"ჩვენს ქვეყანაში მეტწილად ნეპოტიზმით მიიღწევა მწვერვალები" - გზაპრესი

"ჩვენს ქვეყანაში მეტწილად ნეპოტიზმით მიიღწევა მწვერვალები"

მომღერალი კატო ვერხვიაშვილის გზა სცენამდე არ იყო ტრადიციული - მას ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი არ ჰქონია მუსიკასთან, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა... გამორჩეული სტილისა და მანერის მუსიკოსი თავის წარსულსა და დღევანდელობაზე გვიყვება.

- კატო, რა გატაცებები გქონდათ ბავშვობაში?

- საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. ამ შემთხვევაში ჩემს ლიტერატურულ (პერსონაჟ) სეხნია "ქაჯანასთან" ბევრი საერთო მქონდა. სულ სპორტულ აქტივობებში ვიყავი ჩართული და ძირითადად, ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მახსოვს, მინდოდა პოლიციელი გავმხდარიყავი ან საიდუმლო აგენტი. სკოლაშიც კი ვთამაშობდი ჩვენს მოგონილ "ნიკიტობანას" - ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი, ჯაშუშურ თემატიკაზე გადაღებული სერიალით მიღებული შთაბეჭდილებით.

- თვისება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე გამოგყვათ...

- ეს ალბათ მოთხოვნილებად ქცეული სამართლიანობის შეგრძნებაა. "რობინ ჰუდის" სინდრომს დავარქმევდი - ვინაიდან ბავშვობაში ვცდილობდი ჩავრეულიყავი და მომეწესრიგებინა ის სიტუაციები და ურთიერთობები, რაც მაგალითად, მე სულაც არ მეხებოდა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამის გამო ხელიც მომხვედრია... დღეს ვცდილობ, სხვის საქმეში აღარ ჩავერიო და მხოლოდ საკუთარით შემოვიფარგლო, თუმცა, როცა სიტუაცია მიუსაფარ, უპატრონო ცხოველებს ეხება, აქ უკვე შეუვალი და რადიკალური ვხდები.

- თქვენ არ ხართ ის მომღერალი, ვინც ამბობს, 2 წლიდან ვმღერიო. მუსიკამ საკმაოდ გვიან გაგიტაცათ. ეს როგორ მოხდა?

- ეს ერთგვარი პარადოქსია. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე (დედა, მამიდა და უმცროსი და პიანისტები არიან, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი საბაზისო მუსიკალური განათლება აქვთ მიღებული), ბავშვობში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მეც პროფესიულად დავუკავშირდებოდი მუსიკას. ადრეულ ასაკში არ მქონია მუსიკისადმი ლტოლვა. ბავშვობიდან მესმოდა კლასიკური ინსტრუმენტული მუსიკა, ჩემი უფროსი დის დამსახურებით კი, რომელიც მუსიკალურ წამყვანად მუშაობდა რადიოში და სხვათა შორის, პირველი გოგო დიჯეი გახლავთ საქართველოში, გავეცანი თანამედროვე მუსიკალურ ჟანრებს. მიუხედავად ამისა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც სიმღერა ჩემს ცხოვრებაში ასეთ საკვანძო როლს შეასრულებდა. ერთ ზაფხულს, როცა სოფტბოლის (გოგონების ბეისბოლი) გუნდის წევრი ვიყავი და ერთობლივი გასვლა გვქონდა ქალაქგარეთ, ვოკალური მონაცემების მოზღვავება ვიგრძენი... განსაკუთრებით ღია სივრცეში მემღერებოდა და წარმომიდგენია, რამდენად ვაწუხებდი ყველას გარშემო... მით უმეტეს, რომ ლაიტმოტივი - არც მეტი, არც ნაკლები - "ჭრიჭინას" ცნობილი თემა იყო. იმ ზაფხულმა გარდამტეხი ცვლილება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ დედამ ვოკალის პედაგოგთან მიმიყვანა და როცა ოფიციალური შეფასება მივიღე, როგორც პერსპექტიულხმიანმა, გადავწყვიტეთ მოგვესინჯა შესაძლებლობები.

GzaPress

- კონსერვატორიაში რა მიმართულებით სწავლობდით და როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

- კონსერვატორიაში აკადემიურ, იმავე კლასიკურ ვოკალზე ვსწავლობდი. მანამდე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც ვოკალური სწავლების პირველი ეტაპი გავიარე და სწორედ იქ დატრიალდა ჩემს თავს ის ჯადოსნობა, რაც მუსიკალურ სამყაროში სტიქიურად გადაშვებას გულისხმობს. ის სისავსე და ყოვლისმომცველობა, რაც უშუალოდ მღერის შეგრძნებებთან ასოცირდებოდა, ყოვლად უკონკურენტო აღმოჩნდა ჩემთვის და ამიტომაც, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა კონსერვატორიაში ჩაბარების გამო შევწყვიტე. უმნიშვნელოვანესია პირველი პედაგოგების წვლილი ჩემი ეგოს მუსიკალურად "მომართვის" საქმეში. ქეთი ელიავასა და ლამარა გოგლიჩიძის დამსახურებით, მუსიკალური სამყაროს ამოუწურავ ფერადოვნებას კიდევ სხვა მასშტაბით ვეზიარე და სულ მოკლე ხანში, სპორტული ნატურა რომანტიკოს მომღერლად ვიქეცი.

- გემოვნება, გარეგნული იმიჯი, სტილი - წლებთან ერთად ყალიბდება. რა ეტაპები გამოიარეთ დღემდე?

- აი, სწორედ ეს იყო საინტერესო, რომ წლების განმავლობაში სპორტული იმიჯი მქონდა და ჩაცმულობის ყოველდღიური სტილი უცვლელი კომფორტის ზონა იყო ჩემთვის. კლასიკურ მუსიკასთან ოფიციალურად დაკავშირებამ და შემდგომ უკვე კონსერვატორიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი პიროვნება. შესრულების აკადემიური მანერა იმიჯზეც აისახა და ზოგადად, ცხოვრებისეულ ხედვაზე, დამოკიდებულებებზე.

- საავტორო სიმღერებს ხომ არ წერთ?

- რამდენიმე კომპოზიცია მაქვს, რომელიც ჯერ არ გამომიმზეურებია, ერთმანეთისგან სტილისტურად განსხვავებული. ამ ყველაფერს ცალკე და გენერალური კონცენტრაცია სჭირდება და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში შევძლებ ძალების მობილიზებას ამ მიმართულებით.

- ამჟამად სად და როგორ ვითარდება თქვენი მუსიკალური კარიერა?

- პანდემიამ იმდენად არასტაბილურ რეალობაში გვიკრა თავი, განსაკუთრებით ხელოვანებს, ვისი შემოსავალიც მუსიკალური საღამოების სიხშირეზე იყო დამოკიდებული, რომ ფაქტობრივად ჰაერში აღმოვჩნდით. ეს თითქოს დინამიკური პერიოდი, როცა აქა-იქ კონცერტების გამართვის შესაძლებლობაა, აშკარაა, სულ მალე ისევ შეფერხდება და თავიდან მოგვიწევს ამ რთული ეტაპის გავლა. რაც შეეხება შემოქმედებით ძიებებს, თავისთავად ეს პროცესი ამოუწურავია. ამ კუთხით რამდენიმე იდეაზე ვმუშაობ და სულ მალე გულითად მსმენელს საინტერესო სიახლეებს ვპირდები.

- არ ვიცი, უთქვამთ თუ არა თქვენთვის, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ფრანგული კინოს პერსონაჟს ჰგავხართ... და ფრანგული სიმღერაც მოგიხდებათ...

- ძალიან მახარებს ამის მოსმენა. სხვათა შორის, ფრანგულ რეპერტუარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს შემოქმედებაში. ჩემი სპეციფიკური ტემბრი და ფრანგული ენის ჟღერადობა სახასიათო სინთეზს ქმნის და ვისაც ამ ამპლუაში არ მოგისმენივართ, მერწმუნეთ, სულ სხვა რაკურსით აღმომაჩენთ. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც პროექტ "ვოისში" მონაწილეობა გადავწყვიტე, ესეც იყო - რომ ფრანგულენოვანი სიმღერა შემესრულებინა და ჩემი ყველაზე სახასიათო შემოქმედებითი სტილით წარვმდგარიყავი, თუმცა სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მომეცა.

- როგორ ფიქრობთ, ამა თუ იმ საქმეში წარმატება ნიჭის შედეგად მიიღწევა, შრომის თუ არის კიდევ სხვა ფაქტორები და გააჩნია იმასაც, თუ რას დავარქმევთ "წარმატებას"?

- ალბათ ყველას წარმატების ინდივიდუალური საზომი გვაქვს, თუმცა ის, რომ მნიშვნელოვანი წარმატება საკმარისი ნებისყოფისა და შრომის გაწევის გარეშე არ მოდის, აქსიომაა. თავისთავად ნიჭი და მონაცემები კონკრეტულ სფეროებსა და საქმიანობებში ვეებერთელა უპირატესობას განიჭებს, თუმცა ალბათ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ვერც ერთი შედეგი მყარი ვერ იქნება.

- ყველა პროფესიაში არსებობს რაღაც მიზანი თუ მაქსიმუმი, რისკენაც მიდიხარ. რა არის ეს თქვენს შემთხვევაში?

- აი, მაქსიმუმზე რა გითხრათ, მაგრამ მიზნების მრავალფეროვნება რომ აუცილებელი პირობაა მუსიკალურ სფეროში, ეს ფაქტია. მით უმეტეს, როცა საკუთარ ქვეყანაში მეტწილად ნეპოტიზმით მიიღწევა მწვერვალები, მუდამ მობილიზებული უნდა იყო და ცდილობდე, საერთაშორისო მასშტაბის იდეებსა და მიზნებზე გააკეთო გათვლა.

GzaPress

- როგორც ვიცი, ფოტოგრაფია გიტაცებთ...

- ფოტოგრაფიაც შეუცვლელი გატაცებაა ჩემთვის, სამყაროს შენეული აღქმის კიდევ ერთი გამოხატულება. განსაკუთრებულად მიყვარს პორტრეტის ჟანრი და ქუჩის ფოტოგრაფია. პირველი კადრები ჩემი მეგობრების პორტრეტები იყო.

- ამ ზაფხულის დასაწყისში თრუსოს ხეობაში იყავით. ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება რა გამოგყვათ ამ კუთხიდან?

- თრუსოს ხეობაში სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი დღე ვიყავი. გაოგნებული დავბრუნდი, თავი ზღაპარში მეგონა, სადაც გზაზე შემხვედრი ყოველი არსება სიკეთეს ასხივებდა. ამ მომაჯადოებელ ოაზისზე რუსებს ეჭირათ თვალი (საზღვრისპირა ხეობაა). ბედნიერებაა, რომ დროულად იმოქმედეს ქართველებმა და ხეობისათვის აქტუალობის დასაბრუნებლად, აქ რამდენიმე ოჯახი ისევ დასახლდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის მამა შიო, რომელიც წლების მანძილზე დარაჯად ედგა თრუსოს ხეობას, დღეს კი დიდი მონასტრის მშენებლობას უძღვება.

- მთა თუ ზღვა?..

- სისხლში მაქვს მთის სიყვარული და ვერასდროს შევადარებ ზღვას მთის ყოვლისმომცველ ენერგეტიკას. თუმცაღა, ზღვა სულ სხვა ფენომენია, ცალკე მდგომი და უკონკურენტო რელაქსანტი - შთაგონება...

- რა არის თქვენთვის სულიერი კომფორტი?

- პირველ რიგში, ბუნებასთან სიახლოვე, რაც ყველაზე დიდი დეფიციტია ჩვენთვის ამ ისტერიული ყოველდღიურობის რეჟიმში...

- დღე, როცა ყველაზე ბედნიერად გიგრძნიათ თავი და პირიქით - თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე ტრაგედია.

- ნამდვილად მიჭირს ყველაზე ბედნიერი დღის გამოყოფა, ყველაზე ტრაგიკული კი მამას მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდება.

- დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა "პანდემია რომ დასრულდება"...

- პანდემია რომ დასრულდება, ღიმილი კვლავ თავის სრულ დიამეტრს დაუბრუნდება.

ანა კალანდაძე