"ჩემზე სულელთან ურთიერთობა არ შემიძლია" - გზაპრესი

"ჩემზე სულელთან ურთიერთობა არ შემიძლია"

თურმე, ბავშვობაში ნინო ორდენიძეს ჟურნალისტობის ისეთი ძლიერი სურვილი ჰქონდა, რომ ქუჩაში ავტომობილებს აჩერებდა და უცნობი ადამიანებისგან ინტერვიუებს იწერდა. მსახიობობაც პატარა ასაკიდანვე უნდოდა, მაგრამ რთულ 90-იან წლებში, საბოლოოდ მაინც სხვა პროფესია აირჩია... დღეს პოლიტიკის სფეროში მუშაობს, თუმცა წლების წინ, საზოგადოებამ მოდელის ამპლუაში გაიცნო...

- 90-იანი წლების მერე, მოდელობა ძალიან აქტუალური იყო, რაც ჩემი თაობის გოგონებისთვის კარგი გახლდათ - თვითშეფასებას გვიმაღლებდა, თავდაჯერებას გვმატებდა... ყოველ შემთხვევაში, მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. მაშინ სულ ქართველი დიზაინერების (ზალიკო ბერგერი, ავთო ცქვიტინიძე, მაკა ასათიანი...) პატარ-პატარა ჩვენებები იმართებოდა. ეს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში და ისიც - თბილისში ხდებოდა. ახლა მოდელებზე მოთხოვნაც გაიზარდა, კრიტერიუმებიც შეიცვალა... ახლანდელი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან კარგები და ლამაზები არიან, მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ სამოდელო კარიერა ევროპასა და ამერიკაში განაგრძონ. მასშტაბი და ბაზარი უფრო გაიზარდა, განვითარდა და მოდელები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. მინდა, ჩემი საყვარელი მოდელი, ჩემი მეგობრების შვილი - თაკო ნაცვლიშვილი დავასახელო: გარდა იმისა, რომ ჩემთვის ყველაზე ლამაზია, იცით, როგორი წარმატებულიცაა... ჩემი მოდელობის პერიოდში, წარმატება ის იყო, რომ "მის საქართველოზე" გახვიდოდი. შემდეგ "Bესტ Mოდელ" შევქმენით... მაშინ ყველაფერი საქართველოში, თბილისში ხდებოდა და აქვე რჩებოდა. მომწონს, რომ ახლა ჩვენი ლამაზი ქართველი მოდელები მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე გამოდიან.

- ახლა თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?

- რადიკალურად განსხვავებულია: გათხოვების შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა. ამიტომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ვერ ვიყავი... ამჟამად, "ევროპულ საქართველოში", საკრებულოში ვარ. სიმართლე გითხრა, პოლიტიკა ბავშვობიდან მაინტერესებდა. 2016 წელს, როცა ჩემი მეგობარი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოლიტიკოსი - ელენე ხოშტარია არჩევნებში მონაწილეობდა - ვაკეში, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ, მის საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე და პოლიტიკითაც მას შემდეგ "მოვიწამლე"...

- პროფესიით ვინ ხართ?

- დიპლომატი. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მიმაჩნია, რომ ამჟამად უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებ...

- გარეგნობაზე ზრუნვას დღესაც იმდენივე დროს უთმობთ, რამდენსაც მოდელობისას?

- მოდელების მიმართ მოთხოვნები შეიცვალა, მაგრამ მოდელი სულ ფორმაში რომ უნდა იყოს და არ გასუქდეს, ამას ჩვენც გვთხოვდნენ. გენეტიკურად მერგო, რომ წონის პრობლემა არ მაქვს. დიეტა მაშინაც არ მჭირდებოდა... რა თქმა უნდა, როგორც წინათ, ახლაც ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო. ამისთვის განსაკუთრებულს არასდროს არაფერს ვაკეთებდი. არც ბოტოქსის, არც ფილერის ინიექცია მაქვს გაკეთებული. ჩვეულებრივად, გარკვეულ პროცედურებს ვიტარებ, თავის მოსავლელად... ერთადერთი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ ცხოვრების უფრო ჯანსაღ სტილზე გადავედი: კვების რაციონი შევცვალე. ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტებით ვიკვებო... ალბათ, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგებული იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მოდელია თუ არა. უბრალოდ, ახლა, ჩემი ცხოვრების წესის გამო, როცა მოსახლეობასთან შეხვედრა მიწევს, უფრო სპორტულად ან კლასიკურად ვიცვამ. ცხადია, ასეთი ტიპის შეხვედრაზე ისეთი გამოპრანჭული ვერ მივალ, როგორც "ფეშენ ვიკზე" მივიდოდი. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება...

- დაოჯახებამ სამოდელო კარიერასთან დაკავშირებული გეგმები შეგიცვალათ თუ გააზრებულად გადადგით ეს ნაბიჯი?

- პატარა არ დავოჯახებულვარ - 26 წლის ვიყავი. გააზრებული ნაბიჯი გადავდგი. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა: ჯერ ერთი ბავშვი გაჩნდა, მალევე - მეორე... მიუხედავად იმისა, რომ ძიძაც მყავდა და დამხმარეც, მაინც სულ ვცდილობდი, ბავშვებთან ვყოფილიყავი... ცხოვრებაში გარკვეული ეტაპები სრულდება, მერე კი რაღაც ახალი იწყება... მოდელი რამდენი წლის განმავლობაში უნდა ვყოფილიყავი? ჩემთვის ეს პროფესია არ ყოფილა, ჰობი გახლდათ: პირველად ჩემი უახლოესი მეგობრის - ზალიკო ბერგერის (ახლა ჩემი შვილის ნათლიაა) სამოსის ჩვენებაზე გამოვედი. შემდეგ მოვლენები რაღაცნაირად აეწყო... სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ძალიან გამათამამეს: უამრავი გოგონა ჩემზე მეტად შრომობდა, პოდიუმზე გამოდიოდა, მაგრამ ამაში გამიმართლა - ჟურნალისტებმა პოპულარული გამხადეს. შეიძლება, ცხოვრებაში პოდიუმზე სულ ათჯერ ვიყო გამოსული, მაგრამ ჩემი ფოტოები სულ გარეკანზე იყო დაბეჭდილი. ჩემ შესახებ იძახდნენ, - მისი ფოტო სულ ყდაზე რატომაა, ფულს იხდისო (იღიმის)?.. ძალიან გულახდილი რესპონდენტი ვარ. საერთოდ, თქვენი პროფესია მიყვარს. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ხომ მენდომებოდა, რესპონდენტი შებოჭილი არ იყოს, გულახდილად მესაუბროს?..

GzaPress

- თქვენი პოპულარობა როგორ დაიწყო?

- იმ პერიოდში, კლუბი "ჯოი" არსებობდა, რომელიც ჩვენი თაობისთვის ძალიან მოდური იყო. მახსოვს, ვანიკო თარხნიშვილმა და მაკა ასათიანმა "ივენთი" მოაწყვეს. მაშინ გადასარევი "ივენთები" ეწყობოდა. ახლა ისეთი საღამოები აღარ "კეთდება". თან, მაშინდელ "ივენთებს" "გემოც" სხვანაირი ჰქონდა, რადგან ნელ-ნელა 90-იანი წლებიდან გამოვედით, შუქი აინთო, ყველაფერი ახალი იყო... მოკლედ, ჩემ მიერ ნახსენებ "ივენთზე" წითელი კაბა მეცვა და სკამიდან გადმოვვარდი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჟურნალში ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა - ვანიკო თარხნიშვილის და მაკა ასათიანის "ივენთზე", ნინო ორდენიძე იმყოფებოდა, რომელსაც ულამაზესი წითელი კაბა ეცვა და სკამიდან ჩამოვარდაო. ეს იყო პირველი, რაც ჩემ შესახებ დაწერეს. მერე ხან ვინ მირეკავდა და ხან - ვინ, ინტერვიუს მთხოვდნენ...

- გულწრფელობა არასოდეს გინანიათ?

- არასოდეს. მინდა, ყველა მაშინდელ ჟურნალისტს მადლობა გადავუხადო: შეიძლება, ბევრჯერ ზედმეტად გულწრფელად მითქვამს რაღაც, მაგრამ ინტერვიუსთვის ცუდი სათაური არასოდეს "გამოუტანიათ" და ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. ახლა ის ჟურნალისტები ცნობილი გადაცემების პროდიუსერები არიან. მათთან ძველებური ურთიერთობა შენარჩუნებული მაქვს, ტელეგადაცემებში სტუმრად სულ მივდივარ, ოღონდ - ახლა უკვე პოლიტიკურ თუ სოციალურ თემაზე სასაუბროდ ან სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში. მოკლედ, ჟურნალისტებისგან სითბოსა და სიყვარულის მეტი არაფერი მიგრძნია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოპოზიციური პარტიის წევრი ვარ...

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- ჩემი უსაყვარლესი მეუღლე - ლევან გვაზავა პოლიციის გენერალ-მაიორია წოდებით. არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლავთ. მყავს 2 გოგონა - 13 წლის დოდოშკა და 10 წლის მაშო, ასევე - არაჩვეულებრივი ძმისშვილები... 1 წელიც არაა გასული, რაც მამა გარდამეცვალა. ჩემთვის ეს დიდი ტრაგედია და ტკივილია... რამდენიმე წელია, საცხოვრებლად წყნეთში გადმოვედით. მყავს გადასარევი ფისო, 2 უზარმაზარი ძაღლი, ბევრი მეგობარი, მაქვს კარგი, საყვარელი სამსახური, რადგან მნიშვნელოვანია, ადამიანი იმას აკეთებდე, რაც გიყვარს და გსიამოვნებს. საინტერესო, დატვირთული ცხოვრება მაქვს...

- თქვენს გოგონებს რა ინტერესები აქვთ?

- უფროსი გოგონა - დოდოშკა ძალიან კარგად ხატავს. მითანხმებს - სკოლის დამთავრების შემდეგ, ამერიკაში სასწავლებლად ხომ გამიშვებო? აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კამალა ჰარისს გულშემატკივრობდა - წარმოიდგინე, დედიკო, ამერიკა რა მაგარი ქვეყანაა, ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდაო!.. კარგად სწავლობს. მოწესრიგებული და მიზანდასახულია, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა აქვს. მშვიდი, დინჯი გოგონაა. მის ასაკში ძალიან აქტიური ვიყავი. სამაგიეროდ, უმცროსი გოგონა - მაშოა საოცრად აქტიური - ფაქტობრივად, მე ვარ "კუბ-კვადრატში" (იცინის). სკოლაში გასაუბრებაზე რომ მივიყვანე (ვიდრე პირველ კლასში შევიდოდა) და ფსიქოლოგმა ჰკითხა, რა უნდოდა გამოსულიყო, უპასუხა, - პოლიციელიო. ფსიქოლოგმა გამომხედა. ვუთხარი, - მამა გენერალი ჰყავს და ალბათ, ასე ამიტომ გიპასუხათ-მეთქი (იცინის)... ამ ქვეყანაზე თუკი რამე ხდება, მაშომ ყველაფერი იცის. ისეთ პოლიტიკურ ანალიზს "დაგიდებს", ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკოსს ისე შეგიფასებს, გაოცდები. სოციალურ ქსელში თუკი რამე ჯგუფია, ყველგან გაწევრებულია. იუმორის საოცარი გრძნობა აქვს. კარგად სწავლობს, პასუხისმგებლიანი ადამიანია. მას უფრო მათემატიკური ნიჭი აქვს...

GzaPress

- ნინო, იმ პერიოდიდან, როცა პოპულარული იყავით, როგორც მოდელი, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- უბრალოდ, ის დრო იმიტომ მენატრება, რომ პატარა ასაკის ვიყავი; რა თქმა უნდა, ის დრო მენატრება, როცა მამა ჯერ ისევ მყავდა... დღეს საკმაოდ სავსე და ფერადი ცხოვრება მაქვს - საინტერესო საქმით, ადამიანებით, თავგადასავლით... ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ჩემზე სულელთან ურთიერთობა არ შემიძლია... რაც პოლიტიკურად აქტიურ პროცესებში ჩავერთე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროცესია "კარდაკარის" პროგრამაში მონაწილეობა, როცა ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა მიწევს. ასეთ დროს ადამიანების მაჯისცემას უსმენ - ზუსტად ხედავ და ხვდები, რა პრობლემები აქვთ. ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ - უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, თუ გინდა ხვდებოდე, შენ გარშემო რა ხდება, აუცილებელია, ყველანაირი კატეგორიის ადამიანს შეხვდე და დაელაპარაკო, მათი პრობლემა გაიგო... ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი რომ დაიწყება, ვაპირებ, მთაწმინდაზე ვიაქტიურო. გამოცდილება უკვე მაქვს. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, ეს გაინტერესებდეს. თუ ამას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ, არაფერი გამოვა - ხალხი კარგად გრძნობს, როცა ატყუებენ...

- ალბათ, თქვენ შესახებ ჭორებიც ვრცელდებოდა, როცა პოპულარობის ზენიტში იყავით, არა?

- ისეთი არანორმალური ვიყავი, რომ ჩემ შესახებ ცუდი ჭორებიც კი მაინტერესებდა. ჩემს მეგობარ გოგონებს ვეკითხებოდი - ჩემზე ჭორები არ იცით? მომიყევით-მეთქი (იცინის)? ისინი ნერვიულობდნენ, მე კი - სიცილით ვკვდებოდი.

- თქვენ შესახებ გავრცელებული რომელიმე ჭორი გვითხარით...

- მაგალითად - თითქოს ჩემს ქმარს ჯადო გავუკეთე (იცინის). ასეთი უაზრო ჭორები ვრცელდებოდა. პოპულარობას ეს ყველაფერი მოჰყვება. ცხადია, არასასიამოვნოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველას ვერ მოსთხოვ, ისე გიცნობდეს, როგორც ოჯახის წევრები და მეგობრები გიცნობენ. ყველაზე მთავარია, გულახდილი იყო - ამას ხალხი კარგად გრძნობს.

ეთო ყორღანაშვილი