"წარმატების ფორმულა" ხათუნა ლაგაზიძისგან
font-large font-small
"წარმატების ფორმულა" ხათუნა ლაგაზიძისგან
"სამზარეულოში ტრიალი ჩემთვის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა"

მშვიდი და გაწონასწორებული მოპაექრე, რომელიც თავის აზრს რკინის ლოგიკითა და საფუძვლიანი არგუმენტებით იცავს, - ასე იცნობს ჩვენი საზოგადოება უსაფრთხოების ექსპერტს - ხათუნა ლაგაზიძეს. ქალბატონი ხათუნა დღეს ჩვენი სტუმარია და მრავალ საინტერესო თემაზე გვესაუბრება:


- თბილისში, მე-16 სკოლაში ვსწავლობდი. კარგ მოსწავლედ მიმიჩნევდნენ და ბავშვობაშიც ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული და მებრძოლი ვიყავი... სხვა გამოსავალი არც მქონდა, რადგან დედ-მამის გარეშე ვიზრდებოდი: სულ პატარა ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ და მამა ისე გარდაიცვალა, არ მინახავს. 2016 წელს პირველად ვნახე მისი საფლავი. 5 წლისას დედაც გარდამეცვალა, ბებია და დეიდები მზრდიდნენ. იძულებული გავხდი, სხვებზე ძლიერი ვყოფილიყავი და სხვებზე მეტი მეშრომა, რომ ჯერ თანატოლებს შორის და მერე საზოგადოებაში ჩემი ადგილი მეპოვა. მედალს ორი მხარე აქვს: რთულია, ვინმემ ან რამემ მშობლების არყოფნა აგინაზღაუროს, მაგრამ ეს ჩემთვის ერთგვარი მოტივატორი გახდა, რომ ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც დღეს ვარ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები: ვიქნებოდი თუ არა ასეთი, მშობლები რომ მყოლოდა? ჩემი ცხოვრება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, მძიმე ბავშვობის მიუხედავად, წარმატებას მიაღწიო. ჩემს ბავშვობაში ყოფილა დღეები, როცა შაქრიანი ჩაიც კი ფუფუნება იყო.
- რა თვისებები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?
- ხასიათის სიმტკიცე და მიზანდასახულობა დიდი ძალაა, რომლის წყალობითაც შეიძლება ყველა სირთულე დასძლიო და გადალახო. დღეს ბევრ ახალგაზრდას ხელი აქვს ჩაქნეული, რადგან ჩვენს ქვეყანაში პროტექციონიზმი და ნეპოტიზმია გამეფებული, ფულისა და "პატრონის" გარეშე გზის გაკვალვა ძნელია, მაგრამ ჩემი ცხოვრების გზა კარგი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ შენი თავის იმედითაც შეიძლება ბევრ რამეს მიაღწიო. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც სხვის ტანსაცმელში იზრდებოდა, მაგრამ ახლა თვითონ მაქვს იმის საშუალება, ხალხი დავასაქმო, ბევრ ადამიანს ხელფასი გადავუხადო და გაჭირვებიდან ამოვიყვანო. ეს გზა ბევრისთვის შეიძლება გახდეს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გახდე წარმატებული ძალიან რთულ პირობებშიც კი. შვილსაც ხშირად ვეუბნები: ჩემს ბავშვობაში იყო თოჯინა, რომელსაც "ვანკა-ვსტანკას" ეძახდნენ - ერთ მხარეს რომ დაარტყამდი, მეორე მხარეს დგებოდა და არასდროს იქცეოდა. ადამიანმა მთელი ცხოვრება ასე უნდა გაატაროს. უშეცდომო არავინაა, მაგრამ მთავარია, ასაკთან ერთად, ამ შეცდომებისგან თავის დაზღვევა ისწავლო და წაფორთხილებამ არ შეგაშინოს.
- უმაღლესი სასწავლებელიც თბილისში დაამთავრეთ?
- სამი სრულფასოვანი დიპლომი მაქვს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და ფილოლოგიის მაგისტრი ვარ, ხოლო თეატრალურ უნივერსიტეტში თეატრმცოდნეობის მაგისტრის წოდება მომანიჭეს, ახლა კი თსუ-ის დოქტორანტი ვარ და საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებით ვმუშაობ, ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა. პარალელურად გავლილი მაქვს სტაჟირება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატოსა და ევროპის ყველაზე ცნობილ უსაფრთხოების ცენტრებში. როცა ბიზნესი დავიწყე, ბუღალტერიაც შევისწავლე, "კოვიდის" დროს კი იელის უნივერსიტეტის ონლაინკურსებიც გავიარე. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რატომ უსაფრთხოების ექსპერტიო?.. 1996 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში შიდა და საგარეო უსაფრთხოების პრობლემებზე და მას მერე ეს სფერო ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარ ნაწილად იქცა. სახელმწიფოს მართვის თეორიის საკითხებში პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორიც ვარ. მოკლედ, განათლება ჩემთვის ის პროცესია, რომელიც არასდროს წყდება.
- თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით, მეუღლე როგორ ეგუება თქვენს კარიერულ წინსვლას?
- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა: ჩემმა მეუღლემ იცის, რომ პროფესიას ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ის ჩემი მთავარი იმედი და მხარდამჭერია. იმედგაცრუებისა და ხელის ჩაქნევის მომენტები ყველას გვაქვს, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს. სულ მეუბნება: მეტი შეგიძლია, ბოლომდე უნდა იბრძოლოო.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- გვიან გავთხოვდი: 35 წლის ვიყავი, როცა მომავალი მეუღლე - ამირან ჩხაიძე გავიცანი. მარტი იყო, ჩემს დაქალთან - ლელა თავართქილაძესთან ჩავედი ოზურგეთში. ლელამ კარგად იცოდა, როგორ მიყვარდა ზღვა და მითხრა, - წამოდი, ჩემს მეგობარს ურეკში სასტუმრო აქვს, ზღვასაც ნახავ და კარგადაც გვიმასპინძლებსო. ასე, სრულიად მოულოდნელად დავადექით თავზე ამირანს. უკან რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში ჩასხდომამდე, ლელა მეუბნება, - ამირანს აშკარად მოეწონეო. ეს მაშინ სასაცილოდ არ მეყო, რადგან ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 22 წელია. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა და მისი უფროსი შვილი ჩემზე მხოლოდ 4 წლით არის უმცროსი. ამას ისიც ემატებოდა, რომ სამსახური, მეგობრები, ჩემი საქმე - ყველაფერი თბილისში მქონდა. როგორია? - უნდა მოსწყდე იმ ადგილს, სადაც ამდენი გიშრომია, საკუთარი თავი შეგიქმნია... მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო, რომელიც ამ ქორწინებას შეუძლებელს ხდიდა, მაგრამ მაინც დავქორწინდით: ერთმანეთი მარტში გავიცანით და ოქტომბერში უკვე ოჯახი შევქმენით. გვყავს ქალიშვილი - 13 წლის ანა, რომელსაც მამა ხუმრობით "ომიანას" ეძახის.
- რატომ?
- ჩვენი ანა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიბადა. მშობიარობის შემდეგ პირველი სიტყვები, რაც მითხრეს, ეს იყო: ხათუნა, ომი დაიწყოო. როცა თბილისის დაბომბვა დაიწყეს, ისევ ქალმა, ჩემმა არაჩვეულებრივმა მეზობელმა - ეკა ძულიაშვილმა გაბედა ჩვენი სამშობიაროდან გამოყვანა: ცარიელი თბილისი, ჩაბნელებული და ჯარისკაცებით სავსე ქუჩები გაიარა პატარა ანამ სამშობიაროდან სახლისკენ. თუმცა, მარტო ამის გამო არ დავარქვით "ომიანა" - უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი ძლიერი ხასიათის პიროვნებას მე არ ვიცნობ, ძალიან გაწონასწორებულია და საოცრად კარგად მართავს ემოციებს. საერთოდაც, ანას თაობა სულ სხვაა. მგონია, რომ ეს თაობა საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის. ის თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, რუსულად და ჩინურად, წარმატებულია მათემატიკაში და ფიზიკაშიც. ბალეტი, ქართული ცეკვა, ჯაზი, საოპერო მუსიკა, ჯირითი, ცურვა, ციგურაობა - ყველაფერი მოსინჯა, რომ ის პროფესია აირჩიოს, რომელიც გააბედნიერებს და ბევრი სიკეთის კეთების საშუალებას მისცემს.
- საინტერესოა, ბიზნესში როგორ ჩაერთეთ?
- ჩემს მეუღლეს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის ტურისტულიც. ამ საქმემ მეც დამაინტერესა. თავიდან ბიზნესი ჩემთვის ჰობი იყო, მერე კი თანდათან ის საქმე გახდა, რომელშიც საკუთარი თავი უნდა მეპოვა. ახლა უკვე ღვინოც გაგვაქვს საზღვარგარეთ. ჩვენი ღვინო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მინდა სხვა მიმართულებებშიც ჩავერთო, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობაში. დღევანდელ მთავრობას ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ არ მინდა, ვინმეს კარგი საქმის კეთების სურვილი და მოტივაცია დავუკარგო. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად მართლაც შეუძლებელს აკეთებენ. დიდი ყურადღება ექცევა ფერმერთა განათლებასა და დაფინანსებას. სხვათა შორის, პერსპექტიულია ლოკოკინების მოშენება და სერიოზულად ვფიქრობ, ფერმა მოვაშენო. ჯერ ვსწავლობ, რა პერსპექტივები აქვს ამ ბიზნესს, რა დანახარჯებს მოითხოვს და რომელ ბაზრებზე შეიძლება გატანა.
- საქმის გამო მეუღლესთან თუ კამათობთ და პირველად რომელი თმობს?
- კამათი თითქმის ყოველთვის საქმის გამო გვაქვს. რაც შეეხება დათმობას, ორივეს გვიჭირს, ჩვენი ოჯახი მებრძოლებისაა. მიუხედავად იმისა, რომ რთული ხასიათის გახლავთ და არც მე ვარ მარტივი, ცხოვრების გზაზეც ბევრი წინააღმდეგობა გვქონია, მაგრამ როცა სერიოზული გამოწვევები დგება, ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები, პარტნიორები და გვერდში მდგომები ვართ. ეს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში ძალიან გვეხმარება.
GzaPress
- საქართველოში ძნელია, საქმიანმა ქალმა თავი დაიმკვიდროს, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ მიგრძნია, რომ კაცებზე ნაკლები საქმის კეთება შემეძლო ან მათზე ნაკლები პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. არ მახსოვს, ვინმეს ჩემი დაჩაგვრა მოენდომებინოს, რადგან ქალი ვარ. არ ვამბობ, ია-ვარდით მოფენილი გზა მქონდა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის თანაბარ პირობებში ყოფნას ვცდილობდი. მამაკაცებიც, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, როგორც თანაბარს, ისე მიყურებდნენ. შეღავათები და დახმარება არასდროს მომითხოვია. სხვათა შორის, ქალთა კვოტირების მომხრეც არა ვარ: ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა ეს?! მართალია, პოლიტიკა ურთულესი სფეროა, სადაც ადამიანს უამრავი იმედგაცრუება და დიდი შრომა უწევს, მაგრამ თუ ქალი მოინდომებს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
- ამბობთ, რომ გურმანი ხართ, მაგრამ როგორი მზარეული ბრძანდებით?
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან კარგი მზარეული ვარ. ქმარი ხშირად მეხუმრება: ასეთ გემრიელ კერძებს ნუ ამზადებ, თორემ ჩემს წონასა და ჯანმრთელობაზე ცუდად აისახებაო. ქართულ სამზარეულოში აბსოლუტურად ყველაფერს ვამზადებ და გემრიელი გამომდის. როცა ძალიან გადაღლილი ვარ, სამზარეულოში ყოფნა და სადილების კეთება სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. საცივით დაწყებული, გურული ღვეზლითა და ჩაქაფულით დამთავრებული, ყველაფერი გამომდის. მეუღლე თუ მეხმარება?.. მე მგონი, ქმარი სამზარეულოში ისე არ უნდა გაგითამამდეს, რომ დახმარება შემოგთავაზოს (იცინის), თუმცა ის ჩემი მთავარი დეგუსტატორია. ჩვენი საუბრის დასასრულს კი, არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები - ცხოველები - ყველაზე ლამაზი და ერთგული არსებები. ჯერ კატა გვყავდა, მერე - სპანიელი, ახლა - ბიგლის ჯიშის ძაღლი გვყავს. ძაღლის გარეშე ჩვენი ოჯახი ვერც კი წარმომიდგენია. ჩემს ძაღლს პასპორტით ლუნა ჰქვია, ქართულად კი ჩემმა მეგობარმა - გიორგი პაპელიშვილმა - მთვარისა დაანათლა. ლუნას შვილებით ლამის მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი მოვამარაგეთ და ხშირად ვხუმრობთ, რომ ის კონსენსუსის მთავარი წყაროა: მისი წყალობით, ჩვენი ოჯახი ოპოზიციასაც ენათესავება და ხელისუფლებასაც.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ზედმეტი პუნქტუალურობით ყველას ნერვებს ვუშლი"
რა აღიზიანებს და რა დროს უცრუვდება გული მეგობრებზე თათია თექთურმანიძეს
"თამთა გოდუაძეზე "გავედით", თუმცა ეს იდეალური ვარიანტი არ ყოფილა"
"ჩვენი ერი 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზეც ვერ გამოვიდა "ძველი აღთქმის" ტყვეობიდან"
რა ესირცხვილება ჯიმი აბესაძეს და რისი კეთება უწევდა ეკრანზე გამოჩენამდე
რის ცდუნებას ვერ უძლებს და რაზე ოცნებობს ნატუკა გულისაშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი