"ჩემი ძვირფასი დრო არ მემეტება მსოფლიო მოდის წვეულებებზე დასასწრებად"
"კარლ ლაგერფილდმა პარიზში მის მიერ მოწყობილ წვეულებაზე მიმიწვია, სადაც მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი. მოდის სახლების ექსკლუზიური კლიენტი ვარ და ამიტომ მიწვევენ... ვალენტინოს სახლის წვეულებაზე აღარ წავსულვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიის დროს არსებულმა რეგულაციებმა ხელი შემიშალა... მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი", - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი... ბინზნესლედი ძალიან ბევრს შრომობს მუდამ ჰაეროვნად და შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეს...
- ალბათ გემოვნების თვალსაზრისით ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავდაჯერებულობას აქვს! მნიშვნელოვანია ისიც, ადამიანი როგორ გარემოში იზრდება... მამაჩემი მხატვარი გახლავთ და პირადად მე, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სულ ხელოვანები იკრიბებოდნენ. ამიტომაც ბავშვობიდან შინაგანი ესთეტიკა ჩამომიყალიბდა.
- თელავი განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქია და ალბათ, ამანაც მოახდინა გავლენა...
- კონკრეტულად თელავის გავლენაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია საქართველოშიც და უცხოეთშიც, მაგრამ ესთეტიზმის განცდა, გემოვნება მაინც უფრო შინაგანი რამაა და არა - სადღაც გარეთ არსებული... შიგნიდან აღიქვამ რაღაცებს გარეთ და არა პირიქით!
- თქვენთვის საინტერესო როგორ ქვეყნებში მოგზაურობაა?
- ყველა ქვეყანას თავისებური, განსაკუთრებული ხიბლი აქვს! საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვერაფრით ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი საინტერესო არ იყო... ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო კულტურული განსხავებულობაა. თანამედროვე ტექნოლოგიები და შუშის შენობები ნაკლებად მიზიდავს.
პირველად ბრიტანეთში ვიყავი და ეს ქვეყანა ძალიან მომეწონა! ისტორიული ადგილების ნახვისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძველ ფილმებში ვმოგზაურობდი... განსაკუთრებით ხალხის შინაგანმა კულტურამ მომხიბლა. იქ სულ გესმის, - ბოდიში, მადლობა... ესთეტიკური დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარი ჩაცმულობის მიმართ არ გამოიხატება! უმნიშვნელოვანესია, როგორ ექცევი გარშემო მყოფებს და სწორედ ეს იგრძნობოდა ბრიტანეთში ყოველი ფეხის ნაბიჯზე! ძალიან კულტურული ხალხია! ყველა ქვეყანაშია გემოვნებიანი ხალხი და ისეთებიც, ვისთვისაც მოდა და ესთეტიკა ზედმეტი დროის ხარჯვაა...
საფრანგეთი და იტალია მოდის ინდუსტრიის ქვეყნებია, ასევე განსაკუთრებულად ულამაზესი და უმდიდრესი კულტურის მქონე! რა თქმა უნდა, იქ ყოფნამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ვიტყვი, რომ პარიზელი ხალხი ნამდვილად გამოირჩევა გემოვნებით...
პარიზში კარლ ლაგერფილდმა დამპატიჟა მის წვეულებაზე... ხშირად მეპატიჟებიან მოდის სახლები. ახლაც, პანდემიის დროს ვალენტინოს სახლმა ჩაატარა მილანში შედარებით შეზღუდული რაოდენობის ხალხისთვის ჩვენება და იქაც ვიყავი მიწვეული...
რაც შეეხება კარლ ლაგერფილდის მიწვევას, ფართი მოაწყო სახელწოდებით - "კარლიტო" და იქ მეუღლესთან ერთად გახლდით... ძალიან საინტერესო დღე იყო! გემოვნება ხომ არ არის ერთი მიმართულების... წვეულებაზე სრულიად სხვადასხვა გემოვნების ადამიანები მოდიოდნენ, მაგრამ ყველას თავისი ინდივიდუალურობა გამოარჩევდა და ამით იყო ძალიან დასამახსოვრებელი!
- რატომ გიწვევენ მოდის სახლები?
- მათი ექსკლუზიური კლიენტი ვარ... ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ პანდემიის დროს არსებულმა რეგულაციებმა ხელი შემიშალა... მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი. უფრო გამარტივებულ, ქუჩის სტილზე ვარ გადასული... არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯად.
მოდა არ უნდა იყოს ერთეულებისთვის! გემოვნება შინაგანი კულტურაა და არა ის, თუ რამდენად ძვირად ღირებული კაბა გაცვია! ჩაცმულობაც უფრო ლაღი უნდა იყოს და არა გარშემო მყოფთა შეფასებაზე ორიენტირებული... ჩემთვის ყველაზე მოდური და თანამედროვე - თავდაჯერებული ადამიანია!
- ისევ მოგზაურობას რომ დავუბრუნდეთ, განსაკუთრებულად ეგზოტიკურ ქვეყნებში ხართ ნამყოფი, სადაც მოგზაურობის ბედნიერება ცოტას თუ ხვდა წილად...
- დიახ, ათ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მათ შორის თითოეულში - რამდენჯერმე... ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავი და ეს მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო იყო. თუმცა, ვიტყვი, რომ ბედნიერებაც შინაგანი მდგომარეობაა. მაგალითად, დიდი ხანია არსად ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოში თავს ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ!
მოგზაურობა კი დამატებით სტიმულს გაძლევს, მით უმეტეს, როცა ეგზოტიკურ ქვეყნებში მიდიხარ. ძალიან მიყვარს ცხოვრებისეული მრავალფეროვნება და ვთვლი, რომ ეს ყველასთვის ძალიან კარგია!
- როგორც ვიცი, ძალიან ბევრს შრომობთ, რომ ფორმაში იყოთ... როგორი ჩაცმულობა გიყვართ ყოველდღიურად, გამოსასვლელად?
- გააჩნია, როგორი დღე მაქვს და ჩაცმულობასაც ამის მიხედვით ვირჩევ... როდესაც ვმუშაობ, სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. არის ისეთი დღეები, როდესაც გამოპრანჭვა, კაბები მომენატრება და ვიცვამ, განსაკუთრებით საღამოს, თუ სადმე გავდივარ... რაც შეეხება ფიგურას, უკვე რვა წელია სპორტულ ცეკვებს ვასრულებ, კონკურსებზე დავდივარ. დღეში სამი საათი ვარჯიში ნამდვილად დიდი შრომაა. ვუძლებ, რადგან მიყვარს, როდესაც ადამიანი თავის სხეულზე ზრუნავს.
- რომელი ფერები, აქსესუარები გიყვართ?
- ყავისფრის გარდა, ყველანაირი ფერი მიყვარს და შესაბამისად, ყველა ფერის სამოსი მოიძებნება ჩემს გარდერობში... აქსესუარებს იშვიათად ვატარებ. სპორტმა მიმაჩვია, რომ არაფერი არ უნდა მამძიმებდეს - ბეჭედი, სამაჯური, ასე შემდეგ... ყელსაბამსა და საყურეებს მხოლოდ მაშინ ვიკეთებ, როცა მაგალითად რაიმე წვეულებაზე მივდივარ ან გადაღებაზე...
- პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია, თუმცა თქვენ შინ აწყობდით ხოლმე წვეულებებს...
- დიახ, სახლში ვმართავდი წვეულებებს... ვიპრანჭებოდი, ვიცვამდი რაც მსურდა და ასე ვხვდებოდი მეგობრებს... თავად შევქმენი ისეთი გარემო, სადაც თეატრიც იყო, კინოც... წარმოიდგინეთ, "დისქავერის" გადამღები ჯგუფიც კი იყო ჩამოსული ჩემი წვეულების გადასაღებად.
- როგორ უნდა მოაწყონ სახლი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ?
- არ მიყვარს ანტიკვარები, რადგან "მამძიმებს", მაგრამ "მოდერნი" და ოფისს რომ ჰგავს, ისეთი სახლებიც არ მიყვარს. არ მიზიდავს გარემო, სადაც მხოლოდ შავ-თეთრი ფერებია. მიყვარს თანამედროვეობა, მაგრამ ისეთი, სადაც სულიერება არ იკარგება. სახლი სულიერებისგან დაცლილი არ უნდა იყოს! სიფერადეც, მინიმალიზმიც და ყველაფერი ზომიერად მომწონს!
- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვის გამოარჩევდით, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანებს?
- მედეა მირიანაშვილს, მირანდა მირიანაშვილს, ანუკი არეშიძეს, მაკა კვიციანს... მომწონს ახალგაზრდების სტილი. ახლა მოდა ცოტა სხვა მიმართულებით "მიექანება". საითაც "ბალენსიაგა" და დემნა გვასალია მიდის, იქით მიდის მოდაც! ყველაფერი სპორტულ სტილზე გადავიდა... "გუჩი", "ვალენტინო" და ყველა მოდის სახლი ამ მიმართულებით წავიდა. ზემოთ ჩამოთვლილი ქართველი ქალბატონები ინარჩუნებენ ოქროს შუალედს, ქალურობას და ამიტომაც მომწონს...
- ქართველი დიზაინერებზე რას იტყვით?
- თვალს ვადევნებ თამუნა ინგოროყვას, მაკა კვიციანის, დათუნა სულიკაშვილის და სხვების შემოქმედებას... წინ მიდიან, უკვე უცხოეთში გადის მათი ნამუშევრები, რაც ძალიან სასიხარულოა! თავიანთი ხელწერაც აქვთ და თანამედროვე მოდის ტენდენციებსაც მიჰყვებიან. თანამედროვეობას თუ ვერ აუწყვე ფეხი, მაშინ "ამოვარდნილი" ხარ და საბაზრო მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებ! დღეს ყველაფერი ბიზნესია!
- რამდენად ხართ პლასტიკური ოპერაციების, ინიექციების მომხრე?
- ძალიან იკითხება, ადამიანს აქვს თუ არა შინაგანი საყრდენი; ამა თუ იმ ნაბიჯს ხალხის დასანახავად დგამს თუ საკუთარი სიამოვნებისთვის. ზოგჯერ პლასტიკური ქირურგიაც იმდენად გაიტაცებთ ხოლმე, რომ მათ ქმედებას დასასრული აღარ აქვს... თუმცა, მეორე მხრივ, ესთეტიკური პროცედურები იძლევა საშუალებას, საკუთარ თავს უფრო მეტად მიხედო და კარგად გამოიყურებოდე! უბრალოდ, ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს აკვიატებაში. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანს საკუთარ თავში აღარაფერი მოსწონს და დეპრესიაში ვარდება, ეს კოშმარია! ფსიქოლოგიური სიჯანსაღე აუცილებელია და აქედან მოდის ზომიერების გრძნობაც!
- წლების მატებას, პირველ ნაოჭს რომ ზოგიერთი ძალიან მტკივნეულად განიცდის, მათ რას ეტყოდით?
- წლების მატებას მტკივნეულად ალბათ, ის განიცდის, ვისაც აქვს ილუზია, რომ ცხოვრებაში რამის გაკონტროლება შეუძლია... მოკვდავები ვართ და შეგუებული უნდა ვიყოთ ფაქტს, რომ ყველა ვბერდებით და ვკვდებით კიდეც! ადამიანს რეალობა უნდა გქონდეს მიღებული!
ვფიქრობ, თუ შინაგანი ღერძი, მყარი კუნძული, ბედნიერება ნაპოვნი გაქვს, მერე აღარ გაშინებს, გარეგნულად როგორ გამოიყურები! გემოვნება - ეს არის შინაგანი შეგრძნებები... ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ფსიქოლოგებთან ვიზიტი, რადგან თაობები ტრავმირებულია. ყველაფერი მიმართულია გარე შეფასებებზე, გარედან როგორ აღგვიქვამენ... ასეთმა ადამიანმა რაც უნდა ჩაიცვას, არათავდაჯერებულობა, კომპლექსები მაშინვე იკითხება და რა აცვია, ამას აბსოლუტურად აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როცა სულიერ ჰარმონიას აღწევს ადამიანი, ეს ყველაფერზე დადებითად აისახება... სულიერად შემკული, ამაღლებული, სხვისი საუკეთესო თვისებების დამნახავი ადამიანი, უამრავი ნაკლის მიუხედავად, საკუთარი თავიც და სხვაც რომ მიღებული ჰყავს, ბრწყინავს, ამ დროს აქვს მოდასაც და ესთეტიკურ პროცედურებსაც ფასი! სხვა შემთხვევაში, ტანსაცმლითა და პლასტიკური ოპერაციებით ვერაფერს შენიღბავ, უზარმაზარი სიცარიელე გამოაშკარავდება!
მანანა გაბრიჭიძე