როდის ხდება კომფორტული პატარებთან ერთად მოგზაურობა? - გზაპრესი

როდის ხდება კომფორტული პატარებთან ერთად მოგზაურობა?

ზოგჯერ უფროსები ბავშვების გარეშე დასვენებას ამჯობინებენ: მშობლები ცალკე ისვენებენ, შვილები - ცალკე. თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - მზია შარაშიძე ყოველთვის შვილთან ერთად დადის სამოგზაუროდ, ლაშქრობაში... მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მშობლებს და შვილებს ბევრი საერთო, დასამახსოვრებელი თავგადასავალი ჰქონდეთ...

"მთის მეგობრები"

- მამაჩემი საპროექტო ინსტიტუტში მუშაობდა, არქიტექტორი გახლდათ. მისი კოლეგების ერთ-ერთი საყვარელი ჰობი მთაში სიარული, ალპინისტობა იყო... მამა დიდი მოლაშქრე ტიპი არ ყოფილა, მაგრამ ამ ადამიანებთან მეგობრობდა. შემდეგ, ნუცუბიძის ფერდობზე კორპუსები დაგეგმეს. ერთ-ერთ კორპუსში საცხოვრებლად ჩვენც გადავედით და მამის კოლეგებიც, ანუ ნუცუბიძეზე, რამდენიმე კორპუსში გადავნაწილდით... მამას თანამშრომლებიდან, ლაშქრობების სულისჩამდგმელი კარლო ჩეჩელაშვილი გახლდათ. მაშინ ფართომასშტაბიან ლაშქრობებს აწყობდნენ: ხან დაღესტანში მიდიოდნენ, მერე - აფხაზეთში, იქიდან კიდევ სადღაც გადადიოდნენ და ასე, ერთთვიან ლაშქრობებშიც დადიოდნენ... ამასობაში, ბავშვები (მათი შვილები) წამოვიზარდეთ. ნაწილი ერთმანეთზე დაქორწინდა... ისე მოხდა, რომ ზოგი თანაკურსელები აღმოვჩნდით, ზოგი - მეზობლები... 16-18 წლის ვიყავით, როცა უფროსებმა მთაში ჩვენც წაგვიყვანეს. მას შემდეგ, ლაშქრობებში ინტენსიურად სიარული დავიწყეთ. ალბათ, ჩვენი საუკეთესო მოგონებები ზუსტად ამ ლაშქრობებს უკავშირდება. ამ მოგზაურობებს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა... მაშინ 1997-98 წლები იყო: ომი, გადატრიალებები, უბედურება... თავდაპირველად ოჯახის წევრებს ძალიან ეშინოდათ, რადგან ლაშქრობებში დავდიოდი. აპროტესტებდნენ - სად მიდიხარ, ტყე-ღრეში რატომ დაეხეტებიო?!. შინ დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მიწევდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი ძმაც დაინტერესდა და ისიც "მოიწამლა". რამდენიმე წლის შემდეგ, ლაშქრობაში წამოსვლა დედაჩემსაც მოუნდა... მოკლედ, ასე ვმრავლდებოდით ყოველი მხრიდან: ზოგს მეგობრები მოჰყავდა, ზოგს - მშობლები... "მთის მეგობრების" დიდი ჯგუფი შევიკარით. 1999-დან 2010 წლამდე, ლაშქრობაში განსაკუთრებულად ინტენსიურად დავდიოდით. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი იყო. ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოვიარეთ: ხან თუშეთიდან გადავდიოდით ხევსურეთში, მერე - ფშავში ჩამოვდიოდით... სტუდენტობის პერიოდი ისეთია, რომ არც სტაბილური სამსახური გაქვს, არც დიდი პასუხისმგებლობები გაკისრია. თან, მაშინ არც იმის საშუალება იყო, რომ უცხოეთში წავსულიყავით - არეულობა გახლდათ... ამიტომ ეს ლაშქრობები ჩვენთვის დროს ტარების საუკეთესო საშუალება იყო. 10-12 დღით მივდიოდით. წელიწადში რამდენიმე ასეთ ლაშქრობას ვაწყობდით. დავმეგობრდით.

საერთოდ, "მთის მეგობრებზე" დრო ნამდვილად არ მოქმედებს... წლები გავიდა. ბევრი ჩვენგანი დაოჯახდა, მუშაობა დავიწყეთ. ლაშქრობაში ძველებურად ინტენსიურად სიარულს ვეღარ ვახერხებდით. ისე მოხდა, რომ "მთის მეგობრების" ჩვენი თაობის წარმომადგენლების ნაწილიც ერთმანეთზე დაქორწინდა. დაახლოებით ერთი ასაკის ბავშვები გვყავს. ჩემი შვილი - მათიკო 4 წლის იყო, როცა ბირთვისში, 2-დღიან ლაშქრობაში წავიყვანე. "მთის მეგობრების" ჯგუფი მოგზაურობას აგრძელებს. უბრალოდ, ბავშვების გამო, ვცდილობდით, ისეთი მარშრუტები შეგვერჩია, სადაც ბევრი სასიარულო არ იქნებოდა. არის ლაშქრობები, როცა დილიდან დაღამებამდე დადიხარ. ბავშვისთვის ამხელა მარშრუტის გავლა ცოტათი ძნელია. ამიტომ შედარებით მსუბუქ თავგადასავლებს ვირჩევდით. მერე პატარები წამოიზარდნენ და მათი მარშრუტიც გართულდა...

GzaPress

უფროსები და ბავშვები ლაშქრობაში

- ახლახან ჯავახეთში, 3-დღიან ლაშქრობაში ვიყავით. მოლაშქრეებმა შვილებიც წავიყვანეთ - 8 ბავშვი შეიკრიბა. ლაშქრობაში პატარებმა ძალიან კარგად იარეს. საღამოს საბანაკე ადგილზე უფროსები დაღლილობისგან ძლივს რომ მივლასლასდებოდით და ერთი სული გვქონდა, კარავი გაგვეშალა, ბავშვები სირბილს და წიოკს ისევ აგრძელებდნენ. თამაშისთვის, გართობისთვის ენერგია კარავში შესვლამდე ყოფნიდათ... ძალიან საინტერესო ადგილები მოვინახულეთ. ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია: გარდა იმისა, რომ განსხვავებული სილამაზე აქვს, ასევე, ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა. ამ ლაშქრობას ახლდა თავგადასავლები, უწყლობა, ბევრი სიარული, დაღლა, მაგრამ ბავშვებისთვისაც საუკეთესო გამოცდილება იყო, წინააღმდეგობის დაძლევა ისწავლეს. ეს გამოცდილება ცხოვრებაშიც აუცილებლად გამოადგებათ. ძალიან ყოჩაღები, მამაცები არიან. უფროსი ადამიანი უწყლობას მოითმენ, მაგრამ ბავშვისთვის, რომელიც ყოველ 10 წუთში ერთხელ წყალს სვამს, იმის გაგება ძნელია, რომ წყალი არ არის და ცოტა ხანს მოთმენა მოუწევს. როცა ბავშვი ამასაც უმკლავდება, მერე სხვადასხვა სირთულის გადალახვას სწავლობს, ასევე - ერთმანეთის დახმარებას: პატარები ხედავდნენ, რომ მაგალითად, როცა რთული გადასასვლელი გვხვდებოდა, უფროსები ერთმანეთს ვეხმარებოდით. თავადაც ცდილობდნენ, ერთმანეთს დახმარებოდნენ. კარვის გაშლაში, ყველაფრის მოწესრიგებაში მონაწილეობდნენ...

სხვა ბავშვებს, რომლებიც მსგავს ლაშქრობებში არ დადიან, რომ ვუყურებ, განსხვავებას კარგად ვამჩნევ: ამას წინათ მეგობრის ბავშვი სახლთან ახლოს, მინდორში წავიყვანე. ამ ბავშვმა ბევრი "იზუზუნა" - ფეხსაცმელში კენჭი ჩამივარდა, ბალახი მომედო, ბუზი დამაჯდაო (იცინის)... შემდეგ, ბავშვებს ბრალდებათ, რომ აი, მათ ვერსად წაიყვან, ისეთია, გვღლის, ცუდად იქცევიანო. მერე ისე გამოდის, რომ დასასვენებლად მშობლები ცალკე დადიან, ბავშვებს ცალკე უშვებენ, მაგალითად - ბებია-ბაბუასთან, სამი თვით. ბავშვების შემთხვევაში, ყველაფერს მშობლებს ვაბრალებ ხოლმე, რადგან თუ პატარას არასოდეს არსად წაიყვან და არ ექნება საშუალება, საკუთარ თავზე გამოცადოს თუნდაც, ფეხსაცმელში კენჭის ჩავარდნა, ბავშვის ბრალი არაა, რომ მერე "ცუდად იქცევა". მე და მათიკოს საზღვარგარეთაც ხშირად გვიმოგზაურია. რაც მართა გაჩნდა, დასასვენებლად აუცილებლად მასთან ერთად დავდივარ. 3 თვის იყო, როცა ალპებში წავიყვანე. ბევრისთვის ეს შოკია: 3 თვის ბავშვი თვითმფრინავში როგორ უნდა გააჩერო? შემდეგ - პამპერსების ცვლა, გარეცხვა... ეს ყველაფერი დისკომფორტია, რა თქმა უნდა, მაგრამ სასიამოვნოც არის, რადგან რასაც მაგალითად, ჩემს მეგობრებთან ერთად მთაში სიარულისას განვიცდიდი, თითქოს ახლა, უკვე მათიკოს თვალით დანახულს, ხელახლა განვიცდი... ერთად მოგზაურობა, ერთობლივი აქტივობები მე და ჩემს შვილს დამეგობრებაში გვეხმარება. მიჯაჭვულობა, კავშირი, რომელიც მშობელს და შვილს შორის უნდა არსებობდეს, ზუსტად ამ პერიოდში ყალიბდება. მე და მართას იმდენი რამ გვაქვს გასახსენებელი, რომ ზოგჯერ იმდენი სალაპარაკო ჩემს ზრდასრულ მეგობართანაც კი არ მაქვს...

"ჯადოსნური ცვარნამები"

- მათიკო პრობლემური ბავშვი არ არის - არ "ზუზუნებს", არ წუწუნებს, ზედმეტად არ შეგაწუხებს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ბევრს დადის ლაშქრობაში, მოგზაურობს და ისეთი უნარები ჩამოუყალიბდა, როგორიც უფროსი ასაკის ბევრ ადამიანს არ აქვს. მაგალითად, შარშანწინ ბაკურიანისკენ, ლაშქრობაში წავედით. ბანაკიდან იმ ადგილზე რომ ვბრუნდებოდით, სადაც "მარშრუტკა" უნდა დაგვხვედროდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა, გავილუმპეთ. მათიკომ მოთქმა დაიწყო - დავიღალე, აღარ შემიძლიაო (იღიმის). მაშინ ცოტათი "შევაჯანჯღარე" - კარგად მესმის, მეც ძალიან დავიღალე. ყველაფერი სველია. ზურგჩანთა სისველისგან დამძიმდა, ტანსაცმელი, საძილე ტომარა გაილუმპა, მაგრამ ახლა აქ ვერ გავჩერდებით, დანიშნულების ადგილამდე უნდა მივიდეთ-მეთქი. ბავშვს კი არ უნდა გაუჯავრდე, არამედ - ლოგიკურად, მისთვის გასაგებად აუხსნა. ვუხსნიდი: როცა ამბობ, დავიღალე, შენს ტვინს ბრძანებას აძლევ, რომ დაიღალე. ტვინი ამაზე იმით რეაგირებს, რომ სხეულის კიდურებს ადუნებს, რის შემდეგაც სიარული მართლა აღარ შეგიძლია; არადა, შეგიძლია იფიქრო, რომ არ დაღლილხარ, ყველაფერი გამოგივა. ტვინიც ხელებს და ფეხებს "ეუბნება" - არ დაღლილხართ და ნახავ, სიარული როგორი ადვილია-მეთქი. ბავშვებს ხომ ხატოვანი აზროვნება აქვთ, არა? ყველაფერს ასე თუ დაუსაბუთებ, ისე კარგად იგებენ, რომ ენერგიაც ემატებათ. მაგალითად, ლაშქრობაში, მწვერვალზე ასვლისას, ბავშვები კი არა, უფროსებიც "წელში გავწყდით". რომ შევატყვე, პატარები უკიდურესად დაღლილები იყვნენ, დავფიქრდი - რა შეიძლებოდა, მომეგონებინა? დავინახე, რომ ბალახზე ცვრის წვეთები შემორჩენილიყო. ბავშვებს ვუთხარი, - ნახეთ, ეს ჯადოსნური "ცვარნამებია", რომელსაც თუ დალევ, ენერგია მოგემატებათ და მწვერვალს სულ ფრენა-ფრენით აივლით-მეთქი. ბალახის ღეროებისგან საწრუპებიც გავუკეთე... დარწმუნებული იყვნენ, რომ ჯამის ფორმის ფოთლებში ჯადოსნური "ცვარნამები" იყო დაგროვებული, რომელიც ადამიანს ძალას მატებს. მწვერვალზე მართლა სულ ფრენა-ფრენით ავიდნენ (იღიმის)...

ღამით ლოს-ანჯელესში

- ყველაზე ექსტრემალური მოგზაურობა 2 წლის წინ გვქონდა: მე და მართამ დავადეთ თავი და ამერიკაში გავემგზავრეთ. 14-საათიანი ფრენა იყო. 6 წლის ბავშვთან ერთად, თვითმფრინავით მოხალისეობრივად ბევრი არ გაემგზავრებოდა (იცინის), მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნოა. თან, ფრენა მიყვარს: თვითმფრინავში ჩავჯდები თუ არა, შემიძლია მაშინვე დავიძინო. მათიკო არ იძინებს. კარგი გამოსავალი ვიპოვე: თვითმფრინავში ფილმს ჩავურთავდი, საათ-ნახევარი მეძინა, შემდეგ ვიღვიძებდი, ახალ ფილმს ჩავურთავდი და ა.შ. მოკლედ, ლოს-ანჯელესში ჩავედით, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს. რამდენიმე დღით მასთან გავჩერდით, ოღონდ - მას ჩვენთვის არ ეცალა, თავისი საქმეები ჰქონდა. მე და მათიკო მარტო დავბოდიალებდით "ჰოლივუდებში" (იღიმის)... ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან მეგობარმა გამაფრთხილა - ლოს-ანჯელესი კრიმინოგენული ქალაქია. არავითარ შემთხვევაში, ცენტრალური ქუჩიდან არ გადაუხვიო, ღამით საეჭვო ადგილებში არ იარო, ბავშვს წამითაც კი არ გაუშვა ხელი, რადგან აქ სასწაულები ხდებაო... ერთხელ შემოგვაღამდა. თან, ინტერნეტი არ მქონდა, რომ რუკა გამეხსნა. სახლს ვერ ვაგნებდი. ღამით ლოს-ანჯელესში ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც დღისით ხდება, რადგან ქალაქში უამრავი ბომჟი ცხოვრობს. დაღამდება თუ არა, კარვებს შლიან, ქუჩაში არიან. ზოგი ნარკომანია, არაადეკვატურია... დაძაბულს ბავშვი ჩაბღუჯული მყავდა... კიდევ კარგი, მერე მეგობართან დარეკვა მოვახერხე და გზაში დაგვხვდა... შემდეგ, ლოს-ანჯელესიდან არიზონაში გადავედით, სადაც ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ. მამაცი, ამბიციური გეგმა მქონდა - ავტომობილს ვიქირავებ და შტატში ასე გადავალ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, - ნამეტანი ნუ მოგდის, აქ საქართველო კი ნუ გგონია, ამერიკააო (იცინის). სასაცილოა, მაგრამ ამერიკა ისეთი უსაფრთხო ქვეყანა არაა, როგორიც წარმოგვიდგენია... მოკლედ, არიზონაში ბევრი ლაშქრობა მოვაწყვეთ, დასამახსოვრებელი 2-კვირიანი თავგადასავალი გამოგვივიდა. ეს საზღვარგარეთ ბოლო მოგზაურობა იყო, რაც პანდემიამდე მოვასწარით... ალბათ, მათიკოსთვისაც ყველაზე ექსტრემალური მოგზაურობა იყო - ბევრი რაღაც გავაკეთეთ, მთელი დანაზოგი ამერიკაში დავხარჯე (იცინის)...

GzaPress

"სასტუმროში "სტაციონარულად ჩადგმა" არ მიყვარს"

- მათიკო ბალეტზე დადის. ყოველ წელს, საშობაოდ, 4 დღით რიგაში გასტროლებზე დავდივართ. იქ ულამაზესი საშობაო ბაზრობა იმართება. ლამაზი ქალაქია და მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ძალიან ცივა, ქალაქში სეირნობა გვიყვარს... რიგამდე ეგვიპტეში ვიყავით. ყვინთვის პირველი გამოცდილება მართამ იქ მიიღო. 5 წლის იყო - აკვალანგს ვერ ჩავაცმევდი, მაგრამ სათვალეები და სასუნთქი აღჭურვილობა მოვარგეთ. წითელი ზღვა ამიტომაა კარგი, რომ თუ მარჯნის რიფთან ხარ, წყლის ზედაპირიდან ყველაფერი ჩანს: მარჯნის რიფები, ფერად-ფერადი თევზები და ა.შ. მათიკოს ნიღაბს გავუკეთებდი ხოლმე და დაცურავდა, ყველაფერს ათვალიერებდა... ასევე, თურქეთშიც ვიყავით. ტურისტულ ადგილას ვიმყოფებოდით, მაგრამ სასტუმროში "სტაციონარულად ჩადგმა" არ მიყვარს... ამიტომ შიდა ტურებით ვსარგებლობ ხოლმე. თან, თურქეთი კარგი ქვეყანაა იმ მხრივ, რომ ყოველი ფეხის გადადგმაზე რაღაც ისტორიული, მნიშვნელოვანი ძეგლია...

საერთო მოგონებები

- ზოგს დასასვენებლად ბავშვთან ერთად წასვლა იმიტომ არ უნდა, რომ პატარა დაიჟინებს ხოლმე, - ეს მიყიდე, ის მიყიდეო... მათიკოს ისე ვეპყრობი, როგორც ზრდასრულს. მან იცის, რომ კონკრეტული ნივთი ფული ღირს და ისეთი რაღაც არ უნდა ვიყიდოთ, რაც არ გამოადგება - ფულის ტყუილად ხარჯვა იქნება. მხოლოდ იმას ვყიდულობთ, რაც უკიდურესად საჭიროა ან რაზეც გავგიჟდით, ისე მოგვეწონა (იცინის)... ბავშვობის მოგონებებიდან მკვეთრად მახსოვს, როცა მშობლებთან ერთად, სადღაც წავიდოდი. მაგალითად, კიკეთის ტყეში მამა მშვილდებს გამოგვითლიდა ხოლმე. მამაჩემის მიერ გამოთლილი კომბალი ახლაც შენახული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ზუსტად მახსოვს, სად გამომითალა მშვილდები, ისრები... მინდა, როცა მათიკო ჩემი ასაკის გახდება, მასაც ჰქონდეს გასახსენებელი ჩვენი საერთო მოგონებები. ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდების შექმნა მოგზაურობაში უფრო ადვილია, ვიდრე ყოველდღიურ რუტინაში...

ეთო ყორღანაშვილი