ეკა ბესელიას პირადი ცხოვრება
font-large font-small
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრება
"თუ მოვინდომებ, გემრიელ ღომს, ელარჯს და მეგრულ ხაჭაპურს ვამზადებ"

მის ცხოვრებაშიც ყოფილა ნათელი და მძიმე დღეები, უამრავი პრობლემისა და ბარიერის გადალახვა მოუხდა, რომ დღემდე მოსულიყო... საქართველოში საკმაოდ პოპულარული ადამიანი - ეკა ბესელია თავისი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.


- ძალიან მოწესრიგებული და წარმატებული ბავშვი ვიყავი. ჯერ სოფელ ნოსირში ვსწავლობდი, ბოლო ორი წელი კი სენაკის სკოლაში გავატარე, რომელიც ოქროს მედლით დავამთავრე - 1989 წელს. ფრიადოსანი ვიყავი და ყველა საგანს თითქმის ერთნაირად ვსწავლობდი, უბრალოდ, ჰუმანიტარული საგნები თავიდანვე გამორჩეულად მიყვარდა. ტექნიკურ საგნებს მხოლოდ იმის გამო ვსწავლობდი, რომ ჩემთვის დაბალი ნიშნები არ დაეწერათ. როცა ჩემს ბავშვობაზე ვფიქრობ, მასწავლებლების მიმართ მადლიერების გრძნობით ვივსები. განუმეორებელი პედაგოგები მყავდა: ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდნენ ნაზი თორდია და ნაზი ბეჭვაია, ისტორიას - თინა კირცხალია, ფიზიკას - ვასო ბუკია. თამამად ვიტყვი, რომ ეს ხალხი იმდროინდელი განათლების სისტემის მშვენება იყო. ისინი ნამდვილი კორიფეები იყვნენ და სულ ვამბობ, რომ სკოლაში უმაღლესი კატეგორიის პროფესიონალები მასწავლიდნენ.
- სწავლასთან ერთად, წიგნების კითხვას თუ ასწრებდით?
- უზომოდ ბევრ წიგნს ვკითხულობდი. ამაში ხელს ისიც მიწყობდა, რომ ბიბლიოთეკა ახლოს მქონდა და სკოლის პერიოდში მთელი კლასიკა გადავიკითხე. ნათლად მახსოვს პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე: ეს ლერმონტოვის ლექსების კრებული იყო. გარდა იმისა, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, საზოგადოებრივადაც აქტიური ბავშვი ვიყავი. კლასშიც ლიდერი გახლდით და არც ერთი სასკოლო ღონისძიება უჩემოდ არ ჩაივლიდა. სკოლის პარალელურად, მუსიკალურ ათწლედშიც ვსწავლობდი და ქორეოგრაფიულ ანსამბლშიც ვცეკვავდი. უფრო მეტიც, საკმაოდ კარგი სპორტსმენი ვიყავი: ჯერ მძლეოსნობაზე დავდიოდი, მერე - კალათბურთზე. კალათბურთს იმდენად კარგად ვთამაშობდი, რომ საქართველოს ნაკრებშიც ამიყვანეს.
- მოკლედ, ყველაფერს ასწრებდით. სკოლის შემდეგ რა მოხდა?
- როგორც გითხარით, მედალოსანი ვიყავი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ წელსვე ჩავაბარე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ის საშინელი კორუფცია გამეპროტესტებინა, რომელიც მისაღებ გამოცდებზე დავინახე. 17 წლის ვიყავი, როცა სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობას სათავეში ჩავუდექი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აბიტურიენტებმა პროტესტის ნიშნად, უნივერსიტეტის კიბეზე აქციები დაიწყეს და ეს სამი თვე გრძელდებოდა. მოგეხსენებათ, რა დრო იყო და 9 აპრილის შემდეგ საქართველოში რა ხდებოდა... მაშინ გავიცანი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც ჩვენს აქციებზე მოდიოდნენ და მხარს გვიჭერდნენ. ეს იყო პირველი ბრძოლა, რომლის შედეგად განათლების სისტემა საგრძნობლად შეიცვალა. ბევრი აბიტურიენტი, რომელიც მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრეს, შემდეგში ჩაირიცხა. მოკლედ, სამართლიანობაზე ზრუნვა 17 წლის ასაკიდან დავიწყე.
- მშობლები არ გეუბნებოდნენ - ჯერ ოჯახი შექმენი და კარიერაზე მერე იფიქრეო?
- ჩემთვის ეს არასდროს უთქვამთ. პირიქით, მამაჩემი ძალიან ამაყობდა ჩემი მიღწევებით, უხაროდა, რომ თითით საჩვენებელი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მკაცრი იყო. დედაჩემი მამის საპირისპირო გახლდათ - ყოველთვის ლმობიერი და თანამგრძნობი... წარმოიდგინეთ, დედა საპროტესტო აქციებზე ჩემ გვერდით იჯდა და ყოველთვის მხარში მედგა. მის თანადგომას დღემდე ვგრძნობ. მამა ოჯახში დომინანტი იყო და ხშირად ამბობდა, რომ გათხოვება სწავლის დასრულებამდე ნაადრევი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, 18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. ვერ ვიტყვი, რომ გათხოვება ძალიან მინდოდა, მაგრამ ჩემს სკოლელს ვუყვარდი და მოტყუებით წამიყვანა. "ეს სპეცოპერაცია" სწორედ მან დაგეგმა. იყო ურთულესი პერიოდი - 1990-1991 წლები, როცა ჩვენს ქვეყანაში დიდი გაჭირვება გახლდათ. თბილისში ბინა ვიქირავეთ და რუსთაველზე ვცხოვრობდით. ხუთი წელი ერთად ვიყავით და შემდეგ დავშორდით, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, - რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და ძალიან განვიცადე!
- პოლიტიკაში მოსვლა პირველად როდის გადაწყვიტეთ?
- პოლიტიკა ჩემი არჩევანი არ ყოფილა, რადგან პროფესიაშიც საკმაოდ წარმატებული ვიყავი. როგორც ადვოკატს, ყველა მიცნობდა, უფრო მეტიც, სისხლის სამართლის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ვიყავი მიჩნეული. ეს პროფესია მიყვარდა და ადვოკატის ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობდი, ოჯახსაც ვინახავდი და შვილებსაც ვზრდიდი, მაგრამ დაიწყო 2006-2007 წლების საპროტესტო აქციები და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ აქციებში იმიტომ ჩავერთე, რომ ყველაზე მეტად მართლმსაჯულების პოლიტიზება მაწუხებდა. შეუძლებელი იყო იმის ყურება, რაც სასამართლო სისტემაში ხდებოდა თუ კონფორმისტი არ იყავი! მერე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გავხდი, რომელიც დააპატიმრეს. ამის შემდეგ დაიწყო რეპრესიები და უნებურად ამ ორომტრიალში აღმოვჩნდი. საერთოდ, არ მჩვევია სირთულეებისთვის თავის არიდება და გაქცევა. სწორედ ამ დროს დავაფუძნე ჩემი პარტია, სათავეში ჩავუდექი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ რეპრესიებიც დაიწყო - დააპატიმრეს ჩემი ვაჟი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო და ჩემი ძმა, რომელიც აქციებზე ყოველთვის ჩემთან ერთად დადიოდა. ეს ჯოჯოხეთური სიტუაცია ორი წელი გაგრძელდა.
- რა რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე თქვენს ახლობლებს და ოჯახის წევრებს?
- ოჯახი ჩემს პოლიტიკაში ჩართვას აღფრთოვანებით ნამდვილად არ შეხვედრია, მაგრამ ყველა ხედავდა, რომ ეს იყო ჩემი ბრძოლა სამართლიანობისთვის, რომელმაც პოლიტიკაზე გაიარა. შვილი რეპრესიების ქვეშ, ძმა - დაჭერილი, როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს? საშინელი წნეხი იყო! ახლობლები ამას ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ესმოდათ, რომ ყველაფერს ჩემი შინაგანი რწმენით ვაკეთებდი, ამიტომ, ოჯახის თანადგომა და მხარდაჭერა არასდროს მომკლებია. პოლიტიკაში ყოფნა სულაც არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება, რომ მიზანს მიაღწიო, მთავარია, მიზანი ღირებული იყოს. გარშემო შექმნილ სიტუაციას ყველა უყურებდა, როგორც მოცემულობას და გაგებით ეკიდებოდა. ამიტომ, მადლობელი ვარ ჩემი დიდი ოჯახისა, რომელიც ჭირსა და ლხინში, ყოველთვის მხარში მედგა. ხალხი ამ დროს გარბის, უკან იხევს, კომპრომისზე მიდის, ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და საოცრებები გადავიტანეთ. ახლა ვიღაც-ვიღაცები მორალს რომ მიკითხავენ და ჭკუას მასწავლიან, გულში მეცინება. წარმოდგენაც კი ძნელია, მე და ჩემმა ახლობლებმა რა ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარეთ!
- თუმცა, ხომ იყო ნათელი და ბედნიერი დღეებიც?
- ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები პოლიტიკას სულაც არ უკავშირდება: ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემი შვილების დაბადება იყო. რატი და ლიზა - მათი არსებობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პროფესიას: ყველაზე ტკბილად მახსენდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ციხიდან ჩემი დახმარებით გამოდიოდნენ. ასევე კარგად მახსენდება 2012 წლის ცნობილი ამნისტია, რომლის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა ციხეში მივედი და ასეულობით პატიმრის ბედნიერი სახე დავინახე - ეს ხალხი ამნისტიის წყალობით გარეთ გამოვიდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი და ამაღელვებელი დღე...
GzaPress
- თქვენს შვილებს თუ აქვთ სურვილი, რომ პოლიტიკოსები გახდნენ?
- საბედნიეროდ, არა! პოლიტიკა არც ერთს არ აინტერესებს და ეს მიხარია. რატის და ლიზას ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათები აქვთ. რატი ასაკითაც უფრო დიდია - 28 წლის. უკვე ცოლი მოიყვანა და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე - ქეთი ჩემს მესამე შვილად მივიღე. შვილიშვილი ჯერჯერობით არ მყავს. რატი ძალიან თბილი, კეთილი და შინაგანად სუფთა ადამიანია. ყოველთვის ცდილობს, თავისი სიყვარული გამოხატოს და ჩვენ მიმართ საოცრად თბილი, მოსიყვარულეა. ლიზა ჯერ 17 წლისაა, მაგრამ ძალიან საინტერესო გოგოა. ხასიათით და რაღაც თვისებებით ის უფრო მგავს, ჩემს ბავშვობას მაგონებს. ჩემსავით, ბევრ საქმეს ეჭიდება და ძალიან მეხმარებოდა არჩევნების დროს: ვიდეოკლიპებსა და ფოტოებს სულ ლიზა ამონტაჟებდა, საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებდა. მართლმსაჯულების სახლი რომ გავხსენით, იქაც სულ მისი გადაღებული ფოტოები იყო გამოფენილი.
- ყველა ამბობს, რომ ქალისთვის ქართულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრება რთულია, თქვენთვისაც რთული იყო?
- მართლაც ძალიან რთულია, რადგან ქართულ პოლიტიკაში ქალს ისეთი ბარიერები ხვდება, რომლის გადალახვა კაცებს საერთოდ არ უწევთ. პირველი პრობლემაა სტერეოტიპები და ხელოვნური ბარიერები, რომლებსაც პარტიებში ქალებს უქმნიან. როდესაც სურთ, ქალი რაღაც თანამდებობაზე ან პოზიციაზე წარადგინონ, უპირატესობას ბოლოს მაინც კაცებს ანიჭებენ. სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპები არსებობს და ეს საქართველოში დღესაც პრობლემაა. მეორე პრობლემაა მეთოდები, რომელსაც პოლიტიკოსი ქალების მიმართ იყენებენ. ეს ყველაფერი კი არაჯანსაღი სისტემის მემკვიდრეობაა, საბჭოთა ეპოქიდან მოდის და ამაზე ვერც ერთმა ხელისუფლებამ უარი ვერ თქვა. დიახ, ეს რთული გზაა და ამიტომ, ქალებს ხშირად არც აქვთ სურვილი, პოლიტიკაში იყვნენ. ამ ფაქტორებს ისიც ემატება, რომ ბევრი ქალი მატერიალურად ქმარზე ან მშობლებზეა დამოკიდებული. ამ ყველაფრის დაძლევას დრო და ეკონომიკური სიძლიერე სჭირდება. აუცილებელია, რომ ქალი შინაგანად გაძლიერდეს და მატერიალურად დამოუკიდებელი გახდეს, სხვაგვარად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.
- დაბოლოს, ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ: სამზარეულოშიც ისევე წარმატებული ხართ, როგორც კარიერაში?
- სამზარეულოში ისე წარმატებული ნამდვილად არ ვარ, როგორც პროფესიაში ვიყავი. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ დედაჩემი გამორჩეული დიასახლისია, სამზარეულოში თავისი ავტონომია აქვს დამყარებული და ამ ადგილს არავის უთმობს (იცინის)... მიუხედავად ამისა, თუ მოვინდომებ, ძალზე გემრიელ ღომს, ელარჯს და მეგრულ ხაჭაპურს ვამზადებ.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ზედმეტი პუნქტუალურობით ყველას ნერვებს ვუშლი"
რა აღიზიანებს და რა დროს უცრუვდება გული მეგობრებზე თათია თექთურმანიძეს
"თამთა გოდუაძეზე "გავედით", თუმცა ეს იდეალური ვარიანტი არ ყოფილა"
"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან"
რა ესირცხვილება ჯიმი აბესაძეს და რისი კეთება უწევდა ეკრანზე გამოჩენამდე
რის ცდუნებას ვერ უძლებს და რაზე ოცნებობს ნატუკა გულისაშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი