგონია, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მსგავსი შეგრძნება არ აქვს ხოლმე. ძირითადად, მათ აქვთ, ვინც ცოტათი დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები.

- ასეთ განცდას როგორ უმკლავდები?

- უნდა გაიხსენო, კარგი რა გაქვს გაკეთებული და მორჩა, ცუდი ფიქრები მიდის (იცინის)...

- კიდევ რა არის შენთვის მელანქოლიურ ფიქრებთან გამკლავების კარგი საშუალება?

- ამჟამად ამაში უკვე ბავშვი მეხმარება, რომელმაც საერთოდ, ცხოვრება "ამომიყირავა". მანამდე ჩემი საქმე მეხმარებოდა (მაგალითად, სპექტაკლში თამაში) და ასევე - საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- უჰ, ცოტა... ყველაზე კარგ შემთხვევაში, რომელიც ძალიან იშვიათია, ალბათ 7 საათი მძინავს, ისე - ხუთი.

- შენი შვილის - ჯერის ქმედებებიდან რას გაუოცებიხარ?

- რაღაცები არის ხოლმე, რაც მართლა მაოცებს. ახლა უკვე ის ეტაპი აქვს, რომ რაღაცებს იაზრებს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იმით გავოცდი, რომ "ჭიტას" ვეთამაშებდი, ანუ სახეზე პლედს ვიფარებდი, მერე ვიშორებდი და "ჭიტას" ვეუბნებოდი, ჯერიმ კი ზუსტად იგივე გაიმეორა: პლედი სახეზე თავისი ხელებით აიფარა და ჩამოსწია. ამას არ ველოდი - ჯერ მაინც პატარაა (9 თვისაა) და თავად რაღაც გამიზნულად რომ გააკეთა, გააანალიზა და ფიზიკურად გამოხატა, გამიკვირდა.

- მსახიობი უკეთესი ხარ თუ ტელეწამყვანი?

- აუ, რა ტელეწამყვანი მე ვარ (იცინის)?! არა, კაცო, მსახიობი უკეთესი ვარ. ტელეწამყვანად თავს არ მივიჩნევ. უბრალოდ, ეს გამოცდილების მიღება, ამ სფეროში საკუთარი თავის მოსინჯვა იყო...

- რატომ აღარ ხარ ტელეწამყვანი?

- აღარ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. იქ რისი მიღებაც მინდოდა, მივიღე, მაგალითად - პირდაპირ ეთერში მუშაობა მაინტერესებდა...

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში ვის მოუხადე?

- ბავშვს, მაგრამ არ მახსოვს, რის გამო. ეს დღეს რომ მოხდა, მახსოვს. ბავშვს ბოდიშს ხშირად ვუხდი, თუნდაც იმიტომ, რომ მალე არ ავიყვანე ხელში ან შემთხვევით რაღაცას მიჰკრა ფეხი, ხელი... მსგავსი რაღაცების გამო, ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, რადგან ყურადღება თავად დავაკელი.

- ბოდიშს აღიქვამს?

- კი, როგორ არა! საერთოდ, ყველაფერს აღიქვამს. სიტყვებითაც რომ არ გამოხატავდე, ბავშვები ადამიანის აურას, განწყობას, ემოციებს ჩვენზე მეტად გრძნობენ.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?

- არა და გეტყვი, რატომ: "მეორე ნახევარში" უბრალოდ, მეუღლეს თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, მეუღლის გარეშეც იცხოვრო, მაგრამ როდესაც ადამიანი დარწმუნებული ხარ, რომ ამ სამყაროში მეორე ნახევარი გყავს, ხვდები, ის ან შეგხვდება, ან არა. თუ შეგხვდა, ძალიან გაგიმართლა, ანუ უკვე ერთი მთლიანობა ხართ; სხვა შემთხვევაში, ნახევარი ხარ, "ნახევრად" ცხოვრება კი ძალიან რთულია. ზოგჯერ ჰგონიათ, მეორე ნახევარი ნაპოვნი ჰყავთ, მაგრამ ასე არ არის...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- აუ, საერთოდ ყველას (იცინის). ბოლო დროს რატომღაც, მე და ილომ ამოვიჩემეთ, რომ გვინდა, უკვდავები ვიყოთ - სულ ვიცოცხლოთ.

- ალბათ, უკვდავებას ბევრი გულისტკივილიც ახლავს თან, არა?

- კი, მაგრამ ყველაფერს დადებითისკენ შემოვატრიალებდით. ალბათ "გულისტკივილში" იმას გულისხმობთ, რომ უკვდავების შემთხვევაში, უფრო მეტი საყვარელი ადამიანის "წასვლის" გამო დაგწყდება გული, არა? არა უშავს, მოკვდავსაც ხომ გიწევს ბევრი ტკივილის ატანა...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- თუ შემიძლია, ადამიანი თუნდაც 2 წუთის განმავლობაში გავაბედნიერო, რაღაცაზე დავაფიქრო, ე.ი. უკვე რაღაც სარგებელი მომაქვს. ამისთვის ჩემთვის ყველაზე კარგი სამოქმედო ასპარეზი ჩემი პროფესიაა: როცა ადამიანი ფილმს ან სპექტაკლს ნახავს, დაფიქრდება, ცუდს და კარგს გამიჯნავს ან თუნდაც, მის გაცინებას შევძლებ, ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი რამ არის.

- თეატრის გარეშე გაძლება რთული იყო?

- მუშაობა უკვე აღდგა, მაგრამ თეატრიდან ისე წამოვედი, მუშაობა არც დამიწყია. ასე რომ, ამ ამბავში კარგა ხანია, პაუზა მაქვს აღებული.

- თეატრიდან ბავშვის გამო წამოხვედი?

- არა, არა... უბრალოდ, თეატრის მიმართ ჩემი და სამხატვრო ხელმძღვანელის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და მერჩივნა, იქაურობა დამეტოვებინა.

- მომავალში საკუთარ თავს სად ხედავ?

- ილოსა და ჯერის გვერდით (იღიმის).

- შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- სიკეთე და სამართლიანობა.

GzaPress

- ყველაზე უცნაური რა კომპლიმენტი მიგიღია?

- ძალიან უზრდელობაა და ვერ ვიტყვი (იცინის). ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როცა "ხელოვნური სუნთქვა" ეთერში გადიოდა: ჩემს ფოტოზე ისეთი კომენტარი ეწერა, რომ ვერ გავბრაზდი - ძალიან გამეცინა...

- მედიით გავრცელებული ინფორმაციებიდან, ბოლოს შენი ყურადღება რამ მიიპყრო?

- ბოლოს ყველაზე აქტიური ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებული თემაა. რა თქმა უნდა, ნინუცას მეც მხარს ვუჭერ. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, როგორც მისი ყოფილი მეუღლე - ბესო ზანგური იქცევა, სამარცხვინოა. სხვა რა ვთქვა, არ ვიცი...

- იქცევა თუ იქცეოდა?

- ახლაც იქცევა. მგონი, ახლა უარესს და უარესს აკეთებს, ვიდრე მაშინ აკეთებდა. ვგულისხმობ, რასაც ლაპარაკობს, რა პასუხსაც საზოგადოებას სცემს...

- ოდესმე ძალადობის ფაქტს შესწრებიხარ?

- არ მახსენდება... უფრო იმას შევსწრებივარ, რომ ეზოში ბავშვები ერთმანეთს ეჩხუბებიან და "აბულინგებენ".

- ჩარეულხარ?

- კი, მაგრამ საერთოდ, ბავშვებთან ლაპარაკი უფრო რთულია, ვიდრე უფროსებთან. პატარებს, ვინც სხვებს "აბულინგებენ", უფრო გულთბილად და რბილად უნდა ელაპარაკო, რაც ცოტათი რთულია, რადგან იმ ბავშვებზე ნერვები გეშლება, ვინც სხვებს ჩაგრავენ, მაგრამ პირიქით - მოძალადე პატარები უფრო მეტად დასაცავები არიან. რთულია, რა...

- ცხოვრებაში შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- მგონია, ჩემი მთავარი მიღწევა ჯერია, მაგრამ მხოლოდ ბავშვის გაჩენა მიღწევა არ არის - მთავარია, როგორ გავზრდი და აღვზრდი...

ეთო ყორღანაშვილი