"ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადრო" - გზაპრესი

"ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადრო"

ამჯერად, მომღერალ ნოდარიკო ხუციშვილს ვესაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღევანდელ საზოგადოებაში მას განსაკუთრებულად აწუხებს და რის მიმართაც პროტესტის განცდა უჩნდება.

- კონკრეტულ ფაქტებს თუ არ დავასახელებთ, დღეს ყველას ის გვაწუხებს განსაკუთრებულად, რაც მთელ მსოფლიოში ხდება - პანდემია. დედამიწაზე ყველა ადამიანისთვის რთული პერიოდი დგას. არსებული სიტუაცია საგანგაშო იმ მხრივაც არის, რომ პანდემიას ბოლო არ უჩანს. ვირუსის გავრცელება რამ გამოიწვია, ამაზე არ ვიმსჯელებ, მაგრამ ფაქტია, ძალიან ცუდი ამბავია და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეს მაღელვებს... დედამიწის რესურსი იწურება: ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ყოველდღე სადღაც ნიადაგის ბურღვითი სამუშაოები ტარდება, კოსმოსში რაკეტებს უშვებენ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დედამიწაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ალბათ, რაღაცები სხვაგვარად უნდა იყოს...

- გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- რთულია, რომ გამოსავალზე მე ვისაუბრო, რადგან ამ საკითხში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ. ყველაზე მარტივი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ქუჩა ან მდინარე არ დავანაგვიანო, პირიქით - თუ დაბლა დაგდებულს დავინახავ, ავიღო, გარემო არ დავაბინძურო და ა.შ. რთულია, სიტუაცია ერთმა ადამიანმა შეცვალოს, მაგრამ ვცდილობ, გარემოს მაქსიმალურად გავუფრთხილდე.

- ბოლოს რომელმა მოვლენამ, პრობლემამ მიიქცია თქვენი ყურადღება, რამ გაგაღიზიანათ?

- გაღიზიანება კი არა, ეს უფრო დარდია: საერთოდ არ მჯერა, რომ ცუდი ამბები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება. სადაც ადამიანი არსებობს, ცუდიც და კარგიც ყველგან მოხდება. თუმცა, როცა შენს ქვეყანას ეხება საქმე, ალბათ გულზე უფრო გხვდება ადამიანს. ალბათ იმას უნდა ვებრძოლოთ, ვინც რაღაცას აშავებს და არა - მთელ ერს. ბოლოს რამდენიმე მტკივნეული ფაქტი მოხდა, თუნდაც - ავსტრალიელი მასწავლებელი გოგოს მკვლელობა. ამ ამბავმა ჩემზეც ძალიან იმოქმედა. საშინელებაა - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეიძლება გარკვეული სტრუქტურები უფრო მოწესრიგებული იყოს. რომელიმე პოლიტიკური პარტიისკენ არასდროს გადავხრილვარ. მიყვარს ჩემი ქვეყანაც, ქალაქიც, სადაც გავიზარდე და ძალიან მინდა, რომ სიმშვიდე, კეთილდღეობა იყოს. ამიტომ მოსაზრებას, რომ მთელი ერი ცუდი და სამარცხვინო ვართ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები. კონკრეტულ ფაქტებზე არ ვკამათობ - საშინელი რაღაცები ხდება და რაღაცები გამოსასწორებელია. ამის გამო ხმა უნდა ამოვიღოთ - ჯანსაღი პროტესტიც საჭიროა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მთელ ერს ნამდვილად ვერ შეურაცხვყოფ. ბევრი წლის განმავლობაში ტურიზმის სფეროში ვმუშაობდი, სანამ პანდემია დაიწყებოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფანტასტიკურ ადამიანებს ვხვდებოდი. ქართველებს ნამდვილად ბევრი კარგი რამ გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც ცუდი ხდება - დაგეგმილი თუ დაუგეგმავი, - ყველაფერზე პროტესტი უნდა გამოითქვას.

- ცუდი ფაქტების გამო საზოგადოების ნაწილი მთელი ერის ლანძღვას რატომ იწყებს, ამაზე რას ფიქრობთ?

- ყველას ნაცვლად ვერ ვიტყვი, ეს რატომ ხდება. საერთოდ, ახლა ყველასთვის ცუდი პერიოდია, მთელ მსოფლიოში. ბევრი რამ ჩიხში შევიდა. ადამიანები გადაღლილები, გაღიზიანებულები არიან. ალბათ ამ ყველაფერს კონკრეტული ცუდი ფაქტებიც რომ ემატება, ზოგი უფრო მეტად ემოციური ხდება, ვიდრე უნდა იყოს. არ ვიცი, ერის შეურაცხმყოფელ ტექსტებს ვინ რა ქვეტექსტით წერს, მაგრამ მინდა, მაინც ამ კუთხით შევხედო... სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ემიგრანტიც მოუკლავთ, მაგალითად - თურქეთში, ამერიკაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თურქები ან ამერიკელები ცუდი ადამიანები არიან. უბრალოდ, რაღაც შენ გვერდით რომ ხდება, ეს უფრო "გეხება", - ლოგიკურია. შეიძლება, კონკრეტული სტრუქტურის მიმართ, რომელიც გარკვეულ საკითხებს მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს, ადამიანებს პრეტენზია ჰქონდეთ და არა - საერთოდ, ქართველ ერთან...

ყველა ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ვიღაცის მიერ იმართება. არასწორად ორგანიზებული რაღაცები მოსახლეობას "ურტყამს". არა მგონია, ოდესმე მმართველობა 100%-ით იდეალური იყოს. ჩემს ქვეყანაში ბევრს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ სადაც უსამართლობას დავინახავ, ყოველთვის ვეცდები, ჩემი აზრი დავაფიქსირო. მიმაჩნია, რომ არასდროს არავინ არ უნდა იყოს გამოკვეთილად "ვინმესისტი". არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ ორგანიზაციის გამო, ადამიანს დაუპირისპირდეს. ერთმანეთის მხარეს უნდა ვიყოთ და არა - რომელიღაც პოლიტიკური ძალის.

- პროტესტს როგორ გამოხატავთ ხოლმე?

- როცა რაღაც ხდება, ვცდილობ, სოციალურ ქსელში თუ მშვიდობიან, ჯანსაღ შეკრებებზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. როგორც აღვნიშნე, საქართველოს გარშემო ხშირად ვმოგზაურობ. უამრავი კარგი რაღაც ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდს გვერდი აუარო და არ დააფიქსირო, მაგრამ ცუდის ძიებაში კარგი არ უნდა გამოგრჩეს. ჩემი აზრით, მხოლოდ ცუდზე მომართული არ უნდა იყო...

GzaPress

- ამას წინათ სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული კომპანიის საქმეს, რომლის შეფუთვაზეც თამარ მეფეა გამოსახული, როცა ინფორმაცია გავრცელდა - სტრასბურგის სასამართლომ კომპანიის საქმიანობაში ჩარევაში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებაო. წერდით, კანონის მოგება-წაგებაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ასეთი რამის გაკეთება ადამიანს არ უნდა მოგინდესო...

- გული რაზე მწყდება, იცით? საერთოდ, დაცინვა ტრენდული გახდა. არა მგონია, ეს კარგის მომტანი იყოს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპანიის სახელწოდებაში არის კრეატიულობა. უამრავი თემა არსებობს, რომელზეც შეგიძლია კრეატიული იდეა ააგო. უბრალოდ, რაღა ეს თემა აირჩიეს?.. არ ვამბობ, რომ წარსულით უნდა იცხოვრო, დამახინჯებული ტრადიციაც ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვენი დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი მხარე. ისტორიაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგი იყო და ყველანი კარგები ვიყავით, მაგრამ ისტორია იმისთვისაა, რომ ფეხებზე კი არ დაიკიდო, არამედ შეისწავლო და რაც არის კარგი, მას ან გაუფრთხილდე, ან - აგრესია მაინც არ გამოხატო. ყველა ქვეყანას, როგორც ადამიანს, სული, ხასიათი აქვს. ეს ყველაფერი თუ წაშალე, ქვეყანა უსულოდ დარჩება. ტყუილად ხომ არ ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ბევრი მიზეზის გამო ჩვენს ქვეყანაში რაღაცები მოსწონთ? ეს ყველაფერი ხომ საქართველოს წარსულიდან მომდინარეობს, არა?! გული ამიტომ მწყდება, რომ შეიძლება, ამ ადამიანს (პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს) ქრისტიანობის მიმართ პროტესტის განცდა აქვს და პროტესტი ასე გამოხატა, მაგრამ პროტესტი იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. სხვაგვარი ფორმაც არსებობს: "იქითა მხარე" თუ ცუდად იქცევა, არ ნიშნავს, რომ თავი უნდა გაუხეთქო. შეიძლება, შენი მოსაზრება გქონდეს - არავინ გთხოვს, ყველაფერი ბოლომდე გაიზიარო. არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც არ გადადიხარ. მაგალითად, მეუღლესთან კამათისას როგორი მართალიც უნდა იყო, თუ ხელს დაარტყამ, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მართალი იყავი თუ მტყუანი. მორალით, შინაგანი კულტურით ადამიანი ზღვარს არ უნდა გადავიდეს... ანგელოზი არ ვარ. ხანდახან ემოციებსაც ავყოლივარ. შეიძლება, ადამიანს ყველაფერი დაემართოს, მაგრამ ზიზღი და აგრესია ზღვარს მიღმაა. ერთმანეთს მეტად უნდა ვცეთ პატივი... კონკრეტულად ერთ ადამიანსა და მის მიერ წარმოებულ პროდუქციში არაა საქმე - მთავარია, ასეთი საქციელი გადამდები არ იყოს. თვით ფაქტის მიმართ პრეტენზია გამიჩნდა და კარგი იქნებოდა, ეს ვინმეს ეთქვა, რადგან პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახვა არა მგონია, ჯანსაღი პროტესტი იყოს... მაგრამ თუ იტყვი, ამის ჩამდენი უნდა ჩავქოლოთ, დავიჭიროთ, მოვკლათო, არასწორი იქნება. სჯობს, აუხსნა, მისი საქციელი რატომაა მიუღებელი და პროტესტის გამოხატვა სხვაგვარად როგორ შეიძლება.

- თუკი ეს პროტესტი კი არა, მარკეტინგული გათვლაა?

- თუნდაც. ყველაფერი არ უნდა იკადრო. როცა რეიტინგი და გაყიდვები პრიორიტეტული ხდება, არა მგონია, კაცობრიობის საქმე კარგად იყოს. უკვე ვხედავთ კიდეც, რომ მსოფლიოში ამაზე უფრო მეტად ფიქრობენ, ეს პროფესიონალიზმად მიიჩნევა... საბოლოო ჯამში, მთავარია, საზოგადოების ნაწილის ქცევების გამო ადამიანებში ზიზღი არ დაიბადოს და პროტესტი ზომიერების ფარგლებში გამოთქვან: თუ ვინმეს იმის გამო მოკლავ, რომ მასში რაღაც არ მოგეწონა, მერე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მართალი იყო თუ მტყუანი...

ეთო ყორღანაშვილი