რომელ რეგიონებს ესტუმრება თოჯინების თეატრის დასი - გზაპრესი

რომელ რეგიონებს ესტუმრება თოჯინების თეატრის დასი

ყველაზე კეთილშობილური ხელოვნება ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა... და როცა ბედნიერებას ბავშვს ანიჭებ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ქვეყნის შიდა გასტროლიც სწორედ ამ დატვირთვის მატარებელია. ტურნე რამდენიმე რეგიონის პატარებსა და მათ მშობლებს დაუვიწყარ და ამავდროულად შემეცნებითი ხასიათის სანახაობას ჰპირდება.

ნიკოლოზ საბაშვილი, თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსების საფუძველზე, თოჯინების თეატრს გასტროლზე წასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა დიდ ქალაქებსა და მათ თეატრებში ჩასვლა, არამედ უმთავრესად, ისეთ სოფლებში, სადაც ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის შემოქმედება და კონკრეტულად თეატრი ნაკლებად ხელმისაწვდომია. ვიმედოვნებ, ჩვენი ვიზიტი მათ თეატრალური ხელოვნების მიმართ ინტერესს გაუღვივებს და მომავალში პატარებს სურვილი გაუჩნდებათ, ახლომდებარე ქალაქების თეატრებსაც ესტუმრონ. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში თეატრი თითქმის ყველა დიდ ქალაქშია.

- განრიგის მიხედვით, რომელ ადგილებს ესტუმრებით და როგორია ტურნეს გრაფიკი?

- საგასტროლო ტურნე 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვესტუმრებთ ტყვიავს, სადაც სოფლის კულტურის ცენტრში უკვე გველიან, ჭიათურას, რომლის დრამატულ თეატრში წარმოვადგენთ "დედა ენას" და მასზე დასწრებას ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ. ტყიბულიც გვიმასპინძლებს, სადაც ჩასვლა აუცილებელად მიმაჩნია, ეს არის მაღაროელთა ქალაქი და ვფიქრობ, ჩვენი სტუმრობა მათთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იქნება. საგასტროლო ტურნეს მომდევნო დღეებში გურიის სოფლებს მოვიცავთ: ლიხაურს, ნატანებს, ხელვაჩაურს, სუფსა, ჩოხატაურსა და ლანჩხუთს. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების დახმარებით, სხვადასხვა სოფლებიდან მოხდება ბავშვების ჩამოყვანა და მიხარია, რომ კიდევ უფრო მეტ პატარას მიეცემა სპექტაკლზე დასწრების საშუალება. თოჯინების თეატრის სეზონს რეგიონში ჩემთვის საყვარელ ადგილებში დავხურავთ. წარმოშობით საქაშეთიდან ვარ. ვარიანი და საქაშეთი გვერდიგვერდ სოფლებია. შეიძლება ეგოისტურად მივუდექი ამ არჩევანს, რადგან მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და დიდი სიყვარული მაკავშრებს ამ ადგილებთან, მაგრამ ვინაიდან გასტროლზე გაგვაქვს სპექტაკლი "დედა ენა", მას სიმბოლურად ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახ-მუზეუმში წარმოვადგენთ. სექტემბრიდან, ახალ სეზონზე თბილისში კვლავ დავუბრუნდებით ჩვენ მაყურებელს. ჩემი ძალებით ვაპირებ ეს მოგზაურობა პატარ-პატარა ვიდეოების სახით აღვბეჭდო და ეს სამახსოვრო სიუჟეტები თოჯინების თეატრსის "ფეისბუკ" გვერდზე განვათავსოთ.

- რატომ შეარჩიეთ საგასტროლოდ "დედა ენა"?

- ვთვლი, რომ ეს ის სპექტაკლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახონ ბავშვებმა. ეს არის ერთგვარი თავგადასავალი "დედა ენის" სამყაროში, სადაც სცენაზე "ცოცხლდებიან" თოჯინები, საგნები, წიგნი, ასო-ბგერები. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ანბანის სწავლის ინტერესს უღვივებს, ხოლო იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლაში პროგრამულად გადის "დედა ენას", ნასწავლის განმტკიცებაში ეხმარება. სანახაობრივად ფერადი და ლამაზი წარმოდგენაა, კარგი მუსიკალური ჰანგებით.

- ბავშვობიდან გიყვართ თეატრის სამყარო. იმ პერიოდიდან დღემდე რა გამოგყვათ და რა გახსოვთ გამორჩეული სიცხადით?

- ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის პირველი მოხვედრა თეატრში, ცირკში. იმ პერიოდიდან ყველა დეტალი კარგად მახსოვს. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ეგებები თეატრში იმ ადამიანს, ვინც პირველად მოდის. სტუმარს ისეთი დახვედრა უნდა მოუწყო, რომ თეატრში კვლავ მოვლის სურვილი გაუჩნდეს და ამის შემდეგ, კარგი გაგებით, ის თეატრით "იწამლება". მას შემდეგ, რაც თბილისის თოჯინების თეატრმა აპრილში ახალი სეზონი ახალ სივრცეში გახსნა, ჩვენთან მოსული მაყურებელი თეატრს აღფრთოვანებული ტოვებს და მახარებს, რომ ეს სტუმარ-მასპინძლობა შედგა. რაც შეეხება ჩემს პირველ სტუმრობას თოჯინების თეატრსა და ცირკში, ამ ამბებსაც გავიხსენებ: ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედამ პირველად წამიყვანა ცირკში. მახსოვს წითელი სკამების ბრახუნის ხმა, სანამ მათზე მაყურებელი მოთავსდებოდა. იქაური ხაჭაპური ალბათ ყველას გვიყვარდა და ამას არ სჭირდება ხაზგასმა (იღიმის). უზარმაზარ სივრცეში ყველა ბედნიერი იყო და ეს ენერგია მეც გადმომედო. წარმოდგენა დაიწყო და არენაზე გამოვიდნენ ჯამბაზები, ჟონგლიორები. ცირკში ცხოველები არ მომწონს, მაგრამ იყო ასეთი ნომრებიც. დიდი მოლოდინი მქონდა ჯამბაზების ნაწილის მიმართ. ეს დროც დადგა. გამოვიდა ჯამბაზი და პისტოლეტით დაიწყო "თამაში". დარბაზში განათებამ მაყურებელზე გადაინაცვლა, უეცრად შუქი ჩემზე შეჩერდა და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ჯამბაზმა თავის პუდელთან ერთად კიბე ამოირბინა, ჩემთან გაჩერდა, ხელი ჩამკიდა და არენაზე ჩამიყვანა. უცბად ვიგრძენი, ცირკის უზარმაზარი სივრცე როგორ "დამემხო" თავზე. ჯამბაზმა მე და ძაღლს ნომერიც კი დაგვიდგა - პუდელი ჩემ გარშემო დარბოდა და აქეთ-იქით ყეფით ხტოდა. შემდეგ ჯამბაზმა ბუშტი, სასტვენი მაჩუქა და თავისნაირი წითელი ცხვირი გამიკეთა. ვიდექი პატარა ჯამბაზი დიდი ჯამბაზის გვერდით და ამ თანამონაწილეობით ეშხში შესული, უბედნიერესი ვიყავი. ისმოდა სიცილი, ოვაცია და ტაშის გრიალი. დღემდე მახსოვს ცირკის არენის წითელ ხალიჩაზე ჩემი ნაბიჯები, თითქოს წონა არ მქონდა, დავფრინავდი და სხვა განზომილებაში ვიყავი. ჯამბაზმა დედაჩემთან რომ დამაბრუნდა, მთელი დარბაზი მიყურებდა. ანტრაქტზე გასული, ფოიეში ბუშტით დავდიოდი და ხალხი ღიმილიანი სახით თავზე ხელს მისვამდა. იმ მადლიანმა ჯამბაზმა ასეთი დადებითი და დაუვიწყარი განცდები მაჩუქა. როგორ შეიძლება, ცირკი არ მიყვარდეს?!

GzaPress

- ჰოდა, როგორ შეიძლებოდა, სპექტაკლი არ დაგედგათ ცირკზე, ხომ?

- დიახ. სხვათა შორის, ადრეც მაქვს ცირკზე სპექტაკლი დადგმული და ახლაც ბახვა წერედიანი და მე ვმუშაობთ ახალ წარმოდგენაზე "ცირკი", რომელსაც სექტემბერში წარმოვუდგენთ მაყურებელს... ბავშვობის წლებიდან თოჯინების თეატრიც საოცრად მახსოვს. მაშინ რას წარმოვიდგენდი, სამხატვრო ხელმძღვანელი თუ გავხდებოდი (იღიმის)?! პირველად სპექტაკლზე სკოლიდან წავედი. იმდენად ჯადოსნური აღმოჩნდა ჩემთვის ის სამყარო, აბსოლუტურად გათიშული ვუყურებდი სცენას და დარბაზში კლასელების ხმაური საერთოდ არ მესმოდა. ამის შემდეგ ბავშვობისას ხშირად დავდიოდი თოჯინების თეატრში, უკვე უფროს ასაკში კი, სტუდენტობისას მოვხვდი. თავდაპირველად სამსახიობოზე ვსწავლობდი. პირველკურსელი ფიქრობ, რომ შენზე მაგარი არტისტი არავინაა, მეორე-მესამე კურსზე ამაში ცოტა ეჭვი შეგაქვს. ორჭოფობას იწყებ და საკუთარ თავთან ჭიდილში ნელ-ნელა გინელდება საკუთარ თავზე შექმნილი პირვანდელი შეფასება. სწავლის დასრულების შემდეგ ყველა მსახიობს რუსთაველის თეატრში მოხვედრა უნდა, თუმცა მე ამაზე არ მიფიქრია, მეოცნებესთან ერთად, რამდენადაც შესაძლებელია, ბუნებით რეალისტი ვარ და ვცდილობ, ყველაფერს ადეკვატურად ვუყურო. იმ პერიოდში თოჯინების თეატრში მივედი, მათ წარმოდგენას დავესწარი, სურვილი გამიჩნდა, იქ მუშაობა დამეწყო, თუმცა სწავლა რომ დავამთავრე, მეტეხის თეატრში მოვხვდი.

- მსახიობი როგორ გახდით რეჟისორი?

- სარეჟისორო ფაკულტეტი წლების შემდეგ დავამთავრე. თავდაპირველად ამის სურვილი არ მქონდა და ახლაც არ ვიცი, ვარ თუ რა ჩამოყალიბებული რეჟისორი. დღემდე სულ ვეძებ რეჟისურისკენ მიმავალ გზებს და ალბათ ოდესმე ვიპოვი. რეჟისორობა დავიწყე მსახიობობის გამო, ანუ მინდოდა, როგორც მსახიობს, მეთამაშა. მეტეხის თეატრში რომ მოვხვდი, რემონტი იყო და გახსნა კარგა ხანს გადაიდო. მუშაობა მინდოდა და რომ არ გავჩერებულიყავი, შევიკრიბეთ მეგობრები, გავაკეთე ჩემი სივრცე "ახალი თეატრი", სადაც დავიწყეთ თეატრობანას თამაში. ვინაიდან რეჟისორი არ გვყავდა, მსახიობმა და ამ შემთხვევაში მე, დავიწყე რაღაცების მინიშნება, შესწორება და ნელ-ნელა სპექტაკლის "შეკვრა". ერთ დადგმას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, წარმოდგენები დაგროვდა და ასე ნელ-ნელა, თავისით მოხდა ეს ყველაფერი (იღიმის)...

ანა კალანდაძე