"ბოლოკას რომ მეძახდნენ, ვერ ვიტანდი მე სულელი" - გზაპრესი

"ბოლოკას რომ მეძახდნენ, ვერ ვიტანდი მე სულელი"

მსახიობი გოჩა ლომია 67 წლის ასაკში, ინფარქტით გარდაიცვალა... მერვე კლასში იყო, ფილმში რომ გადაიღეს... რეჟისორის თანაშემწემ, თავისივე ქალაქში, სენაკში აღმოაჩინა ნიჭიერი ბიჭი და არ შემცდარა, სრულიად პატარამ რეჟისორის ამოცანა საუკეთესოდ შეასრულა და ასე ეზიარა კიდეც დიდ კინოს. როლმა საყოველთაო სიყვარული მოუტანა და მეტსახელად დაუტოვა ფილმის პერსონაჟის სახელი "ბოლოკა".

"ვესაუბრები და თვალწინ შავ-თეთრი ფილმის კადრები მიცოცხლდება. არც ხმა შესცვლია, არც საუბრის მანერა, არც ინტონაცია, ისევ ბოლოკასავით ხალისიანი და სიცოცხლით აღსავსე საუბარი აქვს. ოღონდ ესაა, რომ "ღიმილის ბიჭი" - გოჩა ლომია უკვე შევერცხლილა და თვალების ირგვლივ ნაოჭიც გასჩენია. ყველასათვის საყვარელი ბოლოკა 2 შვილიშვილის ბაბუაა", - ასე იწყებდა ღიმილის ბიჭზე საუბარს თავის ინტერვიუში ჟურნალისტი ეკა სალაღაია, რომელიც ბატონ გოჩას მშობლიურ ქალაქზე, ოჯახსა და განვლილი ცხოვრების გზაზე ესაუბრა. სამწუხაროდ, ეს გოჩა ლომიას უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა, რომელიც ჟურნალ "გზისთვის" ჩაიწერა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ჩემი მშობლიური ქალაქი სენაკია. კომუნისტების დროს ცხაკაია ერქვა - ამ ქალაქიდან იყო წვრილი კალიბრის კომუნისტი მიშა ცხაკაია და სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. სხვაგან ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. ერთადერთი ქალაქი, სენაკის გარდა, სადაც 3 წელი სიამოვნებით ვიცხოვრე, სოხუმი იყო. აი, თბილისს რატომღაც, ვერ მივეჩვიე. ეს თბილისის კი არა, ჩემი ბრალია, ვერ გავთბილისელდი... ძირძველი სენაკელი ვარ, ჩემი წინაპრებიც ამ ქალაქიდან იყვნენ.

ლომიები თავადობითა და აზნაურობით ვერ დავიკვეხნით, ჩვენი გვარის წარმომადგენლები, ათადან და ბაბადან მოყოლებული, მეკამეჩეები ყოფილან. გამონაკლისი ბაბუაჩემის მამა, რამდენიმე სოფლის მამასახლისი, ქიშვარდ ლომია ბრძანებულა. მე პედაგოგისა და ინჟინრის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ტრაბახს არ დავიწყებ, მართლა გადასარევი ბავშვი ვიყავი. ჩემი პირველი მასწავლებელი ბებიაჩემი იყო. მართალია, სკოლა მედალზე არ დამიმთავრებია, მაგრამ წარჩინებული მოსწავლე გახლდით, მერვე კლასამდე ფრიადოსანი..."

"15 წლის ვიყავი, "ღიმილის ბიჭებს" შორის რომ აღმოვჩნდი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რეზო ჩხეიძე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაეძებდა ფილმისთვის გმირებს... 1967 წლის ზაფხულია. ახალი დათხოვილები ვართ და ე.წ. გარადოკის სპორტულ მოედანზე რუსული სკოლის გუნდს ვერკინებით კალათბურთში. გადამღები ჯგუფის ავტობუსი მოედანთან ზუსტად მაშინ გაჩერდა, როდესაც დამაჯარიმეს. გავბრაზდი, ვჭყიპინებ, ვჩხუბობ და უცებ აღმოვაჩინე, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, მიყურებს და სიცილით კვდება. ახლა ამაზე ავიფოფრე და ერთი-ორი ტკბილი სიტყვაც ვუთხარი. უცებ, ავტობუსის მგზავრებს ერთ-ერთი გამოეყო - გოჩა ლომია წამოგვყვეს, იბარებენო. ვიფიქრე: ვაი, ახლა გამაძრობენ ტყავს-მეთქი. წავყევი და წარმოდგენა არა მაქვს, სად მივდივარ. მიმიყვანეს პიონერთა სახლში, შემიყვანეს კაბინეტში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. - კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. - ეგ ვის არ უნდა-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა, ლექსი წაგვიკითხეო. - პოეზიასთან ვერ ვმეგობრობ. სამაგიეროდ, ანეკდოტების მარაგი მაქვს ულევი. - ლექსს ვერა, მაგრამ თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს... ამის შემდეგ ახალი დავალება მომცეს, - ვინმეს პაროდიასაც ხომ არ გააკეთებო? თუ ცუდად არ დამიმახსოვრებს, ჩვენს სასწავლო ნაწილს გავცინებ-მეთქი, - მორიდებულად ვუთხარი. შენ მაგაზე არ იდარდოო, - დამაიმედეს და მეც ვაჩვენე, როგორი დამუშავებული მქონდა მისი მანერები, ფრაზები და მიხრა-მოხრა. მოვკალი ყველა სიცილით. ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, - როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი..."

"თავიდანვე ბოლოკად განვიხილებოდი. ამ გადაწყვეტილებაში ყველა ჩემმა მონაცემმა ითამაშა თავისი როლი: ხასიათმა, პლასტიკამ, განსაკუთრებით - ცხვირმა. კი მიმიგავს მართლა ბოლოკს (იღიმის). "ღიმილის ბიჭებს" შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. ჩემ გარდა, ყველა სტუდენტი იყო. ბიჭებმა თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს, დღემდე ვკონტაქტობთ და აწი რაღა დაგვაშორებს?

გადაღებები თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა, ზამთრის სცენები კი კიევში გადავიღეთ. იქ, ასე ვთქვათ, "ცუდად" დავიწყე ძრომიალი და ეს რომ მამაჩემს მოახსენეს, გადაწყვიტა, კრასნოდარში ბებო გამოეყოლებინა. სწორედ ბებოსთანაა დაკავშირებული ძალიან ბევრი მხიარული ამბავი. კრასნოდარის სცენების გადაღებები ძირითადად, სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობდა. თავიდან ბებო სასტუმროში რჩებოდა, - რა მინდა გადასაღებ მოედანზეო? მაგრამ მერე მოსწყინდა: წამოვალ, აქ ვის ველაპარაკო, მე რუსული არ ვიცი, ამათ - ქართულიო. "მატორ", რომ დაიძახეს და წამოვიდა ტყვიების წვიმა, ბებოს უკითხავს, ჩემი შვილიშვილი ახლა იქააო? მათი დასტური და ბებიას გულის წასვლა ერთი ყოფილა. მას შემდეგ აღარ ესწრებოდა გადაღებებს.

GzaPress

როგორც პედაგოგი, ბებო მუდამ დისციპლინისკენ მოგვიწოდებდა მე და თაზო თოლორაიას. მოითხოვდა, რომ 8 საათზე სასტუმროს ნომერში ვყოფილიყავით, 9-ზე - ლოგინში, ჩვენ კი აქეთ-იქით ბორიალი გვინდოდა... ბებოს ლიფტის ეშინოდა, ცოცხალი თავით არ ჯდებოდა მასში. ჩვენ რომ ვეპარებოდით, სასტუმროს ადმინისტრატორს სამ მანეთს ვაძლევდით ქრთამს, - თუ დაინახავთ, რომ ბებია ჩამოდის კიბეზე, მიატრიალეთ უკან და მიუთითეთ, რომ კიბეზე ფეხით სიარული არ შეიძლება, ლიფტით უნდა იმგზავროთო! ასეც იქცეოდა და შეწუხებული ბებია ნომერში ბრუნდებოდა. ასე, კარგა ხანს ვამყოფეთ ბებო იძულებით პატიმრობაში. ამბავი გადაღების ბოლოს "გასკდა".

ქრონოლოგიურად შეეშალათ და ჯერ თავის გადახოტრის სცენები გადაიღეს და მერე მოინდომეს ფინალური სცენის გადაღება, - ბერლინის კედელზე რომ აკეთებს ბოლოკა წარწერას, რისთვისაც საჭირო გახდა პარიკი მომერგო. ბერლინში ვინ გაგვიშვებდა? პავილიონში აღვმართეთ პენოპლასტისგან რაიხსტაგის კედელი. ვიზუალურად არა უშავდა, მაგრამ ცარცით სახელების დაწერა რომ მოვინდომე, დავაწვები, კედელი დადის წინ და უკან, არ დავაწვები და ცარცი არ ემჩნევა! ბევრი დუბლი გავაფუჭეთ, ვიდრე სასურველ კადრს გადავიღებდით..."

კითხვას: რა რეაქცია გქონდათ, როდესაც უკვე დასრულებული ფილმი იხილეთ? ბატონმა გოჩამ ასე უპასუხა:

"ძალიან მომეწონა. ვთქვი: "საღოლ მე". ჩემთან ერთად, ჩემი ქალაქიც განსაკუთრებულად ელოდებოდა ფილმის ნახვას. ეს იყო ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მთელ რაიონში. ისე მოხდა, რომ "ღიმილის ბიჭები" იყო პირველი ფილმი, რომელიც სენაკის ახალაშენებულ კინოთეატრში დატრიალდა. ჩვენებაზე დაპატიჟებული იყო მთელი ჯგუფი, მერე ყველამ ჩვენს ოჯახში მოვიყარეთ თავი.

პრემიერის შემდეგ ჩვენზე პოპულარული ბიჭები ქვეყანაზე არ დადიოდნენ. ბოლოკას რომ მეძახდნენ, ვერ ვიტანდი მე სულელი, ახლა სულ სხვა რეაქცია მაქვს. დღესაც ბევრი მცნობს ქუჩაში და ბოლოკაო, რომ წამოიძახებენ ჩემს დანახვაზე, მახარებს ეს ამბავი. მე კი არა, ჩემს შვილებსაც უხარიათ, რომ ამბობენ, - ეს ბოლოკას შვილიაო. ბიჭს სამსახურში "ბოლოკიჩსაც" ეძახიან.

დღეს რომ ვაკვირდები, ადამიანებთან ურთიერთობაში, ინსტიტუტში ჩაბარებაში - ყველაფერში ბოლოკა დამეხმარა. ვერ გამოვიყენე ის ტრამპლინი, რაც ბატონმა რეზომ მომიმზადა, ჩემს ადგილას სხვა ჭკვიანი ადამიანი შესანიშნავ კარიერას აიწყობდა..."

"ღიმილის ბიჭების" გარდა, კიდევ ორ ფილმში გადამიღეს: რეზო ჩხეიძის "ნერგებში" და თემურ ფალავანდიშვილის "მოხეტიალე რაინდებში". მამას არ უნდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი, თან - მეც ტვინი მქონდა ბავშვობიდანვე გამოტენილი დეტექტივების კითხვით და იურისტობა მოვინდომე. ჩავაბარე, დავამთავრე, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყე და დეტალებში ჩავიხედე, საბჭოთა გამომძიებელზე გული ამიცრუვდა. მოგვიანებით ადვოკატურას მოვეკიდე. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა - 2005 წელს სეფსისი დამემართა და არ ეგონათ, თუ გადავრჩებოდი. გადავრჩი, მაგრამ ეზოში მანქანა თუ მეყოლებოდა და მე ფეხით ვივლიდი, მაგას წარმოვიდგენდი?! დღის მეორე ნახევარში უკვე მოძრაობაც მიჭირს, ფეხებმა მიმტყუნეს. ახლა პენსიონერი ვარ. მართალია, ასაკით ჯერ არ მეკუთვნის პენსია, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამინიშნეს..."

"პრანჭიაობა ბევრი იყო და ზუსტად ამის გამო, დიდხანს ვერ ვგეგმავდი დაოჯახებას. ცოლი რომ შევირთე, 31 წლის ვიყავი. ჩემი რჩეული დოდო ცეკვავაა - ძალიან კარგი ქალი, კარგი მეუღლე, დედა და მსოფლიოში ყველაზე გადარეული ბებია. სამი შვილი გვყავს: გოგო ექიმია, ბიჭებიდან ერთი ფოთის საბაჟოზე მუშაობს, მეორემ საეკლესიო გზა აირჩია და მარტვილის მონასტერშია. ჩემები რომ არიან, იმიტომ არ ვამბობ, ღმერთმა ყველას მისცეს ისეთი შვილები, მე რომ მყავს. რძალი - თეა ოქრო გოგოა, ჩემი მეოთხე შვილია. ორი შვილიშვილი მყავს: 3 წლის სესილი და 1 წლის ბატონი ანდრია. ჩემი თაობის მეგობრები სენაკიდან სხვადასხვა ქალაქში გაიფანტნენ. სიბერის ჟამს შეძენილი ორი მეგობარი მყავს: იურა საჯაია და ნატო გაგელია - ოფთალმოლოგები და თუ შინ შვილიშვილებთან არ ვარ, მათთან ერთად გამყავს დრო.

ბუნებით ტოროლა ვარ, დილის 6 საათზე ვდგები. რთული მოსავლელი კაცი არ ვარ, დილით სიგარეტი, ყავა და კროსვორდი თუ მაქვს, დისკომფორტს არ განვიცდი. იშვიათად ვბრაზდები და მაშინაც, სიბრაზე მალევე მავიწყდება. სპორტის გულშემატკივარი დავრჩი, მაგრამ არასდროს მითამაშია ტოტალიზატორში..."

"ცხოვრებაში მთავარია, სწორი არჩევანი გააკეთო და სწორი გზით იარო. ღირსება არაფერზე არ უნდა გაცვალო. სავარძლითა და ბანკის ანგარიშით კაციშვილი არ დაუმარხავთ, სახელს თუ წაიღებენ იმ ქვეყნად. ისე უნდა იცხოვრო, რომ ერთი-ორი ალალი ცრემლი დაგეცეს, შენმა თაობამ მაინც დაგიმახსოვროს.

წარსულს რომ გადავხედავ, აშკარაა, ჩემი ცხოვრების მთავარი მომენტი "ღიმილის ბიჭები" ყოფილა და თუ დამიმახსოვრებენ, ეს ბოლოკას დამსახურება იქნება..."

P.S. ვწუხვართ ბატონი გოჩას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც "ღიმილის ბიჭი" უყვარდა...