"მასთან ერთად ყოფნა ყველგან კომფორტულია" - გზაპრესი

"მასთან ერთად ყოფნა ყველგან კომფორტულია"

ნინი ონიანი ბევრს შრომობს - ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება და მალე, საერთაშორისო ფიტნესინსტრუქტორის სტატუსით მუშაობას დაიწყებს. აღიარებს, რომ შვილთან ყოფნისთვის იმდენი დრო არ რჩება, რამდენსაც ისურვებდა, თუმცა შემდგარი და რეალიზებული ადამიანი სწორედ შვილის კეთილდღეობისთვის სურს იყოს. ნინის შვილთან ურთიერთობის, მისი აღზრდის მეთოდების შესახებ ვესაუბრეთ...

- ნინი, როგორ ხარ?

- მშვენივრად! რაც მთავარია, ჯანმრთელად ვარ, ვვარჯიშობ, ვსწავლობ, ვშრომობ, ვდედობ (იცინის)...

- შვილიც თბილისში ატარებს ზაფხულს?

- არა. სოფელშია მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად.

- პირველი არდადეგები ხომ არაა, რომელსაც დედის გარეშე ატარებს?

- არა. პატარა ასაკიდანვე მიჩვეული მყავს - 2 კვირას უჩემოდ ატარებს ხოლმე.

- შენთვის რთულია შვილის გარეშე ყოფნა?

- კი, რთულია. მართალია, ჩემ გვერდით არ არის, მაგრამ დედა ვარ და მთელი გულით მაინც შვილთან გახლავართ. შეიძლება არ ვიმჩნევდე, მაგრამ ასეა. მინდა დამოუკიდებელი ადამიანი გაიზარდოს, თავიდან ბოლომდე მოჯაჭვული არ იყოს ჩემზე. ჰოდა, ვინაიდან მთელ წელს ერთად ვატარებთ, ვფიქრობ კარგია, თუ ცოტა ხანს ბებია-ბაბუასთან, ნათესავებთან ერთად იქნება.

- საერთოდ, ბავშვთან ერთად დასვენებას ახერხებ ხოლმე? შენთვის ეს კომფორტული სიტუაციაა?

- როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად დასასვენებლად მიდიხარ, თავიდანვე იცი, რომ რეალურად, შენ კი არა, დასასვენებლად შენი შვილი მიდის (იღიმის), მაგრამ ეს სიამოვნებაა. სამწუხაროდ, დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დღე და ღამე შვილებთან ერთად გავატაროთ. როცა ერთად ვისვენებთ, ვცდილობ, მაქსიმალური ყურადღება დავუთმო. თან, ძალიან უპრობლემო ბავშვია. თითქოს უკვე "დიდი" ადამიანია: ჭკვიანი, ზედმეტ პრობლემას არასოდეს მიქმნის... მასთან ერთად ყოფნა ყველგან კომფორტულია.

- დედობის პასუხისმგებლობა ლუკას გაჩენისთანავე გააცნობიერე?

- ასეა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ თავად ლუკაც სულ ახალ-ახალ რაღაცებს მასწავლის. როგორც მშობელი, დღემდე ვიზრდები და ალბათ, ეს სასიამოვნო პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ ზრდასრული ადამიანი არ გახდება. კი, იყო მშობელი, სტრესულია, მით უმეტეს, როცა შვილს მარტო ზრდი, ბევრი დაბრკოლება გხვდება: სამსახურში უნდა წახვიდე, ბავშვს ყველგან ვერ წაიყვან... მაგრამ მაინც ყველაფერი პოზიტიურად გეჩვენება მასთან ერთად. ხანდახან ბავშვი თან დამყავს, როცა საბავშვო ბაღი არ მუშაობს. მიმაჩნია, რომ ესეც კარგია...

- ამას წინათ აღნიშნე, ვარჯიშმა ჩემს მენტალობაზეც იმოქმედაო. როგორც დედას, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული დამოკიდებულება ხომ არ შეგეცვალა?

- ერთ რამეში დავრწმუნდი: არ შეიძლება, ბავშვმა სპორტის გარეშე იცხოვროს. წინათ ვფიქრობდი - თუ სპორტი არ უნდა, თავი დავანებოთ-მეთქი, დღეს კი ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად, მშობელი უნდა ეცადოს, შვილი სპორტით დააინტერესოს. მიხარია, რომ სპორტთან დაკავშირებული სურვილები ლუკას თავადაც აქვს. ახლა კარატე ამოიჩემა (იცინის)... საერთოდ, დაძალების მეთოდი არ ამართლებს. პირადად მე, ბავშვობაში რაც დამაძალეს, დღეს ხელს არ ვკიდებ: კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ათწლედი დავამთავრე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ჯგუფში პირველი ვიყავი, მაგრამ რაც მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, მას შემდეგ არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს არ გავკარებივარ, რადგან დაძალება "არ მუშაობს". ადამიანს თავად უნდა უნდოდეს, რაღაც გააკეთოს. ჩემს შვილს არც წიგნების კითხვას ვაძალებ და არც - წაკითხულის მოსმენას. უბრალოდ, ვთავაზობ, რომ წიგნი წავიკითხოთ. თუ უარით მიპასუხა, არ ვეწინააღმდეგები. სამაგიეროდ, ცოტა ხანში თავად მოდის და მთხოვს, რომ წავიკითხოთ. მშობელზე უკეთ შვილს არავინ იცნობს. ამიტომ მეთოდი უნდა მოვძებნოთ, რომლითაც ბავშვი სპორტით დაინტერესდება.

- ბავშვებს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობა, არაჯანსაღი საკვები, ტკბილეულიც უყვართ... ლუკას შემთხვევაში, ამ საკითხს როგორ აგვარებ?

- ამის შესახებ როგორ ვთქვა, გამიმართლა-მეთქი, მაგრამ ლუკა ძალიან ცუდი მჭამელია - მხოლოდ სხვადასხვა ფაფას მიირთმევს. პერიოდულად, შეიძლება ბანანი შეჭამოს. ბოლო დროს შოკოლადის ჭამა დაიწყო... არაჯანსაღი საკვებისკენ მიდრეკილი არაა, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. ხედავს, რომ არაჯანსაღად მეც არ ვიკვებები და თავადაც ასე იქცევა, მაგრამ თევზი მაინც ჭამოს, ხომ შეიძლება? ხორცის ჭამას ვერ ვაძალებ. ამბობს, - ამის დანახვისას ცუდად ვხდებიო. ხორცის მოყვარული მეც არ ვარ - ზღვის პროდუქტს ვამჯობინებ, თუმცა ჩემი შვილი ამასაც არ ეკარება...

- დამაბნეველ შეკითხვებს გისვამს?

- რა თქმა უნდა. ასეთ შეკითხვებს რომელი ბავშვი არ სვამს (იცინის)? მაგალითად, მეკითხება, რატომ თენდება და ღამდება? შეიძლება, რომ არასოდეს დაღამდეს? კოსმოსში როგორ მოვხვდეო?.. რა თქმა უნდა, ვუხსნი. ამისთვის ჩემი მეთოდები მაქვს შემუშავებული. როდესაც ადამიანი ასეთი საინტერესო თემებით ინტერესდება, როგორ შეიძლება, პასუხი არ გასცე? უბრალოდ, ზრდასრულებისთვის ჩვეული ენით ახსნა ბავშვისთვის გაუგებარი იქნება. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ვაჩვენო ან მოვასმენინო კომპეტენტური ადამიანების მიერ ბავშვურ ენაზე "ნათარგმნი" ინფორმაცია, რაც პატარისთვის უფრო გასაგები იქნება, მაგრამ მაინც ვცდილობ, ძირითადად, თავად ავუხსნა - მოსწონს, როცა ამას ვაკეთებ... ყველაზე კარგი ის არის, რომ ყოველთვის ყურადღებით მისმენს, აზრს მასრულებინებს.

GzaPress

- როცა სათანადოდ არ იქცევა, როგორ მიანიშნებ, რომ ეს ცუდია?

- ცხადია, ბავშვს მიმართულება უნდა მივცეთ, ავუხსნათ, რა არის კარგი და ცუდი. გამიმართლა, რომ ჩემი შვილი კარგი ადამიანია. სინამდვილეში, უფროსები ხშირად უფრო ცუდად ვიქცევით, ვიდრე ბავშვები (იცინის). როცა ჩემი გაგებით, ლუკა კარგად არ იქცევა, უბრალოდ, ვეუბნები - დაფიქრდი, შენი საქციელი მოგწონს თუ არა-მეთქი? საკმაოდ გონიერი ადამიანია. ცოტა ხნით იბუტება, შემდეგ შემორიგების რიტუალი გვაქვს (იცინის). საკმაოდ ჯიუტია - აღიარება უჭირს, როცა რაღაცას სწორად არ აკეთებს, მაგრამ არა უშავს - ჯერ 4 წლისაა... ბავშვისთვის ყურის აწევა და მსგავსი მეთოდების გამოყენება არ მჩვევია, თუმცა ბევრი მშობელი შვილს დღემდე ასე ექცევა, რაც კატასტროფაა: ასეთი ქცევით ბავშვის ფსიქიკას დაღს ასვამენ. საუბარი ყოველთვის კარგი გამოსავალია. თუ საკუთარ შვილთან იმის კომფორტი არ გაქვს, რომ დაჯდე და დაელაპარაკო, როცა გაიზრდება და უხეშად რაღაცას გეტყვის, პრეტენზია ნუღარ გექნება, რადგან თავის დროზე, 5 წუთი ვერ მოძებნე, რომ მასთან ადამიანურად გესაუბრა...

- თავად როგორი ბავშვი იყავი?

- ისეთი ბავშვი ვიყავი, რომელიც როგორ გაიზარდა, მგონი, არავის გაუგია: ძალიან ჩუმი, წყნარი, უპრობლემო. გადასარევად ვსწავლობდი, ჭამას არავინ მეხვეწებოდა, არავის ვაწუხებდი, ჩემთვის ვთამაშობდი ხოლმე...

- რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვთ შენ და ლუკას?

- ორივე ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებული. შესაბამისად, ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ასაკში, რადიკალურად განსხვავებული ვიყავი: ლუკა ძალიან ჯიუტი, თავისნათქვამაა. საერთოდ, დღევანდელი ბავშვები ხომ უკვე "დიდები" არიან, არა? ჩვენ ასეთები არ ვყოფილვართ: რასაც წლების განმავლობაში ვსწავლობდით, ახლანდელმა ბავშვებმა უკვე იციან. სხვანაირები არიან. ჩემს შვილთან რაც უნდა ბევრი საერთო თვისება მქონდეს, მიმაჩნია, რომ ერთმანეთისგან მაინც რადიკალურად განვსხვავდებით: ახლანდელი ბავშვების გონება უკვე "სხვაგანაა", "წინ არიან"... ისე, ლუკაც გულთბილი ადამიანია, ცხოველები, მცენარეები ძალიან უყვარს, მოსწონს მუსიკა. სახლში ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტს ეპოტინება...

- როცა ახალ ურთიერთობას იწყებ, ფიქრობ, ლუკას როგორი რეაქცია ექნება?

- ლუკას ჯერ ჩემ გვერდით "მეგობარი მამაკაცის" სტატუსით არავინ უნახავს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ასეთი კაცი არ გამოჩენილა. თუ გამოჩნდება, ჯერ დავფიქრდები, რაღაცებს ავწონ-დავწონი... ალბათ, ეს ცალკე ეტაპი იქნება - ბავშვის გონება სათანადოდ უნდა შევამზადოთ, რომ ასეთი ინფორმაცია მივაწოდოთ...

ეთო ყორღანაშვილი