"თავისუფლება გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე მეგობრობა..." - გზაპრესი

"თავისუფლება გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე მეგობრობა..."

კინორეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი მაისში 81 წლისა გახდა. მისი ცხოვრება ბავშვობიდანვე კინოსთან იყო დაკავშირებული, რადგან დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის ოჯახში იზრდებოდა, რომელიც მისი მამობილი გახლდათ. ბატონი თემურის ფილმებია: "მიმინო" (მოკლემეტრაჟიანი), "გოგონა და ჯარისკაცი", "მზე შემოდგომისა", "წყარო გზის პირას", "რაჭა, ჩემი სიყვარული" და სხვა. მათ შორის, რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც არის.

- მამათქვენი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე დაიღუპა, ის საჩხერელი იყო. რა მოგონებები გაკავშირებთ ამ ქალაქთან?

- მოგონებები ბავშვობიდან იწყება. თავიდან ცოტა ხნით ჩავდიოდით, მაგრამ 9 წლის ასაკიდან დაწყებული, მე და ჩემი უფროსი ძმა თემურ დოლიძე (სიკო დოლიძის ვაჟი) მინიმუმ თვეს ან თვე-ნახევარს აუცილებლად კალვათაში ვატარებდით. სოფელი ფაქტობრივად, საჩხერის გვერდზეა, სულ 2 კილომეტრითაა დაშორებული. ასე რომ, ნახევრად იქაურიც ვარ. რამდენიმე წლის წინ სოფელში პატარა სახლი ჩავდგი, ძველი დაინგრა დიდი მიწისძვრის დროს და ვეღარ მივხედე. ზაფხულში დავდივართ, გადასარევი ადგილია.

- სიკო დოლიძესთან იზრდებოდით, რომელსაც პატარაობიდანვე გადაღებებზე დაჰყავდით. იმ პერიოდიდან რაიმე ეპიზოდი გახსენდებათ?

- მახსოვს ერთი გადაღების მომენტი. ფილმი ეკრანებზეც გამოვიდა. მაშინდელი ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი მანდარინის ბაღს უჩვენებს ლავრენტი ბერიას და ერთად მოსეირნობენ. ეტყობა, ეპიზოდი რომ გაეცოცხლებინა, სიკომ ბავშვები შეგვიშვა კადრში. წინ მოვრბოდით და ფეხებში ვებლანდებოდით მათ. ეს იყო ჩემი პირველი კინოროლი (იცინის).

- ცოტა ხანს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდით და მერე - ვგიკში (კინემატოგრაფიის საკავშირო მოსკოვის ინსტიტუტი). თავიდანვე მოსკოვში რატომ არ ჩააბარეთ?

- ვგიკისთვის საჭირო იყო ორწლიანი სამუშაო სტაჟი, ამის გარეშე არ იღებდნენ სტუდენტებს და დრო რომ არ გამეცდინა, თბილისში შევედი ინსტიტუტში. მესამე წელს გადავედი მოსკოვში. იქ გამოცდებზე არ გავსულვარ, სტაჟიც არ მოუთხოვიათ. ჩემმა მომავალმა პედაგოგებმა - სერგეი გერასიმოვმა და ტამარა მაკაროვამ ასეთი არგუმენტი გამოთქვეს: რა საჭიროა გამოკითხვები, თვითონ შეხედავს, შეუძლია თუ არა, რეჟისორი გამოვიდესო და პირდაპირ მეორე კურსზე დამსვეს. მე და მიშა კობახიძე ერთ კურსზე ვსწავლობდით, პარალელურ კურსზე იყო ქართლოს ხოტივარი, რამდენიმე კურსით წინ იყო გიორგი შენგელაია. ქართველებს შეკრული პატარა წრე გვქონდა, იყო მეგობრობაც, ამხანაგობაც, თავგადასავლებიც...

სწავლის პერიოდში ყველაფერი საინტერესო იყო. რეჟისორების ახალი თაობა მოვიდა - ტარკოვსკი, კონჩალოვსკი... საშუალება იყო და თავს თუ გადადებდი, დღეში 7-8 ფილმი შეგეძლო გენახა. ჩვენთვის, ვინც ვგიკში ვსწავლობდით, ე.წ. აკრძალული ფილმები არ არსებობდა. პირიქით, დავყავდით მოსკოვთან ახლოს სახელმწიფო კინოფონდის არქივში, ბელიე სტალბი - ასე ერქვა იმ ადგილს. გვაჩვენებდნენ სრულიად უცნობ ფილმებს, რომლებიც წესით ეკრანებზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ბევრს არ უშვებდნენ კინოგაქირავებაში. მაგალითად, ფელინის "8 1/2" მოსკოვის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი (ამაში ჟიურის წევრის - თენგიზ აბულაძის დამსახურებაცაა) გახდა, მაგრამ ეკრანებზე არ უჩვენეს. მერე მამას ვთხოვე სპეციალურად, მას უარი ვერ უთხრეს - მოსკოვში გადავფრინდი და ეს "8 1/2" თბილისში ჩამოვიტანე. ვითომ 1-2 დახურული ჩვენება უნდა გამართულიყო, მაგრამ ფილმს ერთი კვირა კინოს სახლში დილიდან საღამომდე ვატრიალებდით. ფაქტობრივად, მთელმა თბილისმა ნახა.

- ბატონ სიკოს "მამას" ეძახდით და როგორი მამა იყო? როცა უკვე რეჟისორი გახდით, შენიშვნებს ან დარიგებებს გაძლევდათ?

- აბა, რა, "მამას" ვეძახდი - 5 წლიდან მზრდიდა. როგორც ახლობელს, მიჭირს მისი დახასიათება... ბრწყინვალე ადამიანი იყო. შენიშვნებს თითქმის არ მაძლევდა, - წყალში გადაგაგდე და ისწავლე ცურვაო, - აი, ეგრე იყო. თუმცა, ხუმრობდა: რა თქმა უნდა, ჩემს ფილმებს ნახულობდა, მაგრამ შესწორებები და ცვლილებები არ შეჰქონდა.

- თქვენი პირველი ფილმი "მიმინო" რა თემას ეხება? როცა წლების შემდეგ გია დანელიამ თავის ფილმს იგივე სახელი დაარქვა, დაგწყდათ გული?

- აბსოლუტურად არ დამწყვეტია გული, რადგან ჩემი ფილმი ნახევრად დოკუმენტური იყო. პატარა ბიჭისა და მოთვინიერებული მიმინოს მეგობრობაზეა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "მიმინო", რომლის იდეა ასეთია: თავისუფლება გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე მეგობრობა, სახლ-კარი, პური... ყველანაირი კეთილდღეობა თავისუფლებას ვერაფრით შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭმა გაწვრთნა მიმინო და ისინი დამეგობრდნენ, ბოლოს მაინც, როცა მიმინო ცაში დაინახავს ფრინველებს, თბილ ქვეყნებში გადაფრენის სეზონზე, მათ შეუერთდება. მიატოვებს მეგობარს და გაფრინდება იმათთან ერთად. მიმინო თავისუფლებას აირჩევს, როგორც მაღალ ღირებულებას.

- თქვენს ფილმებში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე... ასეთი არტისტების გვერდით რაიმე სირთულე გქონიათ? მაგალითად, ქალბატონ სესილიაზე ამბობენ, ძალიან მკაცრი იყოო.

- არავითარი სირთულე არ ყოფილა. ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არ შემიმჩნევია, რომელიმეს ვარსკვლავის სტატუსი მოერგო, მით უმეტეს, ეს ქართულ ხასიათში არ არის. მუშაობის პროცესში ჩვენ ვიყავით თანაბარი რანგის კოლეგები. მაგ მხრივ განებივრებული ვიყავი. ბედნიერი ვარ, ისეთ საოცარ ადამიანებთან და მსახიობებთან ვმუშაობდი, როგორიცაა ქალბატონი მედეა ჯაფარიძე - ჩვენი რძალი: რეზო თაბუკაშვილი დედაჩემის დეიდაშვილი იყო. ქალბატონი სესილია არ ვიცი სხვასთან როგორ, მაგრამ ჩემთან პრობლემა არ ჰქონია, სამ თუ ოთხ ფილმში გადავიღე. ალბათ კრიტიკული იქნებოდა მაშინ, როცა რაღაც არ მოსწონდა... კინოსტუდია "ქართული ფილმი" ძველ პლეხანოვზე ერთი ოჯახივით იყო. ნახევრად იქ, კინოსტუდიის ეზოში ვიზრდებოდით. ბავშვობიდან ვიცნობდი მსახიობებსა და რეჟისორებს, ჩვენთან სახლში ვინ აღარ მოდიოდა, ერთი წრე იყო.

GzaPress

- გეიდარ ფალავანდიშვილი გენათესავებოდათ?

- ძალიან ახლოს არ ვყოფილვარ, მაგრამ ბრწყინვალე პიროვნება იყო და ასე ვთქვათ, თავში ედგა ჩვენს სანათესავოს. მასთან რამდენიმე საინტერესო შეხვედრაც გვქონდა. ფალავანდიშვილებს გვაქვს საგვარეულო გერბი და საერთოა ძაღინის სასახლე - ე.წ. სამხრეთ ოსეთშია სოფელი ძაღინა, სადაც შემორჩენილია ფალავანდიშვილების სასახლის ნანგრევები, დღესაც ასე ეძახიან. ოღონდ გეიდარი იყო კახური შტოდან, ხოლო მე ვარ იმერულიდან.

- თქვენი მეუღლე, მუსიკოსი დალი მთიულიშვილი შემოქმედებითად არ ჩაგირთავთ ფილმების მუსიკალურ გაფორმებაში?

- არა, "საკუთარი" კომპოზიტორები მყავდა - გია ყანჩელი და ვაჟა აზარაშვილი (იცინის), სხვისთვის ადგილი არ რჩებოდა. თითქმის ყველა ფილმში ამ ორთან ვმუშაობდი. სიტყვით მუსიკას ვერ აღწერ, ამიტომ, სანამ მელოდია არ დაიწერება, წინასწარ შეთანხმება კომპოზიტორთან გამორიცხული იყო. მერე ან მოგწონს და იღებ, მუსიკა ხასიათში ჯდება, ან - არა. ამის მიხედვით ხდება ფილმისთვის მუსიკის შერჩევა.

- ახლაც წერთ სცენარებს?

- 2-3 ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ ძნელია ფილმის დაფინანსება. უნდა ეძებო ვინმე, რომ დაგეხმაროს. ვთქვათ, კინოცენტრის მონაწილეობა ამ საქმეში ძალიან მიზერულია, მით უმეტეს, თუ კარგი მსახიობები გინდა მოიწვიო. მაგალითად, ჯულია რობერტსის ერთი ფილმის ჰონორარი მთელ ქართულ კინოს 4-5 წლის მანძილზე ეყოფოდა... რეჟისორებისა და მსახიობების კურსი მყავდა, რომელსაც რეზო ჩხეიძესთან ერთად ვუძღვებოდი. ცალკე ავიყვანე და მოვამზადე რეჟისორ-მონტაჟორების სპეციალური ჯგუფი, მათ ორწლიანი კურსი გაიარეს. მე დავამკვიდრე ქართულ კინოში ეს პროფესია და შემიძლია ვიტრაბახო (იცინის). იმდენად მოთხოვნადი სპეციალობა აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მუშაობდნენ ჩემი სტუდენტები 3-4 ფილმზე სხვადასხვა კომპანიაში. რადგან, ასე ვთქვათ, ფულის შოვნის ნიჭი ვერ გამოვიჩინე, ჯობს, ჩემმა მოწაფეებმა გადაიღონ ფილმები, მე თვითონ წყნარად ვარ.

- ბოლოს მითხარით, საერთოდ როგორი განწყობა გაქვთ? საჩხერეში იმყოფებით?

- შინაგანად აფორიაქებული ვარ (იცინის). საჩხერეში წელს ვერ წავედი, თბილისში ვარ.

ნანული ზოტიკიშვილი