რას ფიქრობს მწერალი თანამედროვე საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაზე - გზაპრესი

რას ფიქრობს მწერალი თანამედროვე საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაზე

XXI საუკუნის საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე დგას. ჩვენს საზოგადოებას ყოველდღიურად უწევს დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მოსმენა და უამრავი ნეგატიური ინფორმაციის გადახარშვა... როგორ აფასებს თანამედროვე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მწერალი დათო ტურაშვილი? - ამის თაობაზე ჩვენი ბლიც-ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო დათო, რომელ ეპოქას ან რომელი მწერლის ქმნილებას მოგაგონებთ დღევანდელი საქართველო?

- მადლობა ასეთი საინტერესო შეკითხვისთვის, მაგრამ ნებისმიერი დრო და ეპოქა, ადამიანივით ერთადერთი და განუმეორებელია სინამდვილეში და დღევანდელი საქართველო ჰგავს მხოლოდ დღევანდელ საქართველოს, რომელსაც მწერლები (რამდენიმე მიზეზის გამო), მომავალში უკეთესად აღწერენ.

- რთული ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა, ახალგაზრდობა, რომელიც ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებშია ჩაფლული, გაზრდილი ემიგრაცია - თქვენი აზრით, ამ პრობლემებიდან რომელია ჩვენთვის ყველაზე საგანგაშო და რატომ?

- ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის არასაკმარისი განათლება და შესაბამისად - არასაკმარისი კვალიფიკაცია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ გამოსავალი განათლებაშია და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა პროფესიონალების ქვეყანა გავხდებით. პროფესიონალიზმი კი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.

- თუ ხედავთ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოსს, რომელიც ჩვენს სამშობლოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს?

- თუ ბელადს გულისხმობთ, ასეთი პოლიტიკოსი და პარტია საჭირო არ არის, თანამედროვე და წარმატებულ სახელმწიფოებს ქმნიან თანამედროვე ცნობიერების ადამიანები - ისინი, ვინც არ ელიან მესიებს და საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას; ისინი, ვისაც ზუსტად ესმის, რას ნიშნავს თანამედროვე მოქალაქე, რომელიც საბჭოთა მენტალური მემკვიდრეობისაგან თავისუფალია.

- როგორ შეაფასებდით განათლების და კულტურის დონეს 21-ე საუკუნის საქართველოში?

- საქართველოში უამრავი კულტურული და განათლებული ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ძირითადად, ისეთები ხვდებიან, ვისაც კულტურაც აკლია და განათლებაც, პროფესიონალიზმიც და პატრიოტიზმიც. ამის კარგი მაგალითია დღევანდელი პარლამენტი - რასაკვირველია, იქ წიგნიერი გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ბევრი მხოლოდ იმიტომ არის, რომ საკუთარი მილიონები დაიცვას და არა ამ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები. მეტიც, ბევრია სწორედ ისეთი, ვისაც არასოდეს უფიქრია დეპუტატის კანონშემოქმედებით ფუნქციაზე და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი ქონება, სანამ პარლამენტის წევრია.

- დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარეს ლიბერალური ფასეულობების დამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს - კონსერვატორები. რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ მათ შეხედულებებში?

- ლიბერალი სინამდვილეში, იყო ილია ჭავჭავაძე და რაც აკლიათ დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს (ყველას არ ეხება), სწორედ პოლიტიკური იდეებია. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი უბედურება სწორედ ის არის, რომ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა, სიმპათიურად მხოლოდ მაშინ გამოიყურება, როცა ოპოზიციაშია... ხელისუფლებაში რომ ხვდებიან, მერე იმ მხეცებს ემსგავსებიან, მანამდე რომ თვითონაც ებრძოდნენ.

- დაბოლოს, თუ გაქვთ იმედი, რომ შემოდგომაზე დანიშნული კიდევ ერთი არჩევნების შემდეგ ჩვენს სამშობლოში სიტუაცია შეიცვლება?

- უკეთესობის იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, არამედ იმ გენეტიკური კოდისა და მეხსიერების გამო, რომელიც სულ გვკარნახობდა გამოსავალს და რომლის გამოც, დღემდე მაინც მოვედით, როგორც უძველესი და უნიკალური ცივილიზაცია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც თავს გადაგვხდა...

ხათუნა ჩიგოგიძე