რუსკა ქარქაშაძე: "ჩემს თავს ყველაფერი ავუკრძალე" - გზაპრესი

რუსკა ქარქაშაძე: "ჩემს თავს ყველაფერი ავუკრძალე"

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით, რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა: მოსახლეობას აცრისკენ ხშირად მოუწოდებს, რის გამოც ხალხის ნაწილისგან უარყოფით კომენტარებს იღებს... რუსკა ფიქრობს, რომ პანდემიის დასასრულებლად გამოსავალი ვაქცინაციაა და ხალხს აცრისკენ არ მოუწოდებს:

- სამწუხაროდ, ჩემი საზაფხულო არდადეგები ცოტათი გვიან დაიწყო, რადგან გადაღებები თითქმის ივლისის შუა რიცხვებში დავასრულეთ. ახლა ძლივს მოვიცალე და 3 კვირით, ოჯახთან ერთად, დასასვენებლად მთაში წამოვედი. ჯანსაღად ვისვენებთ, სხვადასხვა ადგილს ვსტუმრობთ, ვათვალიერებთ მონასტრებს, ციხეებს, ტყეში დავდივართ... ზღვაზე დასვენება გამოვრიცხე, რადგან ვიცი, "კოვიდთან" დაკავშირებით რაც ხდება. ასეთ პერიოდში გართობა სწორად არ მიმაჩნია...

- ვაქცინირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობ...

- საერთოდ, რადიკალური "პოსტებით" არ გამოვირჩევი, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იაქტიუროს იმ თვალსაზრისით, რომ გავიგოთ - შექმნილ სიტუაციაში ვაქცინა არის გამოსავალი. როგორც კი ამ თემაზე ჩემი აზრის დაფიქსირება დავიწყე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა - შენ რატომ მოგვიწოდებ, რომ ავიცრათო? უამრავი ნეგატიური კომენტარი დამიწერეს. ოჯახის წევრები მეუბნებიან, - მგონი, ჯობია, თავი დაანებო, აზრი არა აქვსო, - მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს არ არის საუკეთესო გზა. არავის "ვბლოკავ", საკუთარი აზრის დაფიქსირებასაც არავის ვუშლი. აზრი ყველამ დააფიქსიროს, რომ ვიცოდე, ვისთან ღირს საუბარი და ვისთან - არა. ცოტა ხნის წინ ისიც დამაბრალეს - გაფინანსებენ, ამ ყველაფერში ფულს გიხდიანო (იცინის)... კამპანიას გავაგრძელებ, რადგან ყოველდღე ბევრი ადამიანი იღუპება... ჩემი ოჯახის წევრებიდან ბევრი ექიმია და უფრო "ახლოდან" ვიცი, კლინიკებში რა ხდება. ვირუსისთვის ასაკსაც არა აქვს მნიშვნელობა. ჩემი ნათესავისგან გავიგე, რომ 32 წლის ბიჭი სუნთქვის უკმარისობის გამო კლინიკაში მივიდა და ზუსტად 15 წუთში მდგომარეობა ისე დაუმძიმდა, გარდაიცვალა... ასეთი ფაქტების შესახებ ყოველდღე რომ მესმის, ისე ვითრგუნები, უბრალოდ არ შემიძლია არ დავწერო, ჩემი აზრი არ გამოვხატო... თუ გვინდა, პანდემია ოდესმე დასრულდეს, მაშინ ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს - ავიცრათ, რაც მტკივნეული საერთოდ არაა. დღევანდელი სიტუაცია თუ გაგრძელდა, უკვე ვფიქრობ, მოსახლეობის ნახევარიც აღარ დავრჩებით. მართლა სრული სიგიჟეა! "პოსტები" რომ არ დავწერო, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები.

- ფიქრობ, მხოლოდ ვაქცინირებაა გამოსავალი?

- რეგულაციების დაცვა ცალკე საკითხია: აცრა იმას არ ნიშნავს, რომ პირბადე მოვიხსნათ და ბათუმში გასართობად წავიდეთ. ამ არგუმენტს ჩემს წინააღმდეგ იყენებენ, - დაბადების დღე რატომ გადაიხადე, კორონავირუსი მაშინაც ხომ იყოო?!. ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: ჯერ ერთი, მაშინ შტამი, რომელიც ადამიანს კლავს, არ არსებობდა; მეორე - ამდენი ადამიანი არ ინფიცირდებოდა და არ იხოცებოდა, როგორც ეს დღეს ხდება; მესამე - მაშინ არც რეგულაციები ყოფილა, 5 კაცზე მეტი არ შეიკრიბოთ და ბირბადეები არ მოიხსნათო (ამის გადამოწმება თარიღების მიხედვით შეიძლება - დაბადების დღე აპრილში მქონდა). დაბადების დღე სრულიად ლეგალურად, კერძო სახლში გადავიხადე... თავდაპირველად, საკუთარ თავს ისე ძალიან არ ვუფრთხილდებოდი, როგორც - ახლა და შესაბამისად, არც სხვებს: ზოგჯერ პირბადის გაკეთება მეზარებოდა. მეგონა, "კოვიდს" ჩვეულებრივი ვირუსივით გადავიტანდი, არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა... ასე რომ ვფიქრობდი, ხომ დავინფიცირდი, ვირუსი ჩემს ოჯახსაც ხომ გადავდე, არა?! 2 კვირა ისე ცუდად ვიყავით, რომ ლამის ყველანი დავიხოცეთ. არ მინდა, სხვებმაც იგივე გამოიარონ!.. ერთი და იგივე ბევრჯერ ნუღარ შეგვეშლება. რომ აღარ მინდოდა, მეორედ შემშლოდა, ყველანაირ გართობაზე უარი ვთქვი: სანამ ინფიცირების ამდენი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, მანამდე ერთ-ორჯერ დაბადების დღეზე ვიყავი, სიწყნარეში, სპირტით და ნიღბებით "აღჭურვილი". ბოლო 2 თვეა, თავს დავდებ, რომ გასართობად არსად ვყოფილვარ. ავიცერი. აცრიდან გარკვეული პერიოდი შინ ვიყავი, რადგან მითხრეს, თავს გაუფრთხილდიო. შემდეგ მთაში წამოვედი... არც ბათუმში ვყოფილვარ დასასვენებლად, არც კონცერტებს დავსწრებივარ. არადა, ძალიან მინდოდა... მაგრამ როცა ახალგაზრდები იღუპებიან, ვერ გავერთობი - თავს დამნაშავედ ვიგრძნობ... შესაბამისად, ჩემს თავს ყველაფერი ავუკრძალე... მოკლედ, აცრა, სოციალური დისტანცია და პირბადე ყველაზე მნიშვნელოვანია. წელს ბათუმში სტუმრობა ერთხელ მომიხდა - გადაღება გვქონდა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. ბულვარში 6 პირბადე მეკეთა. ვხედავდი, ხალხი ისე იქცეოდა, თითქოს კორონავირუსი არ მძვინვარებდა. მეგონა, სხვა სამყაროში ვიყავი, სადაც პანდემია არ არსებობდა, ყველა ბედნიერი იყო... მგონი, ჩემ შესახებ ფიქრობდნენ - გიჟია, პირბადე რად უნდაო?!. მას შემდეგ ბათუმში ფეხიც არ დამიდგამს. პრინციპში, თბილისშიც იგივე ხდება... თუ აცრა და რეგულაციების დაცვა არ სურთ, მაშინ ანტივაქსერებმა უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზონ და დავემორჩილებით, მაგრამ არ არის უკეთესი ვარიანტი და რა გავაკეთოთ? მართლა მთელი ერი ხომ არ ამოვწყდებით?!.

- რეალურ ცხოვრებაში, როცა თუნდაც რეგულაციების დაუცველობის ფაქტს აწყდები, ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემა გჩვევია?

- ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც ოჯახის წევრს ინსტინქტურად პირბადის გაკეთება რომ დაავიწყდება, პირველი მე ვარ, ვინც ეუბნება - ხომ არ გაგიჟდით?! დროზე პირბადე გაიკეთეთ-მეთქი! მგონი, უკვე ვერ მიტანენ. ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებისთვისაც მითქვამს, - იქნებ პირბადე გაიკეთო, ჩემთან ახლოს არ მოხვიდე-მეთქი. ქართული სტუმარმასპინძლობა, ჩახუტება, გულთბილი დამოკიდებულების გამოხატვა მეც მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მოქცევა არ შეიძლება. ცოტათი იმაზეც ვბრაზდები, როცა ადამიანს შეხვდები, მუშტს გაუწოდებ, რომ "ჩაგირტყას", ის კი მოდის, გეხუტება და გკოცნის (იცინის). ცოტა ხანს უნდა გავიჭირვოთ - ერთმანეთს ნუ ჩავეხუტებით.

- ასაკითაც მრავალფეროვანი სამეგობრო გყავს. აცრასთან დაკავშირებით ვის როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ისეთ ხალხთან მეგობრობ, როგორიც შენთვის მისაღებია (აზროვნებით, იდეოლოგიით...), არა? გარშემო ყველა აცრილია და ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ამ ეტაპზე სწორი ეს არის. ზოგჯერ, როცა სოციალურ ქსელში კომენტარებს თვალს გადავავლებ, მართლა მეცინება: ვინც ამტკიცებს - აცრა მოგკლავსო, იმ ადამიანების "ფეიჯზე" რომ გადავდივარ, ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ამბიცია, რომ შეიძლება, მედიცინაზე გესაუბრონ, როცა არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ? კომპეტენტური არც მე ვარ, მაგრამ ექიმებს და მეცნიერებს ვენდობი.

ჩემი ნაცნობები, ახლობლები, ნათესავები და ოჯახის წევრები ყველანი აცრილები არიან, ჩემი ძმის გარდა: ძმა 12 წლის არის. მისი ასაკის ადამიანებისთვის აცრა ჯერ დაშვებული არაა, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, თავადვე ამბობს, - პირველი ვიქნები, ვინც წავა და აიცრებაო. სხვათა შორის, ჩემს სამეგობროში ბევრი ვიცი, ვისაც აცრა უნდოდა, მაგრამ მათი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. შვილები დამოუკიდებლად წავიდნენ, ვაქცინა გაიკეთეს და მშობლებიც დაარწმუნეს, რომ უნდა აცრილიყვნენ. მერე ბევრმა მათგანმა "კოვიდი" ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიტანა.

GzaPress

- იქნებ ადამიანების ნაწილი ვაქცინაციისგან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო იკავებს თავს? მოგეხსენება, ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ექთანი "ფაიზერის" ნაცვლად, "სინოფარმით" ცრიდა ხალხს...

- ამდენი ადამიანი უპრობლემოდ აიცრა და ერთხელ აერია ადამიანს - ამაში რაღაც "ისეთს" ვერ ვხედავ. მაგალითად, მე რომ ამცრეს, მაჩვენეს, რომ "ფაიზერით" მცრიდნენ - წავიკითხე... ასეთი შემთხვევები ყველგან ხდება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვერ ვხვდები, რისი უნდა გვჯეროდეს, თუ იმ ადამიანების არა, რომლებმაც მთელი ცხოვრება მედიცინის შესწავლას, მეცნიერებას დაუთმეს?..

პირადად მე, ამ პანდემიით ძალიან დავიღალე. 16 წლის ვიყავი, როცა "კარანტინში შევედი", ახლა უკვე 18-ის ვარ. მინდა, სადმე წავიდე, გავერთო, კონცერტებს დავესწრო და ა.შ. ჯერ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას ველოდით, რომ ავცრილიყავით, როცა შემოიტანეს, ვაპროტესტებდით - ცოტა რატომ არისო? ახლა თავზე საყრელია - ბევრი არ იცრება... იმედია, ასეთი სიტუაცია გაისად მაინც არ იქნება, თორემ უკვე გაუსაძლისია. სასწავლებლად საზღვარგარეთ გამგზავრება მინდოდა. "კოვიდის" გამო გეგმები შემეცვალა. საქართველო დღესაც "წითელ ზონაშია". ნებისმიერ ქვეყანაში საქართველოდან ჩასულმა 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასეთი დისკომფორტისგანაც დავიღალეთ... მართლა დამავიწყდა, ჩვეულებრივად ცხოვრება როგორია. როცა ნიღაბი არ მიკეთია, მგონია, ცოტათი შიშველი ვარ, თავს უცხოდ ვგრძნობ... ეს ნორმალური არ არის (იღიმის).

- აქვე გვითხარი, ერთიან ეროვნულ გამოცდებს თავი როგორ გაართვი?

- რთული იყო იმ მხრივ, რომ აბიტურიენტი ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად ვიყავი. საბოლოო ჯამში, სამივე საგნის მასწავლებლებთან მთელი წელი მხოლოდ 7-ჯერ ვიყავი, რადგან არ მეცალა: გადაღებები მქონდა, ღამით ვმეცადინეობდი... მიუხედავად ამისა, გამოცდები საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავაბარე. კმაყოფილი ვარ. ერთი სული მაქვს, სწავლა როდის დაიწყება! კიდევ ამიტომ უნდა ავიცრათ, რომ იქნებ უნივერსიტეტში მივიდეთ და აბიტურიენტობის მსგავსად, სტუდენტობაც ონლაინ არ გაგრძელდეს (იცინის). სხვათა შორის, აცრის საკითხს ჩემი თაობა უფრო შეგნებულად ეკიდება - აცრილები ჩვენ უფრო მეტნი ვართ სწორედ იმიტომ, რომ გვინდა, ცხოვრება ჩვეული რიტმით გავაგრძელოთ...

ეთო ყორღანაშვილი