რატომ სთხოვდა შველას პაპას და რის გამო ტიროდა 4 დღე ასმათ ტყაბლაძე - გზაპრესი

რატომ სთხოვდა შველას პაპას და რის გამო ტიროდა 4 დღე ასმათ ტყაბლაძე

ეს ქალაქი მისთვის ყველაზე ძვირფასია თბილისის შემდეგ. ამას წინათ დუშეთის ზევით, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში იყო და როგორც ამბობს: "მთიდან გადმოვხედე არემარეს და... დედა, ეს რა სილამაზეა! ბავშვობაში კი ვერ ვგრძნობდი, როგორ ლამაზ ადგილზე ვცხოვრობდი. მთლიანად დუშეთის მხარე საოცარია თავისი ხევსურეთით, ფშავით, მთიულეთით... ჩემი სახლი დუშეთში ყველაფერს მირჩევნია".

ქალბატონი ასმათი ბავშვობის არდადეგების პერიოდს და საზღვარგარეთ მოგზაურობის რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს.

არდადეგები ვის არ უყვარს

- ზაფხულის არდადეგებს ხშირად ვატარებდი სოფელ მჭადიჯვარში, დედაჩემის არაჩვეულებრივი ბიძაშვილების ოჯახში. არდადეგები ვის არ უყვარს, მაგრამ არ მიყვარდა ის, რომ მეგობრებს უნდა დავშორებოდი. პირველად ბათუმში ექსკურსიაზე ვიყავით სკოლიდან, მერე რამდენჯერმე დედამაც წაგვიყვანა. სკოლის პერიოდში სხვადასხვა ადგილას ვისვენებდით, მათ შორის იყო ესენტუკი. ზოგჯერ დედაჩემი საგზურს იღებდა და წაღვერში ან ქვიშხეთში მივდიოდით. წაღვერის პიონერთა ბანაკში გატარებული დრო სასიამოვნოდ მახსენდება - ვერთობოდით, ლექსებს ვკითხულობდით, მინდვრად თუ ტყეში მივდიოდით. შეჯიბრებებს ვაწყობდით სხვადასხვა სახეობაში - მძლეოსნობა, ტანვარჯიში.... წარმატებული ტანმოვარჯიშე გახლდით. დუშეთში პირველი მაისის და 7 ნოემბრის დემონსტრაციებზე ვარჯიშებით გამოვდიოდი ჯგუფთან ერთად. სკოლაში გვყავდა შესანიშნავი ფიზკულტურის მასწავლებელი სერგო ხუროძე, ის მავარჯიშებდა. მოქნილი ხერხემალი მქონდა და რთულ ილეთებს ვაკეთებდი, მაგალითად, "ხიდზე" გადავდიოდი და თავს ფეხებს შორის გამოვყოფდი.

"პაპა, სასწრაფოდ მიშველე..."

- წაღვერის პიონერთა ბანაკში ორ ნაკადად იყო ჭამა. პირველ ნაკადში ჩემი და შევიდა, იქიდან გამოვიდა და მითხრა: მთელი დღე მშიერი ხარ, შედი, ჭამეო. ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი. უეცრად ვიღაც ქალი მომმართავს, - არ გრცხვენია, მეორედ რომ შემოდიხარო?!. - მეუბნება მე, ვისაც სახლში მეხვეწებოდნენ, ოღონდაც რამე ჭამეო. დედა გაწამებული მყავდა. ერთხელ დამაბა, ცხვირზე ხელი მომიჭირა, იქნებ ასე მაინც ჩაყლაპოს საჭმელიო... ძალიან მეწყინა, ორჯერ ჭამა რომ დამაბრალეს. ისე გავმწარდი, აღარაფერი მიჭამია, გამოვედი სასადილო დარბაზიდან და წერილი გავუგზავნე პაპაჩემს. მივწერე: "პაპა, სასწრაფოდ მიშველე. სამი დღეა, ცხვირიდან სისხლი მომდის და ვერ მიჩერებენ. წამიყვანე, თორემ ცუდი ამბავი დამემართება". მალე დამავიწყდა ამ წერილის ამბავი. გავიდა რაღაც დრო, სანამ წერილი დუშეთში ჩავიდა, სანამ ჩემთან სახლში მიიტანეს... ერთ დღესაც ჩვენი ბანაკის მოპირდაპირედ ტყეში ვართ და ვხედავ, ბანაკში სკამზე ვიღაც თეთრთმიანი და წარმოსადეგი ტანის კაცი ზის. მივხვდი, რომ პაპაჩემია (ლამაზი კაცი იყო) და გავქანდი. საწყალს "პობედა" უქირავებია და იმით ჩამოსულა. ბანაკში მეხვეწებოდნენ, დარჩიო, არ ვთქვი, რატომ მივდიოდი. ის ქალიც მოვიდა და მეკითხებოდა, რატომ მიდიხარო? - აქ აღარ მინდა-მეთქი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი და წამოვედი, ჩემი და დარჩა. საწყალი პაპაჩემი კი ძალიან ვაწვალე.

რატომ ტიროდა 4 დღე

- ეს ამბავიც წაღვერის პიონერთა ბანაკს უკავშირდება. იქ ხის "კევს" სახლში ამუშავებდნენ და მერე ყიდდნენ. ერთხელ ძალიან ბევრი "კევი" ვიყიდე და თან მომქონდა, ამხანაგებისთვის მინდოდა დამერიგებინა. ბანაკიდან წამოსვლის დროა, დედაჩემი ჩამოვიდა, უკვე მივდივართ და თურმე ნახა ეს ჩემი "კევები". ისე გადაყარა, არაფერი მითხრა. მოვედი სახლში და ვეძებ. მინდა ამხანაგებს დავურეკო, რომ ჩამოვიტანე "კევები" და გავახარო. წინასწარ ვუთხრა, უნდა დაგირიგოთ ყველას-მეთქი, მაგრამ არ არის! სად არის ჩემი "კევები"-მეთქი? - და დედაჩემმა, - გადავაგდე, მაგის დაღეჭვა არ შეიძლებაო. ოთხი დღე ვტიროდი. ბავშვებს დავპირდი და ვერ ჩამოვიტანე. როგორი სათქმელია, დედამ გადამიგდო?! ასე ვიტირე ზედიზედ ის დღეები (იცინის), ძლივს გამოვედი ამ მდგომარეობიდან.

GzaPressხელმარჯვე

- მეცხრე კლასში ბაკურიანში უნდა წავსულიყავი ზამთარში და "კურტკა" არ მქონდა, დავჯექი და შევკერე. ნახაზები ჟურნალიდან ამოვიღე, კარგად ვხაზავდი. თბილისში "კურტკისთვის" შესაფერისი ქსოვილი და ვატინა (დაბამბული ნაჭერი) ვიყიდე. სითბოსთვის ვატინა ორ ფენად მივაკერე სარჩულს. ის "კურტკა" ახლაც შენახული მაქვს დუშეთში, გადაგდებას არც ვაპირებ. პირველად საზაფხულო სარაფანი შევიკერე, მთლად კარგი არ გამომივიდა, მაშინ მეოთხე კლასში ვსწავლობდი. დედამ გამაფრთხილა, ქსოვილს ნუ გააფუჭებო. პაპამ კი უთხრა: არა უშავს, ერთი-ორჯერ არ გამოუვა, მესამედ თავად მიხვდება და კარგად შეკერავსო. მართლა გადასარევად ვკერავდი. მე-5 კლასში ამხანაგის დედამ მითხრა, კაბა შემიკერეო. უარი არ მითქვამს, მეგონა, უკვე კარგი მკერავი ვარ (იცინის). სახელო ვერ ჩავაკერე კარგად, ცოტა რთულია სახელოს მორგება (ჩემს ტანზე გამომდიოდა) და იმ ქალმა მისაყვედურა, რაზეც დედამ გასცა პასუხი, - ამ პატარა გოგოს რა შეკვეთას აძლევდიო?!.

და ჩემზე უფროსია და სულ მასთან, მის მეგობრებთან ერთად მინდოდა ყოფნა. ერთხელ, არდადეგებზე ვალსის საღამო მოაწყვეს. ვისწავლე ვალსის ცეკვა, მაგრამ გამოსასვლელი კაბა არა მაქვს. რა ვქნა? საწოლის ლამაზი გადასაფარებელი გვქონდა, იმ ქსოვილს ტაფტა ერქვა, ორ ფერში ბზინავდა, იმისგან შევიკერე "სოლნცე-კლოში" კაბა. გვერდზე ყვავილიც გავუკეთე. იმ საღამოს ყველაზე პატარა და ყველაზე გამოპრანჭული მივედი.

#2 ტრამვაის ბოლო გაჩერება

- საზღვარგარეთ პირველად ინსტიტუტიდან წავედი. ლენინური სტიპენდიატი ვიყავი და მოწინავე სტუდენტები პრაღის თეატრალურ ინსტიტუტთან გაცვლითი პროგრამით აღმოვჩნდით ჩეხოსლოვაკიაში. პირველ რიგში, კარგი სპექტაკლები ვნახეთ და თეატრები მოვიარეთ, მაღაზიებიც გვაინტერესებდა. ძალიან დალაგებული და დასუფთავებული ქვეყანა ვნახეთ, ბევრი რამით განსხვავებული. შესანიშნავი ევროპული ქალაქია პრაღა, ვათვალიერებთ და პირველ დღეს დავიბენით, უკან წამოსასვლელ გზას ვეღარ ვაგნებთ. 1968 წელია, გაგონილი გვაქვს, რომ საბჭოთა ხალხს ცუდად ექცევიან და შეგვეშინდა. მე და ჩემი კურსელი სერგო კუნჭულია (სამწუხაროდ, გარდაიცვალა) ერთად ვდგავართ. კარგი მხედველობითი მეხსიერება და ორიენტაცია მაქვს, სერგოს ვეუბნები: ერთი რაღაც მახსოვს - ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იქ არის #2 ტრამვაის ბოლო გაჩერება. ავიდეთ ამ ნომერ ტრამვაიში, წავიდეთ ერთ ბოლოშიც და მეორეშიც (იცინის) და მივხვდები, სად არის ჩვენი სასტუმრო-მეთქი. მართლაც, ასე მივაგენით იმ ადგილს, სადაც ვცხოვრობდით. ეს იყო პირველი გასვლა უცხოეთში, მერე იყო პარიზი, პოლონეთი...

ლას-ვეგასის კაზინოში

- 7 წლის წინ ვიყავი პირველად ამერიკაში, მეგობარმა დამპატიჟა. მანამდეც მქონდა წასვლის შანსი, მაგრამ საბუთებს ვამზადებდი, როცა 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა და შემეშინდა, რადგან შვილთან ერთად მივდიოდი. მარტო რომ ვარ, არც თვითმფრინავის მეშინია და არც არაფრის. 2014 წლის დეკემბერში შობას ამერიკაში შევხვდი. ჩემი და სოფიკო ჭიაურელის მეგობარი წარმოშობით ებრაელია, ადრე რუსეთში ცხოვრობდა, იმ ქალმა მიმიპატიჟა. მაინც ფეხს ვითრევდი, იმან კი ყველაფერი ლამაზად ამიხსნა: ასეთი შანსი გაქვს, მეგობარი დაგხვდება, გიპატრონებს, წაგიყვანს-წამოგიყვანს და მეტი რა გინდაო?! მართლა კარგი გოგოა, პატივს მცემს, დავფიქრდი და წავედი. ჩემი მეგობარი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. იქვე ახლოსაა უამრავი პატარა ქალაქი: ვენტურა, მალიბუ, სანტა-ბარბარა... ყველგან წამიყვანა, ვიყავი ჰოლივუდშიც, ვარსკვლავების ხელის ანაბეჭდები ვნახე და ის კიბე, რომელზეც ჩამოდიან. ერთი სიტყვით, შესანიშნავი დრო გავატარე. სამი დღე ლას-ვეგასი მომატარა. კაზინოში შევედი. ჯერ სხვების თამაშს ვაკვირდებოდი, მერე მეც ვითამაშე და 25 დოლარი წავაგე. ვიფიქრე, ცოტა ფული მაქვს და ისიც აქ წავაგო? ჯობს, შვილიშვილს ვუყიდო რამე-მეთქი... ჩემმა მასპინძელმა ერთხელ თავის მეგობარ ეგვიპტელებთან წამიყვანა, ისინი არხთან ახლოს ცხოვრობდნენ, სადაც გემების "პარადი" ვიხილე. ჩამოიარა უთვალავმა მორთულ-მოკაზმულმა გემმა, რომელზეც სიმღერა და ცეკვა იყო გაჩაღებული. მერე ერთი კვირით სან-ფრანცისკოში წავედი, იქ ჩემი დეიდაშვილის შვილი ცხოვრობს და მასთან დავრჩი. ლოს-ანჯელესში ერთი თვე გავატარე.

სამი წლის წინ ნიუ-იორკში ჩავედი მეგობარ ელისო გუდიაშვილთან ერთად, რაღაც პრობლემა ჰქონდა და როგორც ახლობელი, მის გვერდით ვიყავი. ელისოს ქალიშვილი გაეროში მუშაობდა და იქაც სასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ნიუ-იორკმა მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ დამიტოვა, მანჰეტენია ყველაზე საინტერესო. ამერიკაში პატარა ქალაქები უფრო მომეწონა, იგივე ლას-ვეგასი როგორი გაბდღვრიალებულია!..

შეხვედრა ქართველთან აეროპორტში

- სტამბოლის აეროპორტში 7 საათი ველოდებოდი ლოს-ანჯელესის თვითმფრინავს. ენა არ ვიცი, არავის ვიცნობ, ურთიერთობა მინდა ვინმესთან, არ მიყვარს ჩუმად ყოფნა. ვზივარ ჩემთვის, არავის ვაინტერესებ... ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილმა გაიარა და შემომხედა. გავიფიქრე, ეს ალბათ ქართველია, თორემ რატომ შემომხედავდა? რომელი მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი ვარ?! გული კი დამწყდა, თუ ქართველი იყო, ისე რომ გამიარა. ცოტა ხნით ჩამთვლიმა, გავიღვიძე და ვხედავ, ის ბიჭი ჩემ გვერდით არ ზის?!. კიდევ შემომხედა. არც ვაციე, არც ვაცხელე და ვუთხარი: ქართველი ხარ, სხვა არ შემომხედავდა-მეთქი. - დიახ, ქალბატონო ასმათო, - მიპასუხა და სიხარულისგან აღარ ვიყავი: - შენ გაიხარე, დავსხდეთ ახლა მე და შენ და ვიჭუკჭუკოთ-მეთქი. თურმე ცოლ-შვილი ამერიკაში ჰყოლია, "მწვანე ბარათი" მოუგია და ისიც ლოს-ანჯელესში მიფრინავდა. ამერიკაში რომ ჩავედით, მისმა ოჯახმა მიცნო - "დიტოს დედას" ("ჩცდ" სერიალიდან) ძახილით შემომეხვივნენ, ძალიან კარგი დღე იყო.

"ზოდიაქოთი თევზი ვარ"

- ახალგაზრდობაში ზღვა ძალიან მიყვარდა. ყოველ ზაფხულს აფხაზეთში ვატარებდით. ჩემი დეიდაშვილი ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო და ფაბრიკას კინდღში კოტეჯები ჰქონდა. დასასვენებლად იქ მივდიოდით ხოლმე. 11-12 წლის ვიყავი, როცა ზღვაზე ტალღამ რამდენჯერმე გადამიარა. ცურვა კარგად ვიცოდი, მაგრამ ისე არ ვცურავდი, რომ ტალღისთვის გამეძლო. ერთმა ძველმა მოცურავემ შეამჩნია ჩემი გასაჭირი და ზღვიდან გამომიყვანა. ბებიას ეგონა, ვთამაშობდი: - გეყოფა ახლა, დიდი ტალღაა და გამოდიო. ტალღა კი ხან შემითრევდა და ხან გამომაგდებდა, ვეღარ გამოვდიოდი. მას შემდეგ, ცოტა შიშის გრძნობა გამიჩნდა.

მარჯანიშვილის თეატრში რომ ვიყავი, სოფიკოს სულს ვენაცვალე, ერთხელ ბიჭვინთის ხელოვანთა სახლში წამიყვანა, სადაც მოხვედრა ეგრე ადვილი არ იყო. ზაფხულობით თეატრიდან ხშირად გვქონდა გასტროლი სოხუმში. სესილია თაყაიშვილმა საგზური გამიკეთა და მის ოჯახთან ერთად ორჯერ დავისვენე გაგრაში. მაშინ ხომ ასე იყო - ყველას არ გვეკუთვნოდა სამთავრობო აგარაკზე დასვენება. იქ იყვნენ ე.წ. პარტიული ფუნქციონერები და არაჩვეულებრივად გვექცეოდნენ, შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდა. ცნობილი ადამიანების შვილებს რომ დაინახავდნენ, სანაპიროზე განხილვა იწყებოდა: იმისი შვილი ჩამოვიდა, ამისი შვილი ჩამოვიდა... ერთხელ ბორია წიფურია გვეუბნება: მე რომ მოვალ პლაჟზე, დაიძახეთ - მიშას შვილი ჩამოვიდაო! მართლაც ასე მოვიქეცით და ატყდა ამბავი: ვინ არის მიშა, რომელი მიშასიო? ჩვენც დავაკონკრეტეთ - მიშა წიფურიასი (იცინის). მერე მიხვდნენ, რომ მსახიობები ვხუმრობდით. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოთი თევზი ვარ, ცურვის სურვილი დიდად აღარ მაქვს.

ნანული ზოტიკიშვილი