"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - გზაპრესი

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო"

თეონა აქუბარდიას არ უყვარს პოპულისტური და "ყვითელი" ურთიერთობები მედიასთან. "გზა" მკითხველს წარმატებულ ახალგაზრდა პოლიტიკოს ქალს წარმოგიდგენთ, რომელმაც რთული და საინტერესო გზა გაიარა პარლამენტარობამდე.

თეონა აქუბარდია:

- დავიბადე თბილისში, 1978 წლის 9 ოქტომბერს. მშობლებისთვის პირველი შვილი ვიყავი და ჩემი დიდი ოჯახისთვის პირველი ბავშვი, ამიტომაც პატარაობიდანვე ჩემზე ზრუნავდნენ როგორც ბებიები, ასევე მამიდა და ბიძა. მშობლები მუდამ საზოგადოებრივ საქმეში მონაწილეობდნენ. დედა, პოეტი ლია ბედოშვილი დისიდენტურ მოძრაობაში გახლდათ ჩართული, შემდეგ იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა... ამიტომ შაბათ-კვირას, როგორც წესი, ბებიასა და ბიძასთან ვატარებდი. სწორედ ბიძის, თამაზ აქუბარდიას დამსახურებაა ის განათლება, რაც დღეს მაქვს. მახსოვს, როგორ მირჩევდა წიგნებს, შემდეგ ერთად ვარჩევდით მათ. როცა მისი ბიბლიოთეკა ამოვწურე, მამიდა (რომელსაც ასევე კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა) მამარაგებდა წიგნებით. ბებია - ლამარა გეგეჭკორი პატარაობიდანვე ზრუნავდა, რომ მაქსიმალური განათლება მიმეღო. სამი წლის ასაკში შემასწავლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და ამაყობდა, რომ ზეპირად ვიცოდი ყველა ქვეყნის დედაქალაქი. ტკბილად მახსენდება საზაფხულო არდადეგები, რომელსაც ძირითადად სამეგრელოში, ბებიასთან ერთად ვატარებდი. მან ჩემ გამო სამსახურსაც კი დაანება ერთ ზაფხულს თავი. როგორც წესი, დავყავდი მთელ სამეგრელოში, ნათესავებთან. საოცრად უყვარდა საქართველოს ისტორია და გზად სულ მიყვებოდა ამა თუ იმ ციხის ამბავს ან მეფეთა ცხოვრებას. ალბათ მისი დამსახურებაა ისიც, რომ მამაჩემს დაჰყვა ისტორიის სიყვარული. იმის გამო, რომ ისტორიის ფაკულტეტზე დიდი კონკურსი იყო, "პატრონი" და ფული გახლდათ საჭირო იქ მოსაწყობად, მამამ თსუ-ში სხვა სპეციალობით ისწავლა, თუმცა მისი რჩევით ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე და ამას ბებიასაც ვუმადლი დღემდე. მახსოვს, სკოლაში ისტორიის მასწავლებელი საკმაოდ მკაცრი იყო და მხოლოდ ერთ ჩემს თანაკლასელს აქებდა ისტორიის ცოდნის გამო. მახსოვს, როგორ გაიღვიძა ჩემში კონკურენციის გრძნობამ, რის შემდეგაც ქებაც დავიმსახურე და ფრიადით დავხურე წელი. ის ჩემი თანაკლასელი მოგვიანებით ჩემი ქმარი გახდა და სულ მახსენებდა, მე რომ არ ვყოფილიყავი, ისტორიას ასე ხომ ვერ ისწავლიდიო.

90-იანები

- ჩემი ბავშვობა ქვეყნის ქარტეხილებს დაემთხვა. მახსოვს 9 აპრილი, მიტინგზე მოწამლული დედა და დამოუკიდებლობის აღდგენა, მთაწმინდის პანთეონში დედ-მამამ როგორ ამიყვანა მერაბ კოსტავას საფლავზე, რომ ეს ამბავი იქ მისთვის ეხარებინათ. შემდეგ ბნელი 90-იანები და გაუთავებელი პურის რიგები, სადაც დილის 8-დან ღამის 12-მდე მიწევდა რიგში ყოფნა; მუსიკის გაკვეთილები, გაყინული სკოლის კლასში, სადაც ჯერ ხელებს ვითბობდი, რომ დაკვრა შემძლებოდა. ჰო, ნავთის ქურა მახსოვს კიდევ და მეზობლები, რომლებიც ერთად ვცდილობდით მძიმე ზამთრის გადაგორებას: ვიყოფდით საჭმელს. მახსოვს ჰუმანიტარული დახმარების კარტოფილის პიურეს გემო და პირამიდის ჯინსები, მამამ რომ მიყიდა ისნის ბაზრობაზე...

მამა

- ფუფუნებაში არასდროს მიცხოვრია და მაშინ, როცა მამამ ტელევიზია შექმნა, მაოცებდა ხალხის გაკვირვება, რომ ტელევიზიის მფლობელის შვილს როგორ შეიძლებოდა უბრალო ცხოვრება ჰქონოდა... ვინც მამას იცნობს, იცის, რომ ის ძალიან უბრალო და უშუალო კაცია. არასდროს უყვარდა ფულიანი ხალხი. მუდამ წიგნებს კითხულობდა და პოლიტიკით იყო დაინტერესებული. თვითონაც ღარიბი ოჯახიდან გახლდათ. ბებიამ მარტოკამ გაზარდა სამი შვილი და ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ ბოლო კაპიკს იკლებდა, თუმცა სამივე შვილს უმაღლესი განათლება მიაღებინა.

ასპირანტურაში რომ ჩავაბარე, ბებიამ სახლში ოჯახური სუფრა (მეგრული ხარჩო და ღომი განუყოფელი ნაწილი იყო ოჯახური შეკრებების) გაშალა და ამაყობდა, რომ მისმა ერთადერთმა შვილიშვილმა ასახელა... განათლების საკითხებში, როგორც გითხარით, ბებია და ბიძა იყვნენ ჩემზე პასუხისმგებელი, მშობლები ნაკლებად ერეოდნენ ამაში. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკას, აქ უკვე მათი როლი იყო გადამწყვეტი. ჯერ კიდევ პატარაობაში დავყავდით მე და ჩემი და მამას მიტინგებზე. მახსოვს 9 აპრილის აქციები. თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო, მამამ თავისი "ლუაზით" რომ წაგვიყვანა, ისტორიაა და დაიმახსოვრეთო... მახსოვს გია ჭანტურიას დაკრძალვა, მამამ როგორ ძლიერად ჩამავლო ხელი, რომ მუჭა მიწა მეც მიმეყარა მისთვის. ისტორიები მრავლად იყო... ჰო, ბაზარში სიარული მამას ძლიერ უყვარდა და სულ თან დამატარებდა. როცა დავოჯახდი, მერეც ერთად დავდიოდით. მანქანა არ გვყავდა და რადგან ნავთლუღის ბაზარში ყველაფერი შედარებით იაფად იყო, გაყოლას ვთხოვდი. ცალ-ცალკე დავდიოდით და მერე ფასებს ადარებდა ჩემი და მისი გადახდილის. მახსოვს, ერთხელ მანდარინები ვიყიდეთ. აღმოაჩინა, რომ მე უფრო იაფად მქონდა ნაყიდი. ალბათ ხეთის არ იქნებაო. გადაამოწმა და როცა მიხვდა, ამჯერად მე ვაჯობე, ჯერ გაბრაზდა და მერე, - ის ურჩევნია მამულსაო... მამას ბაზარში ხალხთან ურთიერთობა, მათი მოსმენა უყვარს და მერე ადამიანების პრობლემებზე ეთერში საუბრობს. ყველა ბაზარში ჰყავს ნაცნობები... მამა ყოველთვის ხელმარჯვე იყო, თავისი ხელით აკრავდა შპალერს, ელექტრობას აკეთებდა. მიხაროდა და ვეხმარებოდი. სახლში ახლაც მე ვაკეთებ ამ საქმეს. ერთხელ მოკლე ჩართვა მოხდა და ტელეფონით მიკარნახა, როგორ გამეკეთებინა. როცა შევაკეთე, გაუხარდა, ჩემმა შვილმა ყველაფერი უნდა იცოდესო.

16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ. რთული დრო იყო მაშინ. ვსწავლობდი, ჩემზე 15 წლით უმცროს ძმას ვუვლიდი, მამასთან ხშირად გავდიოდი ფულის სათხოვნელად, პროდუქტი რომ მომეტანა სახლში. მისაღები გამოცდების წინ ისე ვინერვიულე, სამი დღე ვერაფერი ვჭამე. მამამ დამირეკა, - აბა, ხომ არ ნერვიულობ, დილას რით მიდიხარ მაღლივშიო? - კი, ვნერვიულობ, მაგრამ ჩავაბარებ-მეთქი, - ვუთხარი. დილას ტაქსი გამომიგზავნა და მარტო წავედი გამოცდაზე. როცა გამოვედი, გარეთ დამხვდა. ახლა წამო, უნდა გაჭამოო, და იმელის სასადილოში წამიყვანა. 96 წელი იყო. პირველად ვიყავი იმელის შენობაში. ვიღაცებს ეუბნებოდა, - ჩემი გოგო სტუდენტი ხდება, დღეს პირველი გამოცდა ჩააბარაო.

GzaPress

განათლება

- თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტზე ახალი გახსნილი იყო დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა, პირველ კორპუსში. დედას ძალიან უნდოდა იმ კორპუსში მესწავლა, სადაც ოდესღაც თვითონ სწავლობდა და ასეც მოხდა. პირველი გამოცდა მახსოვს. სამი ღამე მეცადინეობაში გავატარე და ვთქვი, რომ თუ გამოცდაზე ფრიადს მივიღებდი, ამ ქულით დავხურავდი ბაკალავრის ხარისხს. ოთხ წელიწადში წითელი დიპლომი ავიღე. შემდეგ იყო მაგისტრატურა, ისიც წარჩინებით დავასრულე, შემდეგ ასპირანტურა. კანონი შეიცვალა და დოქტორანტურაში ჩავაბარე. 2005 წელს მუშაობა დავიწყე პირველ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა. დავით გამყრელიძე იყო გამგეობის თავმჯდომარე. მისგან დიდად დავალებული ვარ არა მხოლოდ სამსახურის, არამედ იმ წრის გამო, სადაც ბევრი ახალი ვისწავლე და რის გამოც დღეს უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი მქვია. მახსოვს, როგორ შემომთავაზა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ფრაქციის მოწვეულ სპეციალისტად მემუშავა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან უსაფრთხოების საკითხებში ბევრი სპეციალისტი არ ჰყავდა ქვეყანას. თან ვიყავი ქალი (სტერეოტიპები, მოგეხსენებათ...) ამ სფეროში, რომელსაც თავდაცვის საკითხებში რჩევა უნდა მიეცა ფრაქციისთვის. ცხონებული კახა კაციტაძე მიხსნიდა სტრატეგიის საფუძვლებს. სხვები სამხედრო თემებში მარკვევდნენ. ეს იყო უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი სფერო, სადაც დავინახე საკუთარი თავიც და შესაძლებლობებიც.

არ მავიწყდება ჩემი პირველი მოხსენება კონფერენციაზე. ხმა მიკანკალებდა. ვიდექი დარბაზში 25 წლის გოგო და სავალდებულო სამსახურის კანონში ცვლილებებზე ვსაუბრობდი. ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ყველა ის კაცი, ვინც ჩემ ირგვლივ მუშაობდა, მხარს მიჭერდა. უამრავი კურსი გავიარე წლების მანძილზე. პრაქტიკული გამოცდილება პროცესში მივიღე, თუმცა ამოცანად მქონდა, აკადემიური განათლება მიმეღო. 2015 წელს ეს ამოცანაც რეალობად იქცა. უშიშროების საბჭოში ვიყავი მოადგილედ, როცა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯში საქართველოს კანდიდატად ამირჩია ელჩმა. საუკეთესო და ურთულესი წლის შედეგად გავიარე ერთწლიანი უმაღლესი სტრატეგიული სწავლების კურსი კოლეჯში და იმავდროულად დავამთავრე კინგს კოლეჯის მაგისტრატურა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის სპეციალობით. ვისწავლე 54 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა 90 პროცენტი ოფიცერი იყო. ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა დამენახა განსხვავებულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება, მესწავლა სხვისი თვალით როგორ ვჩანდით საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში და გამეკეთებინა ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა პოლიტიკაში წასვლაც. დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვარ ოპოზიციიდან და მიზნად მაქვს აქტიური მუშაობა დეოკუპაციის თემაზე, თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების პრობლემატიკის გახმოვანებისთვის, კონკრეტული ინიციატივების გზით ამ საკითხების მოგვარებისთვის.

აფხაზეთი

- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ბაბუა გალშია დაკრძალული. ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ეს საკითხები. დღეს ბევრი რამ გვყოფს საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს. მე ვეცდები, ამ საკითხის გარშემო შევძლოთ გაერთიანება, რადგან მხოლოდ ეს არის გზა, რაც ჩემს სახლში, გალში ჩამიყვანს, სოხუმსა და ცხინვალში დაგვაბრუნებს. შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, თუმცა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს მოხდება.

როლანდ ხოჯანაშვილი