როგორია მწერლის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო - გზაპრესი

როგორია მწერლის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

"30 წელზე მეტია, მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გაგვიაზრებია, რისთვის ვისჯებით, რა ხდება ჩვენს თავს და სად არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან", - ამბობს მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, რომელსაც 21-ე საუკუნის ქართულ რეალობაზე ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თეონა, რომელი მწერლის შემოქმედება გახსენდებათ, როცა ჩვენს დღევანდელობაზე ფიქრობთ?

- საქართველოში არსებული სიტუაცია რაღაც უცნაურ აბსურდს და ქაოსს მაგონებს, ამიტომ, ამ სიტუაციას კაფკას "პროცესს" შევადარებ. რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ბოლომდე ვერ ვიგებთ, რა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს თავს. თითქოს ვიღაც უხილავი მბრძანებლის ხელში ვართ, რომელიც სასამართლო პროცესზე დაგვატარებს ისე, რომ ვერც ვხვდებით, რატომ ან რაში ვართ დამნაშავე. ეს აბსურდული და უსასრულო პროცესია, რომელსაც ბოლო არ უჩანს. 30 წელია, წრეზე დავდივართ, მაგრამ ახლა ეს წრე კიდევ უფრო დავიწროვდა და მდგომარეობა კიდევ უფრო გამოუვალი გახდა. ისიც გაუგებარია, ხვალ რა გველოდება.

- როგორ ფიქრობთ, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა?

- ამ სამწუხარო რეალობის შექმნაში ყველა ხელისუფლებამ თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ ახლა რაც ხდება, მსგავსი უიმედობა, ნიჰილიზმი და უპერსპექტივობა არ მახსოვს! მართლა ვერ ვხვდები, რომელი დერეფნის ან რომელი გვირაბის ბოლოდან შეიძლება გამოჩნდეს სინათლე! ამიტომაც არის ემიგრანტების რიცხვი ასე კატასტროფულად გაზრდილი. ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალურად დაუცველთა რიცხვი - 800 ათას კაცს გადააჭარბა და აქედან 20% შრომისუნარიანია. ეს ხალხი საკუთარ სამშობლოში თავის ადგილს ვერ პოულობს და ქვეყნიდან გარბის. უმუშევრობის მაჩვენებლით მსოფლიოს "მოწინავე" ქვეყნების ტოპათეულში ვართ. ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის, არაფერს ვაწარმოებთ, არაფერს ვქმნით და თავს ვალებით ვირჩენთ. ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი იმდენად დიდია, რომ თითოეულ მოქალაქეს სულ ცოტა, 8 ათასი ლარი აქვს ვალად. აღარაფერს ვამბობ კომუნალური გადასახადების გაძვირებაზე, საწვავის ფასზე და ლარის კურსზე, რომლის მერყეობით ერთეულები მდიდრდებიან, მოსახლეობა კი სისტემატურად იძარცვება და ღატაკდება. ვინ შეიძლება გამდიდრდეს კურსის ცვლილებით?.. ამის მიხვედრას დიდი ფინანსისტობა სულაც არ სჭირდება. მოკლედ, ეკონომიკური თვალსაზრისით, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, რასაც თან პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიც ერთვის. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი ირჩევს ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც მარიონეტებივით გვმართავენ. ეს განათლების დაბალი დონის გამო ხდება, სხვაგვარად აუხსნელია ის აბსურდი და გაუგებრობა, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ტრიალებს.

- ხშირად ამ ქაოსს რუსეთს აბრალებენ.

- პირველ რიგში, ჩვენი ბრალია, რომ გარე ძალებს მანიპულაციის საშუალებას ვაძლევთ. რასაკვირველია, რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თავის ინტერესებს გაატარებს, რადგან დიდი სურვილი აქვს, საქართველო მისი ერთ-ერთი გუბერნია გახდეს. ამაზე მეტყველებს ოკუპირებული ტერიტორიები და მცოცავი ოკუპაცია. ცხადია, ანაკლიის პროექტის ჩაძირვაშიც კრემლის ხელი ურევია - მისმა დამქაშებმა კარგად შეასრულეს მისია, რომელიც დავალებული ჰქონდათ.

- რატომ არ სურდათ რუსეთში ანაკლიის პორტის ამოქმედება?

- ეს პორტი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა და მსოფლიოს რუკაზე საქართველოს თავის ადგილს აპოვნინებდა. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ პორტი ოკუპირებული აფხაზეთიდან 4 კილომეტრში იქნებოდა. სხვათა შორის, ანაკლიის პორტის ამუშავებით აფხაზებიც დაინტერესებული იყვნენ. მე მაშინ პიარის ხელმძღვანელი ვიყავი და უკვე ერთობლივ ეკონომიკურ ინტერესებზე ვლაპარაკობდით. აფხაზები და ოსებიც ჩამოვიყვანეთ ანაკლიაში, ერთობლივ პროექტებზე ვმსჯელობდით. იაპონიის მთავრობას უზარმაზარი თანხის ჩადება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს პროექტი ჩაძირეს. იმედია, მომავალში მაინც აღდგება და გაკეთდება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს არ სჭირდება ისეთი საქართველო, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნების რეალური შანსი ექნება. თუ არ გამოვფხიზლდებით და ასე გავაგრძელებთ, ჩვენ მართლა გავხდებით რუსეთის პატარა გუბერნია - ორღობე, სადაც იქნება სასტუმროები, ბანკომატები, სახინკლეები, ჩამოვლენ პოზნერები და მსგავსნი მისნი, კარგ ღვინოს დალევენ, კბილებში ხანჯალგაჩრილებს გვაცეკვებენ და ჩვენი მისია ამოწურული იქნება. ჩვენ სამშობლო გვაქვს, მაგრამ სახელმწიფოდ ვერ შევდექით და თუ არ გამოვფხიზლდებით, მომავალში კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავცვივდებით.

GzaPress

- მარტო ხალხის გამოფხიზლება საკმარისია?

- პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ, თორემ ეს ხელისუფლება საკუთარი ჯიბის გასქელებას და რუსეთის დაკვეთების შესრულებას კიდევ დიდხანს გააგრძელებს - ეს უეჭველია! გადავხედოთ, რა მდგომარეობაშია მცირე ბიზნესი, რა მდგომარეობაშია მოსახლეობა. ამ დღეებში ერთ საინტერესო კვლევას გადავაწყდი, სადაც ეწერა: საქართველოს ეკონომიკა ამ ტემპით თუ განვითარდება, 20 წლის შემდეგ აზერბაიჯანის დონეს მიაღწევსო(!). წარმოგიდგენიათ?! ჩვენი შვილები 20 წლის შემდეგ აზერბაიჯანში იცხოვრებენ - ეს არის ყველაზე უკეთესი პერსპექტივა, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში გვემუქრება. ადამიანები საკვებს ნაგვის ურნებში ეძებენ - რომელ წინსვლაზე ვლაპარაკობთ?!

- თუ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს?

- საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" რომ დაარსდა, მე მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. პარტიაში აღარ გადავსულვარ, რადგან მიმაჩნია, რომ მწერალი პარტიული არ უნდა იყოს. დაწვრილებით ვიცნობ "მარშალის გეგმას", ანაკლიის პროექტის სქემას და ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. თუ მათ საიმისო ბერკეტები ექნებათ, რომ ეს პროექტები განახორციელონ, ძალიან საინტერესო შედეგს მივიღებთ. ერთადერთი ძალა, რომლის გეგმაში წავიკითხე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ კრიზისიდან, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს ქვეყანა, ინოვაციები, კულტურა, განათლება - ეს საკითხები "მარშალის გეგმაში" კონკრეტულად არის განხილული. ისე კი არა, ციფრებს რომ არახუნებენ და თავადაც ვერ ხვდებიან, რას გვპირდებიან. "მარშალის გეგმაში" არ წერია, მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნით და ქვეყანას ავაყვავებთო, იქ ნაჩვენებია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. ჩემი სურვილია, პატარა პარტიების რიცხვი მომრავლდეს და რაც შეიძლება მალე შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც პარტიები ერთმანეთს დააბალანსებენ და გააკონტროლებენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ეს ჩვენს ქვეყანას რაღაც ახალ ეტაპზე გადაიყვანდა...

- ასე რატომ ფიქრობთ?

- აშკარაა, რომ მთელი ძალაუფლების ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში მოქცევა არ ამართლებს, რადგან აბსოლუტური ძალაუფლება ყველას რყვნის. კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანაში არ იქნებოდა მხოლოდ ორი ფერი და "ნაციონალების" და "ოცნების" "აიწონა-დაიწონას" შემყურენი აღარ ვიქნებოდით. მართალია, კოალიციურ მთავრობაშიც გარკვეული საფრთხეა ჩადებული, ამიტომაც არის საჭირო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრის საქმის კურსში იქნება და კოალიციური ხელისუფლება მუდმივი კონტროლისა და წნეხის ქვეშ ეყოლება. ეს მართლა მოხდებოდა, საპარლამენტო არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ. ადმინისტრაციული რესურსით ხელისუფლება არჩევნების მოგებას ყოველთვის შეძლებს, ამიტომაც არის საჭირო არჩევნების პროცესის მთლიანად გარდაქმნა და რეფორმის ჩატარება, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს.

- რა აზრის ხართ შედარებით ახალ პოლიტიკურ ძალებზე?

- რაც შეეხება ახალგამოჩეკილ პოლიტიკურ სუბიექტებს: ლევან ვასაძის და გიორგი გახარიას ხელახლა გამოჩენა პოლიტიკურ ავანსცენაზე ალბათ ისევ ივანიშვილის თამაშია - თუ ის ახალ ოპოზიციას არ შექმნის, "ოცნება", რომელიც გაკოტრებულია, ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ამიტომ, ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომელიც გახარიას უჭერს მხარს და ჰგონია, რომ ის შეიცვალა. ეს კაცი "ოცნების" ხელისუფლების პირველი პირი იყო, რომელმაც ანაკლიის პროექტი ჩაძირა და ნამოხვანის კაბალურ ხელშეკრულებას დაეთანხმა, რომ არაფერი ვთქვათ 20 ივნისის ტრაგედიაზე... ამიტომ, მე გაოცებული ვარ, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ გახარიას შეუძლია ამ ქვეყანას რაღაც სიკეთე მოუტანოს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, ის ღიად პრორუსული ძალაა. რუსეთი ცდილობს, ახალ-ახალი დასაყრდენი იპოვოს და ვასაძე საამისოდ კარგი ვარიანტია - მისი ყველა გამოსვლა ეროვნული, ნაციონალური იდეებით არის შეფუთული, ეს ადამიანი ღიად დადის რუსეთში, ღიად აცხადებს სიმპათიებს ამ ქვეყნის მიმართ და ასევე ღიად ლანძღავს დასავლეთს. ამიტომ, ქართველ ამომრჩეველს ცოტა მეტი დაფიქრება და ანალიზი მართებს, რომ კიდევ ერთხელ არ მოტყუვდეს.

GzaPress

- სამწუხაროდ, ქართველები ყოველთვის ერთ ადამიანში ვეძებთ ხსნას და ბოლოს იმედგაცრუებული ვრჩებით - ამ მოსაზრებას თქვენც ეთანხმებით?

- დიახ და "ბაზალეთის ტბაში" ჩაძირული გმირის იმედი როგორმე უნდა მოვიხსნათ. ახლა ბევრმა ვარლამ გოლეთიანი აქცია ასეთ გმირად. ვარლამი კარგი ახალგაზრდაა: ჭკვიანი, გონიერი, თანამიმდევრული, მებრძოლი, მაგრამ ასეთმა მიდგომამ შეიძლება საქმე გაუფუჭოს. ბრბო, რომელიც მას ჰაერში ისვრის, კარგს არაფერს მოუტანს, - ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ხიბლში ხომ არ უნდა ჩავაგდოთ? ვარლამ გოლეთიანის და რიონის მცველების მიმართ სიმპათიებს მეც ვიზიარებ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ მათი გულწრფელი პროტესტი ბნელმა ძალებმა და რუსეთის აგენტურამ სათავისოდ არ გამოიყენონ. დიახ, ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, როცა ქართული მიწის 300 ჰექტარი თურქულ კომპანიას ასი წლით გადასცეს! რატომ დაიწყეს მშენებლობა მანამ, ვიდრე გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა არ ჰქონდათ? როგორ შეიძლება, ჯერ მშენებლობის ნებართვა გასცე და მერე დაიწყო ფიქრი, ამხელა ჰესი ეკოლოგიას რა ზიანს მოუტანს?! ანაკლიის პორტი რომ არ აშენებულიყო, ისიც კი შეისწავლეს, თახვებისა და ღამურების ოჯახს რა მოუვიდოდა, აქ კი ადამიანების ინტერესებს უარყოფენ და საერთოდ არ ელაპარაკებიან. ჯებირები აუშენეს და საკუთარ სახლებში არ უშვებენ. რა თქმა უნდა, ჰესები საჭიროა, მაგრამ არა ასე მოძველებული და ასეთი მახინჯი გზით აშენებული. ჩვენ ისეთი ჰესები უნდა ავაშენოთ, როგორსაც შვეიცარიაში ან სხვა ევროპულ ქვეყნებში აშენებენ, თანაც, პირველ რიგში, ეკოლოგიაზე და იმ ხალხის ინტერესებზე ვიზრუნოთ, რომელიც იმ მიწაზე ცხოვრობს.

- როგორ ფიქრობთ, თუ აისახება ეს ეპოქა და ჩვენი პრობლემები ქართულ მწერლობაში?

- აუცილებლად. ჯერ ერთი, ქართულ პოლიტიკაში ისეთი პერსონაჟები გვყავს, რომლებსაც ვერ გამოიგონებ. ვერც ერთი მწერალი ასეთ სატირულ და გროტესკულ პერსონაჟებს ვერ შექმნიდა, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ პარლამენტსა და ხელისუფლებაში. ეს ისეთი გალერეაა, რომელიც წარმოუდგენლად ფართო მასალას იძლევა. რაც შეეხება სიტუაციას, ჯერ ყველაფერი უნდა დაილექოს და დაღვინდეს. მაგალითად, "ცისფერ მთებში" გენიალურად აისახა სტაგნაცია, რომელშიც იმ დროის ადამიანები ცხოვრობდნენ. ახლანდელი აბსურდიც აუცილებლად სადმე აისახება - ან მწერლობაში, ან კინოში. სხვათა შორის, ჩემი უახლესი წიგნი, რომელიც გამოვიდა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზეა. მასში ლაპარაკია, თუ რა მოხდა 30 წლის წინ, რამხელა შეცდომები დავუშვით თუნდაც ქართველებმა... ყველა პოლიტიკური და ისტორიული პროცესი მნიშვნელოვანი მასალაა ნებისმიერი მწერლისთვის. ამჟამად ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც ალბათ ასე იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე