სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ნატოს ჯარების ოფიცერი - გზაპრესი

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ნატოს ჯარების ოფიცერი

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - კახი კახიაშვილის სპორტული კარიერა საქართველოში დაიწყო. წარმატებითაც ვითარდებოდა, მაგრამ ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ბატონ კახის, როგორც სპორტსმენს, დაკარგვა ემუქრებოდა და მაშინ რთული, მაგრამ იმავდროულად, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - საზღვრებს მიღმა გაემგზავრა... რაც მთავარია, ამჟამად საკუთარ გამოცდილებას საქართველოში სპორტის წინსვლისთვის იყენებს. როგორც ამბობს, მაქსიმალისტია და მიღწეულით არ კმაყოფილდება...

"მინდოდა, აგრესიული თანაკლასელებისგან თავი დამეცვა"

- სპორტის სფეროში გართობა ტანვარჯიშით დავიწყე. ტანვარჯიშზე რამდენიმე თვე დავდიოდი. მერე ფეხბურთის თამაშისას, ფეხი ვიღრძე, რის გამოც ვარჯიში იძულებით დავასრულე... 1-2 წლის შემდეგ მეზობელმა - ვანო გრიქუროვმა სპორტულ დარბაზში მიმიწვია. როგორც იხსენებს, თურმე მაშინ შევუნიშნივარ, როცა სამეზობლოში ფეხბურთს ვთამაშობდი. ჩემ შესახებ ამბობდა, - ავადმყოფ ბავშვს ჰგავდა, მოდუნებული, მოთენთილი იყო, მაგრამ როგორც კი ბურთი მიიღო, გარდაიქმნა: დაიწყო ერთი მოთამაშის მოტყუება, მეორის... ილეთები განახორციელა, გოლი გაიტანა და ისევ "ავადმყოფი" გახდაო... ეტყობა, ჩემი ეს თვისება - საჭირო დროს მობილიზაცია-მოდუნება - მოეწონა. სპორტდარბაზში მიწვევიდან 1 კვირაში თურმე, ჩემთან დაკავშირებით უკვე დიდი გეგმები ჩაუფიქრებია... მაშინ პატარა გახლდით. 22 კგ სიმძიმე ავწიე, რაც ბევრისმთქმელი არ ყოფილა, მაგრამ თავისთავად, პროცესი შთამბეჭდავი იყო. ჩემი მოტივაცია ის გახლდათ, რომ მინდოდა, ფიზიკურად ცოტათი გავძლიერებულიყავი, აგრესიული თანაკლასელებისგან თავი დამეცვა... წლების შემდეგ, როცა სასურველს მივაღწიე, თანაკლასელებზე ძალა არასოდეს გამომიყენებია - ალბათ, ჩემი ფიქრები იმაზე "მაღლა" იყო, ვიდრე სუსტის თუ თანასწორის დაჯაბნა. ჩემი სპორტული მიზანი ასე ჩაისახა... ბავშვობიდან ბევრი შთამბეჭდავი ეპიზოდადი მახსენდება: სკოლაში სწავლა, გართობა, ვარჯიში, მწვერვალების დალაშქვრა, პირველი და მეორე შეჯიბრება... სხვათა შორის, მეორე შეჯიბრებაზე, როცა 12-13 წლის ვიყავი, ხელი მოვიტეხე. მშობლიურ ცხინვალში ექიმმა კარგად მიმკურნალა. სპორტული კარიერის გაგრძელება მისი დამსახურებით შევძელი. შემდგომში, ამ ხელთან დაკავშირებულ არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივარ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი, გავიმარჯვე ერთ შეჯიბრებაში, მეორეში, მოვხვდი საბჭოთა კავშირის ნაკრებში... ერთადერთხელ, 1988 წელს, ჩემს მწვრთნელს არ დავუჯერე და შეკრებაზე არ წავედი, რაც ძვირად დამიჯდა: სეულში ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი, სადაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ვინც გაიმარჯვა, იმ სპორტსმენს 15 კილოგრამით ვუგებდი...

"შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას არ მაძლევდა"

- ერთი პერიოდი, როცა საქართველო ახალი სახელმწიფო ერთეული იყო, საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის, კომიტეტებში გაწევრების უფლება არ ჰქონდა. კარგა ხანს "ჰაერში გამოკიდებული" ვიყავი. შემდეგ, როცა საქართველო დიდ ოლიმპიურ ოჯახს შეუერთდა, მაშინვე ეროვნულ ნაკრებში ჩავეწერე - საამისო სპორტული მონაცემები მქონდა. გუნდში ჩამსვეს, ბარსელონაში წამიყვანეს... ოლიმპიურ თამაშებზე არა მხოლოდ შტანგასთან ანუ დედამიწის მიზიდულობასთან ბრძოლა მომიხდა და არა მხოლოდ ჩემს მეტოქეს - სერგეი სირცოვს ვეჯიბრებოდი, არამედ - ვასილი ალექსეევსაც, რომელსაც თავისებური გავლენა ჰქონდა და შეეძლო, სხვა სპორტსმენებით, ასე ვთქვათ, ეთამაშა. უპირატესობას სხვებს ანიჭებდა, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას არ მაძლევდა. ყველა ცდის გამოყენება შევძელი და ზუსტად მაშინ, საკუთარ წონაზე 146 კილოგრამით მეტი სიმძიმე ავწიე... ეს აბსოლუტური რეკორდია. ასეთი რამ არასდროს, არც ერთ კატეგორიაში, არც ერთ ძალოსანს არ გაუკეთებია. მაშინ 22 წლის გახლდით... წარმატება ვიზეიმეთ როგორც ბარსელონაში, ასევე - ჩემს მშობლიურ ცხინვალში. ალბათ ის წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაც იყო ურთულეს 90-იან წლებში... წარმოიდგინეთ, 20 წელი, შეჯიბრებაზე მისი არაპატიოსანი ქმედებების გამო, ალექსეევს ცუდად მოვიხსენიებდი. მერე ჩავფიქრდი და ვთქვი: ეს კაცი და მისი წინაღობები რომ არ ყოფილიყო, ისეთი დიდი შედეგი არ მექნებოდა, როგორიც მივიღე-მეთქი... რა თქმა უნდა, ისეთი ცხოვრება არ მქონია, როგორიც ჩვეულებრივ ბავშვებს აქვთ: თვეების განმავლობაში მშობლიურ მხარეს მოწყვეტილი ვიყავი. მშობლების სითბო, მეგობრებთან ერთად გართობა, თანაკლასელებთან, სამეზობლოსთან ურთიერთობა მაკლდა... ჩემი ოცნება თავიდანვე ის იყო, რომ პროფესიონალი, წარმატებული, გამარჯვებული სპორტსმენი ვყოფილიყავი...

გადარჩენილი სპორტსმენი და ნატოს ჯარების ოფიცერი

- 90-იან წლებში, ცხადია, მეც რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: არც წყალი იყო, არც საჭმელი, არც სითბო... იყო პურის რიგები და სადმე წასასვლელად ტროლეიბუსზე ჩამოკიდება, გამხმარი ხეების მოჭრა ხელების გასათბობად... შეჯიბრებებს ვაგებდი. ყველა მეუბნებოდა, - თავს უშველე, შვილოო. საბოლოო, გადამწყვეტი სიტყვა პაპამ თქვა. მაშინ უკვე ვიფიქრე, - მოდი, ჩემს თავსაც ვუშველო, ფედერაციასაც და ოჯახსაც-მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე, თავი მერჩინა და საბერძნეთში გავემგზავრე, სადაც ამბობდნენ, - საქართველოს არა მხოლოდ ოქროს საწმისით, არამედ - ქეცბაიათი და კახიაშვილით ვიცნობთო. ეს უცხოეთში ქართველი სპორტსმენის აღიარებაა. ჩემთვის ის სპორტული შედეგები, რასაც საბერძნეთში ცხოვრებისას ვაღწევდი, არა მხოლოდ საბერძნეთის გუნდს ეკუთვნოდა, არამედ საქართველოსაც ვუძღვნიდი... 90-იან წლებში სამშობლოში რომ დავრჩენილიყავი, როგორც სპორტსმენი, დავიკარგებოდი: შეჯიბრებებს ვაგებდი, ტრავმებმა იმატა, პერსპექტივას ვეღარ ვხედავდი...

საბერძნეთში 1994 წლის ნოემბრიდან გადავედი. თავდაპირველად იქაც გამიჭირდა: სამშობლო მომენატრა, ცუდად ვიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შევეჩვიე. სხვათა შორის, დღესაც საბერძნეთის მოქალაქე ვარ. ასევე, საბერძნეთში ნატოს ჯარების პოლკოვნიკი - 700 მოზარდს თვითმფრინავის მართვას, ფიზიკურ მომზადებას, თეორიას, პრაქტიკას ვასწავლი. დისლოკაციის ადგილი ქალაქ ათენშია. საერთოდ, ოლიმპიურ ჩემპიონებს ათენში ერთგვარი სტიპენდია ენიშნებოდათ. მაშინ "სტიპენდიის" დანიშვნის სხვა ფორმა ვერ მოიძებნა და სამხედრო ძალებში ოფიცრებად დავინიშნეთ. იქიდან მოყოლებული, ხან სემინარებზე ვარ, ხან - სწავლებაზე, სამუშაოზე... უკვე 25 წელია, რაც ნატოს ჯარებში გახლავართ და ეს ყველას უკვირს...

აგვისტოს ომი

- 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ქვეყანაში რუსის "ჩექმა" შემოიჭრა, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქს ანადგურებდა, საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა... ჩემთვის ეს უძლიერესი ტკივილი და შოკი იყო. ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. გზები ჩაკეტილი იყო - სამშობლოში ვერ ვბრუნდებოდით. სპორტსმენებს რა უნდა გვეღონა? ის მინიმუმი გავაკეთე, რაც აუცილებელი იყო: კოლეგები შევკრიბე, საბერძნეთში, ძველ ოლიმპიურ სოფელში წავიყვანე, სადაც ტრადიციულად, ზავის ფიცი იდებოდა, რომ ყველა საომარი მოქმედება შეწყდებოდა. ეს სიმბოლური ადგილი იყო, რა თქმა უნდა. აქცია მოვაწყვეთ... ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, პეკინში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა. ყველა (სამასივე) მედალი, რაც კი გამაჩნდა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადავეცი... საპროტესტო წერილი ჩავაბარეთ ათენში რუსეთის და საქართველოს საელჩოებს. რუსეთის საელჩომ ცივად მიიღო. სამაგიეროდ, ჩვენმა საელჩომ დიდი მადლობა გადამიხადა. საბერძნეთის ტელეარხები 2 წუთს არ მითმობენ, რომ აზრი დავაფიქსიროო, - საელჩოს წარმომადგენელმა ჩვენს აქციაზე 5 წუთი ისაუბრა საქართველოში არსებული ვითარების, მსხვერპლის შესახებ...

GzaPress

"ვალი რომ არ დაგვეფარა, საერთაშორისო ასპარეზობიდან გაგვაძევებდნენ"

- ამჟამად, ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას ვხელმძღვანელობ. ქართულ სპორტს წინსვლა აქვს და ვხედავ, საჭირო რესურსი არის. მსურს, ახალ ეტაპზე, ახალ შედეგებზე "გავიდეთ". ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ - უკეთესობა მინდა. გარკვეული პერიოდი, საქართველოს ძალოსანთა ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. შემდეგ, ასე ვთქვათ, შეხლა-შემოხლა მოხდა. გაიმართა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩემი ოპონენტი - დავით ბეჟუაშვილი გახლდათ, რომელიც ფედერაციას 11 წელი ხელმძღვანელობდა. მაშინ წავაგე. ჩემი პროგნოზი იყო, რომ მალე სპორტული შედეგების ტემპის ზრდა შეჩერდებოდა, შემდეგ დაბლა დაიწევდა, პრეპარატების გამოყენება გაიზრდებოდა და გუნდი "ჩავარდებოდა". ახალმა ხელმძღვანელობამ მართვის სწორი მეთოდიკა, ვარჯიშები არ იცოდა... უხეშად რომ ვთქვათ, ყველაფერი ისე ახდა, როგორც დაგიბარებია: ჩვენი 4 წამყვანი სპორტსმენი დოპინგ-მომხმარებელი აღმოჩნდა, ფედერაცია კი 100.000 დოლარით დაჯარიმდა. ეს უზარმაზარი თანხა იყო! მაშინ პრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილი გადადგა, ვალდებულება კი იმ ხალხს შეგვატოვა, ვინც ხელმძღვანელობაში ჯერ არც ვიყავით. ჯარიმის დასაფარი თანხა ვერაფრით მოვიზიდეთ. მერე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს მივმართეთ, რომელმაც დახმარება ირაკლი ღარიბაშვილს (მაშინაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ) სთხოვა. საჭირო თანხა მოიძებნა... ის ვალი რომ არ დაგვეფარა, საერთაშორისო ასპარეზიდან გაგვაძევებდნენ. ჯარიმის გადახდის შემდეგ ჩვენი აღმასვლა დაიწყო - აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინსვლა გვეტყობოდა, საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯი გავიმაგრეთ, ჩვენი ფედერაციის წევრები სხვადასხვა კომიტეტში შევიდნენ... ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ასევე, როგორც იცით, ბოლო წლებში ზედიზედ ოთხჯერ, ევროპის გუნდური ჩემპიონები ვართ, ძალოსნობის ფედერაცია ქვეყნის საუკეთესო ფედერაციად ხუთჯერაა აღიარებული, ვმონაწილეობთ მსოფლიოს ჩემპიონატებში, ახლა ოლიმპიურ თამაშებზე გახლდით, სადაც იცით, როგორი შედეგები გვქონდა!.. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ ტოკიოში ოლიმპიადაზე პირბადეც უნდა აღმართულიყო, როგორც დროშა. ეს სიმბოლური იქნებოდა, რადგან უცნაური, უსულო ოლიმპიური თამაშები იყო: მაყურებელი არ ესწრებოდა, ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის გვეშინოდა...

ოჯახი

- დედიკო და დაიკო ათენში ცხოვრობენ, მამაჩემი საქართველოშია. ამჟამად მეც საქართველოში გახლავართ. ერთადერთი შეკითხვა, რომელსაც თავჩაღუნული ვპასუხობ, ჩემი დაოჯახების თემას უკავშირდება (იღიმის): დაოჯახებული არ ვარ. ალბათ ასე ჯობდა - შეიძლება, უკეთესი წინ არის...

"პოლიტიკოსმა შეუსრულებელი დაპირების გამო პასუხი უნდა აგოს"

- საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება არ მომწონს, უფრო მეტიც - ძალიან მტკენს გულს. საშინელება ხდება: არჩევნებამდე ერთმანეთის ოპონირება უნდა ხდებოდეს, ლოგიკურია. უნდა დაამტკიცონ, ქვეყნის მართვა ჩვენ უკეთ შეგვიძლიაო, მაგრამ არჩევნების შემდეგ გაერთიანებაა საჭირო. რაც დღეს ხდება, მთელი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის სამარცხვინოა: თითოეული პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება ხელისუფლებაში მოსვლისკენ ასე რატომ მიისწრაფვის? იმ ადგილიდან, სადაც დღეს არიან, საქმეს ვერ აკეთებენ?!. ამისთვის მაინცდამაინც ხელისუფლებაში ყოფნაა საჭირო?.. კანონის და ხალხის წინაშე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავისი შეუსრულებელი დაპირების გამო პასუხი უნდა აგოს. კანონში შესაბამისი მუხლები უნდა ჩაიწეროს, რომლის საფუძველზეც ტყუილი დაპირებების გამო პოლიტიკოსები პასუხს უნდა აგებდნენ. რასაც გამოკვეთილად ვხედავ, ისაა, რომ ქვეყნის კეთილდღეობაზე მეტად ბევრს პირადი მიზნები ამოძრავებს... ყველამ თავის ადგილას უნდა იმუშაოს და ქვეყანას მაქსიმუმი შესძინოს, არჩევნების შემდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს და ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედოს...

ეთო ყორღანაშვილი