რას მალავს სალომე ჭაჭუა? - გზაპრესი

რას მალავს სალომე ჭაჭუა?

"ბევრი ფობია მქონდა და დავძლიე. მეშინოდა სიმაღლის, სიბნელის, იარაღის, ყველა ეს შიში წარსულში დარჩა", - ამბობს მოცეკვავე სალომე ჭაჭუა. რას საყვედურობს დედა, რა თვისებები მოსწონს საკუთარ ხასიათში, რის გამოსწორებას ცდილობს, რით ამაყობს და რამდენად ხშირად მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 23 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. ადრეული ასაკიდან მომწონდა და დღესაც მომწონს ოპერაციების ყურება. როგორც ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, ჭრილობის დამუშავება კარგად გამომდის. ამ დროს ემოციას არ ვყვები. კმაყოფილების განცდა მეუფლება, როცა ჭრილობა შუშდება და შესაბამისად, პრობლემა გვარდება. მედიცინაში უფრო მეტად სტომატოლოგია მიზიდავდა, მაგრამ მემარცხენე ვარ და ცაცია ხელით ამ საქმის კეთება არ გამოვიდოდა. მითხრეს, კარგი სტომატოლოგი ვერ იქნებიო. ცეკვის ინტერესი მოგვიანებით გამიჩნდა, ჯერ ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, მერე ტელევიზიით ვნახე სამეჯლისო სპორტული ცეკვები, ძალიან მომეწონა, მივხვდი, ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მშვიდი და შრომისმოყვარე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 14 წლის ასაკში, კავკასიის თასზე საპრიზო ადგილი დავიკავე და ვიყავი ძალიან ბედნიერი. ეს წარმატება უდიდესი სტიმულის მომცემად იქცა. ცეკვა ახალი დაწყებული მქონდა და კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...თავად მე მიმიძღვის და მამას, ის ყოველთვის მხარში მედგა. თავად იყო იმის მაგალითი, ადამიანმა შრომით რამდენ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე და ვცხოვრობ ჩემს ქვეყანაში.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიპოვო საკუთარი თავი, რომ უფრო მეტად შევიგრძნო ბედნიერება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომის სიყვარული, ბრძოლის უნარი, ეს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ინტროვერტი ვარ, ეს თვისება ზოგჯერ ხელს მიშლის.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...მაქსიმალურად ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...კონკრეტულად რა ვისწავლე, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ყოველი ნაბიჯი, რომელიც არასწორად ჩამითვლია, აღარ გამიმეორებია. იმავე ნაბიჯს ხელმეორედ აღარ ვდგამ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი საქციელის პატიება შემიძლია. მერე შეიძლება ის ადამიანი ჩემგან თავისუფალი იყოს, მაგრამ აუცილებლად ვპატიობ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან შორეულ წლებზე არ ვფიქრობ, ახლო პერიოდზე ფიქრი უფრო ლოგიკურია. სულ ვცდილობ, გეგმები დავალაგო და თანამიმდევრულად მივყვე.

- ახლა ჩემს უახლოეს გეგმაში...

- ...რა შედის? ველოდები პანდემიის სიმძაფრემ დაიკლოს, რომ ქვეყნის გარეთ გასვლა შევძლო. 2 წელია, აქ ვარ.

- ვიბნევი...

- ...დაბნევით - ნაკლებად, მაგრამ არის სიტუაციები, როცა შეიძლება თავი არაკომფორტულად ვიგრძნო.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ, სინანულით ცხოვრება ძალიან რთული იქნება.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო იქ, სადაც ვარ, ზღვის სანაპიროზე. აჭარაში გახლავართ, მალე მთაში წასვლას ვაპირებ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არ ვიცი, ეს სისუსტე უფროა თუ სიძლიერე: ძალიან გულჩვილი ვარ.

- ჩემი ჰობია...

- ...ბევრი ჰობი მაქვს. ამ ბოლო დროს ხატვამ გამიტაცა. ფურცელზე ფანქრებით პატარა ჩანახატებს ვაკეთებ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უკონტროლო ვხდები, როცა ვხედავ, ჩემს ახლობელს ან სრულიად უცნობ ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, ჩაგრავენ.

- მეზარება...

- ...საერთოდ არაფერი არ მეზარება.

- სიყვარული - ეს...

- ...ვინ ახსნა, რა არის, რომ მე ავხსნა?.. მაინც ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ბედნიერება (ამ ბედნიერებაში ბევრი რამ იგულისხმება). ეს ინდივიდუალური განცდაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...თინეიჯერი ვიყავი და ემოციას ასაკის შესაბამისად გამოვხატავდი. ეს პირველი უცხო შეგრძნება დიდი ხნის წინ იყო. ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში პირველად ხდება, დასამახსოვრებელია.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები თავიანთი ქმედებებით. უმეტეს შემთხვევაში, მიუღებელი ქმედებით უფრო მაკვირვებენ. სასიამოვნოდ გაკვირვებული იშვიათად ვრჩები. სულ ვცდილობ, ისეთ წრეში ვიტრიალო, სადაც ერთმანეთს ვასიამოვნებთ და გავაბედნიერებთ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...თუ რაღაც ცუდი არ ხდება, ცუდ ხასიათზე არასდროს ვარ. იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, უმიზეზოდ ცუდად რომ არიან. როცა ასეთი პიროვნებები მხვდებიან, სულ ვცდილობ ავუხსნა, რომ ეს არ ვარგა, საზიანოა.

- ვრისკავ...

- ...ამ ბოლო დროს უფრო ხშირად, ვიდრე ამას წლების წინ ვაკეთებდი. თუ ვთვლი, რომ მცირე პროცენტით მაინც არის შანსი, საქმე გამოვიდეს, აუცილებლად გავრისკავ. ამ მხრივ მეტად თამამი გავხდი, წინაღობებს არ ვუშინდები.

- ვამაყობ...

- ...ჩემი თავით.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვისას. ჩემი გულჩვილი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად მეტირება.

- მეშინია...

- ...ბევრი ფობია მქონდა და დავძლიე. მეშინოდა სიმაღლის, სიბნელის, იარაღის - ყველა ეს შიში წარსულში დარჩა. ამაზე ჩემს თავთან სერიოზულად ვიმუშავე. არ მინდოდა, შიშებით მეცხოვრა, მაწუხებდა, მოვინდომე და დავძლიე. ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ თავს გამოცდებს უწყობენ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია. სიხარულის განცდას უხერხულობა ფარავს.

- ვმალავ...

- ...ემოციებს. ზოგჯერ არ მინდა, ადამიანებმა ჩემი ყველა ემოცია დაინახონ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ცოტა დაისვენეო. ამ საყვედურს ყოველთვის დედისგან ვიღებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ....ჯერჯერობით არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს, მომწონს როგორიც ვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახის წევრებს, ადამიანებთან ურთიერთობებს, ჯანმრთელობას, ფიგურას. ლამაზი სხეული, გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მომწონს, ამიტომ სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რა ვერ ვისწავლე? ასეთი არაფერი მახსენდება. ხატვა მინდოდა, ცოტა ხანი დავდიოდი მასწავლებელთან და ვისწავლე. ახლა მინდა, კულინარია პროფესიონალურ დონეზე შევისწავლო, პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარო, მაგრამ ცოტა მეტი დრო სჭირდება და დღემდე ამიტომ ვერ მოვახერხე. ამას აუცილებლად გავაკეთებ. დიდი გურმანი ვარ, სულ მაინტერესებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძების დაგემოვნება, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გაცნობა. ძალიან მომწონს აზიური სამზარეულო. საქართველოში კი მეგრული სამზარეულოა ჩემთვის გამორჩეულად გემრიელი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეგრელი ვარ. ვცდილობ, ხშირად არ მივირთვა ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგალითად, ცომეული.

GzaPress

- თავისუფლებაა...

- ...როდესაც ადამიანი ზრუნავს საკუთარი თავის განვითარებაზე. არა მგონია, პიროვნული ზრდის გარეშე თავისუფლებას მიაღწიო, რომელსაც ვფიქრობ, თავისი ჩარჩოები მაინც აქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს ხშირად ხდება და ძალიან მომწონს. შეიძლება არც არაფერი გავაკეთო და დავისვენო, ვიფიქრო, გეგმები დავსახო, წინ უკიდეგანო სივრცეში ვიყურო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ....ამაზე არასდროს მიფიქრია. ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი სურვილების ასასრულებლად ბევრი ვიმუშაო.

- მენატრება...

- ...მამა.

- ბედისწერა...

- ...მგონია, რომ იღბალი არსებობს, ალბათ - ბედისწერაც, რომელსაც გარკვეულწილად თავად ვქმნით, მაგრამ იღბალი რომ დაგყვება, ეს ყველაზე კარგია.

- თავად იღბლიანი ადამიანი...

- ...მგონია, რომ რაღაც დოზით იღბლიანი ვარ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი, გონების კონცენტრირებას პრობლემის მოგვარებაზე ვახდენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ოჯახის წევრებისგან დარიგებას ხშირად ვიღებდი. მთელი ცხოვრება მომყვება ფრაზა: "საკუთარი თავი არასდროს დაკარგო!"

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა თქვენ, დრო რომ გამონახეთ და ეს ინტერვიუ - ჩემი მოკრძალებული აზრები წაიკითხეთ. მაყურებლისგან კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობ, ეს საოცარი შეგრძნება ნებისმიერი ხელოვანისთვის ბედნიერებაა.

თამუნა კვინიკაძე