არის თუ არა შეყვარებული და როგორი გოგონები მოსწონს ბუბა ჭოღოშვილს - გზაპრესი

არის თუ არა შეყვარებული და როგორი გოგონები მოსწონს ბუბა ჭოღოშვილს

"საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს. მოსწონს გოგონები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან. მისი აზრით, ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. არასდროს ახასიათებს გრძნობების აფიშირება. ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს, პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მსახიობ ბუბა ჭოღოშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, პირადი რუკაც შედგენილი მაქვს, მაგრამ რომ გითხრა, ყოველთვის ვხელმძღვანელობ-მეთქი, ტყუილი იქნება.

- ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, რომ კეთილი პიროვნებები ხართ, თქვენი ნდობა ყოველთვის შეიძლება.

- ამაზე პასუხი ალბათ, სხვამ უნდა გასცეს, მე რომ გითხრა, ასეა-მეთქი, უხერხული იქნება, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, საზოგადოების მხრიდან ნდობის ფაქტორს ყოველთვის ვგრძნობ. მეგობრები პირად ამბებს ხშირად მიზიარებენ.

- მოუსვენარი და აქტიური ხარ?

- ძალიან. არ მიყვარს სახლში მარტო ყოფნა, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, ვერ ვისვენებ, ვერ ვძლებ, მოუსვენრობა მიპყრობს. სულ ბევრ ხალხში ყოფნა მინდა, განმარტოებას და შინ ჯდომას, სიცოცხლით ტკბობა მირჩევნია. ერთფეროვნება ჩემთვის მოსაწყენია. მირჩევნია, ურთიერთობებში ღია და გახსნილი ვიყო.

- "ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებს".

- ტყუილია, ჯიუტი ნამდვილად არა ვარ.

- "თამამად ილაშქრებს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ".

- ვცდილობ. მეორე საკითხია, რამდენად გამომდის.

- ამის გამო პრობლემა შეგქმნია?

- არაერთხელ, მაგრამ არ ვუფრთხი, მოსალოდნელი უსიამოვნების გამო უსამართლობაზე თვალს არ ვხუჭავ, მირჩევნია, ჩემი აზრი ღიად გამოვთქვა.

- შეცდომების აღიარება გიჭირს?

- ალბათ ასე უფრო ითქმის. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. თუ გავაანალიზე, რომ დამნაშავე ვარ, ბოდიშსაც ვიხდი. შეცდომის გაანალიზება უფრო მიჭირს და საკუთარი თავისთვის გამხელა, ვიდრე ბოდიშის მოხდა.

- შეცდომას ხშირად უშვებ?

- ძალიან ხშირად. საბედნიეროდ, ეს შეცდომები მტკივნეული არ არის. წვრილმან შეცდომებს უფრო ვუშვებ. სხვათა შორის, დაშვებულმა შეცდომებმა ბევრი უნარი გამომიმუშავა, სხვაგვარად დამაფიქრა, ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა.

- "შეუძლია იცხოვროს კომფორტის გარეშე, მაგრამ ფული თუ დასჭირდება, იოლად იშოვის".

- უი, ეს ნიჭი მაქვს?!. არ ვიცი, ჯერ დიდი ფული არ მიშოვია.

- დღის რა მონაკვეთში ხარ დაბადებული?

- ღამით, დაახლოებით 10 საათზე.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ დღის საათებში დაბადებული "ძაღლი" გაცილებით მშვიდი და წყნარია, ვიდრე - ღამის საათებში.

- (იცინის) მართალია.

- "მას არასდროს ახასიათებს გრძნობების აფიშირება".

- ასეა. გრძნობების აფიშირებას ყოველთვის ნაკლებად ვახდენ, რის გამოც, საყვედური ახლობლებისგანაც არაერთხელ მომისმენია. სულ მეუბნებიან, გრძნობა გამოხატეო! ეს არ მჩვევია. მე ჩემთვის მიყვარს, მენატრება, ამაზე რატომ უნდა ვილაპარაკო?

- პერიოდულად გაქვს განცდა, რომ ადამიანებს შენი ნაკლებად ესმით?

- დიახ, ეს განცდა ხშირად არ მაქვს, მაგრამ არც ძალიან იშვიათად.

- "საყვარელი ადამიანისადმი მისი ერთგულება იმდენად უსაზღვროა, ხშირად თავგანწირვასაც კი უტოლდება".

- ბედნიერი ვიქნები, საყვარელი ადამიანის გამო თავის გაწირვას თუ შევძლებ, ეს ძალა თუ აღმომაჩნდება.

- სტერეოტიპებს ხშირად ამსხვრევ?

- მეტ-ნაკლებად. ასე ცხოვრება უფრო საინტერესოა.

- "მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

- ზოგჯერ ადამიანი საკუთარ თავს ჩარჩოებში თავად სვამს, ზოგჯერ ამ ჩარჩოებს საზოგადოება აწესებს, თან - სრულიად უაზროდ. ასეთ რამეებთან დაპირისპირება მიყვარს. ამავე დროს სულ მახსოვს - არსებობს მორალი, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯო.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- (ფიქრობს) ვერ გეტყვი, ერთი როგორ გამოვარჩიო? გონებაში ახლა არაერთი სიტყვა "მოვიდა". აბა, შენ მითხარი.

- "ცნობისმოყვარე".

- (იცინის) ერთ-ერთი ეს სიტყვაც იყო, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფრის მიმართ ინტერესს ვიჩენ. სულ მინდა ყველაფერზე ყოველთვის ბევრი ინფორმაცია მივიღო.

- "მისი აზრით, ცხოვრება საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება".

- ვეთანხმები.

- ამ საიდუმლოს ამოხსნის შენებური მეთოდი გაქვს?

- საიდუმლოს რომ ჩასწვდე, ბევრი კარი უნდა გააღო. ზოგიერთი კარისთვის გასაღები მაქვს, ზოგან მიღებენ, ზოგს ვამტვრევ...

- "ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია, ყველაფერს ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს".

- ასეც ვერ ვიტყვი, ჩემთვის ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. სიახლეები მიყვარს, ვიღებ, მაგრამ სიძველეებს პატივს ვცემ და გამოუსადეგრად არ მივიჩნევ.

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერსს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას შესაძლოა შეურაცხმყოფლად მოეჩვენოს".

- ჰო, ასეთი მომენტი მქონია. ადამიანებმა ერთმანეთს თავი არ უნდა ამოაწურინონ. გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაშიც ასეა, პარტნიორს სულ რაღაც ახლით უნდა აკვირვებდე, იზიდავდე, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. ნივთების მიმართაც ჩემებური, უცნაური დამოკიდებულება მაქვს, უეცრად კონკრეტული ნივთი ძალიან, ძალიან მომინდება, შევიძენ და მერე ინტერესი მიქრება.

- "მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაცნობი ახვევია გარს, მეგობარი ძალიან ცოტა ჰყავს".

- ცოტა მეგობარი არ მყავს, მაგრამ ყველა ნაცნობსაც მეგობარს არ ვუწოდებ. ურთიერთობაში ჩემთვის ხარისხი მნიშვნელოვანია.

- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო".

- ჰო, არ მიყვარს, როცა მავალდებულებენ. მირჩევნია, მთხოვონ და გავაკეთებ, დავეხმარები. იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის აზრის შეცვლა ძნელია. ადამიანი თუ დამისაბუთებს, დამაჯერებელ არგუმენტებს მოიყვანს, მაშინ აზრი შემეცვლება, ამ დროს უაზრო გაჯიუტება არ მჩვევია.

GzaPress

- "ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".

- მართალია. ადამიანი თუ არ გავიცანი, როგორ უნდა ვენდო? როცა ვენდე, იმედი გამიცრუეს. ცხოვრებამ მასწავლა, ადამიანს სანამ ნდობას გამოვუცხადებ, ჯერ უნდა გავიცნო.

- "მერწყული იშვიათად ტყუის".

- ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი, უმნიშვნელო, პატარა ტყუილებს მეც ვამბობ. ურთიერთობაში ტყუილი მიუღებელია.

- "მოსწონს გოგონები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან".

- დიახ, ასეთები ბევრად საინტერესოები არიან.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- არა, ან - არც ვიცი, ვარ თუ არა. სიყვარულზე ვარ შეყვარებული.

- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. რაც მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც მეტია იდუმალება, უკეთესია".

- რაც მარტივია და ხელისგულზე დევს, შეიძლება იმ მომენტში საინტერესოც კი იყოს, მაგრამ მალე მოსაბეზრებელი ხდება, ვიდრე ის, რაც ჩაკეტილი და დამალულია.

- "ეჭვიანი არ არის".

- ეჭვიანობა არის იქ, სადაც ნდობის ფაქტორი არ არსებობს. ნდობა თუ არ გაქვს, საერთოდ როგორ ურთიერთობ? ეჭვიანი საერთოდ არა ვარ.

თამუნა კვინიკაძე