"მირჩევნია, კლუბში არ წავიდე და იმ თანხით შვილებს საჭმელი ვუყიდო" - გზაპრესი

"მირჩევნია, კლუბში არ წავიდე და იმ თანხით შვილებს საჭმელი ვუყიდო"

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია. ამჯერადაც გახსნილად გვესაუბრა იმ რთულ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდა და რომელსაც ოჯახის წევრების, მეგობრების მხარში დგომით უმკლავდება...

- მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველას კრიზისული პერიოდი გვაქვს, მეგობრების დამსახურებით, ზაფხულს კარგად ვატარებ: ერთად ვართ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და ვცდილობთ, რთული სიტუაცია მაქსიმალურად პოზიტიურად გადავლახოთ. პატარა საქმეების გამო, მეგობრებთან ერთად, ახლახან ბათუმში ვიყავი. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. მალე ისევ გამგზავრებას ვაპირებ.

- სტუდიაში მუშაობის განახლება გარკვეული პერიოდით მაინც თუ მოახერხე?

- კი, მუშაობა განვაახლე, მაგრამ წინათ, სტუდიაში უამრავი ბავშვი გვყავდა, პანდემიის გამო კი ცოტა მოსწავლე დარჩა. ასეთი რამ ბევრ სტუდიაში მოხდა... სტუდია არ დამიხურავს, რადგან შინ ჯდომას და განადგურებას, მუშაობა და "ორი კაპიკის" შემოსავალი მერჩივნა, რომ მეარსება. ურთულესი პერიოდია... იმედია, ხალხი აცრას გაიკეთებს და სექტემბრიდან მუშაობას განვაახლებთ...

- სტუდიაში მოსწავლეების რაოდენობა რატომ შემცირდა - ინფიცირების შიშით თუ ფინანსური კრიზისის გამო?

- ბევრმა მომწერა - ფინანსური საშუალება აღარ გვაქვს, მთელი ოჯახი სახლშია, ვერ მუშაობს, სტუდიაში საცეკვაოდ ვერ ვივლი. როგორც კი "ფეხზე წამოვდგებით", მოვალთო; ზოგს ეშინოდა და ბავშვებს ცეკვაზე ვერ უშვებდა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირებულიყვნენ... სხვადასხვანაირი მიზეზი იყო, მაგრამ ის - არა, რომ ცუდი მასწავლებელი ვარ, პირიქით - ბავშვები, ვინც გარკვეული პრობლემების გამო ცეკვაზე ვეღარ დადიან, დღემდე მწერენ, - მასწ, ერთი სული გვაქვს, ეს სიტუაცია როდის დასრულდება, ძალიან გვაკლიხარო. გულთბილ სიტყვებს მეუბნებიან... მოსწავლეებთან ურთიერთობა მეც ძალიან მაკლია. გული მწყდება, რომ სტუდიაში, კორონავირუსის გამო, უამრავი კარგი ბავშვი დავკარგე. ისეთი სტრესი მქონდა და დღესაც მაქვს, რომ ღამით, როცა ფიქრებს გავყოლივარ, ხშირად ბალიში ცრემლებით დამისველებია... ვაპირებ, ვაქცინა გავიკეთო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინია, რადგან ჯერჯერობით ყველაფერი ბოლომდე გამოკვლეული არ არის. მინდა, ყველაფერი მალე დასრულდეს. ფსიქოლოგიურად მზად ვარ, ყველანაირი რეგულაცია დავიცვა, ოღონდ - სამსახურებს ნუ დაკეტავენ, რადგან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ძალიან გვიჭირს. მაგალითად, პირადად მე, სხვაგან არ ვმუშაობ - მხოლოდ პედაგოგიური განათლება მაქვს მიღებული. არც სხვა ბიზნესი მაქვს, მხოლოდ სტუდიით ვარსებობ... თუ საჭირო გახდება, ისევ სახლში დავჯდები, სხვა რა გზა მექნება? სამსახურების დახურვა ხალხს ანადგურებს, მით უმეტეს - ხელოვანებს.

GzaPress

- ვაქცინასთან დაკავშირებით ორჭოფობდი, გაგეკეთებინა თუ არა?

- დღესაც ასეთი განწყობა მაქვს - გავიკეთო თუ არა?.. მგონია, აცრა მაინც ყველას მოგვიწევს. ჩემს სამეგობროში ვაქცინა თითქმის ყველამ გაიკეთა, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა აუცრელი. იცი, რამ შემაშინა? ამას წინათ ტაქსით ვმგზავრობდი. მეგობრებმა ვაქცინასთან დაკავშირებით დამირეკეს, - ასაცრელად დაგარეგისტრირებთო. - კარგი-მეთქი, - ვუპასუხე (თავად დარეგისტრირება ვერაფრით მოვახერხე). უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად ავცრილიყავი. ტაქსის მძღოლმა რომ გაიგო, ვაქცინა უნდა გამეკეთებინა, ისტერიკა დაემართა. ამბობდა, - ჩემი მეზობელი ლაბორატორიაში მუშაობს. ვაქცინა არ გაიკეთო. აცრიდან 8 თვეში ხალხი იხოცება ან ჯანმრთელობის რაღაც პრობლემა ექმნებაო... ადამიანები ასე ნეგატიურად განწყობილები არ უნდა იყვნენ, ჭორებს არ უნდა ავრცელებდნენ. ისე შემეშინდა, რეგისტრაციის გაუქმება მინდოდა. შემდეგ მშობლებმა მითხრეს, - ადექი და გაიკეთეო. არავინ იცის, მომავალში რა იქნება. რა თქმა უნდა, შიშის გრძნობა ისევ მაქვს და გონებაში დღესაც მიტრიალებს - იქნებ ის ჭორები მართალია? მიუხედავად ამისა, სხვა გზა არ მაქვს.

- მზიკო, შემოსავლის შემცირების ფონზე ისე დასვენებას ახერხებ, როგორც გინდა?

- ცხადია, ვერა. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ თუკი ვისვენებ, ფაქტობრივად, ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, რადგან ამ პერიოდში "გაჭედილი" ვარ. უცებ, უზომოდ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი - ისეთში, რომ მიფიქრია, საერთოდ არაფერი მინდა-მეთქი... ვერ ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გავატარე. ოჯახში გაჭირვების პერიოდიც გვქონია და კარგადაც გვიცხოვრია, როდესაც მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი, მაგრამ ისეთი სიტუაცია, როგორიც ახლაა, არასდროს შემქმნია. თუნდაც, სადმე რომ წახვიდე და ფინჯანი ყავა დალიო, ამის საშუალებაც რომ არ გაქვს, "გეკეტება" ადამიანს, აღარაფერი გინდა, ზიხარ, ტირი, ფიქრობ, შვილებს რა აჭამო... მოკლედ, ამ პერიოდმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა... დასვენებას რაც შეეხება, ზოგ მეგობარს აგარაკი აქვს, ზოგს - სახლი ბათუმში და ა.შ. მეგობრები ერთად ისე კარგად ვერთობით, რომ არასდროს დავიწუწუნებ - ვაიმე, კლუბში ვერ მივდივარ-მეთქი. მირჩევნია, კლუბში საერთოდ არ წავიდე და იმ თანხით, რაც იქ უნდა გადავიხადო, შვილებს საჭმელი ვუყიდო.

- შვილებიც შენთან ერთად ისვენებენ?

- უფროსი შვილი - ლევანიკო კაჭრეთში, ჩემს მშობლებთან იმყოფება, იქ უამრავი მეგობარი ჰყავს. უმცროსი - ალექსანდრე მონატრებულ მამასთან ერთადაა, რომელიც პოლონეთიდან დაბრუნდა. ალექსანდრეს მამა შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. მართალია, ბავშვის ვიდეოებს ხშირად მიგზავნის, მაგრამ მაინც გიჟს ვგავარ, რადგან 3 წლის განმავლობაში, უმცროსი შვილი ერთი დღითაც არ დამიტოვებია. ვტიროდი, როცა მამამისმა ბათუმში წაიყვანა. მე და ჩემს შვილს ჩახუტებულებს გვეძინა. როცა ღამით ეღვიძებოდა და გვერდით შემნიშნავდა, მკოცნიდა და მეუბნებოდა, მიყვარხარო. თუ მის გვერდით არ ვიწექი, მომიკითხავდა - არიქა, დედა სად არისო?!. ხომ წარმოგიდგენია, ახლა რა დღეში ვარ?.. ტატომ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა, - ბავშვმა მხოლოდ ერთი-ორჯერ გახსენა, დედა არც ახსოვსო. ამის გამო სულ გადავირიე, - როგორ თუ შვილს არ ვახსოვარ-მეთქი (იცინის)?! ახლა იმას ვფიქრობ, როდის ჩამომიყვანენ, გვერდით როდის მეყოლება... ახლახან, ბათუმში ყოფნისას, ტატოს მივწერე - ბავშვი ნახევარი საათით მომიყვანე-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ, რადგან ალექსანდრე რომ დამინახავდა, ისტერიკას ატეხდა... მიუხედავად იმისა, რომ მე და ტატო ერთმანეთს დავშორდით, უზომოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. როცა ადამიანთან საერთო შვილი გყავს, კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, რადგან ბავშვს დედაც სჭირდება და მამაც. მე და ტატო მეგობრებად დავრჩით... ახლა არც ერთი შვილი გვერდით არ მყავს, ამის გამო ძალიან მიჭირს. ლევანიკო 14 წლის ხდება. გარეთ რომ გავდივართ, ყველას და-ძმა ვგონივართ. ჩემს შვილს ეს ძალიან ახარებს - დედიკო, ხედავ, შენი ძმა "ვარ", ისეთი ახალგაზრდა მყავხარო (იცინის). მოკლედ, უფროს შვილს ჩემი მშობლები დაჰფოფინებენ, უმცროსს - ჩემი ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები. მეუბნებიან, - ცოტა ხანს ბავშვებისგან დაისვენეო. აბა, მკითხეთ - ვისვენებ (იღიმის)?.. ჩემი ორივე შვილი უზომოდ გულთბილია. მათზე "ვაფანატებ"!..

GzaPress

- პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- განსაკუთრებული არაფერი ხდება. თაყვანისმცემლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ არავის ვხვდები, ურთიერთობა არ მაქვს. მსურველები არიან, რომ თუნდაც ფინჯან ყავაზე დამპატიჟონ, მაგრამ იცი, რა არის? შეიძლება, ვიღაც მართლა მოგეწონოს, ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ როდესაც განათხოვარი ხარ, შვილები გყავს, ერთჯერად ურთიერთობაზე ფიქრობენ. ჩემზე ვერავის ვერაფერს ვათქმევინებ, რადგან 2 ბიჭის დედა ვარ. შეიძლება ამ საკითხზე "კომუნისტურად" ვფიქრობ, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ჩემმა შვილებმა ჩემ შესახებ "რაღაც" მოისმინონ. ისედაც საკმარისი სტრესი აქვთ: ხომ იცი, როცა ოდნავ პოპულარული ხდები, ზედმეტად რომ გაიცინო, ამასაც "კუდს გამოაბამენ". მაქსიმალურად ვცდილობ, ფრთხილად ვიყო. მამაკაცებს არ ვენდობი. არ ვიცი, დღესდღეობით კაცმა რა უნდა გააკეთოს, რომ ჩემი ნდობა მოიპოვოს. თუ არ დავრწმუნდები, რომ ადამიანს ერთჯერადი კი არა, სერიოზული ურთიერთობისთვის ვჭირდები (არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად ცოლობა უნდა შემომთავაზოს), ახლოს ვერავის მოვუშვებ, ვინც უნდა იყოს. დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადავდგამ. ამას წინათ მითხრეს: - გოგო, უკვე 2 წელია, მარტო ხარ. დავიჯერო, არ გინდა, გვერდით მამაკაცი გყავდესო?! რატომაც არა! 31 წლის ვარ. ჯერჯერობით მთელი ცხოვრება წინ მაქვს. არ მიმაჩნია, რომ ბებერი ვარ და სახლში უნდა დავჯდე, ვქსოვო... ძალიანაც მინდა, გვერდით მამაკაცი მყავდეს, რომელსაც ბოლოს და ბოლოს, დავეყრდნობი; როცა სულიერად მიჭირს, გულს გადავუშლი... მართლა სულით და გულით მინდა, ოჯახი მქონდეს, ცხოვრების ბოლომდე მარტო არ ვიყო, მაგრამ როცა რამდენჯერმე არ გაგიმართლებს, ე.ი. შენშია პრობლემა, რომელიც შეგიძლია გამოასწორო. მართალია, ჩემმა მეგობრებმა იციან, როგორი "გიჟი" ცოლი ვიყავი და ყველა მამართლებს - ოჯახის დანგრევა შენი ბრალი არ არისო, - მაგრამ პრობლემას მაინც საკუთარ თავში ვეძებ. არასდროს მეგონა, რომ ოჯახი დამენგრეოდა, თანაც - რამდენჯერმე. მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ ამას ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ ასე გამოვიდა, რა ვქნათ? მინდა, ცხოვრების ბოლომდე ოჯახი მქონდეს, თუმცა აწი ძალიან დაკვირვებული ვიქნები, ყველა საკითხს ჩავუღრმავდები. თუ მამაკაცს ნამდვილად ვჭირდები და ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნება, მისკენ ნაბიჯს გადავდგამ... ამ ეტაპზე, პირადი ცხოვრება არ მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი