ირინა კახნიაშვილი: "რთულია ცოლქმრული ცხოვრება და ამავე დროს, საინტერესო" - გზაპრესი

ირინა კახნიაშვილი: "რთულია ცოლქმრული ცხოვრება და ამავე დროს, საინტერესო"

ანსამბლი "ფორტე" გამყოფი ხაზის მიმდებარე საზღვრისპირა სოფლებში კონცერტებს მართავს. სულ 10 კონცერტია დაგეგმილი, სამი უკვე ჩაატარეს. როგორც ჩვენი რუბრიკის სტუმარმა, ირინა კახნიაშვილმა გვითხრა, ისეთი ემოციურია იქ მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრა, რომ ოთხივეს ცრემლები ახრჩობს...

ირინა 4 შვილის დედაა. ცდილობს, მათთვის იყოს კარგი მეგობარიც, ასწავლოს შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა და ნაკლები შეცდომა დაუშვას არა მხოლოდ შვილებთან, არამედ საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობისას.

- "ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი" (ოთარ ჭილაძე).

- ბავშვობა ისეთი წლებია, როდესაც ძალიან ლაღი, თავისუფალი, მხიარული და ბედნიერი ხარ. სამწუხაროდ, ვერ ვაფასებთ, როდესაც პატარები ვართ, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო გვენანება და გვენატრება ის წლები. მეც მენატრება ჩემი ბავშვობა.

- "აღზრდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, აღზრდის უქონლობა ყოველგვარი ბოროტების დედაა" (ალექსანდრ პუშკინი).

- მშობელი რომ ხდები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რასაც შენს შვილში დებ და სწორი გგონია, გინდა, 100%-ით გაამართლოს, მაგრამ 40-50%-ც რომ გამოვიდეს, ესეც უკვე კარგია. აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი, უზრუნველად, ჩემთვის ყველაფერი ვარდისფერში იყო. როდესაც წამოვიზარდე და დამოუკიდებლად მომიწია გადაწყვეტილებების მიღებამ, ბევრ ისეთ რამეს შევეფეთე, რასაც ვერ წარმოვიდგენდი და რამაც გული მატკინა. იყო ტრავმებიც და, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა რაღაცების აღქმა. იმავე შეცდომას ჩემს შვილებთან არ ვუშვებ. ვცდილობ, მათ რეალურად დავანახვო კარგიც და ცუდიც. მინდა, სწორად შეაფასონ პრობლემები, რაც თავს დაატყდებათ და იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი მრავლად იქნება.

დედისერთა ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოთხი შვილის დედა თუ ვიქნებოდი. 3 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. უფროსი 17 წლისაა, ნაბოლარა - ოთხის. ვფიქრობ, არ ვარ მკაცრი დედა, უფრო მეტად მათთან საუბარს და ახსნა-განმარტებებს ვამჯობინებ. ვცდილობ, მოთმინებით შევხვდე ხოლმე მათ სიჯიუტეს, თუმცა ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც. უფროსებთან ზომიერად მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ხშირად ვსაუბრობთ, არ მიმალავენ რაღაცებს და თუ რამე პრობლემაა, ვცდილობთ, ერთად გადავჭრათ. ოთხივეს ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვს, ამიტომ მიდგომაც სხვადასხვანაირია საჭირო, რაც იოლი არ არის.

- "ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს - კომედია" (ჟან დე ლა ბრუიერი).

- ტრაგიკომედიაა ეს ცხოვრება. მე იმაზე მეტს ვგრძნობ, ვიდრე საჭიროა, ემოციებმა და შეგრძნებებმა დამღალა. როდესაც ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, მეტად გიწევს ნერვიულობა და ფორიაქი. ალბათ ამიტომაც იქცევა ცხოვრება ტრაგედიად ასეთი ადამიანებისთვის. ვინც აზროვნებს, ის წინასწარვე ამოიცნობს მოვლენებსა და ადამიანებს, ალბათ ამიტომაც კომედიად მიიჩნევს ბევრ რამეს.

- "ნუ კითხულობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი ქვეყნისათვის" (ჯონ კენედი).

- არ ვიცი, დღესდღეობით რა შეუძლია გააკეთოს ჩემმა ქვეყანამ ჩემთვის, მაგრამ მე რაც შემიძლია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებ. ამისთვის არც ძალა დამიშურებია და არც ენერგია. მეც და მთელი ანსამბლიც ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო.

GzaPress

- "წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ" (პიერ ბუასტი).

- მადლიერების გრძნობა დიდი ნიჭია, ასე ვფიქრობ. უმადურობას არცთუ იშვიათად ვხვდებით ადამიანებში. გინდა ვინმეს რაღაც გაუკეთო, მთელი გულით ცდილობ, სასიკეთოდ შეცვალო მისი ცხოვრება და საბოლოოდ შეიძლება ისე მოგიბრუნდეს ყველაფერი, რომ შენ აღმოჩნდე დამნაშავე. გააჩნია წყენასაც, იმდენი რამ მაქვს დავიწყებული, ზოგჯერ რომ მახსენებენ, მიკვირს. კარგია, როდესაც შეგიძლია წყენა ქვიშაზე დაწერო და წყალს გაატანო, მაგრამ არის რაღაცები, რაც ძალიან მტკენია და ყოველთვის მახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი კარგი ადამიანიც ვერ აღმოვჩნდი...

- "მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას - ფრთებს, შენს ფანტაზიებს - ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი - ყველაფერს" (პლატონი).

- ვეთანხმები პლატონს. მუსიკა რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ან ვინ ვიქნებოდი. ვფიქრობ, მუსიკა არის მთლიანად სამყარო, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.

- "ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ გიღალატა, გიღალატებს მეორედაც" (დონალდ ტრამპი).

- მგონია, რომ მწუხარების დროს უფრო გრძნობ ადამიანისგან, ნამდვილია თუ არა მისი გრძნობები. ზოგმა იცის წაყრუება შენს გასაჭირზე, იმწუთას არ სცალია, ვერ ახერხებს და ვფიქრობ, ესეც ღალატია. ამიტომაც ვეთანხმები ტრამპს. დიდხანს შემიძლია მოვითმინო და თვალი დავხუჭო, რაღაცები არ შევიმჩნიო, მაგრამ თუ ერთხელ მივედი ზღვრამდე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ მორჩა, მეტი აღარ შეიძლება, იქ მთავრდება ყველაფერი. მეორედ ღალატის შანსს აღარავის ვაძლევ: აზრი არა აქვს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც გიღალატებს.

- "თითოეული ჩვენგანი დიდ დანაკარგს, ღალატს, შეურაცხყოფას განიცდის ცხოვრებაში. უსიამოვნების დავიწყება და დამნაშავეების პატიება სულიერი სიმწიფისა და გონივრულობის ნიშანია. რაც მოხდა, მოხდა, ის წარსულში დარჩა... სანამ არ ვისწავლით პატიებას, წარსულისგან ვერ გავთავისუფლდებით, ვერასოდეს ვიქნებით ჯანმრთელი, ჯანსაღი, ბედნიერი და წარმატებული" (ლუიზა ჰეი).

- ეს დაახლოებით წინა გამონათქვამის გაგრძელებაა. ღალატი, უმადურობა, დაუნახაობა, პატიება - რაღაცნაირად ერთმანეთთან კავშირშია. შემიძლია ადამიანს ვაპატიო, მაგრამ თუ ვერ დაინახა ჩემი კეთილგანწყობა, ვწყვეტ მასთან კავშირს. შემდგომში რომ აღარ დაიტანჯო, ასე სჯობს.

- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).

- ასეა. ვინც მართლა შენი გულშემატკივარია, ნაკლზე აუცილებლად მიგითითებს. წამდაუწუმ რომ გეპირფერება, რაც უნდა დამნაშავე იყო და მაინც ყოველთვის შენ რომ გამოჰყავხარ მართალი, ასეთ ადამიანს ნაკლებად დაეჯერება.

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტესი).

- ალბათ ასე გეჩვენება დასაწყისში. რაც დრო გადის და უფრო რეალურად აღიქვამ ყველაფერს, ნელ-ნელა იწმინდება ეს სათვალეც. თუმცა, თუ ნამდვილი სიყვარულია, ამ პრობლემებსაც მოუვლის კაცი. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, ზღაპრებში ხომ არ ვცხოვრობთ? განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეხვდები და აღიქვამ განსაცდელს.

- "თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია" (შოთა რუსთაველი).

- რომ ჰგონიათ, წარმატებულები არიან და მათ გარდა სხვა არავინ არსებობს... ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე, სანახევროდ ვუსმენ ასეთ ადამიანებს, თავს ვუქნევ და ვეთანხმები. აზრი არა აქვს მათთვის რამის ახსნასა და განმარტებას, ყვავი ყვავია. ადრე ვბრაზდებოდი მათზე, ახლა მეცოდებიან და მეცინება.

- "ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან" (ილია).

- ესეც ერთგვარი ნიჭია - აღიქვა და გაიაზრო ის, რასაც სწორად არ აკეთებ. ძალიან მაწუხებს, თუ რამე მეშლება და ბევრს ვფიქრობ მომხდარზე. ამიტომ ვცდილობ, ნაკლები შეცდომა დავუშვა, თუმცა ყოველთვის არ გამომდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე შემიძლია თვალის დახუჭვა და გაჩუმება, ცოტა არ იყოს, ხისტი ვარ და თვითონვე მაწუხებს ეს ამბავი.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- 18 წელია, დაქორწინებული ვარ და ვეთანხმები გამონათქვამის ავტორს. ახალდაქორწინებულებმა ეს კარგად უნდა იცოდნენ. ზოგჯერ მე თუ არ დავთმე და ზოგჯერ მან თუ არ დახუჭა თვალი, დავხოცავთ ერთმანეთს. როდესაც მე ვქოთქოთებ, ჩემი მეუღლე მშვიდად ზის, და ის თუა რამეზე გაბრაზებული, მაშინ მე არ ავყვები ხოლმე. რთულია ცოლქმრული ცხოვრება და ამავე დროს, საინტერესო. ბევრი დაფიქრებაა საჭირო, როდესაც ქორწინდები. პასუხისმგებლობას კარგად უნდა აცნობიერებდეს ქალიც და კაციც, არა მარტო ერთმანეთისა და შვილების, არამედ ახლობლების წინაშეც.

GzaPress

- "ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის" (ქეი-ქუასი).

- ვერაგი მეგობარი საშინელებაა. საბედნიეროდ, მე არ მყოლია ასეთი... ძლიერი და ჭკვიანი მტერი კი მართლაც საშიშია.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც მაშინ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- რას ლაპარაკობ-თქო, შვარცენეგერს გადაეცით (იცინის). ახლა მე რომ 48 ან 50 მილიონი მქონდეს, გადავიდებდი ფეხს ფეხზე და ახლობლებს ყველა პრობლემას მოვუგვარებდი. რა ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაში ყოფილა შვარცენეგერი! ერთი კვირა ჩამოვიდეს ჩემთან, მივცემ გარკვეულ თანხას და ყველაფრით უზრუნველყოს 4 ბავშვი. თავს ჩამოიხრჩობს მაშინვე... მესმის, რომ ფულში არ არის ბედნიერება, მაგრამ მთლად უფულობაშიც ვერ ვპოულობ მას.

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).

- რატომღაც გარდატეხის ასაკში უფრო ვფიქრობდი სიკვდილზე, არც მახსოვს, რატომ, რა მიზეზით... დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად ვისწავლე ადამიანების დაფასება, მეტად ლმობიერი გავხდი, მეტად დავიწყე სიყვარულის გაცემა - ერთი სიტყვით, უკეთესობისკენ შევიცვალე. ეს დამმართა დედაჩემის გარდაცვალებამ. საერთოდ კი, ალბათ ძალიან მეშინია და ვცდილობ, სიკვდილზე არ ვიფიქრო...

ნინო ჯავახიშვილი