ანნა საბოს სავიზიტო ბარათი და მაგალითებად ქცეული შეცდომები - გზაპრესი

ანნა საბოს სავიზიტო ბარათი და მაგალითებად ქცეული შეცდომები

"მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებას განიხილავენ და პიროვნებებს ჰკიცხავენ. სხვისი არჩევანი უნდა დავაფასოთ. ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალურები თუ ვიქნებით, სამყაროც უკეთესი იქნება", - ამბობს მსახიობი და დიზაინერი ანნა საბო.

რას და რატომ მალავს, რას მიიჩნევს თავის დიდ სისუსტედ, რა დროს შეუძლია პატიება, რა არის პიროვნული თავისუფლება, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე და როგორია მისი თვალით დანახული "მეფე" ძმა ჰერმან საბო? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 18 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ტანსაცმლის დიზაინერი. ჩვენს შიგნით რაც ხდება, გვინდა, ამ მდგომარეობას რაღაც ფორმა მივცეთ, დიზაინერობა იყო ყველაზე კარგი ფორმა ჩემი შინაგანი მდგომარეობის გადმოსაცემად. ეს პროფესია შევისწავლე, ახლახან სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურა დავამთავრე. დიზაინერობასთან ერთად, მსახიობობის სურვილიც სულ მქონდა. მგონია, ამ ორი პროფესიის სინთეზით რაიმე საინტერესოს შევქმნი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ უცნაური. უცნაურობად მიიჩნევენ იმასაც, რომ სხვადასხვა მიმართულებით სულ ძიებაში ვარ და ჩემთვის გამოკვეთილი თვისებები მაქვს. მიყვარს სიახლეები და გამოწვევები, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...გამოხედვა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავენაირად ვიცხოვრებდი, შეიძლება მეტი დეტალი დამემატებინა, მეტად მრავალფეროვანი გამეხადა, უფრო საინტერესოდ მეცხოვრა, მეტი მემოგზაურა.

GzaPress

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სპექტაკლში "კოლექცია" თამაში იყო, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. "კოლექცია" მამას სპექტაკლი იყო, მაგრამ იმ დროს მამა უკვე ცოცხალი აღარ გახლდათ და ჩემთვის წარმოდგენას ემოციურადაც სხვა დატვირთვა ჰქონდა. თეატრალურ სარდაფში ვითამაშეთ, მე ვხსნიდი, იაპონურ ტანკებს ვკითხულობდი. ეს ჟანრი მიყვარს, მგონია, რომ მათში ღრმა ფილოსოფიაა. სპექტაკლს მე ვიწყებდი და ვასრულებდი. სამწუხაროა, რომ ჩანაწერი არ გვაქვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...თავად მე მიმიძღვის, ძალიან ბევრს ვშრომობ. შრომასა და ოცნებას თუ შევაზავებთ, საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გავჩნდი ამ ქვეყანაზე, მადლობა სამყაროს სიცოცხლისთვის და მადლობა ჩემს მშობლებს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. სიცოცხლის სიყვარულით ცხოვრება მნიშვნელოვანია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სხვებს გავუზიარო ჩემი ცოდნა და დავეხმარო, ეს არის მუდმივი პროცესი, ერთიანი ჯაჭვი, ურთიერთკავშირი, ამის გარეშე ადამიანი არ არსებობს. უნდა დააფასო ის ყველაფერი, რაც გაქვს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ვფიქრობ, ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე, მაგრამ წინა პირობა ის იყო, რომ გარემოზე ყოველთვის ძალიან ვრეაგირებდი, დასკვნების გამოტანა მიყვარდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სულ მინდა, დილით ძალიან ადრე ავდგე და ეს სულ მიჭირს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვნანობ, რადგან ის შეცდომები მაგალითებად ვაქციე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ, რაც სულ ორი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს: ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...იმ ადამიანს გულწრფელად აქვს სინანულის განცდა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვხედავ, დეტალებზე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ.

- ვიბნევი...

- ...როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვაზე. წელს საქმეების გამო დასასვენებლად წასვლა ვერ მოვახერხე. ჩემი ნამუშევრების ჩვენება უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გადაიდო.

- ჩემი ჰობია...

- ...კერვა.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ადვილი არ არის. მშვიდი ვარ, ჩვენს ოჯახში ხმამაღალ ტონს ვერ გაიგონებთ, ყველა საკითხს საუბრით ვაგვარებთ.

- სიყვარული - ეს...

- ...ყველაფერი ახლის დასაწყისის წინა პირობაა. ძალიან კარგის დაბადების დასაწყისია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ფანჯარასთან ვიდექი (ეს საათობით შემეძლო) და მის ფანჯრებს ვუყურებდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებას განიხილავენ და პიროვნებებს ჰკიცხავენ. სხვისი არჩევანი უნდა დავაფასოთ. ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალურები თუ ვიქნებით, სამყაროც უკეთესი იქნება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...სხვა ადამიანების ბედნიერებამ - ეგრევე გადმომედება ხოლმე.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. ეს პროცესი ძალიან მიყვარს, გაბედულიც ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის მგრძნობიარე ხასიათი. მოვლენები გულთან უფრო ნაკლებად რომ მიმქონდეს, უკეთესი იქნებოდა.

GzaPress

- ბოლოს ვიტირე...

- ...არ მახსოვს, რის გამო, ფილმების ნახვისას, წიგნის კითხვისას ვტირი ხოლმე, ამ დროს ემოციური ვარ. ისე, მშვიდი ხასიათი მაქვს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია. არ უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ მაინც ეს განცდა მაქვს, თან მიხარია და იმ წუთში არ ვიცი, რა უნდა ვთქვა.

- შიში მაქვს...

- ...ახლობელი ადამიანების დაკარგვის. ფობია არ მაქვს.

- ვმალავ...

- ...ცუდ განწყობას. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, არ მინდა, ეს ვინმემ შემატყოს; არ მინდა, ეს განწყობა გადამდები იყოს, ამიტომ ვინიღბები. ამით გარშემო მყოფებს ვუფრთხილდები. ვცდილობ, მათ ყოველთვის დადებითი ემოციები გადავცე.

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...დედა, რომ კარადას არ ვალაგებ და ვამბობ, - დედა, ბოდიში (იცინის).

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...თმა შევიჭერი და ხანდახან ჩემი გრძელი თმა მენატრება.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს და ნივთებს. დაუდევრობა არ მჩვევია, ჩემს ნივთს ვერც შეატყობ, რომ ნახმარია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კომპიუტერული პროგრამები. ვთვლი, რომ ჩვენს ეპოქაში ამის ცოდნა მნიშვნელოვანია. ზოგიერთი პროგრამა უკვე ვისწავლე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა, სხვას ეტკინოს, ხშირად არ ვიტყუები. სულ მახსოვს ერთი მაგალითი ბავშვობიდან, რომელიც ჩემმა ძმამ მომიყვანა. პატარები რომ ვიყავით, რაღაც მოვიტყუეთ, მერე მითხრა, მოდი, ერთი კვირა ისე ვიცხოვროთ, ტყუილი საერთოდ არ ვთქვათო. იმ ერთი კვირის განმავლობაში თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, მას შემდეგ ვცდილობ, გამოუვალი მდგომარეობა თუ არ არის, ტყუილი არ ვთქვა.

- ჩემი "მეფე" ძმა ჰერმან საბო...

- ...ჩემთვის არის მისაბაძი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა სულ 2 წელია, ის სულ მასწავლიდა, რომ მთავარი არის ადამიანი. ჩემში რაიმე დადებითი თუ არსებობს, მისი დამსახურებაა. ის ბავშვობიდან გამორჩეული და განსხვავებული იყო, ძალიან პრინციპული და სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა. დღეს ბევრ თემაზე ვსაუბრობთ, მისგან ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ. ძალიან ჰუმანური მეფე მყავს (იცინის).

- ჩვენ შორის პოლიტიკური აზრების თანხვედრა...

- ...ხან არის, ხან - არა. ადამიანებს ხომ განსხვავებული აზრები გვაქვს. თავად "გირჩის სამეფოსთან" კავშირში არა ვარ, მგონია, რომ მათთვის ჯერჯერობით ერთი საბოც საკმარისია.

- თავისუფლება არის...

- ...ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი! თავისუფლება სიცოცხლესავითაა, ამის გარეშე ადამიანი საკუთარ თავს ვერ გამოავლენს, ის ყველაფრის წინა პირობაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ, ყოველთვის ვცდილობ, განვვითარდე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემს ოცნებას ავისრულებდი: ბავშვობიდან მინდა, საქველმოქმედო ფონდი მქონდეს, ადამიანების დახმარება რომ შემეძლოს. იმედია, ამ ოცნებას სიბერეში მაინც ავისრულებ.

- მენატრება...

- ...ყველა ბედნიერი წუთი, რომელიც წარსულში მქონდა; ყველა მეგობარი, რომელიც დიდი ხანია, არ მინახავს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვეძებ გზას, მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ ვიპოვო. დრო რაც უფრო გადის, ამას უფრო კარგად ვახერხებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთი პედაგოგი გვეუბნებოდა, ყოველთვის გამოიყენეთ ის შანსი, რომელიც გეძლევათ და სირთულეებს არ შეუშინდეთო.

- დაბოლოს...

- ...დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ.

თამუნა კვინიკაძე