"სიზარმაცე, შიში, გაუბედაობა? - არც ვიცი, ხელს რა მიშლის" - გზაპრესი

"სიზარმაცე, შიში, გაუბედაობა? - არც ვიცი, ხელს რა მიშლის"

"დღემდე ვერაფრით ვისწავლე, რომ შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ ღირს, დროის კარგვაა", - ამბობს რეჟისორი მაია დობორჯგინიძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ენატრება, რითი ამაყობს და რას ნანობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 2 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სტუდია "საფეხურებში" დავდიოდი, რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა და ავისრულე. სხვა პროფესიაზეც მიფიქრია, მაგრამ ყოველი "გადახრა" ხელოვნებასთან კავშირში იყო: ხან ფოტოგრაფობა მინდოდა, ხან - თიხაზე მუშაობა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ხუჭუჭა თმა და დინჯი ხასიათი, გაწონასწორებული ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მზრუნველი, ერთგული და კეთილი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრ უცხო ენას ვისწავლიდი და ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო, როცა თეატრალურში ჩავაბარე და შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. მის გვერდით ბევრი წელი გავატარე და ეს იყო ბედნიერება. შემდეგი წარმატება "თავისუფალი თეატრი" გახლდათ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ჩემს პედაგოგებს, უპირველეს ყოვლისა - შალვა გაწერელიას, შემდეგ - ავთო ვარსიმაშვილს.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...ვარ მეგობრებთან ერთად, ყველანი კარგად ვართ და არაფერი გვაწუხებს. რეპეტიციაზე ყოფნა და სპექტაკლზე მუშაობაც დიდი ბედნიერებაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...არასდროს მეზარებოდეს იმ საქმის კეთება, რასაც ვაკეთებ.

GzaPress

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მზრუნველი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი თვისება არ მაქვს (იცინის), პირდაპირობა მჩვევია და ხანდახან მწარე ენა მაქვს, ზოგჯერ ვფიქრობ, იმ მომენტში თავი რომ შემეკავებინა, უკეთესი იქნებოდა.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...ვცდილობ, შეცდომებზე დარდს არ გადავყვე, არ შევიზღუდო წინსვლა, სურვილები.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არავის არაფერი არ უნდა დააბრალო. როცა რაღაც ხდება, მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერავის ვაპატიებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...უნდა ვცხოვრობდე წყნარ, დამშვიდებულ ქვეყანაში, ირგვლივ ჩემი ოჯახის წევრები მყავდნენ და წარმატებული ვიყო.

- ვიბნევი...

- ...როცა რაღაც არ ვიცი. არის შემთხვევები, როცა რაღაც არ ვიცი და ამის აღიარების არ მრცხვენია, მაგრამ ზოგჯერ ის რაღაც აუცილებლად უნდა ვიცოდე და არ ვიცი, ამ დროს ვიბნევი.

- ვნანობ...

- ...რომ საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვიყენებ. სულ ეს განცდა მაქვს, რომ მეტი შემიძლია. სიზარმაცე, შიში, გაუბედაობა? არც ვიცი, ხელს რა მიშლის, უკან რა მხევს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ადამიანი, რომელიც ყველა მომავალი პრემიერით კმაყოფილი იქნება. კმაყოფილებაში პირველ რიგში, მაყურებლის წინაშე სტუდენტების სათანადოდ წარმოჩენას ვგულისხმობ. ახლა სპექტაკლზე "ბერნარდა ალბას სახლი" ვმუშაობ, თემურ ჩხეიძის ჯგუფთან, სადაც ასისტენტი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ...წონასწორობას ვკარგავ...

- ...როცა ვხედავ ჩაგვრას, უსამართლობას და სიტუტუცეს. სამწუხაროდ, ეს იშვიათად არ ხდება.

- მეზარება...

- ...ყველანაირი ყოფითი საქმე, მაგისთვის არ ვარ დაბადებული (იცინის).

- სიყვარული - ეს...

- ...არის ჩვენი ცხოვრება, ყველაფრის სტიმული, კეთების სურვილი, სიკეთეც არის, სილამაზეც არის. სიყვარულია ის, რაც გვაღელვებს, რაც გულს გვიჩქროლებს, რაც ძალას გვაძლევს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ ემოციას ცოტათი მძიმედ გამოვხატავდი.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე, ქვეყანაზე არ ზრუნავენ, როცა ერთმანეთს პატივს არ სცემენ, როცა ვერც კი ხვდებიან, რა არის სიკეთის კეთება. ადამიანებში სიყვარულის უნარის, გაცემის უნარის უქონლობა ძალიან მაწუხებს; ასევე მაწუხებენ ე.წ. ნეიტრალური ადამიანები, არაფერზე რეაქცია რომ არა აქვთ, არც არაფერი უხარიათ, არც სწყინთ... ამ ასაკში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დროს აღარ ვკარგავ, ასეთებს წარსულში ვტოვებ. დრო ფილტრაციას აკეთებს, ეს ბუნებრივი პროცესი მგონია.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა შვილებმა. მათ შეუძლიათ ცუდ ხასიათზეც დამაყენონ, მაგრამ მაშინ, როცა ძალიან დაღლილი ვარ, მათთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე დიდი "წამალია", ისევე, როგორც მეგობრებთან ურთიერთობა.

GzaPress

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. მანამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, მაგრამ რამდენჯერაც გამირისკავს, არ მინანია. ჩანს, სწორად ვრისკავ. დაუფიქრებლად არასდროს ვიქცევი, მაინც ფრთხილი ხასიათი მაქვს, გააზრებულად ვმოქმედებ. პროფესიაში მეტად ვრისკავ, ვიდრე პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებში.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არიან ჩემი შვილები.

- ვამაყობ...

- ...მეუღლით, შვილებით, იმ ოჯახით, სადაც დავიბადე და გავიზარდე..

- ბოლოს ვიტირე...

- ...დიდად სენტიმენტალური არა ვარ. სპექტაკლში, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ერთი სცენაა, პერსონაჟი კვდება და დედამ უნდა დაიტიროს. ეს სცენა ძალიან ემოციურია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...გააჩნია, ვინ მაქებს: თუ ის ადამიანი კომპეტენტურია და თავადაც ვიცი, რომ შექებას ვიმსახურებ, ალბათ სასიამოვნოა, მაგრამ ხანგრძლივი ქება არ მიყვარს, ცოტათი უხერხულია.

- შიში მაქვს...

- ...ავადმყოფობის, სიბერის, უსაქმოდ დარჩენის...

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ მთელი დღე გარეთ ვარ გასული, რომ საქმეს ბევრ დროს ვუთმობ. გოგა (მეუღლე - მსახიობი გოგა ბარბაქაძე) ამას არ მეუბნება, რადგან თავად ჩემზე მეტად გასულია. უმეტესად დედა და შვილები მსაყვედურობენ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს თავზე ვგიჟდები და ძალიან ლამაზი მგონია. მხოლოდ გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს ჩავიტარებდი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ ღირს. დროის კარგვაა. ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს და ასეთებთან არ გამომდის. ვერ ვისწავლე უცხო ენები, ახლა ვაპირებ ინგლისურის შესწავლას, 3 ენა მაინც რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნება.

- ვიტყუები...

- ...არასდროს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ადამიანი, თავის გამოჩენის მიზნით, საკუთარ თავზე ლაპარაკობს, რომ ისაა ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, გონიერი... ვუყურებ და ვფიქრობ, ეს ახლა ამას როგორ ამბობს? თავს როგორ იქებს? და მრცხვენია.

- თავისუფლებაა...

- ...როცა რეალიზებული ხარ ოჯახში, პროფესიაში, ყველაფერს აკეთებ სიყვარულით და არა - ძალდატანებით.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ძალიან მიყვარს - საკუთარ თავთან დიალოგი, კითხვა, სიწყნარე, განსაკუთრებით ჩემს აგარაკზე, ბუნებაში ყოფნა არასდროს მბეზრდება. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის არასდროს მეშინია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ავაშენებდი მოხუცთა სახლებს, ბავშვთა სახლებს, ქველმოქმედებაში დავხარჯავდი. ახალგაზრდებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, ერთ კარგ თეატრსაც ავაშენებდი,

- მენატრება...

- ...უსაქმოდ ყოფნა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ შემთხვევაში საუკეთესო წამალი მეტი შრომაა, ვიდრე ვშრომობ. ამ დროს ოჯახს ყურადღებას დიდად ვეღარ ვაქცევ და არასწორი მგონია. ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ. დღეს სახლიდან 12 საათზე გავედი და 9-ზე შემოვედი, სხვა დროს უფრო დიდხანსაც მიწევს მუშაობა. რამდენიმე თვეა, ამ რეჟიმით ვმუშაობ. დავიღალე, მაგრამ სტუდენტებთან ურთიერთობა არის ძალიან სასიამოვნო, საჭირო და ჩემთვისაც მნიშვნელოვანი. მახარებს ის, რომ კარგი თაობა მოდის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი პედაგოგი შალვა გაწერელია სულ აკეთებდა ხაზგასმას დიდსულოვნებაზე. ეს სიტყვა ძალიან მრავლისმომცველია, სულ ვცდილობ, ჩემში განვავითარო. დიდსულოვნება ადამიანში ბევრ კარგ თვისებას უყრის თავს. სამწუხაროდ, ახლა დიდსულოვანი ადამიანების დეფიციტია.

- დაბოლოს...

- ...ახალგაზრდებს ვეტყვი: ძალიან მინდა ყველანი ლაღები იყოთ, განათლებულები, არ დაიკარგოთ, არ დაითრგუნოთ ამ მძიმე გარემოში, რომლიდანაც ვერ ამოვედით. ეს თქვენ უნდა შეძლოთ და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ!

თამუნა კვინიკაძე