"მთელი სადაქალო ერთდროულად მიყვარდა" - გზაპრესი

"მთელი სადაქალო ერთდროულად მიყვარდა"

სახელი, გვარი: გივი პაპავა.

ასაკი: 24 წლის.

განათლება: დაამთავრა ტურიზმის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "კომედი შოუს" სცენარისტი და მსახიობი.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება.

ცხოვრების დევიზი: "ყოველთვის ის ვაკეთო, რაც მინდა".

- წარმოიდგინე, არავინ გიცნობს. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენ - ვინ ხარ?

- ხონში დაბადებულ-გაზრდილი, 165 სმ სიმაღლის, მხიარული ადამიანი ვარ, რომელსაც დადებითი ემოციები უყვარს.

- შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რა მიგაჩნია?

- ალბათ ის, რომ ძალიან კეთილი ვარ. შეიძლება ვიცოდე, რომ ვიღაც ცუდად მექცევა, მაგრამ მის მიმართ მაინც კეთილგანწყობილი, ლმობიერი ვიყო, რაღაცები "გავუტარო"...

- ყველაზე ხშირად რასთან დაკავშირებით გეხუმრებიან?

- სიმაღლეზე. ეს თემაა აქტუალური...

- რის გამო გსაყვედურობენ?

- ფიცხი ხასიათისა და ცოტათი სიჯიუტის გამო. თუ რაღაც არ მომწონს, ახსნა-განმარტების გარეშე "აფეთქება" მჩვევია. სიჯიუტეს რაც შეეხება, შეიძლება ვიცოდე, ცუდს ვაკეთებ, მაგრამ ვიღაცამ თუ მითხრა, არ გააკეთოო, პრინციპულად მაინც ჩემებურად ვიქცევი.

- ხასიათის ამ თვისებების გამო ხელი შეგშლია?

- პროფესიულ საქმიანობაში - არა, პირიქით: როდესაც მსახიობი ხარ, შენი უნდა "გაიტანო", მაგრამ ცხოვრებაში რამდენჯერმე შემიშალა ხელი: მაგალითად, დიდ თანხაზე უარი მითქვამს, რადგან ვისაც საქმე შემოუთავაზებია, ის ადამიანი არ მომწონებია - მასთან ურთიერთობა არ მინდა-მეთქი... არა უშავს, ხდება ხოლმე.

- ადამიანთან პირადად შეხვედრისას, პირველ რიგში, მისი გარეგნობის რომელი დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- რაკი ვისაც ვხვდები, ის ყოველთვის ჩემზე მაღალია, მინდა თუ არა, თავის მაღლა აწევა მიწევს. ამიტომ ჩემს ყურადღებას ნიკაპის ქვედა მხარე იქცევს.

- შენი საყვარელი იუმორისტი ვინ არის?

- ვინც "კომედი შოუ" და საერთოდ, ქართული იუმორი შემაყვარა, ნიკა გრიგოლია გახლავთ, მსოფლიო მასშტაბით კი - ჩარლი ჩაპლინი ჩემთვის კერპი და იუმორის ღმერთია!..

- დაასახელე შენი კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე.

- არ ვიცი, ამას "კომპლექსი" დავარქვა თუ არა: ხალხმრავალ ადგილას ყოფნა არ მიყვარს. ამიტომ დასასვენებლად ან რესტორანში სავახშმოდ თუ მივდივარ, ყოველთვის ისეთ ადგილს ვირჩევ, სადაც მაქსიმალურად ცოტა ხალხი იქნება. ხალხმრავალ ადგილებში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ეს ან კომპლექსია, ან - უბრალოდ ზედმეტი ყურადღებით ვწუხდები...

- პოპულარობის შეგრძნება პირველად როდის დაგეუფლა?

- პოპულარობის ყველაზე ძლიერი შეგრძნება მაშინ დამეუფლა, როდესაც იმ მასწავლებლებმა დამირეკეს, ვინც მოსწავლეობის პერიოდში სკოლაში კუთხეში მაყენებდნენ ან ყურს მიწევდნენ. მაშინ მივხვდი, რომ მაქსიმალურად პოპულარული ვიყავი, თორემ მანამდეც, როცა ქუჩაში გავდიოდი, ვხედავდი და ვგრძნობდი, ჩემ მიმართ ადამიანები სიყვარულს გამოხატავდნენ, "კომედი შოუდან" ფრაზებს მეძახდნენ, მოდიოდნენ და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ... როცა იმ მასწავლებელმა დამაფასა, ვინც მეუბნებოდა, ადექი და საკლასო ოთახიდან გადიო, მივხვდი, მაქსიმალურად პოპულარული ვიყავი (იცინის).

- გაკვეთილიდან რატომ გაგდებდნენ?

- სიმართლე გითხრათ, მეტიც მეკუთვნოდა. ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი. სკოლიდან გაგდების კანდიდატი ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ამაშიც ჩემი მსახიობური ნიჭი მეხმარებოდა: პედაგოგებს თავს ვაცოდებდი - შანსი მომეცით-მეთქი... მასწავლებლებს ცუდ რაღაცებს ვუკეთებდი: მაგალითად, ერთხელ შეშის გახურებულ ღუმელზე პილპილი დავყარე და მასწავლებელს გული წაუვიდა... ასეთ ბავშვურ სისულელეებს ვაკეთებდი, მაგრამ მაქსიმალურად ვამძაფრებდი. მერვე კლასის შემდეგ, ასე ვთქვათ, ცოტათი კალაპოტში ჩავჯექი. უზრდელი არ ვყოფილვარ, ეშმაკი გახლდით.

- საკვები, რომელიც შენს მაცივარში სულ არის...

- ხორცი, კვერცხი და სოსისი. საერთოდ, საკვებში თუ ხორცი არ ურევია, არ ვჭამ, - საჭმელად არც მივიჩნევ. ჩემთვის საყვარელი საკვები ხორცია.

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?

- პირველი კლასიდან მესამემდე მიყვარდა. შემდეგ რაღაც მოხდა, "გადამიყვარდა" და მისი დაქალი შემიყვარდა, მერე - მისი დაქალის დაქალი... მოკლედ, მთელი სადაქალო ერთდროულად მიყვარდა (იცინის).

- სიყვარულითვე გპასუხობდნენ?

- სხვათა შორის, კი. მართალია, სიმპათიური, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება არ ვყოფილვარ, მაგრამ გოგონებს "ვედაქალებოდი", ვესაუბრებოდი, თავს ვაცოდებდი, ვაყვარებდი... შემდეგ ვეუბნებოდი, - იცი, რა?.. აღარ მიყვარხარ, შენი დაქალი მიყვარს-მეთქი (იცინის). ასეთი დამპლური საქციელები მახასიათებდა, მაგრამ ეს მეხუთე-მეექვსე კლასამდე. მერე გავიზარდე და ცოტათი "დავღვინდი".

- გაიხსენე ყველაზე უცნაური რამ, რაზეც მეუღლესთან გიკამათია...

- შეიძლება ნებისმიერ ადგილას ჩამეძინოს, მაგალითად - ფეხზე ვიდგე და 1 საათი მეძინოს. ხშირად შინ დაღლილი მივსულვარ, კედელს მივყუდებივარ და დამძინებია... არ მიყვარს, როცა მაღვიძებენ. სადაც დამეძინება, უნდა მეძინოს - კომფორტულად ვარ. მეუღლესთან ამის გამო ვკამათობ - არ გამაღვიძო და არ მითხრა, რომ საწოლში დავწვე-მეთქი. როგორც წესი, მე ვკამათობ, მას ეცინება...

GzaPress

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- სანამ დავოჯახდებოდი, 18 საათი მაინც მეძინა, როცა დავოჯახდი - 15, შვილის შეძენის შემდეგ კი 6 საათს მძინავს (იცინის).

- რთულია?

- ბავშვს დილის 7 საათზე რომ ეღვიძება, თითქოს რთულია, მაგრამ როცა მაგალითად, ხელით მანიშნებს - გარეთ გავისეირნოთო, სირთულე მავიწყდება. საერთოდ, მშობლობა სასიამოვნოდ რთული და იმავდროულად ძალიან საინტერესო ყოფილა, რადგან როცა შვილი გყავს, მასთან ერთად იზრდები, ბევრ რამეს სწავლობ და იმ პროცესს გადიხარ, რასაც შენი მშობლები შენი აღზრდისას გადიოდნენ. ვცდილობ, გაბრიელს (ჩემს შვილს) საინტერესო ცხოვრება, გარემო, სიტუაცია ჰქონდეს. არ მინდა, მჩხავანა ბავშვი იყოს. მსურს, ბევრი შეკითხვა დასვას, რომელზეც ვუპასუხებ, ავუხსნი... როცა გაიზრდება და დამოუკიდებელი ბიჭი გახდება, საკუთარ ცხოვრებას თავად მიხედავს - ისე, როგორც უნდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვეტყვი, კარგი რა არის და ცუდი - რა, მაგრამ შემდეგ თავად უნდა აირჩიოს, ცუდი უნდა თუ კარგი, თუმცა ასეა: ადამიანმა ცუდიც უნდა გამოცადოს, რომ მერე კარგი დააფასოს...

- შენს შვილს ყველაზე უცნაური რა ჩაუდენია, რით გაუოცებიხარ?

- ახლა სამეგრელოში ვისვენებთ. მაგალითად, გუშინ მოულოდნელად დავინახე, რომ გაბრიელი ღობეზე ასულა და ყურძენს ჭამდა. არ შეიძლება, თვე-ნახევრის ბავშვი ასეთ სიმაღლეზე აძვრეს ყურძნის საჭმელად... ყოფილა შემთხვევა, როცა მისთვის "დედა" ან "მამა" მითქვამს, მაგრამ არ გაუმეორებია. სამაგიეროდ, "მაცივარი" ან "ტრაქტორი" გაუმეორებია, ანუ რთულ სიტყვებს იმეორებს, მარტივს - არა... ყოველდღე იმდენ რამეს აკეთებს, დამახსოვრება მიჭირს. ცოტათი გაფანტული მეხსიერება მაქვს. შეიძლება, ხვალ რომ დამირეკოთ და შვილის შესახებ რამე მკითხოთ, გიპასუხოთ - შვილი არ მყავს-მეთქი (იცინის).

- ცხოვრებაში შენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- მეუღლე და შვილი. ჩემი თითოეული ნაბიჯი მათ უკავშირდება: არ მინდა, ისე მოვიქცე, რომ ჩემმა საქციელმა ადამიანურად ჩემს შვილს ან მეუღლეს "დაარტყას" და ჩემ შესახებ ბევრმა ილაპარაკოს, ცუდი ადამიანიაო...

ეთო ყორღანაშვილი