ზაფხული პანდემიის პირობებში - გზაპრესი

ზაფხული პანდემიის პირობებში

ახლა უკვე ვირუსის ახალ-ახალი შტამიც ვრცელდება... ადამიანებს საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებული გეგმები შეეცვალათ - სამშობლოში ისვენებენ, თუმცა, ზაფხულის ბოლომდე საზღვარგარეთ მოგზაურობის იმედს არ კარგავენ...

"ვცდილობ, რუჯი ისეთ ადგილებში მივიღო, სადაც ხალხი არ არის"

მარკუს მეტრეველი:

- ამჟამად კახეთში, ჩემს აგარაკზე ვარ - არაჩვეულებრივ დროს ვატარებ: სიმშვიდეში, ბუნებასთან ახლოს ვისვენებ. ხვალ ბათუმში გამგზავრებას ვაპირებ, იქ დაახლოებით 1 კვირას გავატარებ. ბათუმი ძალიან მიყვარს. მომწონს, როცა სიმშვიდეს ვუნაცვლებ ქაოსს, მხურვალე ზაფხულს... ბათუმის შემდეგ ანაკლიაში ვაპირებ წასვლას. სავარაუდოდ, იქაც 1 კვირას გავჩერდებით, შემდეგ კი ვგეგმავ, საბერძნეთში, სანდორინზე გადავინაცვლო. იმედია, პანდემია ხელს არ შეგვიშლის გეგმების განხორციელებაში... საერთოდ, რა თქმა უნდა, სხვაგვარი საზაფხულო გეგმები მქონდა: ევროპაში ხანგრძლივად დასვენებას ვაპირებდი. ასევე, ისრაელში კონცერტიც მქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, კონცერტი გაუქმდა თუ გადაიდო, ჯერჯერობით არ ვიცი, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოდან შესვლა გვეკრძალებოდა. მგონი, ისრაელმა საქართველო "წითელ ზონად" გამოაცხადა... კონცერტის შემდეგ, თელ-ავივში დასვენებას ვაპირებდი... შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში დამესვენა და აქაურ ეკონომიკაში მცირე წვლილი შემეტანა (იცინის).

- ვისთან ერთად ისვენებთ?

- საერთოდ, მარტო დასვენება ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მარტო არ ვარ: ჩემს საყვარელ ადამიანთან და დედაჩემთან ერთად ვისვენებ...

- სხეულის ფორმების შენარჩუნებაზე ზაფხულობით განსაკუთრებულად ზრუნავთ?

- ძალიან ცუდია, საზოგადოების უმეტესობა ამ მხრივ მარტო ზაფხულისთვის რომ ემზადება. პირადად მე ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო. მთელი ცხოვრება დღეგამოშვებით ვვარჯიშობ. ზაფხულისთვის წონაში განსაკუთრებით არასოდეს დამიკლია. შეიძლება ზამთარში 2-3 კილო მოვიმატო, რასაც შემდეგ ძალიან იოლად ვიშორებ. ჩემთვის ფორმაში ჩადგომა არ არის ძნელი - წონა არასდროს "გამქცევია". რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, თეთრი სხეულით მაშინვე გასარუჯად გასვლაა. ყოველთვის ვცდილობ, რუჯი ისეთ ადგილებში მივიღო, სადაც ხალხი არ არის, მერე კი საზოგადოებაში უკვე გარუჯული გავიდე.

- მშვიდად დასვენებას ახერხებთ თუ დისკომფორტი გექმნებათ, როცა უცნობი ადამიანები მოდიან, ფოტოს გადაღებას გთხოვენ?

- კი, ჩემს ცხოვრებაში ასეთი სიტუაციები ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე სასიამოვნოა, როდესაც ჩემ მიმართ სიყვარულს, ინტერესს, პატივისცემას გამოხატავენ - ბევრი ადამიანი მოდის, მეცნობა, ფოტოებს ერთად ვიღებთ, - ხანდახან მაინც გიჩნდება სურვილი, საკუთარ თავთან განმარტოვდე და ინტიმური სივრცე შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ისეთ ადგილებს ვსტუმრობ, სადაც ხალხი არ არის. საკუთარ თავთან განმარტოება საქართველოს ფარგლებს გარეთ იდეალურად გამომდის...

"ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ მაინც ყოველდღე ვშფოთავ"

GzaPress

ციაკო ფიფია:

- ჩემს შვილს - ალექსანდრეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეექვსე დღეა, სახლში მყავს. ვირუსი იოლ ფორმაში აქვს. აშკარად მარტივი შტამია. მაგალითად, ჩემი ახლობლები - 3 და 5 წლის ბავშვები საავადმყოფოში წვანან... ალექსანდრეს ვირუსი რომ დაუდასტურდა, ძალიან ვინერვიულე. ოჯახის სხვა წევრებმა ტესტი კიდევ ორჯერ გავიკეთეთ, მაგრამ კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ, როგორ - ვერ ვხვდები: წარმოიდგინე, მე და ჩემს დედამთილს ბავშვთან ახლო კონტაქტი (ხელით შეხება, კოცნა...) გვაქვს. ხომ ვერ ეტყვი, - არ მაკოცო, იქით წადიო? საერთოდ, მერჩია, კორონა მე მქონოდა, ვიდრე ჩემს შვილს. ვერც შევატყობდი, რომ ალექსანდრე ინფიცირებული იყო. უბრალოდ, ვირუსი ბებოს დაუდასტურდა, რომელიც კვირა დღესვე "სასწრაფოთი" საავადმყოფოში გადავიყვანეთ, - მაინც ხანში შესულია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს-მეთქი. კვირას ტესტი ჩვენც გავიკეთეთ - უარყოფითი პასუხები მივიღეთ. ოთხშაბათს კიდევ გავიკეთე, შვილსაც გავუკეთე და სანამ დედამთილს გავუკეთებდი, ალექსანდრეს სწრაფი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა?! ავკანკალდი... პედიატრი გამოვიძახეთ, ბავშვს "პისიარტესტი" გავუკეთეთ... შვილი ლოგინზე დავაწვინე, მისთვის ზღაპარი უნდა წამეკითხა, როცა ტელეფონმა დარეკა. მაშინვე მივხვდი, რომ ტესტის პასუხი უნდა ეცნობებინათ. ვერ აღგიწერ, რა დამემართა... სანამ ბავშვს ანალიზები არ ჩავუტარეთ, მე და ჩემი დედამთილი ფაქტობრივად მკვდრები ვიყავით. ანალიზებით ალექსანდრეს ყველაფერი კარგად აქვს, მადლობა ღმერთს! ვერც კი შეატყობ, რომ ინფიცირებულია: ჭამის მადას არ უჩივის, დარბის, დახტის... კიდევ კარგი, კერძო სახლი გვაქვს - ბავშვი მთელი დღე ეზოშია...

მოკლედ, ჩვენი ზაფხული ასეთია... მერე დასვენებასაც ვაპირებთ. კი გვეშინია, რადგან კორონავირუსი უკვე ყველგანაა მოდებული, მაგრამ მაშინ სახლში უნდა იჯდე ადამიანი და გარეთ საერთოდ არ გახვიდე. ასე ხომ ვერ მოვიქცევი?! ჰოდა, ბავშვს მთაში წავიყვან, დავისვენებთ, შემდეგ ზღვაზეც წავალთ - ჩემს შვილს ზღვა სიგიჟემდე უყვარს! საერთოდ, ჩემი ზაფხული ზღვის გარეშე ვერ წარმომიდგენია... იცი, უსაფრთხოების ყველა ნორმას როგორ ვიცავდით?!. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი უბნის მაღაზიაში კორონამ იფეთქა, შემდეგ - უბანში. თან, იცი, როგორი უბანია?!. საღამოობით გარეთ ყველა ერთად ზის: მოხუცები, ბავშვები, ახალგაზრდები... დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ თითოეულ ოჯახს თითო ინფიცირებული მაინც ჰყავს... ამჟამად სახლში ვართ: ვთამაშობთ, ვცანცარებთ, ვგიჟობთ... ერთადერთი, ბავშვს უკვირს, აუზში რატომ არ ვსვამთ. ყოველდღე გვთხოვს - "ბასეინში" მინდაო. ექიმებმა გვითხრეს, - აუზს მაინც მოარიდეთ, რადგან "კოვიდის" პარალელურად სურდო არ დაემართოს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაურთულდესო. მოკლედ, შინ ვართ გამოკეტილები. 72 საათში ერთხელ ვამოწმებ, კორონა მეც ხომ არ მაქვს.

ღვთის წყალობით, ბავშვს იმუნიტეტიც ძლიერი აქვს. ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ მაინც ყოველდღე ვშფოთავ, სანამ ეს ამბავი ჩაივლის. პირველ 2 დღეს, როცა ალექსანდრეს ვირუსი დაუდასტურდა, რა გადავიტანე, ვერ აღგიწერ. 3 წლის არის და წარმოიდგინე, უყურებ, გინდა, რომ შენ იყო ავად, შენ გტკიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს არაფერი სტკენია (იღიმის)...

"ყველაზე კარგად დედასთან ერთად ვისვენებ"

GzaPress

მარიამ შენგელია:

- ჯერჯერობით თბილისში ვარ. სამწუხაროდ, დასვენების დრო არ მაქვს, რადგან ბენდთან ერთად ვმუშაობ, ბევრი "ივენთი" გვაქვს დაგეგმილი... რამდენიმე დღეში დედაჩემთან ერთად ბათუმში დასვენებას ვაპირებ.

- პანდემიის პირობებში მუშაობას როგორ ახერხებ?

- რა თქმა უნდა, რთულია, რადგან "ივენთებზე" ხალხმრავლობაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, დისტანცია, უსაფრთხოების ყველა ნორმა დავიცვა... სადეზინფექციო ხსნარი უკვე ჩემი "საუკეთესო მეგობარი" გახდა.

- თბილისის სიცხეს თავს სად აფარებ?

- შინ, კონდიციონერი მაქვს ჩართული. მეგობრებთან ერთად აუზზეც დავდივარ... ძირითადად ვშრომობ - ბენდთან ერთად რეპეტიციას გავდივარ, რაც ძალიან მომწონს, რადგან ამ ყველაფერს მონატრებული ვიყავი. Friends' Side - ამ ბენდში ახალი ვარ. გუშინ პირველი "ივენთი" გვქონდა. საღამომ წარმატებულად ჩაიარა. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში რაც მენატრებოდა, ზუსტად ეს იყო... იმედია, ცოტა ხანს კიდევ ასე გაგრძელდება...

- ძირითადად, დედასთან ერთად ისვენებ ხოლმე?

- ზოგჯერ - მეგობრებთან ერთად. დედა მართლა ჩემი მეგობარია - სხვა მეგობრებისგან არ ვასხვავებ. ის ჩემი საუკეთესო დაქალია. შესაბამისად, როცა ვახერხებ, ყველაზე კარგად მასთან ერთად ვისვენებ. ახლაც მინდა, რომ ცოტა ხანს დავისვენო...

ეთო ყორღანაშვილი