"სკოლაში მაბულინგებდნენ" - გზაპრესი

"სკოლაში მაბულინგებდნენ"

"როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ელენკას როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა, უარყოფითი პერსონაჟის თამაშის გამოცდილება არ მქონდა, თან მაინტერესებდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. დედა მაფრთხილებს, ნინია, ქუჩაში სათვალე გაიკეთე და პირბადე არ მოიხსნაო: ნეგატიური და აგრესიული კომენტარების გამო ეშინია", - ამბობს მსახიობი ნინია შეყილაძე. რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, იყო თუ არა თავად ბულინგის მსხვერპლი, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, როგორ იქცევა მაშინ, როცა რთული პერიოდი აქვს და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1999 წლის 29 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჯერ ვფიქრობდი, ჟონგლიორი გამოვსულიყავი, მერე ტაქსის მძღოლობა მინდოდა, მერე მხატვრობით ვიყავი გატაცებული, მერე ბალერინობას ვაპირებდი და ბოლოს მსახიობი გამოვედი. მსახიობობის სურვილი ჩემში თანდათან მოვიდა და უფრო და უფრო განმტკიცდა. თეატრალურ სტუდიაში დავიწყე სიარული, ერთი პერიოდი "შუა ქალაქში" ვთამაშობდი, სკოლის დასრულების შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში დაფინანსება მოვიპოვე და სამსახიობოზე ვისწავლე. კოლეჯის დასრულების მომდევნო 2 წელი იქ გავატარე. საქართველოში პანდემიის გამო ჩამოვედი. ვიფიქრე, ლონდონში მარტო უნდა ვიყო, დასტრესილი, ასეთ ყოფნას რა აზრი აქვს-მეთქი და წამოვედი. მდგომარეობის ჩაწყნარებას ველოდები და ისევ გავემგზავრები.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახში მომიხსენიებენ, როგორც პოზიტიურ, მხიარულ და ხმაურიან ადამიანს, ზოგჯერ გიჟსა და არანორმალურსაც მეძახიან, მაგრამ - კარგი გაგებით.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო ლონდონში კოლეჯში ჩარიცხვა. ეს იმდენად დიდი ოცნება იყო, მაშინდელი ემოცია ახლაც კი მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს, ყველა ნაბიჯის გადადგმისას მხარში მიდგანან.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, კარგი მეგობრები, ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს, მაქვს სახლი, ვარ ჯანსაღი... ეს ბედნიერებისთვის საკმარისია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...როცა ვხედავ, ადამიანი ცოტათი მორცხვია ან სიტუაციას კარგად ვერ მოერგო, შემიძლია დაველაპარაკო და თავი ცოტათი მაინც კომფორტულად ვაგრძნობინო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...(ფიქრობს) ალბათ ის, რომ წინა წინადადებაზე პასუხი უფრო მალე ვიპოვე. ადამიანი ჩუმად თუ არის, მას დახმარება ყოველთვის არ სჭირდება, შეიძლება თავს ძალიან კარგად გრძნობდეს.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ყოველთვის ვცდილობ გავიაზრო, "თვალებში ჩავხედო", მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული და არასასიამოვნოა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...მეგობარს შენთან ყოფნის სურვილი თუ აქვს, დროის გამონახვა არ გაუჭირდება.

- ვიბნევი...

- ...დიდად დაბნეული ადამიანი არა ვარ. ტაქსის გამოძახებისას ვიბნევი, ხანდახან რუკას დავყურებ და ვერ ვხვდები, სად არის.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ოჯახის წევრებთან ერთად - ისინი ბათუმში არიან.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს, ბოროტებას წონასწორობიდან მაინც გამოვყავარ.

- მეზარება...

- ...ყოველდღე მტვრის წმენდა.

- სიყვარული - ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც დედამიწას ყველაზე მეტად აკლია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ვიყავი აჟიტირებული და ზედმეტად ბედნიერი, რამდენიმე დღე საჭმელსაც ვერ ვჭამდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არა ვარ.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანებს ამდენი აგრესია და ნეგატივი საიდან აქვთ?

- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ჩემმა მეგობრებმა.

- ვრისკავ...

- ...ამ ბოლო დროს ხშირად, რადგან რისკის გარეშე წინსვლა ფერხდება.

- ვამაყობ...

- ...იმით, რომ 17 წლის ასაკში საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სასწავლებლად მარტო წავედი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, შექების მოსმენა ყველასთვის სასიამოვნოა. ამ დროს სულ ვცდილობ, ის პიროვნება იქით შევაქო და პოზიტივი დავუბრუნო.

- მეშინია...

- ...გარემოს შესაფერისად რომ არ ვუვლით, რომ ვანადგურებთ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩემი და მეუბნება, ტელეფონზე ლაპარაკისას ნუ ყვირიო. მეც იმავეს ვსაყვედურობ, ერთნაირები ვართ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ჯანსაღი სხეული მაქვს.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, უცხო ადამიანებთანაც კი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ დედამიწაზე ყველას ნდობა არ შეიძლება.

GzaPress

- ვიტყუები, როცა...

- ...სიმართლის თქმის მრცხვენია.

- თავისუფლება არის...

- ...როცა შეგიძლია, სახლიდან ქუჩაში გახვიდე და არანაირ საფრთხეს არ გრძნობდე.

- როცა მარტო ვარ...

- ...მუსიკას ვუსმენ, ვცეკვავ, ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დავეხმარებოდი ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება ექნებოდა.

- მენატრება...

- ...ჩემი ლონდონელი მეგობრები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ღრმად ვსუნთქავ და ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, ყველაფერს ეშველება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მახსოვს ფრაზა ერთი სპექტაკლიდან - "ეგეთი ვარ". ეს ფრაზა გონებაში მაშინ "მიცოცხლდება", როცა ჩემს თავთან არა ვარ გულწრფელი ან რაღაც გავაკეთე იმის გამო, რომ ასე უფრო მიღებულია, ხალხს ასე უფრო მოვეწონები. - ამ როლის მორგებაში რა დაგეხმარა?

- დამეხმარა ის რომ ელენკაში, მის ქმედებებში თავის სიმართლის პოვნა შევძელი. უარყოფითია, ბევრ ადამიანში აგრესიას იწვევს, მაგრამ მე გავუგე და დავეთანხმე იმაში, რასაც აკეთებდა.

- ბულინგი საკუთარ თავზე გამოგიცდია?

- დიახ, პატარა ვიყავი, ალბათ მე-5 კლასში, სკოლაში ძალიან მაბულინგებდნენ. ეს ის თემაა, რომელზე ლაპარაკი ახლაც არ მსიამოვნებს, იმდენად უარყოფითი განცდა დამიტოვა. ამ როლზე მუშაობის დროს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, გაიხსენე, მაშინ შენ თავს როგორ გრძნობდი-მეთქი.

- მაშინ ბულინგს როგორ გაუმკლავდი?

- გვერდით მედგა ოჯახი, მეუბნებოდნენ, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უმიზეზოდ არ მოეწონები, უმიზეზოდ დაგჩაგრავენ. პედაგოგებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ამ საკითხს ყველა ჯანსაღად მიუდგა. ზოგიერთ შემთხვევაში, ბულინგმა შეიძლება მეტად ამტანი გაგხადოს, კანი `გაგისქელოს~. რომ არა ბავშვობაში განცდილი ბულინგი დღეს ალბათ ისეთი ადამიანი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიმსახურებდი.

- ბულინგის თემა რა იყო?

- ეს მაშინ დაიწყო, როცა სკოლის სპექტაკლში ოლივერ ტვისტის როლი შევასრულე. ბიჭის როლში გოგოს თამაში სწორად ვერ აღიქვეს. აგრესია, შური, რაღაც ამდგავარი განცდა გამოიწვია.

- დღეს, როცა მოძალადის როლს თავად ასრულებ, რა შეგიძლია, შენი გადასახედიდან ნამდვილ მოძალადეებს უთხრა?

- ძალიან ცუდი ქცევაა, სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ინტერნეტ სივრცეშიც მომრავლდა. საბოლოოდ კი ეს ნეგატივი იმ ადამიანზე გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე შენზე. მაგრამ იქ დაწერილი კომენტარი, ადრესატზე ისევე ახდენს გავლენას, როგორც რეალურ ცხოვრებაში ნათქვამი.

- ვფიქრობ, შენი პერსონაჯი შემდეგ სეზონზე აქტუალური იქნება, მის გარშემო ამბები საინტერესოდ ვითარდება.

- მეც ასე მგონია, დაველოდოთ. - დაბოლოს, გეტყვით...

- ...ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

თამუნა კვინიკაძე