ჟურნალისტი მაკა რაზმაძე დამარცხებული ომის გმირებზე - გზაპრესი

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე დამარცხებული ომის გმირებზე

აფხაზეთის ტრაგედია ნებისმიერი ქართველისთვის მოურჩენელ ტკივილად რჩება, თუმცა ამ ტკივილს ყველაზე მწვავედ ისინი განიცდიან, ვინც ეს ტრაგედია საკუთარი თვალით ნახა და გამოიარა. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აფხაზეთის მოვლენებს კამერით ხელში იღებდა და ამ ომს ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე შესწირა...

- ყველაზე მტკივნეული და საშინელი ჩვენი თაობისთვის ამ ომის დაწყება იყო. მაშინ ხელში კამერა მეჭირა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი. 1990 წლის შემდეგ საქართველოში რა სიტუაცია იყო, ყველამ ვიცით: აფხაზეთის ომის დაწყებამდე თბილისის ომი გამოვიარეთ. 1993 წლის ზაფხულში თენგიზ კიტოვანი უკვე ჩვენი თავდაცვის მინისტრი იყო. ერთ დღეს ჟურნალისტები დაგვიბარა, სენსაციური რაღაც უნდა გითხრათო... ჩვენც მივედით, ბევრი ვიყავით და გამოგვიცხადა: ახლა დასავლეთისკენ უნდა დავიძრათ და სამტრედიაში გეტყვით, სად მივდივართ, ვისაც გაინტერესებთ, წამოგვყევითო. შინ მისვლა ვერც მოვასწარი, კამერით ხელში გავყევი. მე, კოკა ყანდიაშვილი და რამდენიმე ჟურნალისტი ვიყავით. სამტრედიაში რომ გავჩერდით, კიტოვანმა გამოაცხადა: ახლა სოხუმში მივდივართ, არძინბას ყოფა უნდა ვუტიროთო... გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს!

- ეს განცხადება თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- დიახ. მაშინ სოხუმში ისეთი სიტუაცია სულაც არ იყო, რომ ერთი მხარე მეორეს ასე დამუქრებოდა. აფხაზეთი საქართველოს ნაწილი გახლდათ, რაღაც კონფლიქტური სიტუაციები იქ უკვე იყო, მაგრამ იმ პერიოდში ასე თუ ისე, თითქოს სიმშვიდე სუფევდა. ამიტომ, კიტოვანის მუქარამ გაგვაოცა. ამასობაში, სამტრედიის ვაგზალზე ტანკები შემოიყვანეს და სოხუმისკენ გზა გავაგრძელეთ. ეს ყველაფერი გადაღებული მაქვს. ზოგიერთმა ტანკისტმა მართვა არ იცოდა და ეს ტანკები ხან თხრილში უვარდებოდათ, ხან რაღაცას ეჯახებოდნენ და მერე ჩვენს ბიჭებს თოკებით ამოჰყავდათ... ასე მივედით სოხუმამდე, სადაც სიმშვიდე იყო. არავინ ელოდა, რომ ტყვია გავარდებოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა ჩვენი პოლიციელების მსუბუქ მანქანებს სროლა აუტეხეს. ეს შეტაკება სოხუმის შესასვლელთან მოხდა და მაშინ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ვინც გადარჩა, ინტერვიუ იმ ხალხთანაც მაქვს ჩაწერილი.

- რას ჰყვებოდნენ?

- ჰყვებოდნენ, რომ სოხუმში შედიოდნენ და უცებ ტყვიების წვიმა წამოვიდა. საკუთარი თვალით ვხედავდით, ჩვენი მეგობრები როგორ იღუპებოდნენო. ეს იყო პირველი მსხვერპლი ომამდე. ამის შემდეგ ქართული ჯარი სოხუმში ტანკებით შევიდა. სოხუმთან მდებარე წითელი ხიდის აქეთ ქართული მხარე გამაგრდა და იქით - ვლადისლავ არძინბა აფხაზური ჯარი. ჩვენ იმ დროს ე.წ. გოსდაჩაზე ვიყავით - იქ, სადაც სტალინის აგარაკი იყო, შტაბი გაკეთდა. მეც იქ ვიყავი რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად. შტაბში სამთავრობო ტელეფონი იყო. ეს ტელეფონი რომ რეკავდა, ხან მე ვპასუხობდი და ხან - ვიღაც სხვა. ერთ-ერთ ზარს ვუპასუხე და შევარდნაძე რეკავდა - იმ დროს უკვე საქართველოს პრეზიდენტი. კიტოვანს სასწრაფოდ დაუძახეთ, ტელეფონთან მოვიდესო, - მითხრა. კიტოვანი იქვე იჯდა და ვანიშნე, რომ პრეზიდენტი ურეკავდა. - მოაშორე აქედანო, - მიპასუხა და ხელი ამიქნია. რა უნდა მეთქვა?.. ბატონო ედუარდ, უკაცრავად, გასულია-მეთქი, - ვუპასუხე. - გასული კი არა, ახლავე უთხარით, წითელ ხიდზე ფეხი არ გადადგას, თორემ ქართველებს ამოჟლეტენ, წინ არავინ დაიძრას, - ასე გადაეცითო! კიტოვანს შევარდნაძის სიტყვებისთვის დიდად არ დაუჯერებია და ამის გამო, საღამოს შტაბში დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ.

- ესე იგი, შევარდნაძე სოხუმში ჯარის შესვლის წინააღმდეგი იყო?

- არ ვიცი. შევარდნაძესთან ამ თემაზე არ მისაუბრია და არც ინტერვიუ ჩამიწერია, უბრალოდ, ის მოგიყევით, რისი მომსწრეც ვიყავი. დასკვნას მკითხველი თავად გააკეთებს. სხვათა შორის, თენგიზ კიტოვანს გზაშივე გამოეკიდა ავთო იოსელიანი, რომელიც უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო და აფრთხილებდა: არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც შენ სჩადიხარო. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თენგიზ კიტოვანმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მეორე დღეს ჩამოვიდა ჯაბა იოსელიანიც. ვინ რა როლი ითამაშა სოხუმში შესვლამდე, ეს მე არ ვიცი და თავს ვერ დავდებ, რომ რაღაც გადაწყვეტით ვთქვა.

GzaPress- თქვენც ფიქრობთ, რომ მაშინ სოხუმში შესვლა დიდი შეცდომა იყო?

- ჩვენ მაშინ გვეგონა, რომ სამშობლოსთვის უნდა გვებრძოლა და თუ საჭირო იყო, უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ ამ გადასახედიდან უკვე აშკარაა, რომ ეს არასწორი კი არა, საშინელი ნაბიჯი იყო, - არავითარ შემთხვევაში ტანკებით არ უნდა შევსულიყავით. ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იმ პერიოდში არც პოლიტიკური გამჭრიახობა გვეყო და არც წინდახედულობა. ეს იყო დიდი შეცდომა! იქ ჩვენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობდნენ, ეს ხომ ჩვენი სამშობლო იყო და როგორ შეიძლებოდა, იარაღით შესვლა?! უბრალოდ, რუსეთმა მაშინაც გვაჯობა: მის დაგებულ ხაფანგს კიდევ ერთხელ წამოვეგეთ და ამ კონფლიქტში ჩავერთეთ. რუსეთი ხომ ასე იქცევა: ორ ხალხს დააპირისპირებს, ერთმანეთს გააჟლეტინებს და მერე გამშველებლის როლში გვევლინება. სამწუხაროდ, ასე დავკარგეთ აფხაზეთი.

- ვიდრე ომი დაიწყებოდა, მხარეებმა მოლაპარაკება არ სცადეს?

- როგორ არა?! ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიდიოდა. ჩვენთან, სტალინის აგარაკზეც მოვიდნენ: აფხაზური მილიციის უფროსი ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი ბაღაფში. ისინი იმ დროის აფხაზეთში ცნობილი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. მათ უფლება მოგვცეს, სოხუმში მათთან ერთად შევსულიყავით და გადაგვეღო. ქალაქის კომენდანტად კიტოვანმა გია გულუა დანიშნა და მასთან ერთად, კამერით ხელში მეც გავყევი. ანქვაბის მანქანაში ვისხედით და ჩვენ ირგვლივ ტომრები ეწყო, რომ ქალაქში გამაგრებულ სნაიპერებს არ ესროლათ. ანქვაბს ხელში მეგაფონი ეჭირა და ხმამაღლა იძახდა: არ გვესროლოთ, მანქანას არ ესროლოთ, ანქვაბი ვარო... ახლაც თვალწინ მიდგას: ქალაქი აბსოლუტურად ცარიელი იყო, ქუჩებში ადამიანი არ დადიოდა. მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა, როგორ მივდიოდით დაცარიელებულ ქუჩებში, მანქანაზე ტომრები გვეწყო და როგორი სიჩუმე იდგა ჩემთვის უსაყვარლეს ქალაქში! უზენაესი საბჭოს შენობასთან აფხაზური არმია იდგა. ანქვაბი მანქანიდან გადავიდა და რაღაცას უხსნიდა. ჩვენც გადავედით. გია გულუას სამხედრო ფორმა ეცვა, მე კი ხელში კამერა მეჭირა და ვიღებდი. რომ დაგვინახეს, ჩვენკენ გამოცვივდნენ და ავტომატები მოგვაბჯინეს. კამერა წამითაც არ გამომირთავს და ეს კადრებიც შემონახული მაქვს. აფხაზურად გვეჩხუბებოდნენ. ანქვაბი მაშინ ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა: მანქანიდან გადმოხტა, გადაგვეფარა და აფხაზი მეომრები შეაჩერა. როგორც იქნა, იარაღი მოგვაშორეს და შენობაში შევედით. გადავიღეთ და იმავე მანქანით უკან დავბრუნდით.

- არ გეშინოდათ, როცა იარაღიან ხალხს იღებდით?

- რასაკვირველია, მეშინოდა, შიშის გრძნობა ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს და მეც მქონდა. როცა გადავხედავდი, სად ვიყავი, მეშინოდა, მაგრამ ოპერატორები დამიდასტურებენ: როგორც კი კამერას ჩახედავ, იმწუთშივე გავიწყდება, სად ხარ და თითქოს ყველაფერს კამერის თვალით უყურებ. ამ დროს აუცილებელია გადაიღო ის ადამიანები, რომლებიც შენ თვალწინ გმირობას სჩადიან. შენ გარდა ამას ვერავინ ხედავს და თუ გადაღებას ვერ მოასწრებ, შეიძლება ვერავინ გაიგოს, რომ ისინი გმირები იყვნენ. ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია: როცა ომში ხარ, ღირს ეს რისკი, ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და საერთოდ აღარ გახსოვს, რომ შეიძლება ბრმა ტყვია შენც მოგხვდეს.

- ამ ომმა ყველაზე ძვირფასი ადამიანი წაგართვათ...

- დიახ, მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა, რომელმაც საერთოდ დამანგრია: აფხაზეთის ომს ჩემი უმცროსი ძმა - გიორგი შეეწირა, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის აზრი იყო! სხვა ბიჭებთან ერთად, ისიც ომში გაიპარა და ვეღარ დაბრუნდა. გიორგი მხოლოდ 18 წლის გახლდათ. რომ გაიპარა, მე სოხუმში ვიყავი. დამირეკეს, დაიკარგაო. სასწრაფოდ გამოვყევი ვერტმფრენს. ვიცოდი, რომ რაჭაში წავიდა ბიჭებთან ერთად. მოძიება რომ დავიწყე, ვიღაცამ მითხრა, - ბიჭები მგონი, აფხაზეთში წავიდნენო. 3 ივლისს წავიდა და 6-ში უკვე დაიღუპა. გიორგის გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა: მაღალი, მწვანეთვალება, უცხო გარეგნობის ბიჭი იყო. მისი მეგობრები ჰყვებოდნენ, სანამ დაიღუპებოდა, ჯვარი გაუტყდა და დაკარგა, დიდხანს ეძებდა და ვეღარ იპოვაო. საშკა იოსელიანთან ვმეგობრობდი, მან მომიტანა ბოლო კადრები, რომელიც ომში გაპარული ბიჭებისთვის ვერტმფრენში გადაუღია. ალბათ ხვდებით, რას განვიცდიდი, მათ შორის ჩემი ძმა რომ აღმოვაჩინე!

- ალბათ თქვენც ბევრჯერ გიფიქრიათ: ღირდა წაგებული ომისთვის ამ ბიჭების სიცოცხლის შეწირვა?!

- იცით, ომს გენერლები აგებენ, ჯარისკაცები კი ყოველთვის გამარჯვებულები არიან, რადგან ისინი სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს თმობენ. ეს ბიჭები დამარცხებული ომის მეომრები არიან. მართალია, ამ ომში დავმარცხდით, მაგრამ ეს ბიჭები ხომ მაინც გმირები არიან?! იგივე საშკა იოსელიანი სიკვდილის შემდეგ იქცა გმირად. ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი - ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც იარაღს არ მოჰკიდებდნენ ხელს, აფხაზეთის ომი რომ არ დაწყებულიყო! ისინი თავიანთ პროფესიაში ძალიან წარმატებულები იყვნენ, კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევდნენ და ჩვენს ქვეყანას ასახელებდნენ, მაგრამ როგორც კი სამშობლოს გაუჭირდა, მაშინვე იარაღს მოჰკიდეს ხელი.

- რას განიცდით, როცა ამ ომში ჩვენი ჯარისკაცების მაროდიორობაზე საუბრობენ?

- ომი რომ დამთავრდა, მერე გავიგე, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა და ვერც ვიჯერებდი. სულ ისეთ ადგილებში ვიყავი, სადაც მართლა ომი იყო და არც მაროდიორობა მინახავს, არც სხვა დანაშაული. ბევრი ტრაგედია ვნახე, ამ ომს ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე შევწირე, მაგრამ საბედნიეროდ, მსგავსი რამ არ მინახავს!

- თუ გაქვთ იმედი, რომ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და აფხაზებს შერიგებაზე დაველაპარაკებით?

- სამწუხაროდ, ასეთ ტენდენციას ვერ ვხედავ. წლების განმავლობაში ფორმალურად ვინარჩუნებდით აფხაზეთის უზენაეს საბჭოს, ახლა აფხაზეთის მთავრობა გვყავს და მასაც ვინარჩუნებთ. ალბათ ამ უწყების არსებობა აუცილებელია, მაგრამ იმდენად ფიქციად იქცა, რომ ვეღარაფერს აკეთებს. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს, ეს არის აფხაზეთის თეატრი, რომელიც უკვე წლებია არსებობს. ეს თეატრი იქ მოღვაწე რეჟისორებმა და მსახიობებმა დღემდე საკუთარი მხრებით მოიტანეს. იქ ჩემი უახლოესი მეგობარი - გიორგი გასვიანი თამაშობს. ამ თეატრიდან არ მოდის და ამბობს: უფასოდაც რომ ვითამაშო, მაინც ვერ დავტოვებო. ეს ადამიანები მიზერულ ფასად, თითქმის უსასყიდლოდ მუშაობენ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ.

GzaPress

- ადამიანურ ურთიერთობებზე რას იტყვით?

- ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე ახლაც ვმეგობრობ აფხაზებთან. მათ შორის არის იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრის - ვლადიმერ მიქამბას შვილი - ვოვა. წლებია ვმეგობრობთ და ერთმანეთს არ ვკარგავთ. სულ მეუბნება, ჩამოდი, შენი მეგობრებიც წამოიყვანე და დაგიცავთო. მომწონს, რომ მათ ჩვენთან ურთიერთობის სურვილი აქვთ. სიციალური ქსელით, "სკაიპით", "ვაიბერით" ერთმანეთს ვეკონტაქტებით. კიდეც ვკამათობთ და ვჩხუბობთ, რადგან ის ხშირად ამბობს: აფხაზეთში სულ სხვა თაობა წამოვიდა, - დამოუკიდებელ ქვეყანაში გაზრდილი თაობაო. ცხადია, ამის გამო ვეკამათები: თქვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ხართ-მეთქი... წარმოიდგინეთ, ვოვამ ერთხელ მთელი სოხუმი გადაიღო, რაც მენატრებოდა, ყველაფერს ფოტო გადაუღო და გამომიგზავნა. კინაღამ შოკში ჩავვარდი და ეს ფოტოები "ფეისბუკზეც" ავტვირთე. სამწუხაროდ, ის მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის. ის ხომ მოგებული ომის და მოგებული გენერლის შვილია, მაგრამ მაინც სიურპრიზს სიურპრიზზე მიწყობს! ამიტომ მე მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების იმედი მაქვს, იქნებ ნელ-ნელა შერიგება მოვახერხოთ. იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენ შორის შეიძლება ყინული გალღვეს... სამწუხაროდ, ამისთვის ოფიციალურ დონეზე არაფერი კეთდება.

- მოლაპარაკებისა და შერიგების ერთ-ერთ გზად ეკონომიკური ურთიერთობაც სახელდება...

- ყველაზე მთავარი მაინც მენტალური დაბრუნება მგონია! ყველამ ვიცით, ომის დროს აფხაზები ქართველებს როგორ მალავდნენ, რომ სეპარატისტებს არ მოეკლათ. მარტო პურსა და ყველს არ გამოჰყვებიან - ეკონომიკური ურთიერთობა ალბათ ერთ-ერთი ნიუანსი უნდა იყოს. საუბედუროდ, ომი ორივე მხარემ დაიწყო და მისი შედეგები ყველამ მწარედ მოვიმკეთ. ომი იმიტომაც არის საშინელება, რომ შეიძლება ცოცხალი დაგტოვოს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი წაგართვას და მერე ამ ტკივილით გაცხოვროს! ასე გსჯის: თუ სიცოცხლეს არ გართმევს, გართმევს სიცოცხლეზე ძვირფასს, ამიტომ ომი აღარასდროს არ უნდა დაიწყოს!

ხათუნა ჩიგოგიძე