"შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ... მერე გული გამიტეხა" - გზაპრესი

"შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ... მერე გული გამიტეხა"

მსახიობი გიორგი ჭუმბურიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები", მდივანი ბიჭის პერსონაჟით გაიცნო. ვინ არის ის, როგორ მოხვდა სერიალში, არის თუ არა შეყვარებული, რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა დროს იბნევა და ვინ ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1995 წლის 23 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ფილმებს რომ ვუყურებდი, ამ სფეროსადმი ინტერესი ბუნებრივად გამიჩნდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საყვარელიაო, უმეტესად ხაზგასმას ამაზე ახდენენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე ნაბიჯებს გადავდგამდი, არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...ჩინეთში, როცა ჩინურ სერიალში გადამიღეს. ამ ქვეყანაში თეატრალურიდან გაცვლითი სტუდენტური პროგრამით წავედი. იქ ცხოვრებისა და მუშაობის პროცესი გამორჩეულად საინტერესო იყო. პროფესიონალიზმია ძალიან მაღალი ხარისხით. ჩინეთში 4 წლით წავედი, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო, 2 წლისა და 6 თვის შემდეგ დავბრუნდი. ჩინეთმა, ამ ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანამ მთლიანად შემცვალა, შოკი მივიღე, სრულიად სხვა სამყაროა, მათ თავიანთი დედამიწა აქვთ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან წარმატებული ვარ, მაგრამ იმ მიღწევებში, რომელიც მქონდა, დიდი წვლილი, პირველ რიგში, თავად მიმიძღვის, შემდეგ მშობლებს, ჩემს უნივერსიტეტს, თამარ ცაგარელს და გოგი მარგველაშვილს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ბედნიერი ვარ? არ ვიცი, ამჟამად ჩემი ბედნიერებაა, როცა დასაქმებული ვარ, ვმუშაობ, საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მეძლევა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...განვვითარდე, ახალი ნაბიჯები გადავდგა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია (ფიქრობს), სიყვარულის უნარი მაქვს, ერთგულება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტი ფიქრი მჩვევია, ეს ძალიან დამღლელია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ გამოვასწორებდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. საკუთარმა შეცდომებმა პიროვნულად ძალიან გამზარდა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის რაღაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული არ არის. ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისება ის არის, რომ როცა რაღაც ძალიან მწყინს, გულს მიტეხს, მერე ვცდილობ, დავივიწყო, მაგრამ გონებიდან ამოშლას ვერ ვახერხებ. ჩემთვის დეტალებიც კი მნიშვნელოვანია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...არ ვნერვიულობ. მგონია, მჯერა, ჩემი ფიქრების მატერიალიზება მოხდება, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ. ადამიანს ყველაფრის შესაძლებლობა ეძლევა.

- ვიბნევი...

- ...როცა ვიღაც ძალიან მომწონს, რომ ვუყურებ, ვიბნევი.

- ვნანობ...

- ...რამდენიმე ადამიანის დაკარგვას, მაგრამ დგება ხოლმე მომენტები, როცა ამასაც კი არ ვნანობ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო ჩინეთში.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძმაკაცს, საბა ხაზარაძეს (იცინის). ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ეს ხუმრობით ვთქვი, რეალურად კი საკუთარ თავზე კონტროლს უსამართლო ადამიანები მაკარგვინებენ, როცა ვინმეს დაჩაგვრას ცდილობენ.

- მეზარება...

- ...საქმეს თუ სჭირდება, არაფერი მეზარება.

- სიყვარული - ეს...

- ...(ფიქრობს) არ ვიცი, რა არის, ვერაფერს ვიტყვი, როგორ უნდა ვთქვა?

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? მეც არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ, ერთი გოგო მომწონს, კარგად გაცნობის პროცესში ვარ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მივედი და ვუთხარი, მაგრამ იმ დროს ძალიან სასაცილო ვიყავი, ერთი ნახვით შეყვარებასავით იყო. სხვათა შორის, ამის მართლა მჯერა. შემდეგ მე და ის გოგო შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ მერე გული გამიტეხა და... ახლა ვიტირებ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...6 წლის ძმისშვილს; ალექსანდრეს ურთულეს მომენტშიც კი შეუძლია ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენოს და იმედი მომცეს.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, მაგრამ გაუაზრებლად - არასდროს. არ ვეთანხმები ცნობილ გამოთქმას რისკისა და შამპანურის შესახებ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზედმეტად ემოციური ხასიათია.

- ვამაყობ...

- ...მშობლებით, ჩემი ოჯახით.

- მაკვირვებენ...

- ...ბოროტი ადამიანები, მათი დამოკიდებულებები, მათ ფიქრებს, ზრახვებს, ქმედებებს ახსნას ვერაფრით ვუძებნი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიმორცხვებ და ვცდილობ, იქაურობას გავეცალო.

- შიში მაქვს...

- ...გასუქების და გამელოტების. ახლა ვმელოტდები მგონი, ძალიან არ მინდა, ეს მოხდეს. ხანდახან დეპრესიის შემოტევის შიშიც მაქვს. მეშინია, წლების შემდეგ, რომ გარდავიცვლები, არ მინდა, ისე მოვკვდე, რამე მნიშვნელოვანი არ დავტოვო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაუმსახურებლად. საყვედურები უმეტესად, ოჯახის წევრებისგან არ მსიამოვნებს, როცა საყვედურებს ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით მეუბნებიან. სულ ვფიქრობ, გონებაში ყველაფერი გაწერილი მაქვს და მგონია, ეს ჩემზე უკეთესად არავინ იცის. ზოგს ჰგონია, რომ არ ვფიქრობ. რაც ჩინეთიდან ჩამოვედი, ძალიან უსაქმური ვიყავი, მომავალზე ვფიქრობდი, ჩემი ომები მქონდა, ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, მე კი ვეუბნებოდი, რომ მეც ვნერვიულობდი და ისინი თავიანთ განცდებს ნუღარ მიმატებდნენ. საერთოდ, საყვედურის მოსმენა ძალიან არ მიყვარს. შეიძლება ის რაღაც მერე სპეციალურად არ გავაკეთო. ამ დროს გაჯიუტება მჩვევია.

- საკუთარ თავთან ომი...

- ...ვფიქრობ, პერიოდულად ყველა ადამიანს აქვს, გამონაკლისი მეც არ ვარ. არის რაღაც, რაც არ მომწონს და შესაბამისად ვცდილობ მოვიშორო ის, რაც არ მჭირდება, თუმცა ეს რთულია.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც გულწრფელად და ძალიან მიყვარს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...დილით ადრე გაღვიძება.

- ვიტყუები, როცა...

- ...ადამიანს ტყუილის მოსმენა უნდა, მაგრამ ბოლოს სიმართლეს მაინც ვეუბნები. ზოგჯერ ტყუილს რომ მეუბნებიან, თავს მეც ვიტყუებ.

- თავისუფლება არის...

- ...რაც წამოვიზარდე, სულ ვცდილობდი, წამეკითხა, ცნობილი ხელოვანები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანები როგორ ხსნიდნენ თავისუფლებას. ეს ცნება ყველას თავისებურად ესმის. თავისუფლება ჩემთვის არჩევნის თავისუფლებაა და ამავდროულად - საკუთარ თავთან უდიდესი პასუხისმგებლობაც. მგონი, კარგად კიდევ ვერ ავხსენი. დიდი და ამოუწურავი თემაა, დაუსრულებლად ლაპარაკი შეიძლება. ბოლომდე თავისუფლები ვერ ვართ. ზოგი მატერიალური საგნის, ზოგი ჩვენივე ფიქრის მონა ვართ. სრულად თავისუფლები ის ადამიანები მგონია, სადღაც ველურ ბუნებაში, სიმწვანეში მარტო რომ ცხოვრობენ. ისე, მეც მინდა, ეგრე ვიცხოვრო, მაგრამ მარტო - არა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი. ბევრ ოცნებას ავიხდენდი, მაგალითად, ჩემი ტანსაცმლის ხაზს გავაკეთებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ჩემი საქმისადმი სიყვარული, მონდომება არანაირად არ ჩაქრება. რაც უფრო კარგად გიხდიან, გექცევიან, რაც მეტია პროფესიონალიზმი, ინტერესი და შესაბამისად, მოტივაციაც უფრო დიდია, მაგრამ ზუსტად ვიცი, არასდროს გავღორდები.

- მენატრება...

- ...ჩემი ალექსანდრე და ფრანგული ბულდოგი ტობი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მუსიკას ვუსმენ. ამ ეტაპზე ჯიმ მორისონმა "გამარეკინა". ძალიან მიყვარს პოეზია და ლექსებსაც ხშირად ვკითხულობ. გალაკტიონი მეფეა, მიყვარს ტერენტი გრანელი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...როცა რთული დღეები გვაქვს, როცა უიმედობა გვიპყრობს, გვახსოვდეს, რომ ამ დროსაც კი შეიძლება დავინახოთ ნათელი წერტილები, გვახსოვდეს, ოცნებები ხდება. ჩვენი ცხოვრების მთავარი ადამიანები თავად ვართ!

თამუნა კვინიკაძე