კეთილი წეროს თავგადასავალი - გზაპრესი

კეთილი წეროს თავგადასავალი

მზრუნველობა ის ქცევაა, რომელიც დედამიწაზე ყველა არსებას ერთნაირად სჭირდება. ამაგი, მოვლა-პატრონობა და სიყვარულით სავსე გარემო არა მხოლოდ სასიამოვნოა იმ სუბიექტისთვის, რომელსაც თავს ფარვანასავით დასტრიალებენ, არამედ მას კეთილგანწყობილს ხდის მთელი სამყაროს მიმართ, სხვებსაც დადებითი ემოციებით მუხტავს და თავადაც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. სწორედ ამ თვისებების გაღვივებას უწყობს ხელს სპექტაკლი "მიფრინავენ წეროები", რომლის პრემიერა 12 და 13 ივნისს თბილისის თოჯინების თეატრში გაიმართა. წარმოდგენა 4 წლის ასაკიდან მაყურებელზეა გათვლილი. პიესის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და რეჟისორი, თოჯინების თეატრის მთავარი რეჟისორი თამაზ იმნაძეა.

- ამ სპექტაკლის დასადგმელად ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა ნამდვილი ამბავი: წერომ იშვილა სხვადასხვა ცხოველი და თავის ბუდეში საკუთარი შვილებივით გამოზარდა: თაგუნა, იხვის ჭუკი და მესამე, თუ არ ვცდები, ზღარბი. ამ ამბის გავლენით დავწერე სცენარი, ხოლო ლექსებით ქალბატონი მანანა აბრამიშვილი დამეხმარა. ჩვენს სპექტაკლში წერო დედობას უწევს: ძაღლის ლეკვს, თაგუნასა და ბარტყს. დაკარგულ პატარებზე ზრუნავს და მათ ისე გამოზრდის, როგორც საკუთარ შვილებს. მოგვიანებით ისინი თავიანთ ნამდვილ მშობლებს უბრუნდებიან, თუმცა დედობილი მაინც არ ავიწყდებათ. წეროს სიკეთესა და ამაგს არც შვილობილების მშობლები ივიწყებენ და პატივისცემის ნიშნად, ზოგს საბანი მიაქვს მისთვის, რომ არ გაცივდეს, ზოგსაც - მურაბა. ახლა უკვე ისინი ზრუნავენ წეროზე და გამოაზამთრებენ. ის სიკეთე, რომელიც წერომ გააკეთა, ბუნებაში არ იკარგება. ისინი ერთ ოჯახს წარმოადგენენ და ერთანეთზე ზრუნავენ. როცა ერთად ვართ, ვერაფერი მოგვერევა.

- წლების განმავლობაში თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლები მუსიკალურად გაქვთ გაფორმებული. ამჯერად ის თქვენი სპექტაკლის მხატვარია...

- დიახ, ის ჩემი რამდენიმე სპექტაკლის მხატვარი გახლავთ, ხოლო მე მის სპექტაკლების (მოყოლებული "ქაღალდის წვიმიდან" - დღემდე) მუსიკალური გამფორმებელი ვარ. შემოქმედებითი თანამშრომლობის გარდა, მეგობრობაც გვაკავშირებს. ერთმანეთის იდეებს პატივს ვცემთ და ურთიერთობა არ გვიჭირს. საერთოდ, ყველა ჟანრის მუსიკა დიდი დოზით იყო და არის ჩემს ცხოვრებაში. სპექტაკლების მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით, ასე, თავისთავად მეორე საქმეც გამიჩნდა თეატრში, რაც ძალიან მსიამოვნებს.

- ინტერნეტის ეპოქაში მცხოვრები ახალი თაობის დაინტერესება და დარბაზში გაჩერება რთულია. თქვენი აზრით, რა ნაწარმოებები და თემები უნდა შესთავაზოთ დღევანდელ პატარებს?

- ჩემი აზრით, არსებობს მარადიული თემები - ვთქვათ, როგორიც არის სიკეთე, რომელიც ნებისმიერ დროსაა აქტუალური და საინტერესო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მთავარი არის არა "რა", არამედ - "როგორ" მივიტანთ მას მაყურებლამდე. თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის წვლილი ამ შემთხვევაში განუზომელია. არაერთ რეგიონთან მქონია კავშირი და ძალიან შემცოდებიან ის ბავშვები, რომლებსაც თოჯინების თეატრებთან კონტაქტი არა აქვთ. ადამიანი ყოველთვის ეძებს თავში კეთილსა თუ ბოროტს, თეატრი კი დიდი დოზით ეხმარება ამ პროცესში. ბავშვი ისე შეიძლება გახდეს სრულწლოვანი, თოჯინური და საბავშვო სპექტაკლი არ ჰქონდეს ნანახი და ეს მომავალში თავისთავად იწვევს იმ ფაქტს, რომ ცუდი მაყურებელი ხდება. აქვე უნდა აღვნიშნო მეორე და დადებითი ფაქტიც: გარდა იმისა, რომ სკოლის თეატრების პროგრამაში ვარ ჩართული, მეორე პროფესიით რაგბის მწვრთნელი ვარ და რეგიონების ბავშვებთან ხშირად მაქვს შეხება. ახალციხეში ვმუშაობდი და სხვაგანაც. გასაოცრად საინტერესოა, რომ სხვადასხვა რეგიონში ბავშვების ინტელექტუალური დონე საკმაოდ მაღალია. გურიაში, ლანჩხუთში ჩოჩხათის სკოლის მოსწავლეებთან მქონდა შეხება და ამ მხრივ ძალიან ნასიამოვნები და გაკვირვებული დავრჩი. თბილისში ბავშვები კომპიუტერს არიან მიჯაჭვული და სათამაშო სივრცეც არა აქვთ, იქ კი ბავშვები ხან კალათბურთს თამაშობენ და ხან ფეხბურთს, მეტი დრო აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, რაც ძალიან სასიხარულოა.

- ისევ თოჯინების თეატრს მივუბრუნდები: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- მუშაობას ვაპირებ ო"ჰენრის ნოველაზე "წითელკანიანთა ბელადის დახსნა". ასევე მინდა მარკესის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლის დადგმა - პირობითი სახელწოდებით "ფოთოლცვენა". დიდი ხანია მაქვს ეს იდეა, ვაპირებ რამდენიმე მოთხრობა გავაერთიანო და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს უახლოეს მომავალში განვახორციელებ.

ანა კალანდაძე