"საკუთარ თავს მაშინაც არ ვღალატობდი, როცა ქერა თმა მქონდა" - გზაპრესი

"საკუთარ თავს მაშინაც არ ვღალატობდი, როცა ქერა თმა მქონდა"

საკუთარ სტილზე საუბრისას, მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარს ხშირად აღუნიშნავს, რომ მოკლე ვარცხნილობასა და ქერა თმაში თავს ბუნებრივად გრძნობდა, მაგრამ ახლახან ვარცხნილობა და თმის ფერი შეიცვალა. გამოგვიტყდა, - ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი, საზოგადოება როგორ მიმიღებდა, როცა მუქ თმაში დამინახავდა, რადგან წლების განმავლობაში ქერა თმა მქონდაო...

ჯულიანა ახალ ვარცხნილობაშიც თავს ისე კომფორტულად გრძნობს, რომ მაინც დარწმუნებული იყო, გარეგნობასთან დაკავშირებულ მის ცვლილებას გარშემო მყოფები დადებითად შეხვდებოდნენ...

- ჯულიანა, როგორ ხარ?

- ძალიან კარგად. სიახლეები მიყვარს. ეს პატარა, წვრილმანი სიახლეები, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიტანე, მახარებს, პოზიტიურ განწყობას მიქმნის.

- ერთ-ერთ წვრილმან სიახლეში ვარცხნილობის, თმის ფერის შეცვლას გულისხმობ?

- თუნდაც (იღიმის).

- მახსოვს, როცა ქერა თმა, მოკლე ვარცხნილობა გქონდა, ხშირად აღნიშნავდი, რომ საკუთარი სტილი იპოვე. ახლა რა მოხდა, რომ თმის ბუნებრივი ფერი დაიბრუნე?

- საკუთარ თავს მაშინაც არ ვღალატობდი, როცა ქერა თმა მქონდა, რადგან მაშინ ზუსტად ის გარეგნობა ვიპოვე, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობდი: ჩემთვის თმის ის სიგრძე, ის ფერი ძალიან ორგანული იყო. ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომბეზრდა. უბრალოდ მგონია, რომ შინაგანად შევიცვალე და დღევანდელი ჯულისთვის თმის ის ფერი და სიგრძე უფრო მისაღებია, როგორიც ახლა მაქვს. უწინდელი სტილი არასწორი არ ყოფილა - იმ დროისთვის, იმ ხასიათისთვის ნამდვილად სწორი არჩევანი გახლდათ. მაშინ მუქ თმაში ალბათ კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი თავს, ისევე, როგორც ახლა ვერ ვიგრძნობ თავს კომფორტულად ძალიან მოკლე, ქერა თმაში... ჩემი ძველი ვარცხნილობა მომწონდა. საერთოდ, ბევრს მოსწონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველა აღნიშნავს - თურმე მუქი თმა როგორ გიხდება, ბევრად უფრო ეფექტური ხარ, თითქოს სახის ნაკვთები გამოგიკვეთაო...

- შენი შინაგანი ცვლილებების შესახებაც გვითხარი...

- უბრალოდ ვგრძნობ, რომ მცირე დეტალებიც კი შეიცვალა. გემოვნებასთან დაკავშირებულ საკითხსაც ვგულისხმობ, მაგალითად - ფრჩხილის ფორმას, კაბის სიგრძეს... თუკი წინათ გრძელ კაბას იშვიათად ვიცვამდი, ახლა ასეთი კაბები ჩემთვის ძალიან ორგანული გახდა. ტანსაცმლის მაღაზიაში რომ შევდივარ, ვგრძნობ, რომ ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც კი ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა... არ ვიცი, ეს რამ განაპირობა. შეიძლება, ასეთი პერიოდია... საერთოდ, მჯერა, რომ ბუნება ადამიანს იმ პერიოდს აძლევს, როცა უნდა განვითარდეს, შეიცვალოს. მთავარია, ადამიანმა დეგრადაცია არ განიცადოს - დადებითი ცვლილებები უნდა მოხდეს, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს... პირადად მე ცხოვრებაში ხშირად მაქვს პერიოდი, როცა სიახლე წყალივით მჭირდება: სულ ახალ-ახალი ინფორმაცია მინდა, სულ ძიებაში ვარ... მსურს, რაღაცები წავიკითხო, უფრო მეტად განვვითარდე, თუნდაც - ცეკვის სფეროში უფრო "დავწვრილმანდე", დეტალებს ჩავუღრმავდე... ალბათ მხოლოდ ჩემთვის კი არა, ბევრი ადამიანისთვის პანდემია ერთ-ერთი ძლიერი ბიძგი იყო, როცა ყველა საკუთარ თავს ჩაუღრმავდა, საკუთარ გულში ჩაიხედა და ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეძლო. რაღაცნაირად, ყოველდღიურობაში, დატვირთულ სამუშაო რეჟიმში, თითქოს იმის დრო აღარ რჩება, რომ ადამიანი მშვიდად დაჯდე და საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაიხედო - გაარკვიო, როგორი ხარ, სინამდვილეში რა გინდა... პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინი ის პერიოდი იყო, როცა მეცალა, - საკმაოდ ბევრი დრო მქონდა, რომ ჩემს გულში მშვიდად ჩამეხედა, ამომეცნო - როგორი ვარ, რა მაინტერესებს, რა მომწონს... მოკლედ, გარკვეულწილად, საინტერესო პერიოდი იყო: მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დიდი უბედურება ტრიალებს, საკუთარი თავის შეცნობის მხრივ, შემიძლია, ის პერიოდი პოზიტიურად შევაფასო.

GzaPress

- პანდემიასთან დაკავშირებული გახანგრძლივებული რეგულაციების შემდეგ ჩვეულ აქტიურ რეჟიმში დაბრუნება არ გაგიჭირდა?

- არა, კი არ გამიჭირდა, კარგი ვარჯიში, ცოტათი გიჟური რეჟიმი წყალივით მწყუროდა! მუშაობას ახალი ძალებით შევუდექით. ჩვენს მოსწავლეებს უკვე შეჯიბრება ჰქონდათ და აქტიურად ვვარჯიშობდით, ვემზადებოდით... ახლა ისევ ბათუმში მივემგზავრებით - დიდი შეჯიბრება ტარდება... ვგრძნობ, ცხოვრება გრძელდება. გარკვეულ პერიოდში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი გაჩერდა. ვფიქრობდი - ნეტავ, როდის გაგრძელდება-მეთქი? ახლა თითქოს იმედი დავინახე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- სოციალურ ქსელში, ბეჭდით დამშვენებული შენი ხელი შევნიშნე ფოტოზე. პირად ცხოვრებაში სიახლე გაქვს?

- არა, არაფერი ხდება. უბრალოდ, ბეჭდები მიყვარს (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი