"სახლში ომი სულ ამის გამო მაქვს" - გზაპრესი

"სახლში ომი სულ ამის გამო მაქვს"

"ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს. წყენას მალე ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს. უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალის და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი, ნებისმიერი მარცხისა და ფიასკოს შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ ნინი მოხევიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არის მეცნიერება, რომლითაც მეტ-ნაკლებად ვინტერესდები. პროგნოზს არასდროს ვეცნობი, პირადი რუკა შედგენილი კი მაქვს, მაგრამ არასდროს მისარგებლია.

- აბა, რატომ შეადგენინე?

- ასტროლოგთან მამიდამ მიმიყვანა, ჩემთან შეუთანხმებლად ჰქონია ვიზიტი დაგეგმილი, ჩემი მონაცემები მიუცია და იმან რუკა დაგვახვედრა. იმ დროს თვალზე ოპერაციის გაკეთება მინდოდა. მითხრა, რა პერიოდი იყო საამისოდ კარგი, მაგრამ ოპერაცია 5 წლის შემდეგ გავიკეთე.

- "ის თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- ასეთი შემთხვევა ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად მაქვს. როცა უსამართლობის, ადამიანის ჩაგვრის ფაქტს ვაწყდები, ჩემი ემოცია ყოველთვის მძაფრია, არანაირ უსიამოვნებას არ ვუფრთხი. იმასაც ვიაზრებ, შეიძლება შედეგით დავზარალდე, მაგრამ ეს არ მაშინებს.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ "ეშმაკობის მარცვლის" გარეშე ნამდვილად არ ვცხოვრობ. ზუსტად ვიცი, რა დროს რა სიტუაციაში გავაღვივო ეს მარცვალი. ამას შეგნებულად ვაკეთებ მაშინ, რა დროსაც საჭიროა.

- "წყენას მალე ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას და მიუალერსოს".

- სამწუხაროდ, ასეა.

- სამწუხაროდ, რატომ?

- ბევრჯერ ვყოფილვარ ძალიან გაბრაზებული. მითქვამს, რომ ამ წყენას ადამიანს არ ვაპატიებდი, მომავალში მასთან ურთიერთობის შანსს ვერ ვხედავდი, მაგრამ ის პიროვნება მოსულა და ტკბილი სიტყვით იმისთვის მიუღწევია, რომ რაც მაწყენინა, ისიც კი აღარ მახსოვდა.

- "ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს".

- ჩემი ატირება ძალიან ძნელია. გულჩვილი ნაკლებად ვარ, ხალხის თანდასწრებით იმ ემოციას, რომელმაც შეიძლება ამატიროს, არ გამოვხატავ. ეს ცუდი თვისებაა, ჩემში ვიტოვებ და მერე ცუდად მოქმედებს, ვისტრესები.

- ფიცხი ხარ?

- ძალიან ფიცხი ვარ, ემოციური აფეთქებებიც მახასიათებს. ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა რთულია. ვითმენ, ვითმენ და მერე შეიძლება ისე "ავფეთქდე", ძალიან ცუდი რამე გავაკეთო ან ისეთი რამე ვუთხრა, რომ არასდროს დაავიწყდეს.

- პირდაპირობა გჩვევია?

- დიახ, პირდაპირიც ვარ.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა, რეალისტი ვარ.

- "ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, მისთვის თავად იბრძოლოს".

- ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდები, მაგრამ ეს მომენტი ზოგჯერ ისე იწელება, მერე ის მდგომარეობა მოსაწყენი ხდება და ბრძოლას ვიწყებ.

- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში დონ-კიხოტის სული ცოცხლობს".

- აუ, აუ, საშინლად ჯიუტი ვარ. ჩემი ოჯახის წევრებთან ხშირად ვკამათობ. ვთქვათ, რამის ყიდვა მინდა და მიშლიან, აუცილებლად ჩემსას გავიტან, შინ რომ დავბრუნდები, მერე შეიძლება ის ნივთი საერთოდ აღარ გამოვიყენო. იმ წუთში, ჩემი ნათქვამის შეუსრულებლობა გულში იმდენად ცუდად მრჩება, შეიძლება ემოციისგან მოვკვდე (იცინის). მთიული ვარ. სახლში ომი სულ ამის გამო მაქვს, ამ მხრივ ძალიან ჯიუტი ვარ.

- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალის და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება".

- ასე არ არის, საკუთარი თავის ქება და წარმოჩენა არ მჩვევია. მირჩევნია, ეს სხვამ გააკეთოს.

- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".

- სამსახურში ჩაწერები რომ გვაქვს, ბოლომდე ვიხარჯები, ამ დღისთვის ვემზადები, ვცდილობ, შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინო. მაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩემს ნიჭიერებას სკეპტიკოსებს კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუმტკიცებ.

- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი, ნებისმიერი მარცხისა და ფიასკოს შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- ვთვლი, რომ ასეა.

- ფიასკო ცხოვრებაში ხშირად გქონია?

- ხშირად არ მქონია, მაგრამ ყოველი შემთხვევიდან მაინც გამარჯვებული გამოვსულვარ, გამოცდილება მიმიღია და მერე ის გამოცდილება სხვა სიტუაციაში გამომდგომია.

GzaPress

- ოპტიმისტი ხარ?

- ძალიან. მჯერა, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

- "ის ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- აბა, რა გითხრა?.. არასდროს არანაირ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

- კონკურენტულ გარემოში შეჯიბრებაზე რას გვეტყვი? აქ როგორი მოთამაშე ხარ?

- მიზანდასახული ვარ და სულ ვცდილობ, საამისოდ ბოლომდე დავიხარჯო, იმ მიზნამდე რაც შეიძლება მალე მივიდე.

- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ - თავდაცვის მიზნით".

- მართალია, ასე ხდება ხოლმე.

- ტყუილის თქმა ზოგჯერ გამოსავალია?

- მქონია შემთხვევა, თავის დაღწევა მინდოდა, ტყუილი ვთქვი და ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა.

- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- პირიქით, ახლობლები სულ ამის გამო მეჩხუბებიან. ყველა მეცოდება, ყველა მიყვარს.

- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან. მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ეს ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა, ადამიანებს თვალდახუჭული ვენდობი, პირველად შემხვედრსაც კი. ამის გამო ბევრჯერ მინანია.

- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".

- მართალია, და ერთს დავამატებ: საჩუქრების მიღებაც ძალიან მიყვარს (იცინის).

- "მას საკმარისი ჭკუა აქვს იმისთვის, რომ თეთრი და შავი ობიექტურად გაარჩიოს".

- ვარჩევ და ვამტკიცებ, რომ თეთრი - თეთრია და შავი - შავი. პირიქით დამტკიცებას არასდროს ვცდილობ, ამ დროს გაჯიუტება არ მჩვევია. მხოლოდ მაშინ ვჯიუტდები, როცა ვიცი, ბოლომდე მართალი ვარ.

- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება მისგან თავი ვეღარ დააღწიოთ".

- მართალია, ჩემი ალაპარაკება იოლი არ არის (იცინის).

- მზრუნველი ხარ?

- ვთვლი, რომ ასეა. ცხოველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, გამორჩეულად ძაღლები მიყვარს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველაზე მზრუნველი შეყვარებული ხარ, რჩეულს ხშირად საჩუქრებითაც ანებივრებ.

- ვერ ვიტყვი, რომ მთლად სიმართლეა.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- არა.

- "მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია, ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- ასეა. უსიამოვნებების თავიდან აცილებას ყოველთვის ვცდილობ. "ორი თავი" არ მაქვს, თან ეგეთი გარჩევები და დაძაბული სიტუაციები ძალიან არ მიყვარს.

- "არ უყვარს კამათში ჩართვა, მხოლოდ იმასთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- ...და ვისი აზრიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

- "ჰაერივით ესაჭიროება გვერდით მყოფი ადამიანის ნუგეში და თანადგომა".

- იმიტომ, რომ ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემზე კარგად მოქმედებს მხარდაჭერა, თუნდაც ეს ორი სიტყვით იყოს გამოხატული.

- "იტანჯება, თუ მისთვის არავის სცალია".

- ვერ ვიტყვი, რომ ვიტანჯები, მაგრამ უყურადღებობა ჩემთვის ძალზე უსიამოვნოა.

- რამდენად ხარ ოჯახზე მიჯაჭვული?

- სანამ ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდებოდი და მუშაობას დავიწყებდი, განსაკუთრებით ვიყავი დედასთან მიჯაჭვული. ვთვლი, რომ საკუთარი შემოსავალი დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. მე ვარ ადამიანი, ვისაც ფულის თხოვნა საკუთარი მამისთვისაც კი არ შეუძლია.

- "მისთვის პანიკის მომგვრელია იმაზე ფიქრიც კი, რომ მომავალში შესაძლოა მარტო დარჩეს".

- ასეთი ფიქრები ძილის წინ უფრო მაქვს. მარტო მშვიდად ვარ, მაგრამ იმის წარმოდგენაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს, ჩემ გვერდით აღარ იქნებიან, ცუდად ვხდები.

- "ის ბუნებით მაქსიმალისტია, ცნება "ოქროს შუალედი" მისთვის უცხოა. როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში უკიდურესობები ახასიათებს".

- ასეა. ეს ვერძის თვისებაა, მაქსიმალისტი ვარ და ეს ცოტათი დამღლელია.

თამუნა კვინიკაძე