"დიდი ხანია ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება" - გზაპრესი

"დიდი ხანია ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება"

მსახიობ ია ვახანიას ძალიან უყვარს ცხოველები და მუდმივად მათზე ზრუნავს. ისე დაემთხვა, რომ ჩვენი საუბარი ძაღლების საერთაშორისო დღეს, 27 აგვისტოს შედგა და ვინაიდან მასავით, მეც მყავს ქუჩიდან აყვანილი ძაღლი, ეს დღე ერთმანეთს მივულოცეთ.

ია მეგობრებთან ერთად სოციალურ ქსელში რამდენიმე იმ ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთი მათგანია "მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის", რომლის მიზანია პანდემიის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული მიუსაფარი ცხოველების გადარჩენაზე ზრუნვა.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცხოველები. ალბათ ეს გრძნობა დედისა და ბებიისგან გადმომეცა. შინ სულ გვყავდა კატები. პანდემია რომ დაიწყო, ქუჩიდან ავიყვანე ძაღლი. მას დღეში სამჯერ ვასეირნებ და საკუთარი თვალით ვხედავ ძალიან ბევრ მიუსაფარ ძაღლს. ლუსის აყვანის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ძაღლების მიმართ. უბანში ყველა ძაღლს ვცნობ და სახლიდან რომ გავდივარ, სულ ვცდილობ მათ დაპურებას. ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ, გაძვალტყავებულები დადიან. მესმის, რომ ყველას ვერ გამოვკვებავთ, მაგრამ იქნებ რამე ჭურჭლით წყალი მაინც დავუდგათ ხოლმე... ასევე მყავს ბუსი - კატაც ქუჩიდან მყავს აყვანილი. ერთი წელი შესრულდა, რაც ძაღლი მყავს და სამი წელი - კატა. საოცრად მგრძნობიარეები არიან, ყველაფერს გრძნობენ და ესმით. ცუდ ხასიათზე თუ ვარ, მაშინვე მოდიან და თვალებში მიყურებენ. ვთვლი, რომ ცხოველებისგან უნდა ვისწავლოთ ერთგულება და სიყვარული.

- ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან მომრავლდა ძაღლები ქუჩებში...

- ჩვენ მხოლოდ ძაღლების მასობრივი სტერილიზაცია გადაგვარჩენს. მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილიზაციის პროცესი პანდემიის გამო შეჩერებულია და ბოლო 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ძალიან გამრავლდნენ. ჩვენ, ცხოველების მოყვარულები დავდივართ, ვეძებთ ძაღლებს, ვასტერილებთ და ბუნებრივ არეალში ვუშვებთ. იმედი მაქვს, მუნიციპალური სამსახური მიუბრუნდება ამ პრობლემას და კვლავ გაგრძელდება ძაღლების სტერილიზაცია. მოყვარულებს ძალიან გვიხარია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 259-ე მუხლი გამკაცრდა და ცხოველების მიმართ წამების ან სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში პირი სათანადოდ დაისჯება. ამ მიზეზით ოზურგეთში დააკავეს ერთი ადამიანი, ახლახან ვარკეთილში ძაღლის მკვლელობის გამოც გამოძიება დაიწყო.

- ფულადი ჯარიმა, შინაპატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე - ეს ცვლილებები შევიდა კანონში და პირველადი რეაგირების შესახებ გვესმის ხოლმე, თუმცა ბოლომდე ვერ მივყვებით ამ საქმეებს და რეალურად არ ვიცით საბოლოო განაჩენი...

- სამწუხაროდ, შეიძლება ასეა, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ ცხოველების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ იცვლება. ვთვლი, რომ აქედან იწყება ყველაფერი და ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს არის სახელმწიფოს სახე. ასევე ძალიან მიხარია, როცა ლეკვები ბავშვებთან ერთად იზრდებიან. ვფიქრობ, ბავშვისთვის ცხოველთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.

- გაზრდილია მეტისების აყვანის ფაქტებიც...

- ესეც ძალიან კარგი ცვლილება მოხდა საქართველოში. ჩვენ ყოველთვის მივდევდით მოდას და ჯიშიანი ძაღლების ყოლის სურვილი გვქონდა, მაგრამ ახლა ბევრი ამას ყურადღებას აღარ აქცევს. ვიცი, რომ ქუჩიდან ყურზე საჭდიანი ძაღლებიც აჰყავთ და ეს ფაქტიც მახარებს.

- რომელიმე ცხოველის მიმართ თუ გაქვს ფობია?

- არა, ერთადერთი კალიის მიმართ მაქვს შიში, თუმცა ეს ზიზღის გრძნობა უფროა. გველების მიმართაც კი არ მაქვს შიში, ჩვენთან ზოოპარკში ხელშიც ამიყვანია და ძალიან მიყვარს კიდეც.

- ია, შენს საუკეთესო და უარყოფით თვისებებად რას თვლი?

- ძალიან პუნქტუალური ვარ. თან იმდენად, რომ შეხვედრაზე დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთით ადრე მივდივარ და სხვისი ლოდინი მიწევს. რაც შეეხება უარყოფითს, ზარმაცი ვარ და ამას არ უარვყოფ. თუმცა, თუ საქმე დავიწყე, აუცილებლად ბოლომდე მივყვები. ყველა ექიმი, ვისთანაც ვყოფილვარ, მეუბნება, რომ ჩემთვის ვარჯიში აუცილებელია. 10 წელია, ეს მესმის, მაგრამ არც მიცდია, თავს ვერ ვაიძულე. დედა მეუბნება ხოლმე, მოდი, შვილო, დილაობით ვივარჯიშოთო, მაგრამ მეზარება. დილას გვიანობამდე ვერ დავიძინებ, რადგან ძაღლი სასეირნოდ უნდა გავიყვანო, მაგრამ მაინც არ ვვარჯიშობ.

- კომუნიკაბელური თუ ხარ და ბევრს თუ უშვებ ახლოს?

- დიახ, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია კონტაქტში შესვლა. ახლოს ბევრს ვუშვებ, მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანი ჩემთვის დედაა.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში ან პროფესიაში რა კომპლექსები გაქვს?

- ვთვლი, რომ ასე თუ ისე, ყველა ადამიანი კომპლექსიანია... ჩემს პროფესიაში ჩემი მთავარი კომპლექსი ისაა, რომ ქართული ენის ბარიერი მაქვს და რუსული აქცენტით ვლაპარაკობ. რუსული სკოლა, ჯგუფი მაქვს დამთავრებული, სანამ რამეს ვიტყვი, რუსულად ვფიქრობ. ბათუმის თეატრში სპექტაკლებსა და გოგა ხაინდრავასთან "ჰეროკრატიაზე" მუშაობის დროს ეს კომპლექსი ყოველთვის მაწუხებდა. ჩემი მთავარი კომპლექსი ეს არის.

- კინოსა თუ თეატრში, ინტიმური სცენებისა და თამამი ფოტოგადაღებებისას თუ გაქვს კომპლექსი?

- არა. ჩემი პირველი კინოგამოცდილება დაიწყო "თამამი სცენით". ჩემი პირველი პარტნიორი კინოში ცხონებული ზუზუ ბეჟაშვილი იყო. ფილმში "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" გვქონდა "თამამი სცენა", რომლის დროსაც არც კამერის შიში მქონდა და არც სხვა პრობლემა. ასევე ბათუმის თეატრში, სპექტაკლში "ღამის პორტიე" იყო ასეთი სცენა. რაც შეეხება ფოტოსესიებს, არც მაშინ განვიცდი რაიმე უხერხულობას. სხვათა შორის, ფსიქოლოგები პაციენტებს ურჩევენ, რომ "გახსნილი ფოტოსესიები" კარგია კომპლექსების მოსახსნელად. საბადურის ტყეში მეგობარმა გადამიღო ფოტოები. ვფიქრობ, განტვირთვის კარგი საშუალებაა, თითქოს ერთგვარ ტვირთს იხსნი, მით უმეტეს - ბუნებაში.

- გიყვარს ბუნებაში ყოფნა? ზღვა თუ მთა, რომელია შენთვის უპირატესი?

- ზღვა ძალიან მიყვარს და იქ ყოფნაზე უარს არასდროს ვიტყვი. მთა და ზღვა, ორივე ერთად ხომ საერთოდ საოცრებაა. ბუნებაში ყოფნას არაფერი ჯობს. ვოცნებობ პატარა მიწის ნაკვეთსა და სახლზე, სადაც ბევრი ცხოველი მეყოლება: ძაღლები, კატები, თევზები და ფრინველებიც.

- მიწასთან კონტაქტი და ყვავილების გახარება გეხერხება?

- არასოდეს მიცდია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გამომივა. დიდი იმედი მაქვს, ეს ოცნება ამისრულდება.

- პროფესიული კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- ბოლო პერიოდში მხოლოდ რეკლამები იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, დავით აღმაშენებლის შესახებ ფილმის გადაღება იგეგმება. საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და მსახიობებს იმედი გვაქვს, მუშაობის საშუალება მოგვეცემა.

- როცა ადამიანი ასე ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, წარმოუდგენელია, ემოციური არ იყოს...

- ძალიან ემოციური ვარ, ძალიან, და ეს არის კატასტროფა: ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოვლენებს ვუღრმავდები და ვაზვიადებ.

- ასეთი ემოციურობა რთულია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის დროსაც...

- დიახ, საშინელებაა. ადამიანი შეიძლება სულ არ ფიქრობდეს ისე, როგორც მგონია, მაგრამ მე მაინც ჩემებურად "ვწერ სცენარებს", ტვინში არარსებულ დიალოგებს ვაწყობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და მერე საკუთარ თავს ვჭამ.

GzaPress

- რა არის შენი ზოდიაქო?

- მშვილდოსანი. 12 დეკემბერს ვარ დაბადებული. მშვილდოსნები ძალიან ემოციურები არიან.

- თუ ფიქრობ, რომ შენი ხასიათი პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს გიშლის?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, პირადში ნაკლებად ემოციური ვარ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხანია, ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება და უკვე დამავიწყდა კიდეც, როგორი ვარ ასეთი ურთიერთობის დროს (იღიმის).

- გული ბევრჯერ გტკენია?

- კი, საკმაოდ.

- ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ურთიერთობისას დისტანციას იჭერ?

- ალბათ გარკვეული პერიოდი ასე ხდება, იბადება შიში, რომ გულისტკენა განმეორდება, მაგრამ მერე ეს ყველაფერი მაინც ქრება.

- ემოციურობამ ძილის რეჟიმის არევა ან პირიქით, ძილიანობა იცის...

- მე ძილიანობა მჩვევია. ამას წინათ სტრესი მივიღე მიუსაფარი ცუგების გამო და თითქმის მთელი დღე მეძინა.

- დაბოლოს, ია, რას არ გააკეთებ არასდროს?

- რას არ გავაკეთებ?.. როგორი რთული კითხვაა... ჩვენ არაფერი არ ვიცით. წინასწარ არავინ არ იცის, რას არ გააკეთებს არასდროს, და პირიქით - რისი გაკეთება შეუძლია.

- მეც ასე მგონია. რამდენი პროცენტით შეაფასებ შენს გულწრფელობას?

- ალბათ 80%-ით.

- მგონი, მეტითაც შეიძლება...

- მართლა?! დიდი მადლობა (იღიმის).

ანა კალანდაძე