"ჩემთან ჭორაობა არ არის საინტერესო"... - გზაპრესი

"ჩემთან ჭორაობა არ არის საინტერესო"...

"კარგი მეხსიერება მაქვს. კარგად ვიმახსოვრებ ციფრებს, ტექსტებს, ამბებს, მხოლოდ სახელებისა და გვარების დამახსოვრება მიჭირს. არ მიჯერებენ, მაგრამ ბუნდოვნად ისიც კი მახსოვს, 6 თვის რომ ვიყავი, ხის საწოლის მოაჯირზე ხელჩაკიდებული მეორე ოთახში ტელეფონზე მოსაუბრე დედას რომ "ვეძახდი". ისიც მახსოვს, მე და ჩემი ძმა "ჩაის სახლში" პირველად რომ გამოვედით და ამას ფოტოსურათიც ადასტურებს. მაშინ 1 წლის ვიყავი, არ ვისვენებდი, კიბეზე დავრბოდი და ბოლოს, როგორც იქნა, მამღერეს"... - ამბობს მსახიობი ია შუღლიაშვილი, რომელთან საუბარიც ყოველთვის საინტერესოა.

- ქალბატონო ია, გაიხსენეთ ყველაზე ნათელი მოგონება თქვენი ბავშვობიდან.

- ბავშვობაში სადაც ვცხოვრობდი, იყო დიდი მდელო, სადაც გაზაფხულის მოსვლა ძალიან საინტერესო გახლდათ და დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ეს ხდებოდა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან. მაშინ იქ ერთ-ერთი სახლის მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდი და ფანჯრიდან გადავხედავდი ხოლმე, თანდათან როგორ ივსებოდა მდელო ყვითელი და წითელი ყვავილებით. მახარებდა ჩიტების ჭიკჭიკიც, რომელიც მკვეთრად ჩამესმოდა. სამწუხაროდ, დღეს იქ შენობები დგას და ის ყაყაჩოების მდელოც აღარ არსებობს.

- კარგი მახსოვრობა ურიგო არ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, ამავდროულად დამღლელია...

- რაღაც მომენტში ეგ განცდა მქონია, მაგრამ რაც ჩემთვის დამღლელია, იმას არ ვიმახსოვრებ. მაგალითად, არ მიყვარს საჭორაო თემების დამახსოვრება, ამაზე თავს არ ვიწუხებ. ვინ ვის გაჰყვა, ვინ ვისთან ცხოვრობს, ვინ ვის რა უთხრა... როცა მეკითხებიან, ახალი რა არისო, არ ვიცი, რა ვუპასუხო. უკვირთ და მეუბნებიან, შენთან ჭორაობა საინტერესო არ არისო.

- გაიხსენეთ ყველაზე მძიმე შთაბეჭდილებაც თქვენი ბავშვობიდან.

- დედის გარდაცვალება. მაშინ ათი წლის ვიყავი. ეს ძალიან რთულია ბავშვისთვის, მით უმეტეს - გოგონასთვის. ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან ეს ყველაზე მძიმეა.

- ვისზე შეგიძლიათ თქვათ ფრაზა: "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება"?

- ეს ადამიანიც დედაა. ინოლა სულ თან მყავს. რაღაც მიხარია, მაწუხებს თუ რამე მიჭირს, მის გვერდში ყოფნას სულ ვგრძნობ. არასოდეს მცილდება. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის ვიყავი, დედამ თავი სრულიად "სავსე" დამიტოვა.

- დღეს ინოლა გურგულიას სიმღერებს ბევრი ახალგაზრდა ასრულებს. ახლახან გამოჩნდა 13 წლის ანა უზნაძეც, რომელიც დედათქვენის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- ძალიან კარგია და მიხარია, რომ პატარებსა და ახალგაზრდებში ინოლასადმი სიყვარულმა იმძლავრა. ამას იმით ვხსნი, რომ ის, რაც მან დამიტოვა, რასაც ჩუმად ვატარებდი და არავის ვაწუხებდი, იმდენად მისაღები აღმოჩნდა სხვისთვისაც, რომ წლებს გადააბიჯა და ახალ თაობასთანაც მივიდა. ერთი იმღერებს, მეორეს მოეწონება, მერე მესამეც გამოთქვამს სიმღერის სურვილს. რა თქმა უნდა, კარგ ვერსიებზეა საუბარი. ამით ცოცხლობს სიმღერაც და ავტორიც.

GzaPress

- ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება ვისთვის და რა გზით გიყვართ?

- ემოციების გაზიარება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ადამიანს თუ შევატყვე, რომ ჩემი აზრი აინტერესებს, თავს არ დავზოგავ, აბსოლუტურად გახსნილი ვარ და ამ დროს მინდა ბოლომდე მივაწოდო ჩემი მოსაზრება. საერთოდ, ჩემს ემოციებს, აზრებსა და შეხედულებებს თავზე არავის ვახვევ. ჩემთვის წყნარად, მშვიდად ვცხოვრობ (იღიმის).

- შთაბეჭდილებების ქაღალდზე გადატანა თუ გჩვევიათ?

- არა, დღიურები არასდროს მიყვარდა. ესა თუ ის მოგონება თუ შთაბეჭდილება ხომ ისედაც ყოველთვის ჩემთან იქნება?! არ ვწერ, არა იმიტომ, რომ რაღაცას ვმალავ და იმის შიში მაქვს, რომ შეიძლება დღიური ვინმემ წაიკითხოს, უბრალოდ ვთვლი, რომ ის, რაც ჩემია და პირადია, მაინც არასდროს დამავიწყდება. თუ სურვილი მექნება და ვინმეს რამე დააინტერესებს, სიამოვნებით გავუზიარებ.

- თუ გაეცნობოდით თქვენთვის საინტერესო პიროვნებების ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს, დღიურის ფორმატში?

- დიახ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაინტერესებს ადამიანების ბიოგრაფიული ჩანაწერები, რეალური ცხოვრებისეული ამბები. შესაბამისად, ფილოსოფოსების ან ისტორიული პიროვნებების პირად, საკრალურ ჩანაწერებს გავეცნობოდი. მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიცოდე, სიმართლის ძიების გამო და არა - სალაპარაკო-განსახილველად. ამ თვალსაზრისით, კონკრეტულად რომელიმე ფილოსოფოსს ან ისტორიულ პიროვნებას ვერ დავასახელებ, რადგან დაკონკრეტება საერთოდ არ მიყვარს, დროთა განმავლობაში რაღაცები იცვლება, შესაბამისად ინტერესებიც და ამ პიროვნებების ვინაობაც.

- ასევე იცვლება ბავშვობიდან დღემდე წაკითხული წიგნებით მოგვრილი შთაბეჭდილებებიც...

- დიახ. ცოტა გვიან დავიწყე სერიოზულად კითხვა, მანამდე არ მესმოდა ამის ხიბლი. პიესების კითხვა რომ დავიწყე, პირველი იყო ფრიდრიხ შილერის "ორლეანელი ქალწული" და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, იმდენად მოვიხიბლე ამბით, შინაარსით, თხრობის სტილით, რომ კითხვისადმი ინტერესი გამიღვივდა. არ მიყვარს წიგნის მიგდება, ბოლომდე მივყვები. ბოლო წლებში გამოცემული ნაწარმოებებიდან კი მომხიბლა თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანამ". ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაზე გადავედი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო გახდა. საბედნიეროდ, ბევრი კარგი ნაწარმოები იწერება, ნელ-ნელა მივყვები და ვკითხულობ.

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი სპექტაკლებიდან რომელს გამოყოფთ?

- ბევრი სპექტაკლი შეიძლება მოგწონდეს, ყველას თავისებური ხიბლი აქვს და სხვადასხვა ემოციას ტოვებს შენში, მაგრამ ყველაზე განსხვავებული რაც მინახავს, იმაზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში ნიკა საბაშვილის დადგმული "1945". ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ დადგმებს შორის, ეს იმდენად განსხვავებული სპექტაკლია, თავისი სტილით, ბუნებით, ემოციითა და მიკროსამყაროთი, რომ მართალია 4 თუ 5 წლის წინ ვნახე, დღესაც მახსენდება და ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავ სპექტაკლად რჩება.

- ბევრიც თვლის ასე და ითხოვენ "1945"-ის აღდგენას, მაგრამ თავად რეჟისორს არა აქვს ამის სურვილი...

- დიახ, ნიკას არ უყვარს ძველი სპექტაკლების აღდგენა, ახლის დადგმა ურჩევნია (იღიმის). არადა, ძალიან კარგი იყო. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ღრმად გაფიქრებს და შენთვის მაინც ამოუხსნელი რჩება, თუ როგორ შეიძლება პატარა სივრცეში ძალიან დიდი ემოცია გადმოსცე.

- რაც შეეხება ფილმებს, რომელს გამოარჩევთ?..

- ჩვენი "მღერალა" ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობაში ხშირად ვუყურებდით "მუსიკის ჰანგებს". ეს ფილმი ძალიან უყვარდა დედასაც და დღემდე მეც ასე ვარ. რაც შეეხება აწმყოს, პანდემიის პერიოდში მეტი დრო გაგვიჩნდა კითხვისა და ფილმების საყურებლად. რეჟისორების მიხედვით დავიწყე ფილმების ყურება. ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი ან ახლებურად დავინახე, მაგრამ ამ პერიოდში ჩემთვის აღმოჩენა გახდა ირანული კინემატოგრაფია. არც კრიტიკოსი ვარ და არც კინომცოდნე, მაგრამ ირანულ კინოში წამოჭრილი თემები აქტუალურად მომეჩვენა. თითოეულ ფილმში მძიმე თემატიკაა, მაგრამ ყურადსაღები და მნიშვნელოვანი კაცობრიობის ისტორიისთვის.

- ქვეყანა და ქალაქი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ეს არის იტალია და ქალაქებს შორის - რომი. მას აქვს ძველი, ღვთაებრივი ხიბლი და რაღაცნაირად "დავარცხნილი", სუფთა გარემო. რომი დიდებული ქალაქია და ვეთანხმები გამონათქვამს - "ყველა გზა რომში მიდის".

GzaPress

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიგიღიათ.

- პირველ რიგში, ყველაზე შთამბეჭდავი და ბედნიერების მომტანი საჩუქარი არიან შვილები. თუ სულიერი ამბიდან პროფესიულზე გადავინაცვლებთ, ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით საჩუქრად ნანა ექვთიმიშვილსა და სიმომ გროსთან თანამშრომლობას მივიჩნევ. ამ ფილმში წლობით დაგროვილი ჩემი სათქმელი ვთქვი. გადაღების პროცესში ბედნიერად ვიგრძენი თავი. შედეგიც და შემდეგი მოვლენებიც შთამბეჭდავი იყო ჩემთვის.

- პანდემიის პერიოდში თუ გაქვთ სიახლეები პროფესიული თვალსაზრისით?

- რა თქმა უნდა, თეატრში გაჩერებულები ვიყავით, მაგრამ გადაღებების მხრივ, შიგადაშიგ იყო რაღაცები, რამაც ფარ-ხმალი ბოლომდე არ დამაყრევინა. 2 მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს და პარალელურად, სატელევიზიო სერიალშიც მივიღე მონაწილეობა.

- დაბოლოს, დაასახელეთ რეჟისორი, ვისთან მუშაობაც თქვენთვის საჩუქარია.

- ეს რთული სათქმელია... მართალია, კინოში ბევრ რეჟისორთან არ მქონია შეხება, მაგრამ ნანასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რაც შეეხება თეატრს, ვთვლი, რომ ბატონი თემურ ჩხეიძის თეატრი ჩემი თეატრია. ის საოცრად დიდი და ღრმა ადამიანია, შეიძლება პიესაზე სულ არ გელაპარაკოს, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად გაგაკეთებინოს. ერთ სპექტაკლში მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება მომცრო როლით, მაგრამ მთელი ჩემი თეატრში მუშაობის განმავლობაში ის რეპეტიციები ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარია.

ანა კალანდაძე