ნინო ჩხეიძე: "ადრე ვბრაზდებოდი ზურგში დანის ჩაცემაზე, ახლა - აღარ" - გზაპრესი

ნინო ჩხეიძე: "ადრე ვბრაზდებოდი ზურგში დანის ჩაცემაზე, ახლა - აღარ"

მომღერალ ნინო ჩხეიძისთვის ბავშვობა იყო ის პერიოდი, როდესაც ყველა წვრილმანი აბედნიერებდა. რა ანიჭებს დიდ სიხარულს დღეს, რითია გატაცებული და რატომ არ ცდილობს ვინმეს შეცვლას? - მომღერალი ამ და სხვა თემებზე გვესაუბრა.

- "როდესაც ირგვლივ ყველაფერი საოცარია და გაოცებას არაფერი იწვევს, ეს არის კიდეც ბავშვობა" (ანტუან დე რივაროლი).

- მართლაც, საოცარი პერიოდია ბავშვობა და ყველას გვენატრება. თუმცა შეგვიძლია, ის საოცარი წუთები და საათები დავაბრუნოთ. ეს დამოკიდებულია ჩვენს ფიქრებსა და ხედვებზე; იმაზე, თუ როგორ შევხედავთ სამყაროს. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ბავშვურად გვიხაროდეს ყველაფერი, ერთი კანფეტის ჩუქებაც კი. მახსოვს, მანდარინი რომ შემოდიოდა და იმ პერიოდში სტუმრად წავიდოდით სადმე, ეს განსაკუთრებულად მიხაროდა, რადგან შემეძლო იქაც მეჭამა. განა სახლში არ გვქონდა, მაგრამ მაინც.…ბავშვობა ხომ ის პერიოდია, როდესაც ყველა წვრილმანი გაბედნიერებს. ბევრ სიხარულს ვუსურვებ ყველას.

- "დედობა შესანიშნავი და ჯადოსნურია, მაგრამ ძალიან დამღლელი" (სკარლეტ იოჰანსონი).

- არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს. არა მგონია, ვინმესთვის დამღლელი იყოს დედობა. შეიძლება, ვისაც 6 და 7 ბავშვი ჰყავს, ის გადაღალოს ყოველდღიურმა საქმიანობამ, მე ერთი შვილი მყავს და პირიქით, ვინც მიყვარს, მათზე ზრუნვა დიდ ენერგიასა და ძალას მაძლევს. შეიძლება, ეს რუტინაა, მაგრამ გსიამოვნებს. შვილთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მკაცრი დედა არ ვარ, თუმცა, ამის მიუხედავად, მარიკოს ჩემი დიდი რიდი აქვს.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- სწორად არის ჩამოყალიბებული - სამართლიანობა, მშვენიერების აღქმა და მუდამ კარგის სურვილი უნდა გახლდეთ ცხოვრების მიზანი. მიზანმიმართული უნდა იყო საქმეზე, წინსვლაზე ორიენტირებული, სხვებს არ უნდა ედრებოდე და ბაძავდე, ინდივიდუალობა უნდა შეინარჩუნო.

- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).

- ნაწილობრივ ვეთანხმები მარკ ტვენს (იცინის). ჩვენი სიძლიერეც იმაშია, რომ საკუთარ თავს მოვერიოთ და ეს ყველაფერი ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ. უკვე აღარ მიყვარს მაწონი, კიტრი და მოხარშული ქათამი, მაგრამ საჭიროა და ვჭამ. სამაგიეროდ, იმ შედეგით ტკბები, რაც სწორ კვებას მოაქვს. ჯანმრთელი და ლამაზი რომ ხარ, ეს ხომ გიხარია. ამიტომაც უნდა ვაჯობოთ სურვილებს და მათზე მაღლა დავდგეთ, მაშინ ასე აღარ დავიტანჯებით დიეტებით.

- "დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო" (დალაი ლამა).

- გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ყველა პრობლემა, რომელთა მოგვარებაც შეუძლებლად გვეჩვენებოდა და რაც მნიშვნელოვანი გვეგონა, უფასურდება. მთავარი მაინც ჯანმრთელობაა, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნა, დანარჩენი - მოგვარებადი და წარმავალი. ამ პანდემიამ ეს ყველაზე მკაფიოდ დაგვანახვა.

- "კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუნდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია, წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი" (გოეთე).

- ძალიან მარტივად ახსნა გოეთემ სულიერებაზე ზრუნვის აუცილებლობა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღე მიიღო ახალი ინფორმაცია ხელოვნების სფეროში. მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა - ეს არის ის, რისთვისაც დრო ყოველთვის უნდა გამონახო. აუდიოწიგნებს ყოველდღე ვუსმენ. ამ ბოლო დროს ფსიქოლოგიით ვარ გატაცებული და სხვათა შორის, ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით დღევანდელ სტრესულ სიტუაციაში, პანდემიას ვგულისხმობ. მეხმარება, უფრო კარგად შევიცნო სამყარო და უფრო კარგად ვმართო საკუთარი თავი. გოეთეს ამ დროში რომ ეცხოვრა, ალბათ იმასაც დაამატებდა, კაცმა ყოველდღე უნდა ჩაწეროს "ტიკ-ტოკიო" (იცინის).

- "ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს... ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს" (შვაიცერი).

- მირჩევნია, მწვანე შუქს ვხედავდე ყოველთვის. ჩემთვის მისაღებია ადამიანი, რომელიც ოპტიმისტია, პოზიტიურია და იმედს არასდროს კარგავს. მეც ასეთი ვარ.…

- "ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ეს ალბათ ინდივიდუალურია. ბევრი ქალი ვიცი, ვისაც მოსწონს სხვაზე ზრუნვა, გადაყოლილები არიან ქმარზე, შვილებზე. პატარაობიდან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა თვითონაც ძალიან ყურადღებიანი ვარ სხვების მიმართ.

- "კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მუდმივად იმედგაცრუებული რჩება" (აინშტაინი).

- მგონი აღარავის აქვს იმის ილუზია, რომ ვინმე შეიცვლება. ხასიათი რაც გაქვს, ასეთივე იქნები მთელი სიცოცხლე და შესაბამისად, არ ვცდილობ ვინმეს გამოსწორებას ან შეცვლას. ყველას ისეთს ვიღებ, როგორებიც არიან.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზადა ხარ საფრთხის შემთხვევაში - მკერდი მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).

- ასეა, მაგრამ ალბათ, ესეც ჩვენი ბრალია. როგორც ჩანს, არასწორ არჩევანს ვაკეთებთ. მესმის, ძნელია, ზუსტად გათვალო, ვინ როგორია და რას მოიმოქმედებს შემდეგში, მაგრამ შესაძლებელია. რაც გვემართება ცხოვრებაში, ყოველთვის ჩვენი მიზეზით, უმეტეს შემთხვევაში ასეა. როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი ბრალიც არის, მერე ყველაფერი დალაგდება. ადრე ვბრაზდებოდი ზურგში დანის ჩაცემაზე, ადამიანების არასწორ ქცევაზე, ახლა - აღარ. როდესაც რამე მწყინს, მაშინვე იმას ვფიქრობ, მე თვითონ რა შეცდომა დავუშვი. ისეც ხდება ხოლმე, რომ დაუმსახურებლად გექცევიან ცუდად, ეს არც ღირს ყურადღების მისაქცევად.

- "არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასივებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის" (ოტია იოსელიანი).

- ზოგს შეუძლია ემოციების საჯაროდ გამოხატვა. ტირილის დროს ემოციებისგან იცლები და ეს არ არის სასირცხვილო, მთავარია, გულწრფელი იყო და ვინმეს მანიპულირებას არ ახდენდე. ბევრ რამეზე შეიძლება ვიტირო, მაგრამ ხალხში თავის შეკავებას ვცდილობ - რაღაცნაირად მრცხვენია გრძნობების საჯაროდ გამოხატვის, ასეთი ხასიათი მაქვს.

- "ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს" (ერნესტ ჰემინგუეი).

- ყველა ქალს აქვს თავისი კაპრიზები და სურვილები, რის გამოც შეიძლება, მამაკაცებმა პრობლემების ნაკრებად მიგვიჩნიონ. მათი გადმოსახედიდან ალბათ ასეა.

GzaPress

- "მამაკაცები სამყაროს ყველაზე ლამაზი მეორეხარისხოვანი არსებები არიან" (კრისტი ჰეფნერი).

- მე თანასწორობის მომხრე ვარ. არ ვეთანხმები ჰეფნერის ამ გამონათქვამს და არ ვთვლი, რომ მამაკაცი მეორეხარისხოვანია. ქალს თუ არ ექნებოდა მამაკაცის სიყვარული, ყურადღება, გვერდში დგომა, გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფრის გარეშე.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).

- ვეთანხმები, თუ ერთხელ გადააბიჯებს და გააკეთებს, ესე იგი, ძალმომრეობა და სისასტიკე მის ხასიათში დევს.

- "წარუმატებელი მამაკაცი არის პრობლემა, რომელიც ქალებს მოსვენებას არ აძლევს" (დევიდ ნივენი).

- აღმართი და დაღმართი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და მარტო მაშინ იყო ვინმეს გვერდით, როდესაც ის წარმატებულია, არასწორად მიმაჩნია. ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა დააბალანსონ წარმატება-წარუმატებლობა.

- "სუსტი არასდროს ჰპატიობს, პატიება ძლიერის თვისებაა" (მაჰათმა განდი).

- ასეა, საბედნიეროდ, პატიება შემიძლია და ბევრჯერ ასეც მოვქცეულვარ, მაგრამ მეორედ რომ იგივე გაუკეთებია, უკვე აღარ მიპატიებია.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- 48 მილიონი თუ გაქვს, 2 მილიონის შოვნა ნამდვილად აღარ გაგაბედნიერებს, მაგრამ ერთი დოლარი რომ ჰქონოდა და მილიონი ეშოვა, მაშინაც არ იქნებოდა ბედნიერი? იმდენი უნდა გქონდეს, რომ არ ფიქრობდე ხვალ რა ჭამო ან კომუნალურები როგორ გადაიხადო, ან როგორ დაიკმაყოფილო ელემენტარული საჭიროებები.

- "მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ - რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს" (მარკ ტვენი).

- 100%-ით ვეთანხმები. ყოველდღე და ყოველ წუთს ვრწმუნდები იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა საქმე კეთდება სიყვარულით და დადებითი ენერგიით. მოგზაურობა კი ჩემი სისუსტეა. კორონას გამო ვეღარ ვახერხებ ვერსად წასვლას, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ეს არის ჩემთვის განტვირთვის საშუალება, ერთგვარი თერაპია. ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა პიროვნულადაც მზრდის - ვეცნობი მათ ისტორიას, კულტურას, ზნე-ჩვეულებებს. არ ვყოფილვარ ჩინეთში, კორეაში, აფრიკის ქვეყნებში და ძალიან მაინტერესებს მათი ნახვა.

- "ვისაც სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია" (ვაჟა-ფშაველა).

- მართლაც რომ ომია სიცოცხლე იმ ადამიანებისთვის, ვინც სამშობლოზეა შეყვარებული. თან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც სულ ომშია. ვერიდები ხოლმე ხმამაღალ სიტყვებს, მაგრამ თითოეული ქართველის გულშია ეს სიყვარული. კარგი იქნებოდა, ტარდებოდეს კონკურსები, გადიოდეს გადაცემები, რათა ეს პატრიოტული მუხტი ყოველთვის არსებობდეს.

ნინო ჯავახიშვილი