ქეთი ხატიაშვილი სიყვარულზე, თავისუფლებასა და დაშვებულ შეცდომებზე - გზაპრესი

ქეთი ხატიაშვილი სიყვარულზე, თავისუფლებასა და დაშვებულ შეცდომებზე

"ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს, აეროპორტი საამისოდ საუკეთესო ადგილია. იქ სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის, კულტურის ხალხი იყრის თავს, ზოგი ლოცულობს, ზოგი შიშველი ფეხით დადის... ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია", - ამბობს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი. რა ენატრება ყველაზე მეტად, რა არის სიყვარული, თავისუფლება, როგორი დედაა და რა თვისება არ მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1989 წლის 24 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბორტგამცილებელი. ეს სურვილი პირველად მაშინ გამიჩნდა, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად ოდესიდან თბილისში ჩამოვფრინდი. შემდეგ ფილმი "მიმინო" ვნახე და ლარისა ივანოვნამ ძალიან მომხიბლა, სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ბევრს შრომობსო. ამას უმეტესად ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ. მეგობრების თქმით, მზრუნველი ადამიანი ვარ, საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტათი რთულია, სხვა კარგ რაღაცებსაც ამბობენ, მაგრამ არ ჩამოვთვლი, უხერხულია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, არც იმ შეცდომებს ავირიდებდი, რომლებიც გაკვეთილებად ვაქციე. არაფერს შევცვლიდი, რადგან ბედნიერი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და იმ საქმით, რომელსაც ვაკეთებ. ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 9 წლის ასაკში, როცა პირველად საერთაშორისო ტურნირზე გავედი და მეორე ადგილი დავიკავე. მაშინდელი სიხარული რაღაც ახალი შეგრძნება იყო, ჩემს თავს სხვაგვარად შევხედე, ბევრ რამეს ახალი მნიშვნელობა მივანიჭე, საქმე კიდევ უფრო შემიყვარდა. ეს მიღწევა ჩემთვის იყო უდიდესი სტიმული, მეტი მემუშავა, განვითარებაზე თავდაუზოგავად მეზრუნა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს და მწვრთნელებს. რომ არა ეს ადამიანები, დღეს ჩემს საქმეში ასეთი შემდგარი და წარმატებული ალბათ ვერ ვიქნებოდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე, სიცოცხლე მიყვარს, თითოეულ წუთს ძალიან ვაფასებ. მადლობელი ვარ, რომ ამ პლანეტაზე 21-ე საუკუნეში გავჩნდი, ამ ეპოქაში ვცხოვრობ. წინა საუკუნეებში ცხოვრება არასდროს მინატრია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- რაღაც ახალი ვცადო, ვისწავლო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გონების მობილიზებას სწრაფად ვახდენ, როცა რაღაც ბარიერს ვეჯახები, გამოსავალს ადვილად და თან ძალიან სწრაფად ვპოულობ. ნებისმიერი ჩიხიდან გამოვდივარ, ამ დროს წუწუნი არ მჩვევია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხშირად რაღაცები მავიწყდება, მათ შორის - მნიშვნელოვანი ამბებიც. ერთი პერიოდი ამ თვისებამ იმდენად შემაწუხა, ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ტელეფონში ჩანაწერი გამეკეთებინა და შეხსენების რეჟიმი გამომეყენებინა, მაგრამ ჩემში ეს თვისება დღემდე ვერ დავძლიე. რამდენიმე დღის წინ, ჩემს შვილს დაბადების დღე ჰქონდა, ერთმა პიროვნებამ საჩუქარი მოართვა. იმ დროს გაკვეთილი მქონდა, ვარჯიშზე ვიყავი. ის ადამიანი გულში დიდხანს ვლოცე, როგორი ყურადღებიანია, საკუთარ შვილებს მოაკლო და იზრუნა, დაიხარჯა, რა მნიშვნელობა აქვს, 1 ლარი ღირს თუ - 10... მოკლედ, ჩემს ფიქრებში ძალიან მადლიერი ვიყავი, მაგრამ იმ დღეს მისთვის მადლობის გადახდა დამავიწყდა. ღამე გამახსენდა, ძალიან შევწუხდი, მაგრამ გვიანი იყო, ამიტომ მადლობა მეორე დღეს გადავუხადე.

- დაშვებულ შეცდომებს...…

- ...ვიღებ, როგორც გამოცდილებას.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ, ცხოვრება ვისწავლე, ყველა შეცდომა გაკვეთილად გამოვიყენე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაშვებულმა შეცდომებმა ძალიან შემცვალა. შეიძლება, ვიღაც სხვა ადამიანის შეცდომა ათასჯერ გაიგო, გული გეტკინოს, მაგრამ ბოლომდე მაინც ისე ვერ მიიტან გულთან, როგორც საკუთარს. ამ დროს სხვა შეგრძნებები მოდის.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად მოინანიებს. ესეც ვისწავლე. უნდა აპატიო, რომ მერე მან ადვილად იცხოვროს და იმ წყენისგან შენც გათავისუფლდე. მერე გამოჩნდება, ის როგორი ადამიანია. თუ კარგი პიროვნებაა, შენს ცხოვრებაში დარჩება, თუ - არა, ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებ. ღმერთი გვპატიობს ცოდვებს და ჩვენ, ადამიანებმა ერთმანეთს როგორ არ უნდა ვაპატიოთ?! როცა პატიობ, მერე თავადაც დიდ შვებას გრძნობ და ეს კარგი განცდაა.

- საკუთარი შეცდომების აღიარება...…

- ...ზოგიერთ ადამიანთან მიჭირს, ზოგიერთთან - არა. მე ხომ ნახევრად კახელი ვარ, ნახევრად - უკრაინელი. მეუბნებიან, ზოგჯერ გაჯიუტება იციო. გაჯიუტება უფრო ჩემიანებთან მჩვევია.

GzaPress

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...პანდემიის პერიოდში მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. სანამ ეს ვირუსი გავრცელდებოდა, გეგმა მქონდა დაწყობილი, სად მემოგზაურა, რომელ ტურნირებზე გავსულიყავი, რა გამეკეთებინა... ახლა ხვალინდელი დღით ვცხოვრობ, 6 თვის შემდეგ რა იქნება, უკვე ვეღარ გათვლი.

- ვიბნევი...

- ...სხვადასხვაგვარად, მაგრამ მშველის ის, რომ გონების მობილიზება სწრაფად შემიძლია. ერთხელ ძალიან დავიბენი, როცა ქუჩაში ის მსახიობი დავინახე, რომელიც მომწონს და მიყვარს. ის უკვე ასაკშია, ვერ მივედი და ვერ ვუთხარი, რომ მისი ფანი ვარ, როცა დავინახე, ენა ჩამივარდა. დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- ვნანობ...…

- ...სტუდენტობის წლები უფრო ნაყოფიერად არ გამოვიყენე, მქონდა შანსები, რომლებიც უნდა გამომეყენებინა და ვერ გამოვიყენე, არ გავრისკე. დღეს სხვაგვარად მოვიქცეოდი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო მალდივის კუნძულებზე. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად კარგად დავისვენებდი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...მატყუარა ადამიანებს. როცა მატყუებენ, ვხვდები და, როგორც ჩემი და ამბობს, ეს სახეზე მეტყობა. მერე იმ ადამიანთან "კედელს ვაშენებ", ჩემი საზღვრები მაქვს, სადაც აღარ ვუშვებ. მატყუარებთან ურთიერთობის გაგრძელება ძველებურად აღარ შემიძლია. არაერთხელ დავზარალებულვარ. დისტანცია მშველის, ცივი ადამიანი ვხდები. ეს თავდაცვის მექანიზმია.

- მეზარება...

- ...ზარმაცი არ ვარ, მაგრამ ჩემი თავი გამომიჭერია, ხანგრძლივი დასვენების შემდეგ საქმეში ჩართვა მეზარება.

- სიყვარული ეს...

- ...ამ სიტყვას ახსნა ვერ ვუპოვე. სიყვარული - ეს არის პატივისცემა, მხარდაჭერა, ერთგულება, მეგობრობა. მხოლოდ ერთი სიტყვით ვერ ავხსნი.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ვიყავი ძალიან ბედნიერი, სულ გაღიმებული და მუცელში პეპლები დაფარფატებდნენ.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ჩვენი ფოტოები პერიოდულად მაინც ვრცელდება, ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ.

- ვამაყობ...

- ...რომ მყავს არაჩვეულებრივი გოგო. ანასტასია უკვე 9 წლის არის. ერთი პერიოდი ტანვარჯიში აღარ აინტერესებდა და სურდა, კოსმონავტი გამოსულიყო, ახლა ისევ ტანვარჯიშმა გაიტაცა. თავად ამბობს, რომ მეგობრული დედა ვარ. ხანდახან სიმკაცრესაც ვიჩენ, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას ამ შემთხვევაშიც ვინარჩუნებთ. გვაქვს პრინციპები და მოვალეობები, რომლებიც უნდა დაიცვას. მე ვმუშაობ, ოჯახს უზრუნველვყოფ, დედა საჭმელების გაკეთებაში გვეხმარება. ანასტასიას მოვალეობა კარგი სწავლაა. იცის, რომ პირადი ჰიგიენა უნდა დაიცვას და ივარჯიშოს. ეს სამი რაღაც ევალება. შეგნებული ბავშვია.

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...დედა - ყოფითი საქმეების გამო. როცა ის სახლშია, არაფრის გაკეთება არ მინდა, როცა მარტო ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავად ვაკეთებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...ძალიან მომწონს გრძელი, კარგი თმა და ვერ ვიზრდი. მხოლოდ ამ დეტალს შევცვლიდი, დანარჩენით კმაყოფილი ვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...გარშემო მყოფ ადამიანებს და ჯანმრთელობას.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ყინულზე სრიალი. ვერ ვახერხებ, რამდენჯერაც მოვინდომე, ფეხები სულ გამირბის.

- ვიტყუები, როცა...

- ...მაიმუნობის ხასიათზე ვარ. რაღაცებს მოვიგონებ ხოლმე და ოჯახის წევრებს ვაგიჟებ.

- თავისუფლება არის...

- ...როცა აკეთებ იმას, რაც გინდა; როცა არაფერი გბოჭავს, არც სტატუსის, არც ვინმეს გამო არ გიწევს საკუთარ სურვილებზე უარის თქმა.

- როცა მარტო ვარ...

- ...დროის დეფიციტი სულ მაქვს. მარტო იშვიათად ვარ და ამ დროს სერიალებს ვუყურებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ....მხატვრული ტანვარჯიშისთვის ძალიან კარგ ბაზას ავაშენებდი.

- მენატრება...

- ...მოგზაურობა. ახლო წარსული ძალიან დავაფასე. აეროპორტში რეისზე 2 საათი ლოდინი რომ მიწევდა, ზოგჯერ ამის გამო ვწუწუნებდი, ახლა 2 დღეც კი დაველოდებოდი. ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს, აეროპორტი საამისოდ საუკეთესო ადგილია. იქ სხვადასხვა ეროვნების, აღმსარებლობის, კულტურის ხალხი იყრის თავს, ზოგი ლოცულობს, ზოგი შიშველი ფეხით დადის... ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა ცოცხალი აღარ მყავს. ყოველთვის მეუბნებოდა, ყველას მიესალმე, სალამი ღვთისაა, ეს დადებითი ენერგიაა, გაეცი და უკან ორმაგად დაგიბრუნდებაო! პატიებაც მან მასწავლა. ის ასე ცხოვრობდა და მაგალითს მაძლევდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველამ საკუთარ თავს ვცეთ პატივი და ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც გვინდა, ჩვენ მოგვექცნენ. როცა ეს საფეხური სწორად დაიდება, მერე ურთიერთობის დაშენება მარტივი იქნება. ჯანმრთელობა, გულწრფელობა და საქმის ხარისხიანად კეთება ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

თამუნა კვინიკაძე