"მუსიკამ და ჩემმა შვილებმა გადამარჩინეს!" - გზაპრესი

"მუსიკამ და ჩემმა შვილებმა გადამარჩინეს!"

ძალიან ლამაზი, თბილი და გულში ჩამწვდომი - ასეთია კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის სიმღერები, რომელიც ნებისმიერი მუსიკოსის შემოქმედებას დაამშვენებდა. ეს მშვენიერი, საინტერესო ხელოვანი თავის ცხოვრებაზე გულახდილად გვესაუბრა.

- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დედაჩემი მუსიკის პედაგოგი იყო, მუცლადყოფნის დროსაც კი მუსიკა ჩამესმოდა და სულ პატარა - თვეების ვიყავი, როცა ჩვენს ოჯახში მოსწავლეები დადიოდნენ. ჩემი პროფესიული არჩევანიც ალბათ ამან განაპირობა - ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვი თავიდანვე ირჩევს თავის გზას. ჩვენს ოჯახში შეკითხვაც კი არ დასმულა, ქეთი რა პროფესიას აირჩევდა. ჩემს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი თავისთავად ხდებოდა: პიონერთა სასახლეში ზურაბ ჯანელიძის ვოკალურ ჯგუფში მოვხვდი, ამავდროულად, ჩემი და მღეროდა ტელევიზიის კვარტეტში... მოკლედ, მუსიკა ბავშვობიდანვე იქცა ჩემი ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად.

- როგორი მუსიკა გიყვართ ყველაზე მეტად?

- ვინაიდან მუსიკალურ სკოლაში შევედი და კლასიკურ მუსიკას ვსწავლობდი, კლასიკოსებს ჩემზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ. ჩემს როიალზე დღესაც სულ მიდევს ბახის ნაწარმოებები. არანაკლები გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე ანსამბლ "მზიურის" პერიოდმა. "მზიურის" მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ და ამ განუმეორებელმა ანსამბლმა, ურთიერთობებმა, გასტროლებმა, იმ წლებში მიღებულმა გამოცდილებამ მთელი ჩემი მომავალი განსაზღვრა. "მზიურთან" ერთად ნახევარი მსოფლიო მოვიარეთ და მრავალ ცნობილ კომპოზიტორთან გვქონდა ურთიერთობა. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი ყოველთვის ბიძინა კვერნაძე იყო და დღემდე ასეთად რჩება. ბედის მადლიერი ვარ, რომ მასთან 2 წლის განმავლობაში დავდიოდი გაკვეთილებზე, ვიდრე კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი.

- თუ გახსოვთ, პირველი სიმღერა როგორ დაწერეთ?

- ძალიან კარგად მახსოვს: მეორე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და პირველ კლასში რომ ვიყავი, სკოლის დირექტორმა შენიშნა, როგორ ვუკრავდი სიმღერებს. მან ჩემი სიმღერა ნოტებზე ჩააწერინა და ამ ჩანაწერს დღემდე რელიკვიასავით ვინახავ. ეს ჩემი პირველი საბავშვო სიმღერაა, რომელიც ნოტებზეა ჩაწერილი. როგორც ჩანს, გამოცდილმა პედაგოგმა რაღაც განსაკუთრებული შენიშნა, რადგან გადაწყვიტა, ჩემი სიმღერა ჩაეწერა. ცხადია, კონსერვატორიაში სწავლის დროს კლასიკურ მუსიკაზე მუშაობა მომიხდა, ბოლო წლებში კი ჩემი დიდი გატაცება ჯაზი გახდა. მიხარია, რომ ჩემ მიერ შექმნილ ჯაზურ მუსიკას ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები ასრულებენ. უფრო ადრე კი იყო "თეატრალურის კვარტეტი", რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. პირველი სიმღერა, რომელიც ამ არაჩვეულებრივმა ანსამბლმა იმღერა, მე დავწერე და სულ ჩართული ვიყავი მათ შემოქმედებაში. 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქვეყანა შემოვიარეთ და მსოფლიოს ქართული სიმღერის განუმეორებელი ხიბლი ვაჩვენეთ.

GzaPress

- თქვენს საქმიანობაში მეუღლეც ხელს გიწყობდათ?

- საკმაოდ ადრეულ ასაკში გავთხოვდი - მხოლოდ 17 წლის ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე ვაჟა კუჭაიძე ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით: ის ანსამბლ "დარიალში" მღეროდა, რომელსაც თემურ ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა, მე კი - "მზიურში". საოცრად ნათელი და კარგი ადამიანი იყო. 9 წლიდან ვუყვარდი და ეს ამბავი მთელმა პიონერთა სასახლემ იცოდა. მოკლედ, ეს ბავშვობის სიყვარული იყო, რომელიც ოჯახის შექმნით დასრულდა. გამიმართლა, რადგან მუსიკალურ ოჯახში მოვხვდი, - ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანები ვიყავით. ჩემი მეუღლეც ფანტასტიკურად მღეროდა და დედამთილ-მამამთილიც. ვაჟა ყოველთვის მგულშემატკივრობდა, ჩემს შემოქმედებას ძალიან აფასებდა და ამას არც ფარავდა. ემოციების დაფარვა არ უყვარდა და საზოგადოებაში სულ "მარცხვენდა": ჩემი ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი ცოლიო - ყველას გასაგონად ამბობდა ხოლმე... მეც ვეხვეწებოდი: სირცხვილია, როგორ ლაპარაკობ-მეთქი?!. სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა და ეს ტრადიცია დღესაც არ დამიკარგავს: სიმღერა, ლექსი, ლამაზი სუფრა - ჩემი ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო და დღესაც ასეა.

- ბავშვობის სიყვარულს ყველა ვერ ინარჩუნებს, თქვენ როგორ შეძელით?

- ალბათ ის დაგვეხმარა, რომ პატარაობიდანვე ერთად მოვდიოდით და ერთმანეთს ზედმიწევნით კარგად ვიცნობდით. ხომ არიან ლიდერი ტიპები, ვაჟაც თავიდანვე ასეთი იყო: ის იყო ყველაფრის ინიციატორი, სუფრასთან თამადად ყოველთვის მას ირჩევდნენ - მოკლედ, ლიდერად იყო დაბადებული. ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ არის, კონფლიქტებიც გვქონია, გაბუტვებიც, მაგრამ ჩვენი გრძნობა და ეს ნაპერწკალი მანამდე მივიყვანეთ, სანამ ვაჟა გარდაიცვალა! 2001 წელს ის ტრაგიკულად დაიღუპა - ავარიაში მოყვა ჩვენს ორ მეგობართან ერთად. სამივე ადგილზე გარდაიცვალა! როცა ეს საშინელი ამბავი თავს დამატყდა, მხოლოდ 27 წლის ვიყავი, 10 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა დამრჩა. ასეთი ტრაგედიის გადალახვა იოლი არ არის და ალბათ მკითხავთ, როგორ გადავლახე?.. უპირველეს ყოვლისა, ჩემი პროფესია დამეხმარა, მუსიკამ გადამარჩინა, რადგან ის ჩემთვის ყველაფერზე აღმატებულია. მუსიკის ენით ღმერთთან ლაპარაკიც კი შეიძლება, ამიტომ ჩემმა პროფესიამ მოდუნებისა და დეპრესიაში ჩავარდნის საშუალება არ მომცა. ადამიანის გულში რა ხდება, არავინ იცის, მაგრამ შევძელი და ძალიან მალე დავიწყე მუშაობა. ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა ძალიან მალე გაისმა, რადგან ამ საოცარი სამყაროს გარეშე სუნთქვა არ შემიძლია.

- ამბობთ, რომ ის ურთულესი პერიოდი შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი იყო, რატომ?

- სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ ჩემი შემოქმედება ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ვაჟას გარდაცვალების შემდეგ გახდა. არ ვიცი, ალბათ, დიდი ტრაგედია და სტრესი შემოქმედისთვის სტიმული ხდება, რომ თავისი ფიქრები და გრძნობები უკეთ გამოხატოს. როგორც ჩანს, ჩემმა განცდებმა მუსიკაში პოვა გამოსავალი. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე პოპულარული სიმღერები სწორედ იმ პერიოდში დავწერე. როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ცხოვრებიდან მიდის და შენ რჩები, ეს ნიშნავს, რომ ფეხზე უნდა წამოდგე და სიცოცხლე გააგრძელო. ადამიანმა ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, რაც უნდა დიდი ტრაგედია შეემთხვას.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი წარმატების საიდუმლოც ეს ხომ არ არის?

- ალბათ. ჩემი უსაყვარლესი ფრაზაა: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი". რატომღაც მგონია, რომ ილია ჭავჭავაძემ ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა, არამედ - თითოეულ ჩვენგანს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს, მოდუნებისა და ხელის ჩაქნევის უფლება აღარა გაქვს. შენი ცხოვრების გზა აუცილებლად უნდა გააგრძელო.

- რადგან შვილები ახსენეთ, მათ შესახებაც მოგვიყევით.

- ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა შვილები არიან, მერე კი - ჩემი პროფესია. უფროს ვაჟს გელა ჰქვია და ის ახლა 30 წლისაა. პირველ არხზე ხმის რეჟისორად მუშაობდა, ამჟამად ტელევიზიაში აღარ არის - თავისი პატარა ბიზნესი აქვს. გოგონას ნატა ჰქვია, ბერლინში სწავლობს და ცხოვრობს თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან - სანდროსთან ერთად. სანდრო წყალბურთელია და ისიც ბერლინში სწავლობს. ჩემმა შვილმა ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი უკვე დაასრულა და მაგისტრატურაშია. არ შემიძლია არ მოგიყვეთ ჩემს შვილიშვილზე - გელუკას შვილზე - ალექსანდრეზე, რომელიც მზესავით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ის მეორე კლასშია და საოცრად ჰგავს ბაბუამისს - რომ შეგეშინდება, ისე ჰგავს... მას რომ ვხედავ, სულ ვფიქრობ, რომ გენეტიკას ვერსად გავექცევით - ეს ნამდვილი საოცრებაა!

GzaPress

- პანდემიამ ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე გაართულა, თქვენ როგორ გაიარეთ ეს უმძიმესი პერიოდი?

- ჩემი სამსახურის წყალობით ეს სიმძიმე იმდენად არ მიგრძნია: სულ მოძრაობაში ვიყავი და სულ ჩემს საქმეზე მიწევდა ფიქრი. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, გადაცემა "ავტოგრაფია", რომლის ავტორი და რეჟისორი არის ბაკურ ბაკურაძე, მე კი ამ გადაცემის მუსიკალური პროდიუსერი ვარ. ვხედავ, რომ ამ სიტუაციის გამო ხელოვან ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ, რასაც მთელი გულით განვიცდი. შარშან მე და ბაკურმა ქართული ფესტივალი "მუსსკივრი" დავაფუძნეთ, რომ ჩვენი მომღერლები და მუსიკოსები დაგვეტვირთა. წელსაც შევიტანეთ მერიაში განაცხადი, დიდი გეგმები გვქონდა, "თეატრალურის კვარტეტთან" და "ქართულ ხმებთან" ერთად, მაგრამ ახლა ყველაფერი გაჩერებულია. მინდა, ყველა მუსიკოსს როგორღაც მხარში ამოვუდგე, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს შეუძლებელია.

- ბევრი მუსიკოსი ამბობს, რომ პანდემიის წყალობით კულინარიას შეეჩვია, მსგავსი რამ თქვენც დაგემართათ?

- კულინარია და სამზარეულოში ტრიალი ისედაც ყოველთვის მიყვარდა. არ ვიცი, ეს შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ ადრე გავთხოვდი და საოჯახო საქმეს თავიდანვე შევეჩვიე, მაგრამ სულ სხვა გატაცება გავიჩინე: ახლა საგურამოში, ჯიღაურაში ვცხოვრობ და ეზოში ყველაფერი საკუთარი მაქვს. ამით ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ნეტარება და სიამოვნება შემოვიდა: საკუთარ ეზოში ჩავდივარ და შემიძლია ჩემი მწვანილი, ხილი, კიტრი ან პომიდორი დავკრიფო. ამ დროს ისეთ ბედნიერებას განვიცდი, რომ სიტყვით ვერც კი გადმოვცემ. რა თქმა უნდა, ვირუსის შიში მეც მაქვს და ვცდილობ, ყველანაირი წესი დავიცვა. თუ დამიჯერებთ, სახლიდან როცა გავდივარ, პირბადეს მხოლოდ ძილის წინ ვიხსნი, ალბათ ამიტომ, "კოვიდი" არ მქონია. მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილები ვართ და მეტ-ნაკლებად დაცულად ვგრძნობ თავს, თუმცა, არხეინად ნამდვილად არ ვარ: გარდა აცრისა და პირბადისა, ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა არ ჩანს. ამიტომ, ყველაფერს ვასრულებ, რასაც ჩვენი ექიმები გვირჩევენ და გვეუბნებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე