"ვინერვიულე - ჩვენს საუბარს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს-მეთქი" - გზაპრესი

"ვინერვიულე - ჩვენს საუბარს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს-მეთქი"

ანნა იმედაშვილს ვთხოვეთ, იმ საკითხებზე ესაუბრა, რაც დღესდღეობით, აწუხებს, არ მოსწონს, აღიზიანებს... თავდაპირველად, თითქოს მსგავსი ტიპის ინტერვიუსგან თავი შეიკავა, მაგრამ საუბარზე მალევე დაგვთანხმდა და მიზეზიც დაგვისაბუთა...

- ბოლო დროს იმდენ პრობლემას ვხედავ, რომ ყველა მათგანზე ყურადღება რომ გავამახვილო, ჩვენი ინტერვიუ ნეგატიურ კონტექსტში წარიმართება, რაც არ მიყვარს, თუმცა მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე - ჩვენს საუბარს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ მეორე მხრივ, მაგალითად, ადამიანი აუცილებლად კინოკრიტიკოსი არ უნდა იყო იმისთვის, რომ ფილმთან დაკავშირებული საკუთარი აზრი გქონდეს ან აუცილებლად მუსიკოსი არ უნდა იყო, რომ მუსიკის შეფასება შეგეძლოს, რადგან რეალურად, თუნდაც მომღერლებისთვის სივრცეს სწორედ მსმენელები ვქმნით. შესაბამისად, ჩვენი აზრის დაფიქსირებაც შეგვიძლია. პოლიტიკაც ასევეა... ბოლო დროს ბევრი ამბობს, აპოლიტიკური ვარო, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან ამ "აპოლიტიკურობით" თითქოს უნდათ, პასუხისმგებლობა მოიხსნან და თქვან - პოლიტიკურ თემაზე მესაუბრები, მე კი ამაზე პასუხის გაცემა არ მინდაო. არადა, პოლიტიკა ყოველდღიურობაში ძალიანაა შემოჭრილი. სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ჩვენი ყოველდღიური ყოფა ამაზეა დამოკიდებული. ყველაფერი პოლიტიკაა, რაც ირგვლივ ხდება: პირობითად, თუკი წლებია, რაც ჩემს სახლთან გზა არ არის დაგებული და ბავშვს ეზოში სათამაშოდ ვერ ვუშვებ, ესეც პოლიტიკაა; ასევე - ისიც, რომ ყოველდღიურად ავტომობილით გადაადგილება მიწევს, საწვავის ფასი კი "ისე, უბრალოდ" იზრდება - ბენზინის რეალურ ღირებულებასთან კავშირი არ აქვს... მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ადამიანი ამბობს, - აპოლიტიკური ვარო, ეს პასუხი არ მესმის, რადგან პოლიტიკა იმისთვის არსებობს, რომ ჩვენი ყოფა ისეთი იყოს, როგორიც გვინდა, ადამიანები ასეთ საკითხებში ჩახედული უნდა ვიყოთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა...

არ მომწონს, როცა ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას არ ვიყენებთ და არჩევნებში არ ვმონაწილეობთ. მგონია, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს, მას მორალური უფლება არა აქვს, ყოველდღიურობაში რაღაც არ მოეწონოს, რადგან ასე ვთქვათ, მომავლის შექმნაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. საერთოდ, ასაკი რაც უფრო მემატება და ბავშვებიც გავაჩინე, ასეთ საკითხებზე მეტად ვფიქრობ. პლანეტა დედამიწაზე, სადაც ვცხოვრობთ, ყველაფერი ადამიანის ირგვლივ უნდა ბრუნავდეს. ჩემთვის უმთავრესი ადამიანია, ყველაფერი მისი უფლებებისთვის უნდა კეთდებოდეს. ისეთი საზოგადოება არ მომწონს, სადაც შეიძლება ჩვენი უფლებები შეილახოს, არ გაითვალისწინონ, რადგან ვიღაც განსხვავებულია (მნიშვნელობა არა აქვს, რა კონტექსტში). ვფიქრობ, ასეთ საზოგადოებას მომავალი არა აქვს.

GzaPress

ვგიჟდები, ჩემი ქვეყანა ისე მიყვარს! ძალიან მეამაყება... მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა მე ვარ. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. თუკი ადამიანის უფლებას არ ვაღიარებთ და შეგვეძლება, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებული განსხვავებული აზრების გამო ერთმანეთს ქვა ვესროლოთ, არასწორი იქნება...

კიდევ ის არ მომწონს, რომ ბოლო დროს ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით. თუკი რაიმე მიღწევა გვქონია, იმასაც უგულებელვყოფთ. საერთოდ, უკიდურეს ზომამდე უნდა მივიდე, რომ სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ დავწერო. თან, თითქოს სოციალური პასუხისმგებლობა "მექაჩება", რომ პრობლემის შესახებ ვთქვა, რადგან მგონია - რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის, სიტუაციას მით უფრო მალე ეშველება. მაგალითად, წინააღმდეგი არ ვარ, თუ ავტოსაგზაო მოძრაობის წესები დავარღვიე, ჯარიმა გამომიწერონ, პირიქით - ასე უნდა იყოს და ასე ვიზრდებით, როგორც საზოგადოება, მაგრამ იმ შემთხვევაში, რომლის შესახებაც გარკვეული პერიოდის წინ სოციალურ ქსელში დავწერე, დღემდე არ ვიცი, რისთვის დამაჯარიმეს. მაშინ პატრულის თანამშრომელი ცუდად მელაპარაკა, შეურაცხყოფილი ვიყავი. არადა, წინათ პატრულს ჩვენს მიღწევად მივიჩნევდი, მეამაყებოდა, ვესალმებოდი... ახლა ეს განცდა თითქოს უფერულდება...

კიდევ იცი, რა არ მომწონს? როცა კულტურას, სპორტს და პოლიტიკას მიჯნავენ. როგორც "ინფლუენსერი", ამას კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამ, რომ პოლიტიკა, კულტურა და სპორტი სხვადასხვა არაა. "ინფლუენსერები" არიან ადამიანები, რომლებსაც სხვის აზრზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ანუ აზრის, კონტენტის შემქმნელები არიან. ისინი შეიძლება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები იყვნენ: მოდის, პოლიტიკის, მუსიკის, კინოს და ა.შ. შეიძლება ადამიანებმა კონკრეტულ ფილმს იმიტომ უყურონ, რომ მაგალითად, მუსიკალურმა "ინფლუენსერმა" გაუწია რეკომენდაცია; თუ სპორტსმენი პოლიტიკის შესახებ საკუთარ აზრს გამოხატავს, მისი მსმენელები ("მიმდევრები") მის აზრს უფრო გაითვალისწინებენ. შესაბამისად, პოლიტიკა, კულტურა, სპორტი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არ მომწონს, როცა ამბობენ, - მომღერალი პოლიტიკასთან რა კავშირშიაო?! პოლიტიკაში "ინფლუენსერებს" წინათაც იყენებდნენ და დღესაც ასეა...

- თქვენ მიმართ პატრულის თანამშრომლის მიერ არასათანადო ქცევის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს შედეგი მოჰყვა?

- ვფიქრობ, შედეგად ის მოჰყვა, რომ ბევრმა გაიგო - ამ მიმართულებით რაღაც ხდება, რადგან წინათ ასე არ იყო. კონკრეტულად ვინმე რომ შემხმიანებოდა შესაბამისი ორგანოდან და მომხდარის შესახებ გამოეკითხა, ასეთი რამ არ მომხდარა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. სამწუხარო იმ მხრივ იქნებოდა, რომ ე.ი. ყველა "პოსტს" კითხულობენ, თვალყურს გვადევნებენ, რაც ცოტათი საშიშად ჟღერს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ მომხდარს რეაგირება მოჰყვებოდა... შემდეგ, კომენტარებში აღმოვაჩინე, რომ მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ბოლო დროს ასეთი რაღაც ხშირად ხდება, რაც ბუნებრივია, არ მომეწონა.

- ოდესმე თავად თუ გითქვამთ - აპოლიტიკური ვარ და აზრის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებო?

- აპოლიტიკური ვარ-მეთქი, პირდაპირ არ მითქვამს, მაგრამ აზრის გამოთქმისგან თავი შემიკავებია. არის საკითხები, რომლებშიც შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება არ მაქვს და იმ კონტექსტში ვერ ვისაუბრებ, რაც შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში საჭირო იყოს, ოღონდ როგორც მოქალაქეს, ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება ყოველთვის მაქვს, რადგან ეს ჩვენ გვეხება, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩემს 8 წლის შვილსაც კი თავისი აზრი აქვს. მგონი, "აპოლიტიკურობა" მიზეზია, რითიც ყოველდღიურობისთვის თავის არიდებას ცდილობენ, რაც "სირაქლემის პოზა" მგონია: ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება - ან დღეს თუ არა, ხვალ შეგვეხება...

- ყოფილა შემთხვევა, როცა არჩევნებში მონაწილეობა არ მიგიღიათ?

- რაც 18 წლის გავხდი, არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მეტსაც გეტყვით: მეორე შვილზე ორსულობისას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდი იდგა და გარეთ გასვლა რეკომენდებული არ იყო, არჩევნებზე მაინც მივედი...

GzaPress

- ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა რომელმა მოვლენამ გაგაღიზიანათ?

- საერთოდ, ტელევიზორის ყურება არ მიყვარს, მაგრამ თუ ჩემი ქმარი სახლშია, სულ ჩართულია, რადგან საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს და მეც ყველაფერს ვისმენ, მიმდინარე მოვლენებსაც ვაკვირდები... გარდა ამისა, ჩემი უფროსი შვილობილი, ჩემი შვილის უფროსი ძმა - ლუკა "სირცხვილიაში" ოპერატორი გახლავთ. ბოლოს ასეთი შემთხვევა იყო: აქციების მსვლელობისას ლუკა თავის მოვალეობას ასრულებდა, მოვლენებს კამერით იღებდა და პატრულმა დააკავა. ისე მოხდა, რომ უცაბედად, თავისი დაკავების პროცესი გადაიღო. ჯერ ერთი, ეს ძალიან უცნაური იყო და თან, მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ (მასთან ერთად კიდევ 11 ადამიანი დააკავეს). ბუნებრივია, ეს ამბავი პირადადაც შეგვეხო. არა, მოვლენებს მანამდეც სულ ვუყურებდით, აქციებზეც დავდივართ, ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ - ამ მხრივ, აქტიური ოჯახი ვართ... ალბათ, როცა უსამართლობა პირადად გეხება, კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია გაქვს - ლამის გავგიჟდი, გადავირიე, მაგრამ სოციალურ ქსელში არაფერი დამიპოსტავს, რადგან ჯერ ერთი, არ მინდოდა ოჯახის წევრებს ენერვიულათ, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა და მეორე - "ცხელ გულზე" რაღაცების "დაპოსტვას" ვერიდები... ბუნებრივია, ყველაფერი კარგად დასრულდა, ლუკას გაუმართლა - გამოუშვეს, მაგრამ ალბათ ისეთი შემთხვევებიც ხდება, როცა ვიღაცას არ უმართლებს...

კიდევ, ის არ მომწონს, რომ ჩვენი ისტორია არ ვიცით, მათ შორის - არც იმ ადამიანებმა, რომლებიც თანამედროვე, განვითარებული სამყაროდან შემოსულ სიახლეებს იმის გამო ეწინააღმდეგებიან, რომ ვითომ ჩვენს იდენტობას ვკარგავთ. თუ ადამიანმა თავისი ისტორია - საიდან მოდის და საერთოდ ვინ არის, - არ იცის, ის ვერ განვითარდება. თუ არ იცი ვინ ხარ, გაცილებით ადვილია, რომ თუნდაც შენმა მოწინააღმდეგემ მცდარი აზრი მოგახვიოს თავს და შენი "ოკუპირება" ადვილად მოახდინოს. ადამიანი საკუთარი თავის, ქვეყნის შესახებ ცოდნით "შეიარაღებული" უნდა იყოს. ამ ყველაფერს თუ სხვადასხვა მექანიზმითაც მივეშველებით, მაგალითად - არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ, ჩვენი უფლებების დაცვას მოვითხოვთ და ადამიანს პატივს ვცემთ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. თუ თავს დავკარგავთ, სხვაც გაცილებით ადვილად მოგვერევა, ძალით მოგვახვევს თავს არასწორ და მოგონილ შთაბეჭდილებებს...

ჩემი შვილის მეგობრებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა: მომწონს, რომ უმცროსი თაობის წარმომადგენლები გაცილებით "გახსნილები" არიან, მეტი იციან. მათთვის რამის აკრძალვა რთულია. ჩემს ბავშვობას ვიხსენებ: როცა დედა რამის შესახებ მეტყოდა, არ შეიძლებაო, ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა. ჩემი შვილის თაობაში ასე იოლად აღარ ხდება: მაგალითად, შვილს რაღაცაზე თუ მივუთითებ, ის სულ მეკითხება - რატომო? უნდა ვუპასუხო... ეს კარგია, რადგან რეალურად, ამის გამო, მათ მეტი იციან, ყველაფრით ინტერესდებიან და პატარა ასაკში ლოგიკური დასკვნები გამოაქვთ, რაც მომწონს. საერთოდ, ცოდნასა და "გახსნილობაშია" ხსნა და შველა. მოკლედ, მგონია, რომ ჩვენი მომავალი ახალ თაობაშია...

ეთო ყორღანაშვილი