"ვერ ვხვდები, "ის ნინი" რა სხეულში ცხოვრობდა" - გზაპრესი

"ვერ ვხვდები, "ის ნინი" რა სხეულში ცხოვრობდა"

ცნობილი ტელესახე - ნინი ონიანი კარგა ხანია ეკრანზე არ გამოჩენილა. ამჟამად მისთვის პრიორიტეტულია, რომ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ფიტნესინსტრუქტორი გახდეს. ამისთვის ბევრს ვარჯიშობს, ძალ-ღონეს არ იშურებს...

- "ყველაზე ძლიერში" მონაწილეობის შემდეგ ეკრანზე აღარ ჩანხარ. ახლახან შევიტყვეთ, რომ ვარჯიში დაგიწყია...

- "ყველაზე ძლიერის" დასრულების შემდეგ, გარკვეული შემოთავაზებები მივიღე. შემოთავაზებები დღემდე მაქვს - წეღან ერთ-ერთი არხის წარმომადგენელს ვესაუბრე, მაგრამ იცი, რა არის? სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: ამჟამად ისეთ საქმეს ვაკეთებ, რაც ჩემთვის ძვირფასი და პრიორიტეტულია. ისეთი შემოთავაზება არ მიმიღია, რომლის გამოც ჩემს დროს გადავანაწილებ ფიტნესსა და ტელევიზიაზე, კინოზე, სერიალზე ან რაიმე მსგავსზე... რასაც მთავაზობენ, არ მიღირს... ცუდი არ არის - ალბათ სხვები სიხარულით მიიღებდნენ, მაგრამ ფიტნესში დიდი რესურსი მაქვს "ჩადებული". თან ვსწავლობ - სერტიფიცირებას გავდივარ და ამას ბევრ დროს ვუთმობ.

- შენს ცხოვრებაში ფიტნესი ასეთი პრიორიტეტული რატომ გახდა?

- იმიტომ, რომ რაც ვარჯიში დავიწყე, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა: შემეცვალა დამოკიდებულებები, შეხედულებები, სხეული, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა გამიუმჯობესდა. ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. როცა სარკეში ვიყურებით, გვინდა, ჩვენი თავის კარგი ვერსია დავინახოთ, ხომ ასეა? ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც უნდა ყოფილიყო... ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ჩემს თავს ვუთხარი, - აი, ახლა, 6 თვის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედები, აბსოლუტურად სხვა ადამიანი უნდა დავინახო-მეთქი. მიზნად ეს დავისახე. შემდეგ ვარჯიშში ძალიან ჩავები, ფიტნესის შიდასამზარეულოში ჩავერთე, დავინტერესდი, ინფორმაცია მოვიძიე, უამრავი რაღაც წავიკითხე. ძალიან ჩამითრია. მივხვდი, ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც მაბედნიერებს. ერთხელ ვცხოვრობთ და ალბათ ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვაბედნიერებს, არა? ასე მოვხვდი ამ სფეროში... პირველ რიგში, მინდოდა, ფიზიკურად გავძლიერებულიყავი, რადგან ყველა ადამიანის მსგავსად, მეც მქონდა პერიოდი, როცა ცუდად ვიყავი. ძალიან დავსუსტდი, პირველ რიგში - მორალურად. მორალურად სუსტი ადამიანის ორგანიზმიც სუსტია. ვარჯიში ფიზიკურად გაძლიერებისთვის დავიწყე. თან, რა თქმა უნდა, მინდოდა სხეულის ლამაზი ფორმები მქონოდა. ახლა ისეთ ნინიზე რომ ვფიქრობ, როგორიც ერთი წლის წინ ვიყავი, ვერ ვხვდები, ის საერთოდ რა სხეულში ცხოვრობდა... საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. თავს არ ვიქებ, მაგრამ მთელი საქართველო აღფრთოვანებულია და მეუბნება, - სხეულის სასწაული ფორმები გაქვსო. რა თქმა უნდა, მეც მომწონს. როცა ამდენს შრომობ და შედეგს ხედავ, ეს დიდი მოტივაცია, სტიმული და ადრენალია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ისეთი ფორმები ახლაც არა მაქვს, როგორიც მინდა, მქონდეს, რადგან ადამიანის აღნაგობასთან დაკავშირებით, ახლა ბევრად მეტი ვიცი. ეს ყველაფერი შევისწავლე, საკუთარ თავზე გამოვცადე - წონაში თითქმის 13 კგ დავიკელი, მერე 10 კგ მოვიმატე (იცინის)... ახლა უკვე ვიცი, როგორი სხეული მინდა მქონდეს და მიზნის მისაღწევად ბევრს ვშრომობ.

- არსებობს ადამიანი, ვისი სხეულიც შენთვის მოტივაციაა, - გინდა, სხეულის ისეთი ფორმები გქონდეს, როგორიც მას აქვს?

- არა. რა თქმა უნდა, ლამაზ და მშრომელ ადამიანს რომ ვუყურებ, ძალიან სასიამოვნოა. აგიტაციას ვეწევი - ხალხო, ივარჯიშეთ, რადგან სანამ ვარჯიშს არ დაიწყებთ და გარკვეული პერიოდი არ გავა, მანამდე ვერ მიხვდებით, ეს რამხელა სიამოვნებაა. თავადაც არ მესმოდა, რომ მიხსნიდნენ, ვერ ვიგებდი... შესაბამისად, ვერ გაიგებენ, მე რომ ავუხსნა. საკუთარ თავზე უნდა გამოცადონ... არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმეს ვგავდე. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავზე უკეთესი ვიყო.

- როგორი რეჟიმით ვარჯიშობ?

- კვირაში 3-4 დღე, 1 საათის ან საათ-ნახევრის განმავლობაში ვვარჯიშობ. რომ შეიძლებოდეს, ყოველდღე დიდი სიამოვნებით ვივარჯიშებდი.

GzaPress

- კვების განსაკუთრებული რაციონი გაქვს?

- რა თქმა უნდა, 70% კვებაზეა დამოკიდებული - ამის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიიღებ, გამორიცხულია. ბევრი ადამიანი დარბაზში სასწაულის იმედით დადის და ჰგონია, ერთხელაც გაიღვიძებს და ლამაზი სხეული ექნება. ასეთი რაღაცები არ ხდება. როგორც უნდა ივარჯიშო, თუ ამ პროცესს კვებით არ შეუწყობ ხელს, ისეთი ფორმა არ გექნება, როგორიც გჭირდება. კვების რაციონს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ვცდილობ, წონაში მოვიმატო, რაც ძალიან მიჭირს. ახლა თავს უფლებას ვაძლევ, რომ მაგალითად, ლობიანი ვჭამო. ამას წინათ ტორტის ერთი ნაჭერიც მივირთვი. მნიშვნელოვანია, რომ წონაში სწორად მოიმატო, თუ გინდა, მეტი კუნთი მოგემატოს და არა - ცხიმი. საერთოდ, წონაში მატება იოლია: 3 დღე ხაჭაპური ჭამე და 5 კილოს მოიმატებ, მაგრამ ხარისხიანად - ვერა. ახლა ვცდილობ, წონაში კუნთის ხარჯზე უფრო მოვიმატო, ვიდრე - ცხიმის. ეს რთულია, მით უმეტეს - როცა აქტიურად ვარჯიშობ, შენი მეტაბოლიზმი აჩქარებულია, ორგანიზმი საათივით მუშაობს... 4 თვეა, 56 კილოს ვერ ავცდი...

გარდა იმისა, რომ მსურს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე და კიდევ უფრო წინ წავიდე, ძალიან მინდა ბევრ ადამიანს დავეხმარო: ფორმაში ყოფნაზე ბევრი ოცნებობს - ჯანსაღ სხეულში ცხოვრება მიუღწეველი ჰგონიათ - ასე არ არის. სხვა ადამიანების დახმარების სურვილი მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო შემართებით ვიყო. პანდემიის პერიოდი სწავლაში, ვარჯიშსა და ტექნიკის დახვეწაში გავატარე. არც ერთი წუთი არ დამიკარგავს. თან, საერთაშორისო სერტიფიკატი მინდა. ამის მიღწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ უკვე ბოლოში გავდივარ...

- ბოდიბილდერების შეჯიბრებებში მონაწილეობასაც ხომ არ აპირებ?

- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა ხვალ რა "დამარტყამს", არ ვიცი (იცინის).

- როგორც აღნიშნე, ვარჯიშმა შენზე მენტალურადაც იმოქმედა. ამ მხრივ კონკრეტულად რა შეიცვალა?

- ამდენი ხანი რომ მეგონა, წითელი შავი იყო, ახლა ვხვდები, რომ წითელი - წითელია, შავი კი - შავი. როდესაც ადამიანს ცოტათი არაჯანსაღი შეხედულებები გაქვს და ამას ვერ ხვდები, მაშინ გგონია, რომ წითელი - შავია. როცა ვარჯიშს იწყებ, სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი წესრიგშია, ენდორფინებს გამოყოფ და ეს უკვე სისტემატურ სახეს იძენს, შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. წარმოიდგინე, ამდენი ენდორფინით რომ დადიხარ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ჯანსაღად უყურებ (იღიმის). ვინც ვარჯიშს დაიწყებს, რამდენიმე თვეში აუცილებლად მიხვდება, რაზეა საუბარი. არაა აუცილებელი, წითელს შავად ხედავდე. თუ წითელს ისედაც წითლად ხედავ, ვარჯიშის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახავ (იცინის).

- ნანობ რამეს იმ პერიოდიდან, როცა "წითელს შავად ხედავდი"?

- არა. არასოდეს არაფერს არ ვნანობ. განვლილი ცხოვრების ყოველი დღე მიყვარს, რადგან ეგ გზა რომ არ გამევლო, დღეს ის ადამიანი არ ვიქნებოდი, ვინც ვარ, - ასეთი ძლიერი და მიზანდასახული. შესაბამისად, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. დღეს ძალიან ბედნიერი გახლავართ და ვიცი, რომ მომავალში ასჯერ ბედნიერი ვიქნები.

- ფიტნესით შენმა დაინტერესებამ ჩაცმის სტილზეც იმოქმედა, არა?

- რა თქმა უნდა. წარმოიდგინე, ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სპორტდარბაზში ან გზაში ვატარებ. შესაბამისად, სპორტულად, თავისუფლად მაცვია.

GzaPress

- კამერებთან მუშაობა არ მოგენატრა?

- როგორ არა! ძალიან მენატრება. ხანდახან საშინელი, ენით გამოუთქმელი ნოსტალგია მაქვს. კამერებთან მუშაობა მიყვარს. ამ საქმეს აუცილებლად დავუბრუნდები - ზუსტად ვიცი, რაღაც ისეთი იქნება, რაც მომეწონება და რის გამოც გადაღებებსა და ვარჯიშს შორის დროს გავანაწილებ.

- შვილის მიმართ შენი დამოკიდებულებაც შეიცვალა?

- კი. იმ მხრივ შეიცვალა, რომ უფრო დიდ აგიტაციას ვეწევი - შვილო, ჯანსაღად იცხოვრე, ჯანსაღად იკვებე-მეთქი, მაგრამ ჯანსაღ პროდუქტს კი არა, საერთოდ არაფერს ჭამს. სულ ვეუბნები, - თუ არ შეჭამ, კუნთები არ გექნება-მეთქი.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობაში გახლავართ. ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, არ არის საჭირო, გვერდით ვიღაც ჰყავდეს - ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. ჰარმონიული ბედნიერება საკუთარ თავშია. თუკი საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ ხარ, ვერავინ გაგაბედნიერებს - ილუზია აუცილებლად დაგემსხვრევა. ამიტომ ჯერ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ ბედნიერები და ჰარმონიულები, მერე კი - თუ ცხოვრების გზაზე ვინმე ჩვენი ჭკუის შეგვხვდება, ამას რა ჯობია?.. ამჟამად, ბედნიერი ვარ და რა მნიშვნელობა აქვს, გვერდით ვინმე მყავს თუ არა?..

ეთო ყორღანაშვილი