"რთულ და საინტერესო გზებს ვირჩევ" - გზაპრესი

"რთულ და საინტერესო გზებს ვირჩევ"

"ბევრი სიახლე მაქვს და ეს ყველაფერი არის მთავარი მოტივაცია იმისთვის, რომ სწრაფად ჩავდგე ფორმაში", - ამბობს მოცეკვავე და მსახიობი თაკო ტაბატაძე. ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია უკვე გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. სანამ ოპერაცია დაიგეგმებოდა, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გადაიღეს. მომავალი პოლიტიკოსის საყვარელი ქალის როლის თამაში მისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

- თაკო, ახლახან ოპერაცია გაიკეთეთ, თავს როგორ გრძნობთ?

- რაც მთავარია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა რეაბილიტაციის ეტაპზე ვარ, რაც ხანგრძლივი და უსიამოვნო პროცესია. ყავარჯნებით სიარული უკვე შემიძლია, თუმცა ყოველი ნაბიჯის გადადგმა მტკივნეულია. ვარჯიში დავიწყე, მუხლის მოხრა რომ შევძლო და ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე. ემოციურად რთული იყო იმ რეალობის მიღება, ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი აქტიურ ცხოვრებას რომ ვეღარ შევძლებდი. 4 შვილი, გადაღებები - ეს მუდმივად აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგრამ ვცდილობ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში მაინც გავაგრძელო მუშაობა, რის საშუალებასაც ჩემი დღევანდელი მდგომარეობა იძლევა.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" როგორ მოხვდით, თქვენი ტიპაჟისგან რადიკალურად განსხვავებული გოგოს როლს თამაშობთ, რამდენად საინტერესოა ეს?

- ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, რომ მსახიობ გოგოს ეძებდნენ ამ როლისთვის. მივედი, კასტინგი გავიარე და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფეხზე ტრავმა უკვე მიღებული მქონდა, დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. ასეთ დროს ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მადლობა ამისთვის.

- როგორ მიგიღოთ მაყურებელმა, გამოხმაურება როგორია? ოჯახის წევრები, ახლობლები რას გეუბნებიან?

- მიხარია, რომ ეს პერსონაჟი მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება მივიღე, რაც მსახიობისთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება ოჯახს, ჩემი შვილები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. ეკრანზე ჩემი გამოჩენა ახარებთ, გარკვეულ ეპიზოდებს ერთად განვიხილავთ და შემდეგ მათგან რჩევებსაც ვიღებ.

- თქვენს ეკრანულ პარტნიორზე რას გვეტყვით?

- ირაკლი გოგოლაძე გამოცდილი და კარგი მსახიობია, ამიტომ მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. გადასაღებ მოედანზე თავი კომფორტულად რომ იგრძნო, მსახიობისთვის პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში გამიმართლა.

GzaPress

- ბოლო დროს იმიჯი, ჩაცმის სტილი შეიცვალეთ, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ეს გადაღებებს უკავშირდება. ქალბატონ ნანა ჯორჯაძის ფილმში "პეპლების იძულებითი მიგრაცია" საინტერესო როლი შევასრულე, საოცარ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი, თითოეული მათგანი თავისი საქმის უზადო პროფესიონალია, ამიტომ მათ ჩემი იმიჯის ცვლილება თამამად მივანდე. პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე, შევცვალეთ ვარცხნილობაც.

- შინაგანი მდგომარეობა რამდენად აისახება ხოლმე თქვენს გარეგნობაზე?

- ადამიანის შინაგანი მდგომარეობა გარეგნობაზე მეტ-ნაკლებად ყოველთვის აისახება, გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ. განწყობა, ემოციები სამოსს და მის ფერს ხშირად განსაზღვრავს, რომელსაც ყოველდღიურად ვირჩევთ.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობთ, ამ მეთოდით რაიმე დეტალის ცვლილებას ხომ არ გეგმავთ?

- ვიღებ საკუთარ გარეგნობას ისეთს, როგორიც ვარ. ჯერ არანაირი პროცედურისთვის არ მიმიმართავს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ჩემთვის იმდენად ემოციურ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ნამდვილად არ მაქვს რესურსი, ისეთი პროცედურა ჩავიტარო, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს.

- ყველაზე ხშირად რჩევებს (მათ შორის ჩაცმის სტილთან დაკავშირებით) ვის ეკითხებით, ვისი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი?

- უმთავრესია, საკუთარ თავთან ვიყო ჰარმონიაში და თავს კომფორტულად ვგრძნობდე. შეიძლება ვიზუალურად სხვა ტიპის სამოსი უფრო მიხდებოდეს, მაგრამ ის ჩემს შინაგან სამყაროს არ გამოხატავდეს. სამოსთან დაკავშირებით, საკუთარი თავის მრჩეველი თავად ვარ. ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი და სტილის შეგრძნება ხდის ჩვენს იმიჯს უფრო საინტერესოს.

- სხვის აზრს რამდენად ითვალისწინებთ?

- როცა პერსონაჟის ვიზუალურ მხარეს ვქმნით, ამ დროს მხატვრებთან, რეჟისორთან ერთობლივი მუშაობა ძალიან საინტერესოა. პროფესიული მიმართულებით ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ და ვითვალისწინებ ამ სფეროში ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანების აზრს. ეს პროფესიულ ზრდაში მეხმარება.

- ბრენდები პრიორიტეტია?

- არა აქვს მნიშვნელობა, რა ბრენდის სამოსი გაცვია. როდესაც ადამიანს სტილის შეგრძნება გაქვს, მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება საინტერესოდ გამოიყურებოდე.

- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად, რომელ თვისებას ებრძვით?

- არ მიყვარს ლოდინი და დროის კარგვა, თუმცა ხანდახან მაინც მიწევს და სულ ვცდილობ, ამას მოთმინებით გავუმკლავდე. ეს ჩემში მაინც უსიამოვნო ემოციებს იწვევს.

- თქვენს ძლიერ მხარედ რას მიიჩნევთ?

- ნებისყოფა მაქვს, მიზანსწრაფული ვარ, ხშირად ვაწყდები სირთულეს, ალბათ იმიტომ, რომ რთულ და საინტერესო გზებს ვირჩევ. ნებისმიერი სირთულის პირობებშიც კი ყოველთვის მყოფნის ძალა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.

- გადაწყვეტილებების მიღებისას ბევრს ფიქრობთ თუ სპონტანურობა გჩვევიათ?

- გარემოებას გააჩნია. როდესაც გადაწყვეტილების შედეგი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე აისახება, ყოველთვის ვცდილობ მათი აზრის გათვალისწინებას. საერთოდ, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება არ მიჭირს, რადგან დროის ფუჭად კარგვა არ მიყვარს.

- არის ისეთი რამ, რისი აღიარებაც საკუთარ თავთანაც კი გიჭირთ?

- ყოველთვის ვცდილობ, რეალობას თვალი გავუსწორო, თუნდაც ეს უსიამოვნო იყოს. ყველაფერი ჩვენს სამომავლო ნაბიჯებზე აისახება, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს წარსული ნაბიჯების გაანალიზებას.

GzaPress

- აქტიური ადამიანი ხართ: საქმე, 4 შვილის მოვლა - დროის განაწილებას როგორ ახერხებთ?

- ვცდილობ, ჩემს 4 გოგონასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, ეს ჩემი ამოსავალი წერტილია. უკვე სკოლაში დადიან და საკუთარი თავისთვის დროის დათმობას გაცილებით მეტი ხნით ვახერხებ. საერთოდ, რაც უფრო მეტს ვმუშაობ, მით უკეთ ვახერხებ ყველაფრის ორგანიზებას. ენერგიული ვარ და აქტიური ცხოვრების წესი ჩემთვის ორგანულია.

- როგორი დედა ხართ - მკაცრი, მეგობრული თუ?..

- ეს ალბათ ჩემს შვილებს უნდა ვკითხოთ (იცინის), ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ყოველდღე თავიანთი არსებობით მაბედნიერებენ. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და დღის ამბებს ყოველთვის ვუზიარებთ. წესები ძირითადად ეხება გაჯეტების გამოყენებას და დროულად დაძინებას.

- ვინ ან რა არის თქვენი ენერგიის წყარო, მთავარი მოტივატორი?

- ჩემი შვილები და მიზნები, რომლებიც დასახული მაქვს და მომავალში უნდა მივაღწიო.

- შემოქმედებით საქმიანობაში რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ? შემოთავაზება, საინტერესო წინადადება...

- ბევრი სიახლე მაქვს და ეს ყველაფერი არის მთავარი მოტივაცია იმისთვის, რომ სწრაფად ჩავდგე ფორმაში. რამდენიმე პროექტია, მათ შორის უცხოურიც - შემოთავაზებები მაქვს. იმედია, იდეის ავტორებს ამ პროექტების განხორციელებაში ხელს პანდემია არ შეუშლით.

თამუნა კვინიკაძე