ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტების შესახებ - გზაპრესი

ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტების შესახებ

ერთი "დიდტანიანი" მოთხრობა ჯერ ოჯახის წევრებს გააცნო. მალე მეგობრებმა "დასცეს დასტური". მოგვიანებით გამომცემლობაში ურჩიეს, ნაწარმოები რომანად ექცია. მალე "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" "საბას" ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - "წლის საუკეთესო რომანი" გახდა.

მწერალმა ბესო სოლომანაშვილმა ჩვენს დასმულ კითხვებს ვფიქრობ, გულახდილად და საინტერესოდ უპასუხა...

- მიხეილ ჯავახიშვილი თქვენი საყვარელი მწერალია. სხვათა შორის, წერის სტილიც მსგავსი გაქვთ. რომანში კონკრეტულ ისტორიულ პერიოდზე არჩევნის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი მწერლისა და თქვენი გზების ერთგვარი ცხოვრებისეული გადაკვეთა ხომ არ გახდა?

- ალბათ ესეც იყო. ყმაწვილობა ელბაქიძის 21 ნომერში გავატარე. სწორედ აქედან წაიყვანეს ჯავახიშვილი დასახვრეტად. როგორც ჩემთვის ცნობილია, სახლის მეპატრონე მხოლოდ მას არ ახდევინებდა ქირას. ამ სახლის მოპირდაპირე მხარეს ბერია ცხოვრობდა. წარმოშობით კასპიდან ვარ, ძველი სახლი იქ ახლაც გვაქვს. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთები ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ და კომუნისტებმა ჩამოართვეს. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ალბათ, პაპა იყო ცუდი კაცი და ეს ამიტომ მოხდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ პირიქით - პაპა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. პირველი რესპუბლიკის დროს მთავრობაში განათლების სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი წარმოშობით ჩვენი სოფლიდან ყოფილა. ჩემს დიდ პაპას ბორჯომიდან თბილისში ხეტყე ჩამოჰქონდა. კაცმა პაპა დაიბარა და სოფელში სკოლის ასაშენებლად საჭირო ხეტყის ჩამოტანა სთხოვა. მასალისთვის საჭირო თანხა პაპამ უკან დაუბრუნა და უთხრა, - ჩემი შვილების განათლებაში ფულს ვერ ავიღებო. სხვათა შორის, საოჯახო ალბომში გვქონდა ფოტო, რომელზეც ის ილიასთან ერთად იყო გამოსახული. ასე რომ, თავდაპირველად კვლევა "საოჯახო ინტერესის" გამო დავიწყე და წიგნში ასახულ ამბებამდე მივედი.

- თქვენი რომანი პირველია, რომელიც ხსენებულ პერიოდს ასე ცხადად და "ნატურალურად" აღწერს...

- ძალიან გამიკვირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლაც ასეა. 1921 წელი და მასთან დაკავშირებული სიველურე, აღმოჩნდა, რომ პირველად ასე დაუფარავად სააშკარაოზე ამ რომანით გამოვიდა.

- ფილმს თქვენი რეჟისორობით, "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", რომელიც რუსულ ოკუპაციას ეხება, მაყურებელი მალე იხილავს...

- დიახ, ფილმი ჩუმი გენიოსის, თამრი ფხაკაძის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. მეგობრებმა, ვინც ფილმის გადაღების პროცესში სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართული, ჰონორარი პრაქტიკულად არ აიღეს. ფილმი ჩემს სოფელშია გადაღებული. ჩემი ბებერი სახლი ერთ-ერთი პერსონაჟია. იქაურებმაც "კაპიკებში" გამიწიეს დახმარება. მთავარი პერსონაჟი მამაჩემის პროტოტიპია.

- ახალ რომანზე უკვე მუშაობთ?

- დიახ, ახალ რომანში მოვლენები ბიზანტიიდან მოყოლებული განვითარდება. ისედაც კუდაბზიკა ერი ვართ და ჩვენი ეს თვისება კიდევ უფრო განავითარეს ბოლშევიკებმა. შედეგს დღემდე ვიმკით. ახლაც არიან ნაძირალა ალექსანდრე ჭავჭავაძეები და გრიგოლ ორბელიანები. მე თუ მკითხავთ, გრიბოედოვი ამოსათხრელია და რუსეთის საზღვარზეა დასადები. უამრავი ცუდი გაუკეთა საქართველოს და ამ დროს მისი საფლავი პირველია პანთეონში.

- ამ სახელებსა და გვარებთან დაკავშირებული საკითხები დღემდე სადავოა...

- სულაც არ არის სადავო! გრიბოედოვის ნეშტი, წესით, რუსებს თავად უნდა მიჰქონდეთ, მაგრამ ამას არ აკეთებენ და იცით, რატომ? დღემდე ჰგონიათ, რომ კავკასია ისევ მათია. გრიბოედოვი კავკასიის დამორჩილებისა და გახრწნის სიმბოლოა, ალექსანდრე ჭავჭავაძე და ორბელიანი კი - კოლაბორაციონიზმის. უმძიმესია ამ ქართველების როლი 1832 წლის აჯანყებაში. ზუსტად იგივე ხდება დღესაც. ერეკლე მეორეს 13 შვილიდან ერთადერთი ალექსანდრე ბატონიშვილი ხვდებოდა, რომ რუსეთი პრობლემა გახდებოდა. ბოლშევიკების ლიდერები ისევ ქართველები იყვნენ: სტალინი, ბერია, ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ პრაქტიკულად, იმ პერიოდში მსოფლიო დინებას ვუწყობდით ფეხს. როცა ევროპაში რეჟისორების ახალი ტალღა გამოჩნდა, სადღაც საბჭოთა კავშირში, საქართველოში, რომელსაც იმპერიის "უკანა ეზოს" ეძახდნენ, ჩნდებიან რეჟისორები, ვინც მსოფლიო მიმდინარეობისგან დამოუკიდებლად ქმნიან ახალ ტალღას, რომელიც ბმაშია მსოფლიოს გონთან. იმთავითვე უკან გვხევს კოლაბორაციონისტების გამოხდომები. ეს ერი რომ ასე რადიკალურად განსხვავებული ადამიანებისგან არ იყოს შედგენილი, წინ უზარმაზარი ნაბიჯებით ივლიდა... ბოლშევიზმის გადმონაშთია ისიც, რომ ვერ ვგრძნობთ, რას ნიშნავს ჩემი სახლი, ჩემი სამშობლო, ჩემი მდინარე... პარალელურად დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაა ერში. იდენტობა გვაქვს. რუსები ვერ ხვდებიან, რომ ეს ერი არასოდეს იქნება შემგუებელი.

- ქართველი სამხედროების შესახებ თქვენ მიერ გადაღებული სატელევიზიო ფილმებით ქვეყანას ჯარისკაცების საოცარი ისტორიები გააცანით...

- ეს ადამიანები ნამდვილად არიან ისინი, ვის მიმართაც უნდა ჰქონდეთ სწორება ქართველ ახალგაზრდებს. არა მხოლოდ როგორც პროფესიონალებს, როგორც პიროვნებებსაც ეტყობათ მაღალი სტანდარტების განათლება, პროფესიული მომზადება, სრულიად განსხვავებული აზროვნება და ღირებულებები. ამერიკელებმა წინსვლა და წარმატება სწორედ განათლებით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით შეძლეს. ჩვენ შეგვიძლია ღირსების "სიმბოლო" ქურდი გვყავდეს და უფრო მეტიც - მას "კანონიერიც" ვუწოდოთ. ამ უკუღმართი ფასეულობების გამო მომავალი თაობები იძულებული არიან, უმძიმესი შრომის ფასად, სხვა ქვეყანაში იცხოვრონ. როცა ადამიანს მისი შრომის შესაბამისად არ უხდი, გამოდის, ექსპლუატაციას უწევ, ჰპარავ, ჩაგრავ და შესაბამისად, კრიმინალი ხარ... მახსოვს, ერთ-ერთმა "ნატოელმა" ჯარისკაცმა, ლაშა დავითაძემ მითხრა: ჯარში მეთაური სადილობისას ბოლო დგას, ბრძოლის დროს კი - პირველიო. ქართველმა პოლიტიკოსებმა რატომღაც პირიქით გადაწყვიტეს - ჭამის დროს თავში დგანან, ბრძოლის დროს კი - ბოლოში. რაც შეეხება ფილმებს, რვა ფილმი კონკრეტული ჯარისკაცების შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით გადავიღეთ მე და გიორგი თავართქილაძემ. ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვის შედეგად გვაქვს ადგილი მსოფლიო რუკაზე. ეს არის ნიშანი, რომ სახელმწიფო, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, არის ძლიერი და ანგარიშგასაწევი. ამიტომაა რუსეთი ამის წინააღმდეგი. არ უნდა, რომ ქართველი ჯარისკაცი მსოფლიო რუკაზე შემდგარი სახელმწიფოს ჯარისკაცად ჩანდეს; რომ ქართველიც ისეთივე მსოფლიო მოთამაშედ იქცეს, როგორიც ამერიკელი ან ინგლისელია. ჩვენი ჯარისკაცების სრულყოფილი პროფესიული მომზადების შედეგია, რომ 2008 წლის ომმა კიდევ უფრო მძაფრი შედეგები არ მოიტანა. რუსებს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული თვითმფრინავი ჩამოუგდეს ქართველებმა - ეს უკვე განაცხადია. ახლა ფილმებს სამხედრო ნაწილების შესახებ ვიღებთ. ქართული ჯარი უნდა შედგეს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული მოთამაშე გავხდეთ. თუ ვინმე ამას ხელს უშლის, ის ქვეყნის პირდაპირი მოღალატეა.

GzaPress

- მოგვიყევით მწერალი და კინორეჟისორი როგორ მუშაობდით ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად.

- 16 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ნათლიამ თუშეთში წამიყვანა. ეს იმხელა კულტურული შოკი იყო, ვფიქრობ, მთელი ჩემი დანარჩენი ცხოვრება განაპირობა. თუშეთში ღამით ავედით და მეგზევეების ქოხში გავჩერდით. დილით რომ გავიღვიძე, ჩემ წინ ისეთი თეთრი სარკმელი იყო, ფარდა მეგონა... ნელ-ნელა ნისლი გაიწმინდა და იმ პეიზაჟის გამოჩენით კულტურული, მენტალური, ადამიანური შოკი ერთად მივიღე. გარეთ გასული მივხვდი, რომ ზღაპარში ვიყავი. სოფელი დოჭუ ორ დაქანებულ ფერდზეა გაშენებული. ამის შემდეგ მთელი ცხოვრება მდევდა აზრი, რომ თუშეთში საცხოვრებლად უნდა გადავსულიყავი. მერე, როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი დავამთავრე, მთაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად წავედი და ჩემი ინიციატივით ვასწავლიდი ხატვასაც. ჩემი პედაგოგიური "ღვაწლი" იქ სულ ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ იქაურობა დღესაც მესიზმრება. დღემდე მყავს იქ შეძენილი მეგობრები. "თუშ ბესოის" მეძახდნენ. პირველად წერა სწორედ თუშეთში დავიწყე, მაშინ 24 წლის ვიყავი.

- ფიზიკა და მათემატიკა კინორეჟისურამ როდის გადაფარა?

- რეჟისურა, კინო სულ მინდოდა. მაგრამ დღეს ჩემთვის ჰოლივუდი ბევრად ახლოს მოჩანს, ვიდრე ქართული კინოწრეები - მაშინ... გეფიცებით, ღმერთები მეგონენ (იცინის). მამა მეუბნებოდა ხოლმე: ვისა, ბიჭო, ანდროს შვილსაო? იქ ვინმე გაახარებსო?!. თუშეთიდან დაბრუნებულმა კინომცოდნეობაზე ვცადე ჩაბარება. კათედრის გამგე რეზო ჩხეიძე იყო. დავწერე თემა სახელწოდებით "რატომ არ დავწერე თავისუფალი თემა, ანუ ღია წერილი ბატონ რეზო ჩხეიძეს". ეროვნული მოძრაობის პერიოდია. ქულების გასაგებად მისულმა აღმოვაჩინე, რომ არც ერთ სიაში არ ვარ. პარტბიუროს მდივანმა დამირეკა, რეზო ჩხეიძე გელოდებათო. ჩხეიძემ გამლანძღა, გიჟი ხარო, მეძახა (იცინის), შემდეგ გელა კანდელაკსა და ერლომ ახვლედიანს შემახვედრა. ერლომ ახვლედიანის სახელოსნოში ჩემი აზროვნება რადიკალურად შეიცვალა, შემდეგ წელს კი უკვე სარეჟისოროზე ჩავაბარე. ჯგუფისთვის გიორგი შენგელაიას უნდა ეხელმძღვანელა. ხუთ ადგილზე 165 მსურველი იყო. გამოცდაზე იყო თემა "გზა, სახლი, სიმარტოვე". 165 აბიტურიენტში ერთადერთი ხუთიანი მე მივიღე. მთავარ როლში თუშეთი გამოვიყვანე. ასე დაიწყო ჩემი კინორეჟისორობა. მერე იყო სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი. ფილმების გადაღებისას გენერატორი ზურგზე გვქონდა მოკიდებული. ცუდ ფირზე გადაღებული ფილმებით ფესტივალებზე ვიმარჯვებდით, მათ შორის საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის საკმაოდ სერიოზულ ფესტივალებზე ავიღეთ პრიზები. ერთხელ, რუსეთში კინომცოდნემ მითხრა, არც კი გვეგონა, რომ საქართველოში ფილმებს იღებდნენო.

- ამას მოჰყვა 17-წლიანი სატელევიზიო რეჟიმი...

- დიახ, რომელსაც დროის უდიდესი ნაწილი მიჰქონდა, კინოსა და ლიტერატურას "აეჭვიანებდა". თუმცა, იმდენად არასტაბილურ გარემოში ვარ გაზრდილი, სტაბილურობაზე უარი ვერ ვთქვი. არც ვნანობ, ამ წლებმა შვილების გაზრდისთვის საჭირო რესურსით უზრუნველმყო. მიუხედავად იმისა, რომ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, ორი კრებულის ავტორი და სხვათა შორის, პენმარათონის გამარჯვებულიც ვიყავი, არშემდგარობის კომპლექსი მაინც თან მდევდა. დავთმე თუ არა სტაბილურობა, მაშინვე მოვიპოვე ფილმის დაფინანსება, გადავიღე სერიალი და პირველივე ლიტერატურული მცდელობა სერიოზული გამარჯვებით დასრულდა. ამით თავდაჯერება შევიძინე, თუმცა, ხსენებული სტაბილურობა დავკარგე.

- ლექტორიც ხართ... რა გაქვთ სათქმელი ახალგაზრდებისთვის?

- მტკივნეულად განვიცდი, როცა ვხედავ, რომ უძვირფასეს დროს ახალგაზრდები ფუჭად ანიავებენ. ცივილიზებული ქვეყნის მოზარდებმა მეტად იციან შრომისა და სწავლის ფასი. ახალგაზრდობაში დაკარგული დრო მთელი დაკარგული ცხოვრებაა. რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა ისე, რომ ინგლისური არ ვიცი. შედეგად, უამრავი გადაულახავი ბარიერი დამხვდა წინ. მაგალითად, საფრანგეთის ფესტივალზე ჩემთან მოსული ადამიანი თურმე, პარიზში მეპატიჟებოდა და ფილმის გადაღებას მთავაზობდა, მე კი უბრალოდ ვერ გავიგე...

- ოჯახის შესახებ გვითხარით...

- ოჯახში თანამოაზრეები ვართ. თამამად ვაჩვენებ ჩემს ნამუშევრებს და ვენდობი ოჯახის წევრების შეფასებებს. მამამაც და დედამაც სწორი აღქმა, ღირებულებები გადმოგვცეს. კომუნისტების პერიოდში რუსთაველზე იყო წიგნების მაღაზია, სადაც პერიოდულად წიგნები რუსეთიდან ჩამოდიოდა და შესაძლებელი იყო ისინი ერთგვარი განვადებით შეგეძინა. რიგში საათობით დგომის ფასად, დედამ სახლში ყველა სათავსი მსოფლიო ლიტერატურით შეავსო. როგორც ჩანს, აქედან გაგვიჩნდა დამოკიდებულება წიგნების მიმართ მეც და ჩემს ძმასაც (ირაკლი სოლომანაშვილი, კინოსცენარისტი. - ავტ.). დედა ეკონომისტი და აგრონომი, მამა აგრონომი და მექანიზატორი იყო. არც ვიცი ჩემსა და ჩემს ძმაში საიდან წამოვიდა ეს "კინომიდრეკილებები". მსგავსი მიმართულებები აირჩია ჩემმა სამმა შვილმაც: მერაბი მენეჯერია სარეკლამო მიმართულებით, თამარი - კინოსამყაროში კასტინგისა და მსახიობთან ურთიერთობის მენეჯერი, გიორგი კი მუსიკის მიმართულებით ვითარდება, სკოლა ჯერ არ დაუმთავრებია და ძიების პროცესშია.

შორენა ლაბაძე