"ხან გმირი იქნები და ხან ანტიგმირი, ასეთია ცხოვრება" - გზაპრესი

"ხან გმირი იქნები და ხან ანტიგმირი, ასეთია ცხოვრება"

მარტა ბარამიძე მაყურებელმა "მასტერშეფის" საშუალებით გაიცნო. მაშინ საზოგადოება ძალიან ააღელვა მისმა მონათხრობმა იმის შესახებ, თუ რამდენად რთული ბავშვობა ჰქონდა... ყველა სირთულის მიუხედავად, შეძლო და მოიპოვა დამოუკიდებლობა, მიაღწია წარმატებასაც, თუმცა თვლის, რომ ბავშვობაში გადატანილი სტრესის შედეგებთან ბრძოლა იოლი არ არის.

- "ადამიანის სულის საიდუმლო მისი ბავშვობის ტკივილში იმალება. თუ ტკივილისთვის თვალის გასწორებას შეძლებ, მაშინ განკურნებასაც შეძლებ" (ზიგმუნდ ფროიდი).

- სიმართლეა, პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ბავშვობაში გადატანილი სტრესი უკვალოდ არ ქრება და დიდობაში იჩენს თავს. ის შეგრძნებები ჩემს ქვეცნობიერში ყოველთვის არსებობდა. ცნობიერში რაც იყო, ამისთვის თვალის გასწორება შევძელი, მაგრამ არაცნობიერში რაც დარჩა და ჯერ ამოქექილი არ მქონდა, იმას ვერ ვუსწორებდი თვალს და სულ ძიებაში ვიყავი. არადა, ესეც რომ გამეკეთებინა, რეალურად უფრო ბევრ პრობლემას დავძლევდი. ჩემს ბავშვობაში მცირე მომენტები იყო სიხარულის, მეტი იყო ტკივილი. გარკვეული დროის შემდეგ შევეცადე, ეს ტკივილი სხვა კუთხით დამენახა და ისე მიმეღო, როგორც გამოცდილება. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გააანალიზო, ვინ რატომ მოგაყენა ტკივილი და თუ ყველაფერს გააცნობიერებ, მაშინ უფრო მარტივი იქნება თვალის გასწორებაც.

- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).

- შეიძლება ასეცაა, ჩემს თავზე თუ ვისაუბრებ, ყოველთვის ძალიან მხიარული და ენერგიული ვარ, მაგრამ როცა რამე მიჭირს, ამას ვერავინ ამჩნევს. მოკლედ, ნაწილობრივ დავეთანხმები კონფუცის.

- "მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ" (ბუალო).

- თუ ვხედავ რომ შეცდომას უშვებენ, რაღაც დროის განმავლობაში შეიძლება ავუხსნა ბევრჯერ, რომ შეცდომას უშვებს, მაგრამ მერე შევეშვები. თუ ადამიანს უნდა თავით შეეჯახოს კედელს, მაინც გააკეთებს და ასე სჯობია კიდეც, რადგან გამოცდილებას მიიღებს. სჯობს, ერთხელ გაიტეხოს თავი და ჭკუა ისწავლოს, რომ მეორედ აღარ შეცდეს. შენ რასაც ეუბნებოდი, ის რომ გამართლება, მერე უკვე დაგიჯერებს. ყოფილა შემთხვევა, მეგობრების მითითება არ გამითვალისწინებია და დავჯახებივარ კედელს, მეც ვიტეხ თავს (იცინის). გვიან ვხვდები, რომ თურმე მართლები ყოფილან.

- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი" (სოლომონ დოდაშვილი).

- ეს მართალია. ასეთები შემხვედრიან და დღესაც მხვდებიან. რთულია მათთან ურთიერთობა, რადგან ცარიელი თავები აქვთ და სწორად ვერ აზროვნებენ. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ხომ ამბობენ? ჰოდა, მეც ასე ვიქცევი.

- "პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოცდის" (გოეთე).

- პირველი სიყვარული ყოველთვის განსაკუთრებულია და ამიტომ არ ავიწყდება ადამიანს. გახსოვთ დიალოგი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"? - იქ არის ნახსენები "პირველად წაკითხვის სიამოვნება", როდესაც პერსონაჟი ამბობს, ბედნიერი კაცი ყოფილხართ, რადგან წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, როგორიც პირველად წაკითხვის ბედნიერებააო. პირველად განიცდი რაღაც უცხოს და ამიტომ ხდება ეს გრძნობა განსაკუთრებული, თორემ იმავენაირად და შეიძლება უფრო მეტადაც შეგიყვარდეს სხვა. მახსოვს, პირველად 13 წლის ასაკში შემიყვარდა და მერე რომ მიფიქრია, რატომ იყო ის გამორჩეული, სწორედ იმიტომ, რომ პირველი იყო, პირველად გასინჯული ხილის გემოც ხომ სულ სხვანაირია.

- "გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით" (სენტ-ეგზიუპერი).

- გააჩნია რას იგულისხმება ერთი მიმართულებთ ხედვაში? თუ ის გულისხმობს, რომ წყვილს ყველაფრის შესახებ ერთი და იგივე აზრი უნდა ჰქონდეს, ეს არასწორად მიმაჩნია. თუ ეს გულისხმობს მსგავს შეხედულებებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მაშინ კი ბატონო. როდესაც ადამიანები საერთო ღირებულებებს აღმოაჩენენ, ისედაც უყვარდებათ ერთმანეთი და ეს ურთიერთობაში მნიშვნელოვანია.

- "რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენი ტყუილია ქალის გულში" (ჰიპოკრატე).

- რატომ გვაბრალებს ამას ჰიპოკრატე? ალბათ ვიღაცამ ძალიან გაუტეხა გული, მოატყუა და ასე იმიტომ დაწერა (იცინის). ტყუილი ქალსაც უყვარს და კაცსაც, გააჩნია ადამიანს. მე ყოველთვის მირჩევნია, ვთქვა სიმართლე, რამდენად მწარეც უნდა იყოს ის. პირდაპირი ვარ, ტყუილის არსს ვერ ვხდები და ვერ გამიგია, რა საჭიროა. ამიტომაც ვამჯობინებ, იმ ადამიანებთან ვიურთიერთო, ვისაც მოსწონს ჩემი პირდაპირობა. ასეთი ხასიათის გამო ზოგჯერ უთქვამთ, უხეში ხარო, სინამდვილეში კი ყოველგვარი შემოვლებისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვეუბნები ახლობლებს, რასაც ვფიქრობ; სხვებთან ვცდილობ, სათქმელი შევარბილო, რომ არ ეწყინოთ.

- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).

- "შეცდომა" - ეს სიტყვა არასწორად მიმაჩნია ამ კონტექსტში, პატარ-პატარა მარცხებს გამოცდილებას დავარქმევდი. თუ რაღაც არ გამოვა, მორჩა, წავიდა, არ აქვს აზრი წარსულში ყურებას, უნდა დაიწყო ახლიდან, რადგან არსებობს მხოლოდ აწმყო და მხოლოდ მომავალი. მე ოპტიმისტი ვარ და იმედით ვუყურებ ყველაფერს.

- "ყველა ნორმალურ ადამიანს თავისი პატარა სიგიჟე აქვს, სხვანაირად შეუძლებელია" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ყველა ნორმალურს კი არა, ყველა ადამიანს აქვს თავისი სიგიჟეები, რითაც შეიძლება გამოირჩეოდეს. არ ვიცი, რას მითვლიან სიგიჟეში. მაგალითად, 30 წლის გოგო სკეიტბორდით რომ კატაობს, თვლიან, რომ ესეც სიგიჟეა. ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, ბავშვებს რომ უყვართ და ჰგონიათ, სიგიჟეები მიყვარს. მე კი ამ ყველაფერს ნორმალურად მივიჩნევ, რადგან ვფიქრობ, სანამ ასაკი და ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, ყველაფერი უნდა სცადო.

- "დაზოგვა დიდი შემოსავალია" (ციცერონი).

- ძალიან მიჭირს თანხის დაზოგვა, რადგან არ მაქვს იმდენი ფული, რომ დავზოგო და რომც მქონდეს, მაინც ვერ შევაგროვებდი. რამე ბიზნესში ჩავდებდი, სულ რომ არ გამეფლანგა. ვგიჟდები ხარჯვაზე, ჩვეულებრივი შოპოჰოლიკი ვარ. ერთხელ მაღაზიაში ძვირად ღირებული კრემის ყიდვა მომინდა და მაშინვე დამავიწყდა, რომ ხელფასამდე კიდევ დიდი ხანი იყო დარჩენილი, ანუ დაუფიქრებლად ვიყიდე და ფული საერთოდ აღარ დამრჩა.

- "ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- ვეთანხმები, ღალატს ვერც მე ვპატიობ. ამიტომაც დავშორდი ჩემს ყოფილს. სჯობს, სიტუაცია ამიხსნა და შემდეგ რაც გინდა, ის გააკეთე. ღალატი ჩემთვის შეურაცხმყოფელიც არის და მტკივნეულიც. ნდობას ვკარგავ, ურთიერთობას ვეღარ ვაგრძელებ.

GzaPress

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- გააჩნია, რამდენად გიყვარს. მუდმივად ხომ არ უკეთია სიყვარულს ვარდისფერი სათვალე? ბევრი რამ იცვლება, ურთიერთობა მხოლოდ რომანტიკული და ვარდისფერი ვერ იქნება. ჩვენ რომ გვინდა, ისე თუ ვცხოვრობთ, უზრუნველყოფილად, მაშინ შეიძლება მარგალიტებად და ბრილიანტებად მოგვეჩვენოს ყველაფერი, მაგრამ მატერიალურ მდგომარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ხშირად ამის გამო იცვლის ხოლმე სიყვარულის სათვალე ფერს.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი).

- ბევრს სწყურია ჭორების მოსმენა. ამით ერთობიან ადამიანები, ამიტომ ჩამოსხდებიან და ჭორაობენ. უყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. ყურადღებას არ ვაქცევ და საერთოდ არ მაინტერესებს, სხვა რას ამბობს ჩემზე. მე ხომ ვიცი, როგორ ვცხოვრობ.

- "ეჭვიან კაცს საკუთარი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება" (ლაროშფუკო).

- ასე ვერ ვიტყოდი. ალბათ იმიტომ ეჭვიანობს, რომ საყვარელი არსება უყვარს და ეშინია, არ დაკარგოს. არ ვარ ეჭვიანი, თუმცა ასეთ ადამიანებთან მქონია ურთიერთობა და ვთვლი, რომ ცუდი თვისებაა. არ მიყვარს, როცა ვინმე მზღუდავს.

- "მე ვარ აქ უფროსი, თქვა კაცმა და მაგიდის ქვეშ დაჯდა" (ხალხური).

- არ მომწონს ისეთები, თავი მამლაყინწებად რომ მოაქვთ და სინამდვილეში გაურბიან სირთულეებს. ერთი შემთხვევა გამახსენდა: ჩხუბში ჩემი მეგობრის ყველა ძმაკაცი გაიქცა და მარტო დატოვეს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, მე ჩავერიე. მერე სხვები მოვიდნენ და უნდოდათ, ეს ჩემი მეგობარი საქმის გასარჩევად წაეყვანათ. ვუთხარი, არ გაგატანთ-მეთქი. ამ გოგოსთან შანსი არ გვაქვსო, თქვეს. ისეთი დასისხლიანებული იყო მათი ძმაკაცი, მიხვდნენ, თავს არ დავანებებდი. დიდი ბეჭდები მეკეთა და ის ხელი ვურტყი იმ საწყალს. რომ შემომხედავ, ერთი პატარა გოგო ვარ, მაგრამ როცა ახლობლებს ემუქრებათ საშიშროება, საოცარი ძალა მეძლევა.

- გინდა თქვა, რომ ჩხუბში ბიჭს მოერიე?

- კი, ვცემე. პოლიციელი აღმოჩნდა. მერე გავიცანი, ამ ამბავზე ბევრი ვიხალისეთ. სქელძირიანი ფეხსაცმელი მეცვა და მეუბნებოდა, კიდევ კარგი, ფეხი არ დამარტყი, გადარჩენილი ვარო.

- "შეუძლებელია ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ შესაძლებელია, ყოველთვის კაცი იყო" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).

- ხან გმირი იქნები და ხან ანტიგმირი, ასეთია ცხოვრება, მაგრამ იყო კაცი, ეს ყოველთვის შესაძლებელია. კაცს უნდა ჰქონდეს მამაკაცური თვისებები, ქალი მასთან თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, თუმცა მამაკაცურობა მხოლოდ კუნთების ქონასა და ჩხუბში არ გამოიხატება - რომანტიკულიც უნდა იყოს, ქალის დაფასებაც იცოდეს. ბევრი სხვა თვისებააა, რაც ჩემს თვალში მამაკაცს გმირად აქცევს - უბრალოება, ერთგულება, ყურადღება. როცა ვინმეს ვხვდები, ვთქვათ კაფეში, ვაკვირდები, როგორ ექცევა მიმტანებს და ამის მიხედვითაც ვხვდები, ის როგორია. ადამიანი მცირე ნიუანსებშიც ამოიცნობა.

ნინო ჯავახიშვილი