ლაშას მორიგი ტრიუმფი და რა რჩება კულისებს მიღმა - გზაპრესი

ლაშას მორიგი ტრიუმფი და რა რჩება კულისებს მიღმა

როდესაც ტყავის ბურთის ჯადოქარი - პელე "ფეხბურთის მეფედ" აღიარეს და მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია, ერთმა ქუთაისელმა თაყვანისმცემელმა თავის ახალშობილ ვაჟიშვილს "პელე" დაარქვა. დარწმუნებული ვარ, ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ჩვენი ოთხი ოლიმპიელის - ლაშა ბექაურის, ლაშა შავდათუაშვილის, ლაშა გუჯეჯიანისა და ლაშა ტალახაძის ტრიუმფის აღსანიშნავად ბევრი ქართველი მამა თავიანთ ბიჭებს "ლაშას" დაარქმევენ...

ტრიუმფი ვახსენე და აქვე დავფიქრდი, ცოტა ხომ არ გადავაჭარბე ეპითეტის შერჩევაში? ყველას რომ ოქროს მედალი აეღო, მაშინ როგორღა შევამკობდი მათ გამარჯვებებს? არა, არ გადამიჭარბებია, მაინც ზუსტად ასევე მოვიხსენიებდი! ისინი ამას იმსახურებენ, მათ შორის ჩვენი ძიუდოისტების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანიც, ვისი თავკაცობითაც ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოდან ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის ჯილდო ჩამოიტანეს. რაღა თქმა უნდა, დასაფასებელია ჩვენი სხვა ოლიმპიელების შედეგებიც. საბოლოო ჯამში, ქართველთა 33-კაციანმა დელეგაციამ 205 ქვეყნის ათლეტებს შორის, ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით, 33-ე ადგილი დაიკავა. დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიელთა ლამის 30-წლიან ისტორიაში ეს საუკეთესო მიღწევაა.

ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტად საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გამოიჩინა თავი, რომელმაც ტოკიოს ფიცარნაგზე თავისი მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. ესეც უნიკალური შედეგია. დამოუკიდებელი საქართველოს ათლეტებიდან ლაშა პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. თანაც, მან ყველაზე პრესტიჟულ - სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ტალახაძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც მსოფლიოს რეკორდები დაამყარა და მეორე ადგილზე გასულ ირანელ ალი დაუდის 47 კგ-ით აჯობა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი, სირიელი მან ასაადი სულაც 64 კგ-ით ჩამოიტოვა.

ჩვენი ჟურნალის მკითხველებს მინდა შევახსენო, რომ ძალოსნობაში სულ ოთხი ათლეტია, ვისაც ოლიმპიურ თამაშებში სამი ოქროს მედალი მოუპოვებიათ: თურქი ნაიმ სულეიმანოვი, მისი თანამემამულე ჰალილ მუთლუ, ბერძენი პიროს დიმასი და ქართველი კახი კახიაშვილი. ამ კვარტეტის კვინტეტამდე შევსების ყველაზე რეალური კანდიდატი კი სწორედ ჩვენი გოლიათი ლაშა ტალახაძეა.

18 წლისაც არ იყო ლაშა, როდესაც დიდებს შორის ანტალიის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ მაღალი მწვერვალების დასაპყრობად არ იყო მზად, თუმცა შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე იმარჯვა და ევროპის პირველობაზეც კარგად გამოვიდა, მაგრამ იქ სრულიად მოულოდნელად დოპინგ-ტესტი ჩააგდო და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გადაწყვეტილება აბსურდული იყო. კაცმა მსოფლიოს პირველობა მოიგო და ევროპაზე რატომ უნდა დასჭირვებოდა დოპინგის მიღება? მაგრამ რაღას იზამდა?! გული მაინც არ გაუტეხია, ვარჯიში განაგრძო და დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ ისევ ფიცარნაგზე რომ შედგა ფეხი, მას მერე არც ერთი შეჯიბრება არ წაუგია.

2015 წელს ამერიკულ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ჩემპიონის პირველი ტიტული. რამდენიმე თვეში ნორვეგიის ევროპული ჩემპიონატიდანაც ჩამოიტანა ოქროს მედალი, ხოლო 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. ლაშას ბრაზილიურ ტრიუმფთან ერთად უნდა აღინიშნოს მისი მსოფლიოს რეკორდიც ორჭიდის ჯამში - 473 კგ, რომელიც 16 წლის განმავლობაში ეკუთვნოდა ირანელ ჰუსეინ რეზაზადეს. სხვათა შორის, რიოშიც ლაშას მთავარ კონკურენტად ისევ ირანელი ათლეტი, ოღონდ ამჯერად ბეჰდად სალიმი ითვლებოდა, მაგრამ მან ვერ გაუძლო ქართველთან ჭიდილს და ვადამდე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას, ტალახაძემ კი მეორე პრიზიორს, სომეხ გორ მინასიანს 20 კილოგრამზე მეტით მოუგო და თავისი ადგილი დიდი ხნით დაიმკვიდრა მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანთა შორის.

როგორც ვთქვი, წლებია უკვე, ლაშა ტალახაძეს არც ერთი ტურნირი არ წაუგია საერთაშორისო არენაზე. ოთხჯერ იმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხუთჯერ დაეუფლა ოქროს ჯილდოს კონტინენტის ჩემპიონატზე, გზად კი არაერთი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მათ შორის შვიდი - ორჭიდის ჯამში. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ტალახაძემ მოსკოვში გამართულ ევროპის ბოლო ჩემპიონატზეც ააფრიალა საქართველოს ეროვნული დროშა, როდესაც ტრადიციული მეტოქე, სომეხი გორ მინასიანი კიდევ ერთხელ დაჯაბნა და ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მეხუთედ ავიდა. თანაც ატაცშიც, აკვრაშიც და ორჭიდშიც მსოფლიოს მორიგი რეკორდები დაამყარა. ორჭიდში მისი უმაღლესი მიღწევა 485 კგ გახდა და ახლა უკვე გულშემატკივრები მისგან ტოკიოში ახალ რეკორდს - 500 კგ-ს ელოდნენ, მაგრამ ოლიმპიადებზე მთავარი გამარჯვებაა და ლაშაც და მისი მწვრთნელებიც იაპონიის დედაქალაქში ამ მიზნის მისაღწევად გაემგზავრნენ.

GzaPress

ლაშა ტალახაძე:

- მსოფლიოს რეკორდების დამყარება ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მით უმეტეს ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ტურნირი ოლიმპიური ციკლის მთავარი ასპარეზობაა და აქ გარისკვა არაფრით არ შეიძლება. სპორტსმენმაც და მისმა მწვრთნელმაც ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ. ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, გიორგი ასანიძეც ამას მეუბნებოდა. ტრავმებიც გასათვალისწინებელია. მაქსიმალურ წონებზე როდესაც მიდიხარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ პირველი მოძრაობა, ატაცი, შედარებით დაბალი წონით, 208 კგ-ით დავიწყე. შემდეგ 215 კგ დავძლიე, ბოლოს კი 223 კგ-ით მსოფლიოს რეკორდიც დავაფიქსირე. არც აკვრაში გამოვკიდებივარ რეკორდებს. პირველ ცდაზე 245 კგ რომ ავწიე, უკვე გავინაღდე ოლიმპიური ჩემპიონობა. მომდევნო ცდებით სარეკორდო წონებს მივაღწიე, აკვრაში 265 კგ დავძლიე, ორჭიდში კი - 488 კგ და ლამის 50 კგ-ით გავუსწარი მეორე პრიზიორს, ირანელ ალი დაუდის.

ვიცი, გულშემატკივრები ჩემგან 500-კილოიანი ზღვრის დაძლევასაც ელოდნენ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი შეჯიბრებაა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაც არც ისე შორსაა და ვეცდები, იქ დავამყარო რეკორდები, თუმცა ყველგან მთავარი მაინც გამარჯვებაა. ამაში, სხვათა შორის, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მეტოქეებიც უნდა "დამეხმარონ", ვინაიდან შესაბამისი კონკურენციის გარეშე ძნელია მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლა. რაღა თქმა უნდა, დიდი შედეგების მისაღწევად მწვრთნელების თანადგომა და დახმარება მჭირდება, მათ გარეშე არაფერი არ გამოვა. ტელევიზიით ან დარბაზში, გვერდიდან რომ უყურებ ძალოსნების ასპარეზობას, ისე ჩანს, თითქოს ათლეტები ადვილად ეჭიდებიან ამხელა წონას, მაგრამ სინამდვილეში ამაში სპორტსმენებთან ერთად მწვრთნელთა შტაბის, ექიმების, ფედერაციის ხელმძღვანელების უდიდესი შრომაა ჩადებული. კულისებს მიღმა არაფერი ეს არ ჩანს, თუმცა მათი დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევს ათლეტი. უმაღლესი რანგის ასპარეზობის დროს ყველა წვრილმანს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამ წვრილმანებს, პატარ-პატარა ხარვეზებს სწორედ სპეციალისტის, მწვრთნელის გამოცდილი თვალი ამჩნევს და ის გაძლევს იმ მომენტისთვის საჭირო ზუსტ მითითებებს. ამ მხრივ მე ნამდვილად გამიმართლა. ჩემი პირადი მწვრთნელი ავთო გახოკიძეც და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელები არიან. სწორედ მათი და ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის დამსახურებაა ქართული ძალოსნობის ბოლო წლების მიღწევები. ჩემთან ერთად ტოკიოში ოლიმპიური მედალი ანტონ პლესნოიმაც მოიპოვა, მანამდე კი მან ევროპის ბოლო ჩემპიონატზე მოსკოვში იმარჯვა. მოსკოვშივე კონტინენტის ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: რევაზ დავითაძე, ანასტასია გოტფრიდი, შოთა მიშველაძე და გოგა ჩხეიძე. ასეთი წარმატებები საქართველოს ძალოსნებს ადრე არასდროს არ ჰქონიათ. ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფედერაცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებულია ქართულ სპორტში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში მედგა, ჩემს ხალხს, ქვეყნის მთავრობას, გულშემატკივრებს, ჩემს საჩხერლებს, ვინც ჩვენთან ერთად გაიხარა ქართველების გამარჯვებებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

გოგი ფრანგიშვილი