"უკვე ქართულად ვაზროვნებ, ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა" - გზაპრესი

"უკვე ქართულად ვაზროვნებ, ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა"

რამილია ალიევამ კითხვა 4 წლის ასაკში დაიწყო, ოღონდ - აზერბაიჯანულად. ახლა უკვე რამდენიმე ენას სრულყოფილად ფლობს და ამ ენებზე ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც თავისუფლად კითხულობს. ამჟამად ტელეწამყვანი, ჩვენი ქვეყნის იმ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციას ცდილობს, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა დგას, საქმეში ჩაფლულს კი წიგნის კითხვისთვის ნაკლები დრო რჩება.

- წიგნი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც სამსახურის გამო ხშირად ვღალატობ, მაგრამ ვცდილობ, დღეში 10-15 გვერდი მაინც წავიკითხო.

- ამჟამად რას კითხულობ?

- გრეგორი დევიდ რობერტსის "შანტარამს", რომელიც მსოფლიო ბესტსელერად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ დავინტერესდი: ვიფიქრე, ვნახავ, ასეთი პოპულარული ნაწარმოები როგორი დონისაა-მეთქი. ჯერ მხოლოდ პირველი ტომის ნახევარი მაქვს წაკითხული - საინტერესოა... ასევე, რამდენიმე წიგნი მაქვს შერჩეული, რომელთა წაკითხვასაც ზაფხულში ვგეგმავ. ძირითადად თურქული ლიტერატურული ნაწარმოებები შევარჩიე, მათ შორის - ელიფ შაფაქის და აჰმედ უმუთის წიგნები. თურქეთში აჰმედ უმუთი ერთ-ერთი პოპულარული მწერალია. საინტერესოდ წერს. სამწუხაროა, რომ მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე ნათარგმნი არაა.

- ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომელ ენებზე კითხულობ?

- ქართულად, აზერბაიჯანულად, თურქულად, რუსულად და ინგლისურად. ინგლისურს ჯერ იდეალურ დონეზე არ ვფლობ, მაგრამ რაღაცების წაკითხვა შემიძლია, დანარჩენი ოთხი ენა კი ჩემთვის მშობლიურივითაა. ამ ენებზე ნებისმიერი სირთულის წიგნის წაკითხვა შემიძლია. საერთოდ, ენების მიმართ ასეთი მიდრეკილება და სიყვარული მას შემდეგ გამიჩნდა, რაც წიგნებთან პირველი კონტაქტი მქონდა: იმ ენების შესწავლა მომინდა, რომლებზეც თავად ნაწარმოებების ავტორები წერდნენ. მიმაჩნია, რომ თარგმანი ყველა იმ ემოციას მაინც ვერ გადმოსცემს, რაც ავტორს აქვს ჩადებული ნაწარმოებში, თუმცა ბევრი კარგი თარგმანი წამიკითხავს.

- პირველად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხე და რომელ ენაზე?

- 4 წლის ვიყავი, როცა უკვე კითხვა ვიცოდი, ოღონდ - აზერბაიჯანულად. ქართული საკმაოდ გვიან ვისწავლე, რასაც თავისი მიზეზები აქვს... პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, აზერბაიჯანული ეპოსი - "ქოროღლუ" იყო, რომელიც დღემდე შინ, ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს შენახული.

- შემდეგ წიგნებთან შენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?

- სკოლის დამთავრებამდე, წიგნებს მხოლოდ აზერბაიჯანულად და რუსულად ვკითხულობდი. სახლსა და უბანში, ვისაც რამე წიგნი ჰქონდა, ყველა წავიკითხე. მოკლედ, აზერბაიჯანული ლიტერატურიდან თითქმის ყველაფერი წაკითხული მაქვს, თუმცა თანამედროვე აზერბაიჯანულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ. პანდემიის გამო, დიდი ხანია, აზერბაიჯანში არ ვყოფილვარ. შესაბამისად, ახალი წიგნები არ მიყიდია, საქართველოში კი აზერბაიჯანული წიგნები არ იყიდება... რუსულ ენაზე უფრო რუსულ და მსოფლიო ლიტერატურას ვკითხულობდი. შემდეგ, როცა ქართული ენის სწავლა დავიწყე, რა თქმა უნდა, ქართულის კარგად შესასწავლად ლიტერატურის კითხვა აუცილებელი იყო. ქართული წიგნების კითხვა შედარებით იოლად წასაკითხი ლიტერატურით დავიწყე, რაც ენის შესწავლის პროცესს გამიადვილებდა: ნოდარ დუმბაძის ყველა ნაწარმოები წავიკითხე. შემდეგ სხვა ქართველი მწერლების შემოქმედებას გავეცანი: ილია ჭავჭავაძის, კონსტანტინე გამსახურიდას ნაწარმოებები წავიკითხე... ფავორიტი წიგნები დღემდე მაქვს, რომლებსაც პერიოდულად ვუბრუნდები.

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეცნობი?

- დიახ. აკა მორჩილაძის ნაწარმოებები ძალიან მომწონს. დათო ტურაშვილის თითქმის ყველა წიგნი წაკითხული მაქვს... მინდა, თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები აზერბაიჯანულ ენაზე გადავთარგმნო, რადგან მომწონს და კარგი იქნებოდა, თუ აზერბაიჯანელი მკითხველიც წაიკითხავდა... თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანაც" საინტერესო წიგნია...

ისეთი წიგნებიც არსებობს, რომლებიც ვერ წავიკითხე, - კითხვა დავიწყე, მაგრამ ვერაფრით დავასრულე, გული ვერ დავუდე... როცა წაკითხვა მინდა, ძირითადად თავად ვყიდულობ - მინდა მქონდეს, რადგან შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ წიგნთან "დაბრუნება" მომინდეს: 17 წლის ასაკში წაკითხული წიგნიდან მიღებული ემოცია და 27-28 წლის ასაკში წაკითხული იმავე წიგნიდან მიღებული ემოცია ერთნაირი არ არის...

- ელექტრონული წიგნების წაკითხვას ამჯობინებ თუ ბეჭდურის?

- მხოლოდ ბეჭდურ ვერსიას ვკითხულობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ არა, მაგრამ ელექტრონულს ვერ ვკითხულობ. ვერც აუდიოწიგნებს ვუსმენ - წიგნს უნდა ვეხებოდე... ძალიან დავინტერესდი, ეს ჩვევა რატომ მაქვს. წავიკითხე, რომ თურმე, "კინდლმა" ისეთი პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორსაც ელოდნენ და კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს წიგნის სუნი, წიგნის გადაფურცვლა, მასთან შეხება, წაკითხვა მოსწონთ... ეს განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა: მხატვრული ლიტერატურა გეხმარება, ცოტა ხნით სხვა სამყაროში გადახვიდე... უამრავი სამეცნიერო წიგნია, რომელიც ადამიანის თვითგანვითარებისკენ არის მიმართული, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასევე უამრავი უაზრო წიგნი არსებობს, მაგალითად - "როგორ გავხდეთ მილიონერი?" ასეთ წიგნებს ადამიანები კითხულობენ, მერე კი ნერვიულობენ, - წავიკითხეთ და მილიონერები რატომ არ გავხდითო?! წიგნს აბრალებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი წიგნის ბრალი არ არის (იცინის)... მრავალფეროვან პერიოდში ვცხოვრობთ. კარგია, რომ შეგვიძლია, წასაკითხად სასურველი წიგნი ავირჩიოთ... საკუთარ თავს ვუსურვებ, კითხვას მეტი დრო დავუთმო. ეს ახლა ძალიან მაკლია, რადგან უამრავ საქმეს ვაკეთებ. ახლაც, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის ოლიმპიადას ვატარებ. ბოლო პერიოდში, იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი არაქართულენოვანი თანამოქალაქეები ცხოვრობენ და საერთოდ, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა პრობლემაა, ქართული ენის პოპულარიზაცია ჩემი სტიქია გახდა. ამ საქმეებში ჩაფლულს წიგნების წასაკითხად ბევრი დრო არ მრჩება, მაგრამ მალე შვებულება მექნება და 2 კვირას აუცილებლად იმ წიგნების კითხვას დავუთმობ, რაც ამ წლისთვის გადანახული მაქვს. საერთოდ, პერფექციონისტი ვარ. მიყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია, ხოლო თუ ასე არაა, მაშინ წესრიგის დამყარებას თავად ვიწყებ. წიგნების მიმართაც ასეთი განწყობა მქონდა: წლის დასაწყისში უკვე ვიცოდი, რომელი წიგნები უნდა წამეკითხა. მქონდა "რეკორდები" და ინტერესი - ჩემივე რეკორდს თუ გავაუმჯობესებდი.

- წლის განმავლობაში რამდენი წიგნის წაკითხვაა შენი რეკორდი?

- ერთ-ერთ წელს 27 კარგი, "მსუყე" წიგნი წავიკითხე.

- ალბათ - პატარა ასაკში, არა?

- კი. ახლა ეს შეუძლებელია, რადგან სამსახურს, საგზაო საცობებს ბევრი დრო მიაქვს... წიგნების წასაკითხად პანდემიის პერიოდიც კი ვერ გამოვიყენე, რადგან თითქმის ყველა სახლში რომ იყო, მე პირიქით - საქმე მომემატა...

GzaPress

- წასაკითხ წიგნებს წინათ როგორ არჩევდი და ახლა როგორ არჩევ?

- პატარა ასაკში ალბათ იმას ვკითხულობდი, რაც პოპულარული, აუცილებლად წასაკითხი იყო. შემდეგ, როცა წასაკითხი ლიტერატურის შერჩევა დამოუკიდებლად დავიწყე, ვეცნობოდი, ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ ფორუმებზე რას წერდნენ, ღირდა თუ არა წაკითხვა... როცა ადამიანს ცოტა თავისუფალი დრო გაქვს, გინდა, ის დრო რაღაც მნიშვნელოვანზე დახარჯო. "შანტარამის" კითხვაც იმიტომ დავიწყე, რომ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით ფორუმებზე საინტერესო მოსაზრებები ეწერა. ცოტათი ფსიქოლოგიური წიგნია. საერთოდ, ფსიქოლოგია მიყვარს...

- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონს განსაკუთრებულად?

- განსხვავებული მწერლების შემოქმედებას ვკითხულობ. შესაბამისად, ყველას ერთმანეთისგან განსხვავებული წერის მანერა აქვს. ბოლო პერიოდში თურქი ავტორების ნაწარმოებებს ვკითხულობ. ამიტომ, ამჟამად მათი წერის მანერა მომწონს. თურქული საკმაოდ მდიდარი ენაა იმისთვის, რომ ემოციები გამოხატო. ალბათ ის ადამიანები გამიგებენ, ვინც თურქული იციან და ლიტერატურულ ნაწარმოებებს თურქულად კითხულობენ... აღმოსავლური ლიტერატურა ძალიან მომწონს, რადგან ბავშვობიდან რუმის ნაწარმოებებს რომ კითხულობ, მერე ცოტათი რთულია არჩევანი... კაფკას წერის მანერაც მომწონს.

როცა ქართულ ენას ვეუფლებოდი, ჟარგონები არ ვიცოდი - ლიტერატურულ ქართულს ვსწავლობდი. სწორედ იმ დროს აკა მორჩილაძის "ქემერა" წავიკითხე, რომელიც ჟარგონებზეა "აწყობილი". შესაბამისად, ყველა წიგნში ადამიანი რაღაცას აღმოაჩენს ხოლმე. მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების კითხვისას აღმოაჩენ, რომ მათი შემოქმედება სხვას არ ჰგავს, განსხვავებულია... საერთოდ, ცხოვრებაში მრავალფეროვნების მომხრე ვარ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ "მეტროში წასაკითხ" წიგნებს არ ვკითხულობ, რადგან პაულო კოელიოს წიგნებიც წაკითხული მაქვს და არ მიმაჩნია, რომ ეს "ტეხავს". დღესდღეობით მთავარია, წიგნის წასაკითხად დრო გამონახო საქმიანმა ადამიანმა.

- თავად თუ გაგჩენია წიგნის დაწერის სურვილი?

- ოდესმე თუ წიგნს დავწერ, ალბათ ეს ქალთა უფლებების მიმართულებით იქნება, - მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ამ კუთხით ყველა ქალმა რაღაც უნდა გააკეთოს. შეიძლება, ამაზე ვიფიქრო, თორემ რომანების წერა - არა, ეს ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა. მირჩევნია, სხვებმა წერონ, მე კი წავიკითხო (იღიმის).

- წერა რომელ ენაზე გეიოლება? მაგალითად, თუკი ქალთა უფლებების მიმართულებით წიგნის დაწერას გადაწყვეტ, ამას რომელ ენაზე გააკეთებ?

- ქართულად. ბედნიერი ვარ, რომ წლების ნაშრომმა იმის საშუალება მომცა, რომ უკვე ქართულად ვაზროვნებ. ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა, რადგან 10 წლის წინ ქართული არ ვიცოდი. ქართულ ენაზე ძალიან კარგად, გამართულად ვწერ. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ქართულენოვანი სკოლა დაამთავრეს, უფრო მეტ დეტალს ვაქცევ ყურადღებას...

ეთო ყორღანაშვილი